პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

მედიათეკის როლი სკოლაში

მედიათეკა მულტიმედიური ბიბლიოთეკაა, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას: უახლეს წიგნებს, წვდომას ელექტრორესურსებთან, სამუშაო სივრცეს, ხელსაყრელ ინფრასტუქტურას შეხვედრებისთვის, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

მედიათეკასთან ჩემი პირველი შეხება სამი წლის წინ უწერიდან თბილისის წიგნის ფესტივალისთვის მოსწავლეების წამოყვანას უკავშირდება. ფესტივალის პარალელურად ვათვალიერებდით ქალაქს, მოვინახულეთ მუზეუმები, მთაწმინდის პანთეონი, ძველი თბილისის ქუჩები. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ვესტუმრეთ ფრანგულ მედიათეკას. თანამედროვე ინფრასტურქტურამ, ფერადმა წიგნებმა, ძველმა ვინილებმა, საბავშვო ოთახმა იმდენად მოგვხიბლა, რომ სურვილი გამიჩნდა მსგავსი სივრცე ჩვენს სკოლაშიც მოგვეწყო. ყველაზე მეტად კი მედიათეკაში არსებულმა არაფორმალურმა გარემომ გამიღვივა მოქმედების სურვილი.

სოფელში დავბრუნდით და თან ჩამოვიტანეთ ას ორმოცდაათამდე ძველი თუ ახალი წიგნი. მერე სკოლის დირექტორს – ქალბატონ ნაილის – გავუზიარე იდეა და მანაც სიხარულით აიტაცა. გამოგვიძებნა თავისუფალი ოთახი, მოგვცა საჭირო ინვეტარი და ბიბლიოთეკიდან ახალნაყიდი რამდენიმე თაროც დაგვითმო. ხმაურით მოვფინეთ ნაჩუქარი წიგნები მაგიდებზე, თაროებზე დავაბინავეთ და ჩვენი მცირედი ქონება  რვეულის რამდენიმე ფურცელზე დავტიეთ. ასე სპონტანურად დაიწყო ამბავი სკოლის მედიათეკისა, რომელსაც ბავშვებმა „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“ უწოდეს.

თავდაპირველად ოთახი ცარიელი და უღიმღამო იყო. გადავწყვიტე, ნელ-ნელა იქაურობა ისეთ მექცია სივრცედ, სადაც მოსწავლეებს ყოფნა გაუხარდებოდათ, სადაც მოვაწყობდით ლიტერატურულ კაფეებს, ჩავატარებდით სამოდელო გაკვეთილებს, ერთმანეთს ხმამაღლა წავუკითხავდით წიგნებს, დავგეგმავდით სპექტაკლებს, გავივლიდით რეპეტიციებს, აღვნიშნავდით მწერლების დაბადების დღეებს,  ვუმასპინძლებდით სტუმრებს, მოვუსმენდით სხვადასხვა ჟანრის მუსიკას.

