ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად ვატარებ უწერაში, სოფელში, სადაც ჩემი მასწავლებლური თავგადასავალი დაიწყო. ივლისის შუადღის ხვატს 13-14 წლის 5 გოგო ჩვენი სახლის შუშაბანდში აფარებდა თავს. მოიმზადებდნენ ცივ ყავას, ფერად საწრუპებს ჭიქებში მოათავსებდნენ, მიუსხდებოდნენ მაგიდას, ჩარგავდნენ თავს მობილურ ტელეფონებში და გაირინდებოდნენ. სახეები ნელ-ნელა უემოციო უხდებოდათ და ერთმანეთთან არც კი საუბრობდნენ. მათ შემყურეს მასწავლებლური ძალების გამოხმობის სურვილი გამიჩნდა. ერთ ასეთ შუადღეს ვკითხე, დაესახელებინათ სამი საყვარელი დავალება ქართულის გაკვეთილებიდან. ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. საუბარმა ჩემს მეშვიდეკლასელ მოსწავლეებთან ერთად დადგმულ სპექტაკლამდე მიგვიყვანა. სოფელში წამოღებული მაქვს ჩემი მოსწავლეების საშინაო დავალების რვეულები და სპექტაკლის შემდგომ შევსებული გამოხმაურების ბარათები. გამოვიტანე და დავათვალიერებინე. გოგოებმა სავარძელზე გადაინაცვლეს, საკუთარი ტელეფონები მიივიწყეს და ჩემი მობილური ტელეფონისკენ გადაიტანეს ყურადღება – მეშვიდეკლასელების სპექტაკლის (სახელად „ლიტერატურული მოტივები“) ჩანაწერს დიდი გულისხმიერებით უყურეს. ივლისის ცხელ შუადღეს ისხდნენ რაჭის ულამაზესი სოფლის სახლის შუშაბანდში ბავშვები ქუთაისიდან, რუსთავიდან, თბილისიდან და უყურებდნენ 59-ე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაცოცხლებულ ხოგაის მინდის, აბესალომსა და ეთერს, ჯარჯის, თავფარავნელ ჭაბუკს, ჩარლზ ჩაპლინს, ტომ სოიერს, ვაჟა ფშაველას ქუჩის, მთის წყაროს, ფესვებს… დროდადრო მე მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.
შემდეგ მეშვიდეკლასელმა ქრისტიმ გვითხრა, რომ რუსთავში თეატრალურ გუნდში დადიოდა და მაჩვენა სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით დადგმული შემაჯამებელი წარმოდგენა. სცენაზე ნამდვილი მსახიობებივით თამაშობდნენ მოზარდები, ქრისტის თანაგუნდელები. 13 წლის გოგომ რჩევებიც გამიზიარა და საუბრის ბოლოს ბრწყინვალე იდეაც დამებადა – ჩვენც ხომ არ დაგვედგა სპექტაკლი-მეთქი, გავაჟღერე. გოგოები სიხარულით ამყვნენ. იქვე შევთანხმდით სცენარზე – რადგან ყველას ჰქონდა შესწავლილი სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“, ამიტომ სცენარის ერთ-ერთი ნაწილი ის იქნებოდა, რამდენიმე ეტიუდის სცენარის დაწერა კი თეკლამ ითავა. ეტიუდის თემაც მარტივად შეარჩიეს – ჩაგვრა უკვე მოგვბეზრდაო და ნაადრევ ქორწინებაზე შეთანხმდნენ, მეორე ეტიუდის თემა კი მე შევთავაზე. როგორც წესი, ბავშვებში ხშირია არასასურველი გავლენები, გარიყვა და ჭორაობა, ამიტომ ეს თემაც მოიწონეს. აქვე მომაფიქრდა, რომ ჭორაობის შესახებ ეტიუდს მივაბამდით ფრაზეოლოგიზმებს ენაზე და პანტომიმით გავაცოცხლებდით. შემდეგ გამახსენდა, რომ მართა სიმღერაზე დადიოდა, სოფელში ჩამოტანილი ჰქონდა გიტარა და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის რომელიმე ნაწილში მართა იმღერებდა. საყვარელ საქმიანობაზე საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ელენე ხატავდა. სასწრაფოდ ჩამოტვირთა თავისი ნახატები და დაგვათვალიერებინა, კატო კი დაგვპირდა, რომ ქართული ცეკვაზე სიარულის რამდენიმეწლიან გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებდა სპექტაკლის დადგმისას.
