შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რა არის ტოტალიტარიზმი ანუ სტალინის ბრძოლა ხელისუფლებისთვის

არცთუ დიდი ხნის წინ მე-11 კლასში დავესწარი გაკვეთილს თემაზე „რა არის ტოტალიტარიზმი”. მასწავლებელმა კლასი ჯგუფებად დაყო; მოსწავლეებს დაევალათ, ჩამოეწერათ ტოტალიტარიზმის ძირითადი მახასიათებლები და ემსჯელათ მათ შესახებ. მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა დემოკრატიული ფასეულობები ჩამოწერა (!) და „იმსჯელა” ზოგადად, არგუმენტაციის გარეშე. დანარჩენების პასუხებიც იყო ზოგადი და ბუნდოვანი. მხოლოდ ერთმა ჯგუფმა მოიშველია ორუელის „ცხოველთა ფერმა”. როგორც თავად მოსწავლეებმა აღნიშნეს, სწორედ ამ წიგნის მეშვეობით გაიგეს მათ ტოტალიტარიზმის შესახებ. თავისთავად ის ფაქტი, რომ დიდ ჯგუფში რამდენიმე მოსწავლეს (ორს) წაკითხული ჰქონდა ცხოველთა ფერმა და მეტიც – გამოიყენა ის სხვა სიტუაციაში, შესანიშნავი და დასაფასებელია, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ მე-11 კლასის მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს გააზრებული ტოტალიტარიზმის არსი, რომ ისტორიის გაკვეთილებზე ასეთ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა ან საერთოდ არ მიმდინარეობს, ან მიმდინარეობს თემის დასაწყისში, ნაცვლად იმისა, რომ შემაჯამებელი კითხვა თემის ბოლოს იქნეს დასმული, თუმცა ამავე მოსწავლეებმა შესაძლოა სტალინის, ფრანკოს ან ჰიტლერის მმართველობის ყოველი წელი ჩვენზე უკეთ იცოდნენ. არ არის ეს ნონსენსი?! არ არის ეს პარადოქსი იმ გამოწვევათა ფონზე, რასაც 21-ე საუკუნე გვიყენებს ჩვენ და ჩვენს მოსწავლეებს?!

ისტორიის სწავლა/სწავლების პროცესი ეფექტური და მოქნილი უნდა გახდეს და პასუხობდეს დღევანდელ გამოწვევებს. სულ მცირე  მიღებული კატასტროფული ცვლილებები ესგ-ში მაინც უნდა ამოვარდეს სასწრაფოდ და ამ პერიოდში მე-20 საუკუნეს მე-19 რომ დაემატა, რითაც მე-12 კლასში სწავლება კიდევ უფრო მოუქნელი, შაბლონური და ტლანქი გახდა (თუმცა კატი-მატისთვის – უფრო მიმზიდველი, რადგან ფაქტების კასკადს დაემატა არანორმალური ფაქტების კასკადი), ეს მაინც უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ. ეს ცვლილება დანახარჯს არ მოითხოვს, მას მხოლოდ პრობლემის გააზრება და ნება სჭირდება (მაგრამ…). იქნებ ის სტატუს კვოც შეიცვალოს, რომელიც არის ისტორიაში დღეს, გადაიხედოს მე-11-12 კლასებში ისტორიის სწავლება ზეზვა და მზიადან მოყოლებული ვიდრე 21 საუკუნემდე – ფაქტია, ეს მიდგომა არ ამართლებს! უფრო მეტიც – დღეს საქართველოში ისტორიის სწავლა/სწავლების მხრივ უარესი ვითარებაა, ვიდრე იყო თუნდაც 6 წლის წინ.

სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლებისთვის უცხოა საბჭოთა ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ახალგაზრდა თაობა არ იცნობს მე-20 საუკუნის საბჭოთა წარსულს, რაც პარადოქსულ და არანორმალურ ვითარებაში გვაყენებს – ჩვენი მოსწავლეები არ არიან მზად იმ გამოწვევებისთვის, რასაც დღევანდელი რეალობა უყენებს მათ.