რაც მთავარია, ოთახის მოწყობაში ბავშვებს უნდა მიეღოთ აქტიური მონაწილეობა. მართლაც, არა მხოლოდ დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები, არამედ მშობლებიც კი ავიყოლიეთ. მოსწავლის მამამ ფიცრები გვაჩუქა, რომლებიც სკოლის წითელი მოფახფახებული ავტობუსით მოვაქროლეთ. ჩემმა მეგობრებმა ხის ღია კარადა აგვიწყვეს წიგნებისთვის, მეთორმეტეკლასელმა ბიჭებმა კი ოთახშივე დაამზადეს მაგიდა, სკამები, ტანსაცმლის საკიდი, საპრეზენტაციო სკამი. მერე ოთახი ნელ-ნელა აივსო და გაფერადდა რესურსებითა და საჩუქრებით. ახლა კი რას არ ნახავთ აქ: ერთგან გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისთვის დამზადებული ნაჭრის პოსტერი გვიკიდია; კარზე ორიგამის ხელნაკეთი ნივთია ჩამოკონწიალებული, ზამთრის ერთ დღეს გაღმა სოფლიდან სტუმრად მოსულმა გოგომ რომ მოგვიტანა;  ხის ყუთში წიგნების მიხედვით დამზადებული პრეზენტაციები მოვათავსეთ და კუთხეში მივუჩინეთ ბინა; საკიდზე ჰალსტუხები და ხის წკეპლებზე დამაგრებული ჭრელი ბადეები ჩამოვკიდეთ, რომლებზეც  ეპიზოდები და ახალი სიტყვები გვახსენებენ წაკითხულ წიგნებს, საპრეზენტაციო სკამის უკანა კედელზე ბავშვებმა ფერადი ცარცით პლანეტები მიახატეს, მზის სხივებზე წიგნების სათაურები დაწერეს და უსასრულობის კედელი უწოდეს. აქვეა გოდერძი ჩოხელის სპექტაკლითვის შეკერილი მთვარე და თევზები; დარდების შემგოვებლის გუდა, რომელშიც ძველი სცენარები დავაბინავეთ. მეორე მსოფლიო ომში გამოვლილი ძველებური ჩემოდანი ჯერ ხომ წიგნის ფესტივალზე ვამოგზაურეთ, მერე ოთახში გამოვკეტეთ და შიგნით სხვადასხვა ნივთი ჩავალაგეთ: განსაკუთრებულ ყურადღებას შავი ბუმბულები იქცევს, უფროსკლასელმა პაატამ რივნის პირას ნაპოვნ მკვდარ ჩიტს დააცალა და სპექტაკლზე რეკვიზიტად -კალმად- გამოვიყენეთ. კედელზე გაბმულ თოკზე ერთად შეკერილ-მოხატული ხელნაკეთი ნაჭრის თოჯინები გვიკიდია;  ოთახის ფანჯრებზე ლიტერატურული პერსონაჟები გავაცოცხლეთ, რომელთაც დროდადრო ვცვლით; ჭერში პერსონაჟთა გალერეა მოვიწყვეთ – თავზე დაგვყურებენ კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურიდან გაცოცხლებული ქართველი და უცხოელი გმირები. ზამთარში ოთახს შეშის ღუმლით ვათბობთ, რომელზეც ცაცხვის ჩაის ვიდუღებთ, ლიტერატურულ კაფეებში კი გლინტვეინს ვათუხთუხებთ. კარს შემოაღებთ თუ არა, იგრძნობთ კვამლის, ხისა და წიგნების სუნს, რომელსაც სტუმრად მოსულმა ბავშვობის მეგობარმა თავისუფლების სურნელი უწოდა.

მედიათეკის ოთახის ყველაზე მთავარი დანიშნულება მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ყოველდღიურად წიგნებთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობამ ბავშვებს შემეცნებითი თვალსაწიერი გაუფართოვა და ახლა თითქმის თითოეულმა მათგანმა – მკითხველმა თუ არამკითხველმა – ზეპირად იცის, რომელ თაროზე რა წიგნი დევს, თავისუფლად ცნობენ ავტორებსა და სათაურებს.

ჩვენი ჯადოსნური სამყაროს ოთახი სამი წლის ხდება და მინდა გითხრათ, რომ არცერთი ნივთი არ დაკარგულა. ყოველი წიგნის თავგადასავალი იციან: ვინ და როდის გვაჩუქა, ვის აქვს წაკითხული ან ვის რომელი აქვს წაღებული. ოთახის გასაღები მეცხრეკლასელ გოგოებს აქვთ და მათ ევალებათ გაღება-დაკეტვა. დროდადრო ყველა ერთად ალაგებს, უვლის, ზრუნავს, ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ზაფხულში მთის ყვავილებს აგროვებენ და ახმობენ ხელნაკეთ მაგიდაზე დადებულ შუშაში გამოსამზეურებლად ან წიგნის ფურცლებში ჩასატოვებლად.

