კვირა, სექტემბერი 1, 2024
1 სექტემბერი, კვირა, 2024

ზაფხული ჩვენი მღელვარებისა

დადგა ზაფხული და გულები აივსო თავისუფლების, დასვენებისა და შთაბეჭდილებების მოლოდინით. ზაფხული ყველასთვის თანაბრად უკავშირდება ისეთ სიხარულს, რომელმაც შემდეგ მთელი წელი უნდა გვკვებოს, გვასაზრდოოს და გვანუგეშოს. ფოთლები ნელ-ნელა რომ შეყვითლდება, ცა უფრო ხშირად რომ მოიქუფრება, დღე უფრო მეტად რომ დამოკლდება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ეს ყველაფერი გაივლის, ისევ მოვა ზაფხული. ეს ბავშვური მოლოდინია და ვფიქრობ, სწორი მოლოდინიც.

სანამ ბავშვი ხარ, ზაფხულისგან მოელი, რომ ის იქნება ბედნიერებით დატვირთული, ისეთი მრავალფეროვანი, რომ სიამოვნებით მოუყვები თანატოლებს მის შესახებ. ხშირად ილაპარაკებ იმაზე, რა სცადე, რა გამოგივიდა და რა ისწავლე; სად იყავი და ვინ გაიცანი; რა წაიკითხე, რას უყურე, რას მოუსმინე და რამ აღგაფრთოვანა.

ზაფხული ამოსუნთქვის პერიოდია, რომელმაც ხელახლა უნდა დაგვბადოს, ხელახლა გაგვაძლიეროს, ხელახლა შეგვამზადოს დაბრკოლებების გადალახვისთვის, ხელახლა მოგვაკრებინოს მენტალური და ფიზიკური ენერგია, რომ ისევ ვიტვირთოთ პასუხისმგებლობების სიმძიმე ამ მსუბუქი, თავისუფალი და შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდის შემდეგ.  სწორედ ამისთვის გაჩნდა ზაფხული.

ბავშვობის შთაბეჭდილებებისა და სიხარულების ერთი სკივრი რომ არსებობდეს, ის უმთავრესად ზაფხულის დღეებში გადახდენილი ამბებით, თავგადასავლებით და სიხარულებით იქნებოდა სავსე. ამ სკივრში იქნებოდა გამარჯვებებიც, ფიზიკური ტრავმებიც, მტკივნეული სულიერი განცდებიც, იქნებოდა შეცნობის, დაკვირვებისა და აღმოჩენის შთაბეჭდილებებიც. ზაფხულში, გაკვეთილებისგან, სკოლისგან, დავალებებისგან მოშორებით, სხვა გაკვეთილები იწყება. ვფიქრობ, საზაფხულო გაკვეთილებიც უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის, მისი სწორი ჩამოყალიბებისთვის, მისი ბედნიერი და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

მას შემდეგ, რაც ვიზრდებით და მშობლები ვხდებით,  ნელ-ნელა გვავიწყდება, რას ნიშნავს ზაფხული ბავშვისთვის და რას მოელის ის მისგან. ახლა, ჩვენი პრაქტიკული გადასახედიდან, გვაქვს ჩვენ-ჩვენი „დიდური“ მოლოდინები, რომლებიც ძალიან განსხვავდება ბავშვების მოლოდინებისგან. უფროსებს გვინდა, ზაფხულისგანაც პრაქტიკული სარგებელი მივიღოთ, ყველა მტკივნეული „ჩავარდნა“ ავანაზღაუროთ, ბავშვს იმდენი დრო არ დავუტოვოთ, რომ გაზარმაცდეს, მოიწყინოს, კალაპოტიდან ამოვარდეს… ვაითუ დაავიწყდეთ ის ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში დაისწავლეს, დრო და ენერგია დაახარჯეს, ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ გადაიმეორებენ… ის წიგნებიც უნდა წაიკითხონ, რომლებიც არდადეგების დაწყებამდე ჩამოუწერა მასწავლებელმა, მათემატიკაშიც არ აწყენდათ წავარჯიშება, არც ინგლისურის თუ ფრანგულის დახვეწა, არც კითხვისა და წერის უნარის გაუმჯობესება და ასე დაუსრულებლად.

ცოტას თუ დავფიქრდებით, თუ თავსახურს ავხდით ჩვენი ბავშვობის ზაფხულის სკივრს, თუ ძველ ამბებს ამოვქექავთ, მივხვდებით, რომ ზაფხული სწორედ ამ კალაპოტიდან ამოვარდნის პერიოდი იყო. სიხარულის და შთაბეჭდილებების გაუნელებელი პერიოდი, რომელიც შემდეგ ფეიერვერკივით აინთება და გაგვინათებს მოქუფრულ დღეებს, რომელსაც გასდევს მსუბუქი, სასიამოვნო მღელვარების განცდა. ამ სკივრში თუ ჩავიხედავთ, გაგვახსენდება  ყველა ის დღე, როდესაც რაღაც ვცადეთ და გამოგვივიდა, თუმცა წავქცეულვართ კიდეც, მუხლიც გადაგვიყვლეფია და ნაიარევი ყოველთვის გაგვახსენებს ამ მცდელობებს. გაგვახსენდება, როგორ ვისწავლეთ ველოსიპედის მართვა, ცურვა, ვიმგზავრეთ მარტო და გადავლახეთ მარტოობის შიში.

ზაფხულს უხდება კალაპოტიდან ამოვარდნა, მღელვარე, კეთილი მოლოდინებით სავსე განწყობა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოცდა, მოშვება და იმის შეგრძნება, რომ ცოტა ხანს მაინც აღარ არსებობს ვალდებულებები და თავისუფალი ვართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“