სათაურიც მარტივად შევარჩიეთ – სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“ დავარქვით, ხოლო სპექტაკლის გამართვის ადგილზე რომ დავფიქრდით, მაშინვე უწერის საჯარო სკოლა გამახსენდა. წარმოიდგინეთ, რა საოცარია მოზარდებთან ურთიერთობა, ცივი ყავის ჭიქებიან მაგიდას მოწყვეტილ ბავშვებთან საუბრის წამოწყებამ უწერის სკოლის სააქტო დარბაზამდე და სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ნაილისთან, შეთანხმების აუცილებლობამდე მიმიყვანა.
ნაილი მასწავლებელი
არასდროს მომბეზრდება მადლიერების გამოხატვა უწერის სკოლის დირექტორისადმი. ნაილი მასწავლებელი 10 წლის წინ გავიცანი და ყველა ჩემი იდეის ზურგის ქარად იქცა. უწერის სკოლაში სწორედ მისი დახმარებითა და თანადგომით დავაარსე თანამედროვე მედიათეკის მსგავსი სივრცე, რომელსაც ბავშვებმა „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“ შეარქვეს. ამ ოთახში დღესაც თავისუფლების, წიგნების, ხის სურნელი ტრიალებს, რაც ნაილი მასწავლებლისა და სკოლის კოლექტივის დამსახურებაა. ნაილი მასწავლებელი, მაღალწნევიანი მეუღლისა და სოფლის საქმეების მიუხედავად, ჩვენს ყველა ღონისძიებას ესწრებოდა: ჩრდილების თეატრი, სპექტაკლები, ლიტერატურული კაფეები, ინტეგრირებული გაკვეთილები – მისი მუდმივი თანადგომითა და ხელშეწყობით ტარდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ საზაფხულო თეატრალური წარმოდგენის იდეის გამხელას ჩვეული ხალისით შეხვდებოდა. ასეც მოხდა. ის კი არა, იმდენად გაუხარდა, რესურსცენტრში დირექტორების შეხვედრისას გააჟღერა, რომ უბნის ბავშვებთან ერთად სპექტაკლს ვდგამდი. ამგვარი განწყობა საქმის კეთებისას ფრთების გამომბმელია. შინაგანი ძალების გამოცოცხლებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტი მონდომებით ცდილობ საყვარელ ადამიანის მოლოდინის გამართლებასა და გახარებას.
რეპეტიციები
„ერთხელ უწერაში“ წარმოუდგენლად მცირე დროში დავდგით, რადგან გუნდის ერთ-ერთი წევრი, ქრისტი, სოფელს 28 ივლისს ტოვებდა. სხვა გზა არ გვქონდა, წარმოდგენა 27 ივლისს უნდა გაგვემართა. პარალელურად, საზაფხულო პროგრამის „წავუკითხოთ ერთმანეთს“ დილა-საღამოს ჯგუფებთან ვმუშაობდი და ოთხ შვილზე ვზრუნავდი. თეკლამ პირველი ეტიუდის სცენარი მალევე დაწერა და იმავე საღამოს ჩვენს ეზოში შეკრებილმა გოგოებმა მინი-სპექტაკლი დამოუკიდებლად დადგეს. როცა საყურებლად მიმიწვიეს, აღფრთოვანებული დავრჩი მათი გუნდურობითა და შემოქმედებითი უნარებით. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სპექტაკლზე მუშაობის პროცესი უსაზღვროდ სახალისო და საინტერესოა. ვუყურებდი როლში შეჭრილ ბავშვებს, რომლებიც დაბინდებისას ვეებერთელა კაკლის ხის ძირას მთელი არსებით თამაშობდნენ და ვფიქრობდი, როგორი ჯადოსნური პროფესია გვაქვს მასწავლებლებს. ჩვენ მხოლოდ სული უნდა შევუბეროთ მათ დაფარულ შესაძლებლობებს და მყისვე ვხედავთ შედეგს.