ჩვენი პატარა სკოლის მედიათეკის ქონება ხუთასამდე წიგნს ითვლის, თითოეულს თავისი თავგადასავალი აქვს. მათ ჩვენამდე მოსასვლელად ნაქერალას უღელტეხილის გადმოვლა მოუხდათ. წიგნები გვაჩუქეს გამომცემლებმა, მთარგმნელებმა, მწერლებმა, უცნობებმა, ჩემმა ჯგუფელებმა, უფროსმა მეგობრებმა. გასულ შემოდგომას პროექტი „ეკვილიბრიუმი“ გვესტუმრა და თაროები კიდევ უფრო აფერდადდნენ და გადაივსნენ ახალი წიგნებით.

მედიათეკის ოთახი ჩემი მასწავლებლური პრაქტიკისთვის დაუშრეტელი იდეების წყაროა. აქ დატრიალებული ამბები და წიგნიერების განვითარებისთვის გამიზნული აქტივობები მიგროვებს დიდ გამოცდილებას, რომელსაც ვარგებ პრაქტიკის კვლევას, სტატიის შინაარსსა თუ კონფერენციის თემას. ოთახში განთავსებული რესურსები კი  საინტერესო აქტივობების გამოგონებაში მეხმარებიან.

ხშირად ვფიქრობ, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ინტერესი ამ ოთახისადმი არ იკლებს და რატომ უყვართ ბავშვებს ასე განსაკუთრებულად. პირველ რიგში, ალბათ, ეს არის ნდობასა და თავისუფლებაზე აგებული ურთიერთობის ხელშემწყობი წიგნიერი გარემო, სადაც სკოლის ერთფეროვნებიდან არაფორმალურ გარემოში ხვდებიან ბავშვები, საუბრობენ, ათვალიერებენ და კითხულობენ წიგნებს, ერთმანეთს უსმენენ, ირგვლივ კი საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები ახვევიათ. ნაჩუქარი წიგნები პირად მაგალითად ციმციმებენ და ახლა თვითონ მიგზავნიან წიგნებს სოფლიდან ქალაქში, თვითონ ზრუნავენ ოთახზე, ალაგებენ, აკვირდებიან, უფრთხილდებიან, პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს, რაც თავისთავად ბავშვებში კმაყოფილების განცდას ბადებს.

ახლა, როცა რამდენიმე თვეა მათთან ერთად აღარ ვარ, „ჯადოსნური სამყაროს ოთახის“ კარი მაინც ყოველდღე იღება, სკოლის დირექტორი მეუბნება, რომ ის ისევ აქტიურად მოქმედებს და პერიოდულად ლიტერატურულ დღესასწაულებსაც მასპინძლობს.

სოფლის პატარა სკოლაში, სადაც სულ 21 მოსწავლეა, ადვილია მედიათეკის მსგავსი სივრცის მოწყობა, რისი განხორციელებაც  ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლაში, რა თქმა უნდა, გაჭირდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ყველა სკოლაში მოიძებნება ერთი ცარიელი ოთახი, რომლის გასულიერება მოსწავლე-მასწავლებლების ძალისხმევით მეტ სიხარულს შეიტანს სასკოლო ცხოვრების რუტინაში. გარკვეული მექანიზმების გამოგონებით, მართვაც შესაძლებელი გახდება და ნდობის გაღვივებითა და პასუხისმგებლობის დაკისრებით უფრო რეალიზებულად იგრძნობენ თავს მოზარდები.