გაკვეთილი ეხება საბჭოთა პერიოდს, სტალინის ბრძოლას ხელისუფლებისთვის. მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის უცნობია, რა ხდებოდა ლენინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში, რა ხდებოდა 1924-1929(1928) წლებში და რა გზით მიაღწია სტალინმა ბელადობას.

სტალინის ბრძოლა ხელისუფლებისთვის (პირველი ეტაპი)

აქტვობა: სტალინის ბიოგრაფია

მოსწავლეებს გააცანით სტალინის ბიოგრაფია და გამართეთ მცირე დისკუსია ამ თემის საკვანძო საკითხების გარშემო (სტალინის ბიოგრაფიაში ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც უდავოდ გამოიწვევს მოსწავლეთა ყურადღებას და დისპუტს. ამდენად, მასწავლებელი მზად უნდა იყოს კითხვებზე პასუხის გასაცემად. შეგიძლიათ, ბიოგრაფიიდან წინასწარ ამოკრიფოთ რამდენიმე ფაქტი და ისე მიაწოდოთ მოსწავლეებს).

აქტივობა – ლენინის ანდერძი

23 დეკემბერი, 1922 

მე გირჩევთ, ჩვენს პარტიულ შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ. რამდენიმე ისეთი საკითხის გაზიარება მინდა თქვენთვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

უპირველესად, ცენტრალური კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა გავზარდოთ… თუნდაც 100-მდე. ასე პარტიას ნაკლები საფრთხე დაემუქრება… 

შემდგომ, ჩემი აზრით, მხარი უნდა დავუჭიროთ გოსპლანს და, ამასთან ერთად, ამხანაგ ტროცკის…

მე ვფიქრობ, სტალინისა და ტროცკის ურთიერთობის განხილვაც მნიშვნელოვანია. მათი ურთიერთობა მომავალი განხეთქილების დიდ საშიშროებას ქმნის.

სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ პარტიის წევრთა რაოდენობის 50-დან 100 კაცამდე გაზრდა.


24 დეკემბერი, 1922 წელი

ამხანაგმა სტალინმა, გახდა რა გენერალური მდივანი, მოიპოვა დიდი გავლენა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი ამ გავლენას სიფრთხილით გამოიყენებს. მეორე მხრივ, ამხანაგი ტროცკი… გამოირჩევა არამხოლოდ ინტელექტითა და შესაძლებლობებით. პირადად იგი არის ყველაზე უნარიანი ადამიანი დღეს ცენტრალურ კომიტეტში, თუმცაღა ახასიათებს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ყოველთვის თავდაჯერებულია; ამავე დროს ხშირად გაიტაცებს ხოლმე ადმინისტრაციული გვერდითი საქმეები.

ორი გამოკვეთილი ლიდერის ეს ორი თვისება შესაძლოა პარტიის რღვევის მიზეზი გახდეს და თუ ჩვენმა პარტიამ არ მიიღო ზომები, განხეთქილება გარდაუვალია.

მე არ დავახასიათებ პარტიის დანარჩენ წევრებს, თუმცა ზინოვიევისა და კამენევის ოქტომბრის ეპიზოდი არ ყოფილა შემთხვევითი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მათ ვერ დავადანაშაულებ, როგორც ვერ დავადანაშაულებ არაბოლშევიკობის გამო ტროცკის.

მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ბუხარინზე: იგი გამორჩეულია, იგი არა მხოლოდ პარტიის თეორეტიკოსია, იგი კანონიერად ითვლება პარტიისთვის პატივსაცემ ადამიანად, მაგრამ ხშირად მისი თეორიები არ ეთანხმება მარქსისტულს, რადგან არის მასში რაღაც სქოლასტიკოსის (მას არასოდეს უსწავლია და, ვფიქრობ, არასოდეს ერკვეოდა დიალექტიკაში).