ნაადრევ ქორწინებაზე დადგმულ ეტიუდს „ვეფხისტყაოსანი“ მოჰყვა. დავაძინებდი ჩემი სამი თვის ბიჭს და გოგოებთან მივქროდი კაკალასთან, ე.წ, სოფლის „ბირჟაზე“. ჩავრთავდით მუსიკას, ხელში წიგნი გვეჭირა და როლებს ვანაწილებდით. „საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულნაკლულად“ – მუსიკის ფონზე მკაფიოდ და ნელა ამბობდნენ თითოეულ სიტყვას, მე ვიდეოს ვუღებდი და უეცრად აღვიქვი, რომ ჩვენს „სცენას“ ბუნებრივ განათებად ამშვენებდა სოფლის ორღობეში ჩამოწოლილი ნისლი, ევგენი ბაბუას ჭიშკართან აღმართული ლამპიონის ნათება და სიბნელე – ყველაფერი ისე იყო, როგორც თეატრში ხდება ხოლმე. სახლიდან გამოტანილ სკამზე იჯდა მართა-თინათინი და გარინდებული ისმენდა როსტევანის, სოგრატისა და ავთანდილის საუბარს. გარკვეული ფორმა რომ მიიღო ჩვენმა წარმოდგენამ, დაუტეველმა სიხარულმა მოგვიცვა და სიცილი აგვიტყდა. ერთმანეთს ვემშვიდობებოდით ღამის პირველ საათზე, ქრისტიმ რომ შემაჩერა: ლელა, შენ ხარ გაზრდილი ენიო, მითხრა და თვალები ცრემლებით ამევსო. მერე ჩამოვსხედით გრძელ სკამზე და ბევრი ვისაუბრეთ ენიზე, მარილაზე, მეთიუზე და წიგნის სხვა პერსონაჟებზე, რომლებიც ქრისტის გულში დიდი ადგილი დაეკავებინა. ენის მეორე ნაწილი სამშობიაროში მქონდა წაღებული და ჩემი მეოთხე შვილი რომ დაიბადა, კითხვა იქ დავასრულე, მესამე ნაწილიც იქვე დავიწყე. ახლა კი ჩემი სამი თვის ბიჭს მშვიდად ეძინა და 13 წლის ქრისტისთან ენის შესახებ ვსაუბრობდი.
სულ რამდენიმეჯერ შევიკრიბეთ. მეორე ეტიუდის სცენარიც დაწერა თეკლამ და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის წარმოდგენის დღესვე დაგვედგა. ვფიქრობ, სწორედ რეპეტიციების გონივრული წარმართვა არის უმნიშვნელოვანესი სპექტაკლის დადგმის პროცესში. რეპეტიციებისას შეიძლება, გეგონოს, არაფერი გამოდის, მაგრამ ამ ფიქრს არ უნდა აჰყვე, პირიქით, რეპეტიციების მაგიური ძალა ის არის, რომ ბავშვებიც დაარწმუნო, თუ როგორ შეიძლება მარტივად გადაჭრა დევის მოკვეთილი თავებივით გაცოცხლებული პრობლემები, რომ ერთმანეთის იდეებისადმი მიმღებლები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რჩევები. პროცესის ფასილიტატორებმა უაღრესად ფაქიზი დამოკიდებულება უნდა გამოვამჟღავნოთ, როცა ბედავენ და თამაშობენ. მუდმივ წახალისებასა და შექებას თავდაჯერებულობა მოაქვს და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობებიც მათ ქცევაზეც აისახება.
სპექტაკლამდე
სპექტაკლის შესახებ აფიშები გოგოებმა წინა ღამით დაწერეს და გააკრეს „კაკალასთან“, სადაც მთელი სოფელი იყრის თავს. სოციალურ ქსელში სპექტაკლის შესახებ მხოლოდ 27 ივლისის დილას დავწერე, რადგან მანამდე დაზუსტებით არ ვიცოდით, რამდენად მივიყვანდით ბოლომდე ჩანაფიქრს.
