სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ალიო მირცხულავა

ავტობუსში, როცა რეპროდუქტორიდან ქალის ხმა ამცნობს მგზავრებს შემდეგი გაჩერების ტოპონიმურ სახელწოდებებს და გამიგონია – “შემდეგი გაჩერება ბესო ჟღენტის ქუჩა”, “შემდეგი გაჩერება ალიო მირცხულავას ქუჩა” და ა. შ. – გამკვირვებია, რადგან არც კი მეგონა, ამ ადამიანების სახელობის ქუჩები თუ იყო თბილისში. ზოგადად, ტოპონიმიკა საზოგადოების მენტალური მდგომარეობის ზუსტი პროექციაა. თითქოს არაფერი, დედაქალაქში (ან თუნდაც სხვა ნებისმიერ ადგილას) სოცრეალისტური ქართული ლიტერატურის დირიჟორის – ბესო ჟღენტის ქუჩა რომ არსებობს. ალიო მირცხულავა – კონიუნქტურულ-ფუნქციონერული მასშტაბებით – მთლად ბესოს, მგონი, ვერ გაუტოლდებოდა, მაგრამ “სოციალისტური სამოთხისადმი” თუ ბელადებისადმი მიძღვნილი ლექსების რაოდენობითა და გულწრფელობის ხარისხით ცოტა ვინმე თუ გაუტოლდებოდა მას. მოგეხსენებათ, ყველაზე გულანთებული და აგრესიული სოცრეალისტები ჩვენში სწორედ ის მწერლები და კრიტიკოსები იყვნენ, რომლებიც ოციან წლებში ავანგარდისტობდნენ. ბესოს და ალიოს შემთხვევაშიც ზუსტად ასეთ არქეტიპულ ამბავთან გვაქვს საქმე: “ნეპის” პერიოდში ორივე სხვადასხვა “იზმებით” აღტყინებული ჯეელი იყო – მოლაშქრენი სწორედ ისეთი ლიტერატურული კონიუნქტურის და მომაბეზრებელი მონოქრომულობის წინააღმდეგ, როგორსაც მერე თვითონ ქმნიდნენ და თეორიულ საფუძველს უქმნიდნენ მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.

 

ცხონებული ბებიაჩემი სიამაყით იხსენებდა ხოლმე: დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენს სკოლაში (სოფ. ხიბულიდან იყო) მაშაშვილი მოვიდა და და მოსწავლეებმა მისივე ლექსები ვთქვითო. იმ ლექსსაც იტყოდა ხოლმე, რომელიც მაშინ თქვა (ორი ტაეპი დამამახსოვრდა. იქნებ, არასწორადაც მახსოვს): “ხარის ბეჭზე ლექსებს ვწერდი, / მასწავლიდა მელანია…”.

 

როცა ამ ამბავს იხსენებდა, ბებიაჩემი არასოდეს იტყოდა “ალიო მაშაშვილს” ან “ალიო მირცხულავას”, ამბობდა მხოლოდ “მაშაშვილს”. ეს ოცდაათიანების პირველი ნახევარია, მირცხულავას “ბუმერანგობა” (“ბუმერანგი” მისი ავანგარდისტობის დროინდელი ჰეტერონიმია) უკანაა და ის უკვე “მაშაშვილია”. მთლიანად არის ადაპტირებული რეჟიმთან, რომელიც უკვე გადასულია მარწუხების მოჭერაზე. მას სკოლებში იწვევენ (მგონი, სულაც, სასკოლო პროგრამაში იყო მაშინ მისი ხსენებული ლექსი). ოცდაათიან წლებში და მერე კი არა, მეც კი მაქვს სკოლაში ნასწავლი მირცხულავას ერთი ლექსი (უფრო სწორედ, მოზრდილი ლექსის – “სამშობლოს” – ფინალური ორი სტროფი, რომელიც ახლაც ზეპირად მახსოვს):

 

“ჩემი ქვეყანა, ეგრე ლამაზი,

შავი ზღვის პირად აღმართულია

თავზე გვირგვინად მუდამ მზე ადგას,

მისგან ღრუბლებიც დაფანტულია.

 

ხან გაშლილია უგზო-უკვალოდ,

ხან ვენახებით დახლართულია,

მთაც ლამაზია, ბარიც ლამაზი,

ცა – ფიროსმანის დახატულია.”

 

მირცხულავას (ისევე, როგორც შემდეგ გასოცრეალისტებულ სხვა პოეტებს და პროზაიკოსებს) იმის დარი, რაც ოციან წლებში შექმნა, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარაფერი შეუქმნია. მისი მაშინდელი პოეზია, სხვადასხვა “იზმად” დაყოფილი, ეროვნული ავანგარდის ყველა ნიშანთვისებას ავლენს: ფორმობრივი და რიტმული ძიებები, სიტყვათქმნადობაბა, ბგერწერულ-ფონეტიკური ეფექტების და უსემანტიკო ლექსიკური ერთეულების სიუხვე, გრაფიკული ლექსი… ეს ძალიან საინტერესო ეტაპია ქართული პოეზიისთვის, თუმცა არა – გადამწყვეტი, როგორც გალაკტიონი ვერსიფიკაციული რეფორმაციები, რადგან ეს უკანასკნელი – ქართული პოეტური გამოცდილების ღრმად შესწავლის შედეგად ეროვნული ლექსთწყობის ორგანული და შინაგანი განახლებაა, ხსენებული ავანგარდისტების მისწრაფებები კი – მეტწილად რეტინალური და ინტუიციური, ერთჯერადი მცდელობები.

 

ზოგადად მირცხულავას პოეზია გრანდიოზული ეგოს მქონე კაცის გამუდმებული ბორგვაა. ეს აპლომბი და აროგანტულობა მის ავანგარდისტულ პოეზიას უხდება კიდეც, მაგრამ ის მთელი ცხოვრება ასეთად დარჩა – არ დარჩენილა მისი თაობის არც ერთი დიდი პოეტი, რომელიც თავის ლექსებში ნალანძღი თუ – არა, დაკნინებული მაინც არ ჰყავს. გალაკტიონს ეპაექრებოდა, გრანელს აკნინებდა, ყანწელებს და გრიშაშვილს თითქმის არაფრად თვლიდა… ეს კიდევ არაფერი – თვით ბარათაშვილსაც ერჩოდა. ქართულ პოეზიაში ერთადერთ გენიად, რომელსაც თავს უტოლებდა, რუსთაველი მიაჩნდა:

 

“ცა მშობლიური ავსწიე ზურგით,

ქვეყნებს ვუსწორებ თვალს ამაყურად,

ტანთ „ვეფხისტყავის“ მაცვია ქურქი,

თავზე რუსთველის ქუდი მახურავს.“

 

ამ, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურობის მიუხედავად, ალიო მირცხულავას ადრინდელი პოეზია უდავოდ საინტერესოა, თუმცა მეეჭვება, მისი შემდგომი, კონტროვერსიული ბიოგრაფიის გათვალისწინებით, საკმარისი იყოს საიმისოდ, რომ დედაქალაქში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ერქვას.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“