24 დეკემბრის დამატება

სტალინი ძალიან უხეშია და ეს ნაკლი, რომელიც გასაძლისია ჩვენს გარემოში, კომუნისტებში, გაუსაძლისი ხდება გენერალურ სამდივნოში. ამდენად, მეგობრებო, გთავაზობთ, კარგად აწონ-დაწონოთ და იფიქროთ იმაზე, როგორ გადავანაცვლოთ სტალინი გენერალური მდივნის პოსტიდან და როგორ დავნიშნოთ მის ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც… იქნება უფრო მომთმენი, ლოიალური, უფრო კეთილგანწყობილი, ზრდილობიანი და უფრო ყურადღებიანი მეგობრების მიმართ, ნაკლებად კაპრიზული და ა.შ. ეს გარემოება თქვენ შეგიძლიათ უმნიშვნელოდ ჩათვალოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, განხეთქილების თავიდან ასაცილებლად და ტროცკისა და სტალინის ურთიერთობის შესახებ ჩემ მიერ ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი, ან უმნიშვნელოა იმდენად, რომ შესაძლოა შეიძინოს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ცნობისათვის:

ლენინის ასეთი დამოკიდებულების უმთავრესი მიზეზი (გარდა შეუთანხმებლობისა ნეპის ირგვლივ) იყო საქართველოს საკითხი – საქართველოს შესვლა საბჭოთა კავშირში დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკის თუ ამიერკავკასიის სტატუსით. სტალინი წინააღმდეგი იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლისა. იგივე საკითხი იქცა შემდგომ სტალინსა და ფილიპე მახარაძეს შორის დაპირისპირების მიზეზად.

აქტივობა:

მოსწავლეებთან გამართეთ დისკუსია დოკუმენტის შესახებ. დაახასიათებინეთ მათ თითოეული პირი, რომელიც მოხსენიებული ჰყავს ანდერძში ლენინს. გაამახვილებინეთ ყურადღება სტალინსა და ტროცკიზე – როგორ ახასიათებს იგი მათ? როგორ ფიქრობთ, რატომ? რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი? 

მოსწავლეებმა შეაფასონ დოკუმენტი (წყაროები) და იფიქრონ, რატომ გახდა საიდუმლო ეს ანდერძი (მასში კრიტიკულად ყველაზე მეტად სტალინი იყო დახასიათებული, თუმცაღა ასევე კრიტიკულად იყვნენ დახასიათებულნი სხვა კომუნისტებიც, შესაბამისად, არა მხოლოდ სტალინს, არამედ არც ტროცკის და სხვა ლიდერებს აძლევდათ ხელს მისი გამოაშკარავება, ამიტომაც დოკუმენტი ცნობილი გახდა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ). 

ლენინის დასაფლავება

ფაქტი:

ლენინის სიკვდილის დროს ტროცკი ახალი გამგზავრებული იყო სამკურნალოდ სოხუმში. ლენინის დასაფლავების თარიღი სტალინმა არასწორად შეატყობინა ტროცკის, რის გამოც დასაფლავება შედგა მანამდე, ვიდრე ტროცკი რუსეთში ჩავიდოდა. ამრიგად, ის დასაფლავებაზე არ იმყოფებოდა. სტალინი გამოვიდა გამოსათხოვარი სიტყვით. სიტყვაში მან დაახლოებით 100-ჯერ ახსენა ლენინი, რასაც ყოველ ჯერზე ხალხის ოვაციები და შეძახილები ახლდა. ეს სიტყვა ისტორიაში შევიდა „ბელადის ფიცის” სახელით. „ლენინმა გვიანდერძა… გავუფრთხილდეთ პარტიის წევრის წმინდა სახელს… ვფიცავთ, რომ ღირსეულად შევასრულებთ შენს ანდერძს… მუდამ გვემახსოვრება შენი სიტყვები – განვამტკიცოთ და გავაფართოოთ რესპუბლიკები”. მოგვიანებით ტროცკი იტყვის: „მე რომ ვყოფილიყავი მოსკოვში, მე დავდებდი ფიცს ლენინის კუბოსთან, მე ვიქნებოდი გამოცხადებული მემკვიდრედ, მე უფრო მეტი სიყვარული მქონდა პარტიასა და ხალხში, შეუდარებლად უფრო მეტი”. 