წინასამზადისის ფუსფუსი არანაკლებ საინტერესო იყო – გვიან ღამემდე ჩვენი სახლის შუშაბანდში სინათლე ენთო. რადგან დილიდან სკოლაში ვაპირებდით ყოფნას, ბავშვებმა გადაინაწილეს თან წასაღები საჭმლის ნუსხა. თინათინის გვირგვინს ვჭრიდი და პარალელურად მაჭკატებს ვაცხობდი. დროის სიმცირის გამო რეკვიზიტები მწირი გვქონდა. როსტევანის სამეფო კარისთვის საჭირო მოსასხამებიც ძლივს ვიშოვეთ, ძირითადად, ძველი ფარდები და თხელი ფარდაგები, თინათინის სალაროსთვის კი ჩემი 5 წლის გოგოს კოლოფი წავიღეთ და საახალწლო „წვიმები“ წვრილად დავჭერით. საგულდაგულოდ შეარჩიეს თითოეული ეტიუდისთვის საჭირო ტანსაცმელიც. ქრისტის რამდენიმე დღით ადრე ციალა ბებომ აჩუქა რეტროს სტილის კუბოკრული კაბა, რომელიც სპექტაკლის სიმბოლოდ იქცა. 27 ივლისს, დილის 10 საათზე, თავი მოვუყარეთ საჭირო ნივთებს და ბავშვის ეტლითურთ სკოლისკენ გავწიეთ. მანქანაში საჭესთან თინათინის გვირგვინი დავაბრძანეთ და მაგიური განწყობა შექმნა იმის აღმოჩენამ, როგორ „მიგვიძღოდა“ თეთრი თაბახის ფურცლისგან გამოჭრილი გვირგვინი უწერის სკოლისკენ.
მაშ ასე, სპექტაკლამდე 9 საათი იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში სკოლის დირექტორის, ნაილი მასწავლებლის, დახმარებით მოვაწესრიგეთ სააქტო დარბაზი, გავმართეთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, გავიარეთ რეპეტიცია და ვითამაშეთ ორი ეტიუდი. თან მყავდა ჩემი სამი თვის ბიჭი, რომელსაც დიდი ძალისხმევა და ყურადღება სჭირდებოდა. ცოტა ხნით გოგოების დატოვება მომიხდა და უკან დაბრუნებულს კიდევ ერთი ეტიუდის დადგმა მოესწროთ. შემდეგ ფრაზეოლოგიზმების დრო დადგა. იქვე გამოვიგონეთ პანტომიმის მოძრაობები და სულ 5 ფრაზეოლოგიზმი შევარჩიეთ. პინა ბაუშის მუსიკასთან ერთად ვცეკვავდით და დროდადრო ვიძახდით – ენა ზურგზე გადაიგდო, ენა წინ წაიგდო, ენამ უყივლა, ენას ილესავს, ენას კბილი დააჭირა. ვიდეოს კატო გვიღებდა. მისი შეძახილები გვამხნევებდა. ამ დროს მითხრა, ლელა, არ გინდა, შენც მიიღო მონაწილეობა ამ პანტომიმის ცეკვისასო. კატოს იდეა დანარჩენებმაც აიტაცეს. ცხოვრებაში არასდროს მიმიღია სპექტაკლში მონაწილეობა. უარის თქმა შემრცხვა, რადგან თავად ვუბიძგებდი სითამამისა და თავდაჯერებულობისკენ. ამიტომ დავთანხმდი და ეს დღე ამითაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის – მე, მასწავლებელმა, მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში და სცენაზე თამაში გავბედე. ახლა ზუსტად ვიცი, რას განიცდიან ბავშვები აუდიტორიის წინაშე თამაშისას და როგორი განსაკუთრებული ემოციები მოაქვს გუნდთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას. გვიან ღამით ჩემი ბავშვობის მეგობარმა ამერიკიდან მომწერა, შენს ცეკვას ვუყურე და ძალიან მომეწონაო. 10 წლის ასაკში მეგისთან ერთად მთელი ხმით გავკიოდი იმ დროის პოპულარულ სიმღერებს და ქეთის სახლში ცეკვას ვდგამდი. ახლა, 30 წლის შემდეგ, ისევ ბავშვობაში დავბრუნდი. მასწავლებლობის ერთ-ერთი უდიდესი სიხარული და საჩუქარი სწორედ ის არის, საკუთარ თავში ბავშვად ყოფნის მუდმივ შესაძლებლობას რომ გჩუქნის.