რამდენიმე რჩევა ჩვენი პატარა გამოცდილებიდან: დაისახეთ მიზანი და  გააცანით ის სკოლის ადმინისტრაციას, გაუზიარეთ მოსწავლეებს, გადაანაწილეთ პასუხისმგებლობები – ზოგი ხელმარჯვეა, ზოგი კარგად ხატავს, ზოგს კარგი ორგანიზების უნარი აქვს. შემოიკრიბეთ ირგვლივ მოხალისეები, დააკისრეთ ვალდებულებები. ოთახის წიგნებით შესავსებად სოციალურ ქსელში წამოიწყეთ საქველმოქმედო აქცია და შედეგი ნამდვილად გაგაკვირვებთ. თავდაპირველად თქვენ თავად მოგიწევთ ყველაფრის კეთება, თანდათან კი ფასილიტარობას მოსწავლეები გადაიბარებენ. ყოველდღიური ზრუნვა დადებით ენერგეტიკას შესძენს ოთახს და ნელ-ნელა დაგიგროვდებათ თქვენი პირადი ამბები, რომლებსაც შეიძლება ბლოგის შექმნა მოჰყვეს. რაც მთავარია, დროდადრო აუცილებელია  ინტერიერის განახლება  და  მისი გამრავალფეროვნება.

ქალაქში დაბრუნებულმა სწავლა მაგისტრატურაში განვაგრძე.  როცა ლექციებს შორის თავისუფალი დრო მაქვს, ვაკის მედიათეკას ვაკითხავ. შენობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მიმზიდველია. ადგილ-ადგილ ამოჭრილი ჭერიდან ცამდე აწვდილ ხეებსა და ცას ვხედავ. შუშის კედლების წინ გამჭვირვალე სამყაროა – საბავშვო ატრაქციონებით, ასწლოვანი ხეებითა და პარკში მოსეირნე ადამიანებით. მედიათეკის შიდა სივრცე დაყოფილია სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით. მიყვარს თვალთვალი, როგორ მეცადინეობენ სტუდენტები, მათ მეტაკოგნიტურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვებაც ჩვევად მექცა. ღია კაფეში ვსადილობ, ყავას ვსვამ და  ფოთლების, მზისა და წვიმის სურნელით ვტკბები. უნებურად ვისმენ ერთად შეკრებილი მეგობრების საუბარს, ჰიჩკოკის ერთ-ერთი ფილმის შესახებ იმდენს საუბრობენ, რომ სახლში დაბრუნებული ვეძებ და ვუყურებ. აქედან ვწერ წერილებს რაჭველ მოსწავლეებს და ვუამბობ ახალი სკოლის, მოსწავლეების, სტუდენტობისა და წიგნების შესახებ. ვუყვები, როგორია ნამდვილი მედიათეკა, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ მინდა, რომ მათი სტუდენტური ცხოვრება  გაგრძელდეს.

როცა ქალაქში მსტუმრობენ, აუცილებლად მიმყავს და ვათვალიერებინებ ვაკის მედიათეკას. ისინიც „ჯადოსნური სამყაროს ოთახის“ შემდეგ ადვილად ერგებიან ახალ გარემოს, წიგნების თაროებს შორის თვალებაციმციმებული იწყებენ სიარულს და საყვარელი ავტორებისა და სათაურების ძებნას. რამდენიმე კვირის წინ ვაკის მედიათეკაში მეცხრეკლასელი გოგო წავიყვანე და თამაში წამოვიწყეთ, რაც შეიძლება მეტი ნაცნობი წიგნი უნდა ეპოვნა. მე კი უკან დავყვებოდი ჩემი წითელყდიანი დღიურითა და ფანქრით ხელში. ჩემდა სასიხარულოდ, სამოცზე მეტი ავტორი ჩამოვწერე, რომლებიც მარიამმა წიგნებით სავსე თაროებზე აღმოაჩინა.  ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტი“ კი დიდხანს ამაოდ ვეძებეთ. როგორც ჩანს, ვიღაცას გატანილი ჰქონდა და ვინ იცის, სანამ ჩვენ მას ვეძებდით, უცნობი მკითხველი ოლივერს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა ლონდონის ქუჩებში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“