სპექტაკლის წარმოდგენის დრო ახლოვდებოდა. ნერსეს ხან ნაილი მასწავლებლის ოთახში ეძინა, ხან – ჯადოსნურ ოთახში. თანამედროვე მედიათეკის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში, რომელიც ექვსი წლის წინ დამიწერია. თითქმის 10 წელი გავიდა უწერის სკოლაში მუშაობის დაწყებიდან და დროში ასახულმა ცვლილებებმა სევდით ამავსო. სააქტო დარბაზის ფანჯარაზე ისევ ეხატა ჩვენი სპექტაკლის „ქუდის მდევნელთა უცნაური ტომის“ ამსახველი ნახატი. გაცრეცილი ფერებისა და წარწერის მიღმა ჩანდა სკოლის წითელი ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები სკოლამდე მოჰყავდა. გული მეწურებოდა იმის გახსენებისას, რამდენჯერ მიმგზავრია ონში, ჯინჭვისსა თუ ღებში უწერის სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად. ახლა კი მისი მძღოლი, ენერგიული, მხიარული ადამიანი, იაშა, ცოცხალი აღარ არის, უშუშოფანჯრებიანი წითელი ავტობუსი კი სკოლის კედლებთან დგას, თითქოს იმის სიმბოლოდ, რომ სიცოცხლე დაყოფილია დროის გარკვეულ მონაკვეთებად. სწორედ ასეთი ამბების გახსენებისას ამ სამყაროშივე ერთიანდება დრო და ყოფნა – არყოფნის სიმბოლოდ გვევლინება. წითელი ავტობუსი მაფიქრებს იმაზე, რომ სკოლა დროის სამივე ასპექტს – იყო, არის და იქნება – აერთიანებს.
ჯადოსნურ ოთახში ისევ ძველი სურნელი იდგა. შესვენებისას რამდენიმე ვიდეო ჩავწერე, სადაც ვყვები უწერის სკოლის მოსწავლეების მიერ გატანილი და დაბრუნებული წიგნების ამსახველ დღიურზე, ჩემთვის შვიდი წლის წინ მოწერილ მარიამის წერილზე, რომელიც სწორედ იმ დღეს შთაბეჭდილებების კოლოფში ვიპოვე, ნაილი მასწავლებლის გამორჩეულ თანადგომაზე.
სააქტო დარბაზში გოგოები მაკიაჟს იკეთებდნენ, ტანსაცმელს აწესრიგებდნენ და პირველი სტუმრების გამოჩენისთანავე ანერვიულდნენ.
სტუმრები
ვაიმე, მელიტონიც მოვიდაო, კულისებში შესძახა მართამ, მელიტონ ბიძიას ძმისშვილიშვილმა და შფოთვა მოემატა. მე რომ უწერის სკოლაში ვმუშაობდი, მელიტონ ბიძია სოფლის გამგებელი იყო და ჩვენი სპექტაკლებისა და ლიტერატურული კაფეების ხშირი სტუმარი იყო. მოვიდოდა და მოგვიტანდა სოფლის პატარა მაღაზიაში ნაყიდ ლიქიორსა და შოკოლადს. ახლაც მისი სახლის აივანზე ვზივარ და ამ სტატიას ვწერ. მელიტონ ბიძია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიას შორის, ვინც უწერიდან ყოველდღე დადიოდა ონში და ხშირად დამიბარებია ლიტერატურული კაფესთვის საჭირო პროდუქტი. მოყინულ გზაზე ამოივლიდა მისი მანქანა და მოჰქონდა ვანილი, ლიმონათი თუ ხელსახოცები. გული მადლიერებით მევსება იმის წარმოდგენისას, როგორი დიდი გულისხმიერებით ყიდულობდა ყველაფერს, რასაც ვთხოვდი.
ოჯახის წევრების გარდა, დანამდვილებით არ ვიცოდით, კიდევ ვინ გვესტუმრებოდა. სკოლისკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მეუღლემ შემხვედრი ადამიანები მოიპატიჟა. სპექტაკლის დაწყებამდე გოგოებს ვუთხარი, მთელი გულით ხომ ველოდები ნაცნობებს და ყოველთვის მოდიან ის ადამიანებიც, ვისაც არ ველი-მეთქი. სპექტაკლი „ერთხელ უწერაშიც“ არ აღმოჩნდა გამონაკლისი. რამდენიმე წუთით ადრე კი სკოლის სააქტო დარბაზში ჩემი მეგობარი იაკო თავის სამ შვილთან და დედასთან ერთად შემოვიდა. ია ყველა ჩემი აქტივობის დიდი გულშემატკივარია, მაგალითად, წიგნის დღეებზე მე და ჩემი მეხუთეკლასელები მაფინებს რომ ვყიდდით საკლასო ოთახის ხელნაკეთი თაროების დასამზადებლად, იმ დღესაც გვესტუმრა ოჯახთან ერთად და სოფელ პიპილეთის ბიბლიოთეკისთვის შეგროვებული თანხა გვიწილადა. იას გოგოებს სოციალურ ქსელში უნახავთ სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია და როგორც კი გაუჟღერებიათ, ციური დეიდას, იას დედას, ჩაუსხამს მანქანაში შვილიშვილები და უწერაში წამოუყვანია. მალე პატარა დარბაზში ტევა აღარ იყო. ჩემი ხუთი გოგო აღელდა, ხელები აუკანკალდათ ნერვიულობისგან და სწორედ ამ დროს ოთახში ანი შემოცქრიალდა. ანი ერთ-ერთი მირამისელია, უწერის სკოლა ორი წლის წინ დაამთავრა და ახლა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. კიდევ ერთხელ გადავინაცვლეთ მე და ანიმ ჩვენს დღესასწაულებში – იმ დღეებში, როცა პატარა ოთახში უწერის სკოლის ყველა მოსწავლეს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარსადგენად თავი მოეყარა და სუნთქვა ჭირდა ან იმ დღეს, როცა გოდერძი ჩოხელის მოთხრობები გავაცოცხლეთ და მეათეკლასელი პაატა ფანჯარასთან ცხენით მოგვადგა. ანიმ გოგოებს უთხრა, მთავარია, პროცესით ისიამოვნოთ, ახლა გგონიათ, არაფერი გახსოვთ და როგორც კი სცენაზე პირველი წუთი ჩაივლის, მაშინვე გათავისუფლდებითო. ანიმ იტვირთა სპექტაკლისთვის ვიდეოს გადაღება და თავისი იქ ყოფნით სიმშვიდე მოჰქონდა.
აქვე უნდა აღვნიშნო, როგორი გადამდებია ერთობლივი ქმედება სპექტაკლისთვის, რადგან ქრისტის 8 წლის ძმა და თეკლას 5 წლის და თან გვახლდნენ. მათაც გაუჩნდათ მონაწილეობის მიღების სურვილი და მყისვე გამოუძებნეს როლები – კაკიმ და ლილემ კატოს და-ძმის როლი მოირგეს. მალ-მალე მომადგებოდა ლილე და ჩამჩურჩულებდა, ნაადრევ ქორწინებაში როდის უნდა ვითამაშოო.
მთელი დღე გაბმულად წვიმდა. 7 საათისთვის დარბაზში უკვე ჩამობნელდა. ერთადერთ განათებად გამოვიყენეთ შინიდან წაღებული ელექტროციმციმა, რომლის ფერადი ათინათი დარბაზის კედლებზე ირეკლებოდა და განსაკუთრებულ ელფერს სძენდა სცენას. ფერადი განათება თითქოს ამ სპექტაკლის სიმბოლოდაც იქცა – ჩვენ ჯერ საკუთარი თავი დავარწმუნეთ და შემდეგ კი იქ მყოფი ადამიანები იმაში, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობას გამოსტაცო ყველა სიკეთე და როგორ შეიძლება ააელვარო ადამიანები სიხარულით.
სპექტაკლის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სტუმრად მოსულა კამილა, რომელიც უწერაში ისვენებდა და ერთ შუადღეს, სეირნობისას, ჩვენს სახლში გვესტუმრა. როგორც გავიგე საუბრისას, კამილა ფრანგული ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ბევრი ვისაუბრეთ მე და კამილამ. მოვუყევი, როგორ ვესტუმრე ეროვნული ბიბლიოთეკის ფრანგულ მედიათეკას და რომ იქ ნანახი გარემო გახდა უწერის სკოლის ჯადოსნური ოთახის დაარსების ინსპირაცია. სპექტაკლის დღეს, სკოლისკენ რომ მივდიოდით, კამილა შეგვხვდა და ბავშვებმა დაპატიჟეს. დილას კამილასგან წერილი მივიღე: „It was a pleasure for me to attend your performance. To see the performance itself, but also to see how big an impact it had on every single person in the audience, with stars shining in their eyes. They are lucky to have you! Congratulations!” (ამონარიდს წერილიდან კამილას ნებართვით ვურთავ სტატიას).
ელენემ, კატომ, ქრისტიმ, მართამ და თეკლამ შესანიშნავად გაართვეს თავი აუდიტორიის წინაშე თამაშს. ამ სტატიით მინდა საჯარო მადლობა შევუთვალო ჩემთვის უცნობ მასწავლებელს, რომელიც ქრისტის და მის მეგობრებს ქალაქ რუსთავში თეატრს აყვარებს და ასწავლის, რადგან სწორედ ქრისტი იყო ჩვენი სპექტაკლის მამოძრავებელი ელემენტი. 13 წლის გოგოს გულანთებულობა და ცოდნა ჩვენც გადმოგვედო და წაგვახალისა.
კამილამ მომწერა, თითოეული სტუმრის თვალებში ვარსკვლავები ენთოო და ერთ-ერთი მომენტი სპექტაკლიდან სამუდამოდ აირეკლა ჩემში, როგორც სინერგიის სიმბოლო – სპექტაკლის ბოლოს მართა გიტარაზე უკრავდა, მღეროდა სიმღერას „თეთრ კლავიშებს“ და ნელ-ნელა მთელი დარბაზი აჰყვა. ახლაც ამეტირა გახსენებისას, როგორი სინაზე, სიკეთე და მშვენიერება დალივლივებდა დარბაზში და სცენიდან წამოსული მუხტი დარბაზში მყოფთა განცდებს აელვარებდა. მღეროდა მართა და მღეროდა მთელი დარბაზი – იკუნას დედა, კატოს ბებია, ბავშვები და კიდევ სხვები. ვიდექი ხმის გამაძლიერებელთან, ვუყურებდი ამ ჯადოსნურ პროცესს და ვტკბებოდი იმის გააზრებისას, რომ მე და ჩემმა პატარა მეგობრებმა მცირე დროში ჩვენი სახლის შუშაბანდში დაბადებული იდეის გაცოცხლება და ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება შევძელით.
სპექტაკლის ბოლოს სრულად ჩამობნელდა, წვიმამ იმატა. ძლივს ვხედავდით ერთმანეთს. კატოს ბებიამ, ნანამ, ემოციური სიტყვები გვითხრა. მან გაიხსენა, რომ დარბაზში მყოფი რამდენიმე მათგანი – მელიტონი, ნანა (ლივლივა), ნათია (ფაცო)… – ნაილი მასწავლებლის მოსწავლეები იყვნენ და მათაც დაუდგამთ სპექტაკლი, რომელშიც გიორგი და პაატა სააკაძის როლებს თამაშობდნენ. ნანა თბილისში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და სპექტაკლის ერთად გამართვა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ ამითაც იყო გამორჩეული, რომ უწერის სკოლის ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც ახლა უკვე ბებიები და ბაბუები არიან, დროში ამოგზაურა.
მელიტონ ბიძიამ ჩვეულად გვიმასპინძლა და შამპანური მოგვართვა. აღარ გვინდოდა ერთმანეთთან დაშორება. ბედნიერი, დამღლელი, დაუვიწყარი 9 საათის შემდეგ თავსხმა წვიმაში ბარგი-ბარხანიანად შინ დავბრუნდით და თან უზარმაზარი სიხარული გამოვიყოლეთ.
შეჯამება
ის, რასაც გულს ვუძღვნით, დროს ვუთმობთ, წარმოუდგენლად ვრცელდება დროსა და სივრცეში. იანვარში თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მეოთხე სართულზე ჩემს მეშვიდეკლასელებთან ერთად სპექტაკლისთვის ორკვირიანმა შრომამ უწერაში ჩამოაღწია, ხუთ გოგოს ქმედებისკენ უბიძგა და მათი ერთი ზაფხული დაუვიწყარი გახადა. მე მჯერა ბავშვების კოსმოსური ენერგიისა და შესაძლებლობების, მათგან გამუდმებით ვსწავლობ. დარწმუნებული ვარ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ კიდევ ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწევს და ჯადოსნური თავგადასავლების ჯაჭვს უამრავ რგოლს შემატებს.
გამოხმაურების ბარათები
ნებისმიერი აქტივობის შემდეგ დროს ყველაზე უკეთ გამოხმაურების (გასასვლელი ბილეთები) ბარათები ინახავს. ამჯერადაც ელენეს, კატოს, ქრისტის, მართას და თეკლას ვთხოვე შეევსოთ ბარათები, რომლის ქარგა ამგვარი იყო:
- სპექტაკლის მზადებისა და წარმოდგენის პროცესიდან გაიხსენე 10 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება.
- სპექტაკლის დღიდან მომიყევი ერთი ამბავი, რომელიც მე ვერ შევნიშნე.
- რატომ დაარქვით სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“?
- სპექტაკლის რომელი ნაწილი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?
- რა რჩევებს მომცემდი?
- შენი აზრით, რა დადებითი მხარეები აქვს სპექტაკლს მოზარდის ცხოვრებაში?
- რას გრძნობდი სპექტაკლს წარმოდგენისას?
- როგორი განცდა დაგეუფლა სპექტაკლის შემდეგ: რა გეწყინა? რა გიხაროდა?
- რას ეტყოდი შენს მეგობრებს?
- რას მეტყოდი მე?
ბავშვების შთაბეჭდილებების კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს და სწორედ მათი უკუკავშირი ახალი ძალებით მავსებს. გიზიარებთ ამონარიდებს სპექტაკლში მონაწილე ხუთი გოგოს ბარათებიდან:
1.როგორ დაგვადგმევინა მართამ ცეკვა; როგორ მეხმარებოდა თეკლა კაბის გახდაში; ჭორაობასა და გარიყვაზე ყველამ ერთად რომ დავდგით სპექტაკლი; ლილე და კაკი გულებს რომ გვიჩვენებდნენ სიმღერის დროს; ელენე ტანსაცმლის ყოველი გამოცვლის დროს ლექსებს რომ იმეორებდა ძალიან სწრაფად; ანი რომ გვაწყნარებდა და გვამხნევებდა; ანის ვუთხარი, ჩემს ძმას რომ შევხედავ, გამეცინება-მეთქი და ანი კი ზუსტად ჩემი ძმის წინ დაჯდა; შესვენებისას სპორტდარბაზში ფრენბურთს რომ ვთამაშობდით; მართას თმას რომ ვუსწორებდი; ყველას რომ „მაკიაჟს“ ვუკეთებდი“, – კატო ცაგარელი, 13 წლის.
- „გარიყვა და ჭორაობიდან“ მომეწონა ყველა ერთად რომ ვმღეროდით. ალბათ, იმიტომ, რომ სასიამოვნოა შენს მეგობრებთან, ბიძაშვილებთან ერთად სიმღერა“, – მართა მეტრეველი, 14 წლის.
- „გასწავლის გუნდურობას, ერთიანობას, ფიქრს, მსჯელობას. ვითარდები. შენს თავს უკეთ გამოხატავ, როდესაც სცენაზე დგახარ და თამაშობ, თითქოს შენს სულს ათავისუფლებ და რწმუნდები, რომ რასაც მოინდომებ, შეძლებ. თვითშეფასება გიმაღლდება“, – თეკლა, 14 წლის.
- „უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და ხალხს მოეწონა ის, რაც ჩვენ წარვუდგინეთ მათ“. – ელენე მინდიაშვილი, 15 წლის.
- „არ გაჩერდე! უფრო მეტი სპექტაკლი დადგი, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიყვანო ამ იდუმალ და ფერად სამყაროში!“, – ქრისტი კაკიაშვილი, 13 წლის.