აქტივობა:

სტალინი ამავე დროს იყო გაზეთ „პრავდას” რედაქტორი. ეს იყო პროპაგანდისტული გაზეთი, რომელიც ვრცელდებოდა მთელ საბჭოთა კავშირში დიდი ტირაჟით. წარმოიდგინეთ, რომ გაზეთის რედაქტორი ხართ და უნდა გააშუქოთ ლენინის დასაფლავება.

საგაზეთო სტატია

მოსწავლეებს
სთხოვეთ:

 

·გამოიკვლიონ და სტატიაში მიუთითონ ლენინის დაკრძალვის ზუსტი რიცხვი;

·გამოიკვლიონ, სად იყო დასვენებული და შემდგომ გადასვენებული ლენინი და ვისი ბრძანებით;

·სტატიაში ჩართონ რამდენიმე (2-3) მნიშვნელოვანი ფოტო და მიაწერონ, რა ან ვინ არის აღბეჭდილი ამ ფოტოზე;

·წარმოადგინონ სტატია ორ სვეტად (როგორც გაზეთებშია);

·დაწერონ სტატია 11 ზომის შრიფტით;

·გაითვალისწინონ, რომ ეს არის მთავარი პროპაგანდისტული გაზეთი (რომლის რედაქტორი თავად სტალინია).

აქტივობა:

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები განიხილეთ კლასში. სასურველია, თითოეულმა ჯგუფმა განხილვა მოაწყოს მასწავლებლის ან მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (კრიტერიუმებს სურვილისამებრ (სასურველია, მოსწავლეებთან ერთად) დაამატეთ შეკითხვები და შეფასების ქულები): 

 

რამდენად რეალისტურია სტატია?

 

რატომ ფიქრობთ ასე? გათვალისწინებულია
თუ არა რეალობა? ეპოქა? ვითარება? გარემოება?

რამდენად პროპაგანდისტულია?

საიდან ჩანს?

როგორია კვლევა?

ზედაპირული, საშუალო, სიღრმისეული?
საიდან ჩანს?

 

როგორია ვიზუალური მხარე?

ეფექტური, ნაკლებად ეფექტური თუ
საშუალო? საიდან ჩანს?

 


 

აქტივობა:

გაკვეთილის/თემის ბოლოს სასურველია
მოსწავლეებმა დაწერონ ვრცელი ესე შემაფასებელი კითხვით: როგორ შეიძლება შეფასდეს ხელისუფლებისთვის
სტალინის ბრძოლის პირველი ეტაპი. შემაჯამებელ აქტივობად ესე ძალიან ეფექტურია, ის საშუალებას
აძლევს მოსწავლეს, ინდივიდუალური მკვლევარი გახდეს.

 

კითხვები:

შეაფასეთ სტალინის ნაბიჯები 1924 წლამდე (ბიოგრაფია/ლენინის
ანდერძი/ლენინის დაკრძალვა).

 

რა იყო სტალინის მიზანი? რატომ ფიქრობთ ასე? რომელი ფაქტებით
გაამყარებთ თქვენს მოსაზრებებს?

 

სტალინის რომელი თვისებები გამოჩნდა ამ მოვლენების დროს? სად, რომელ
შემთხვევაში?

როგორ ფიქრობთ, სტალინის წარმატების
მიზეზი მისი პიროვნული თვისებები იყო თუ ოპოზიციის სისუსტე? თუ ორივე ერთად? დაასაბუთეთ
პასუხი (პასუხისთვის შეგიძლიათ მოსწავლეებს მოსთხოვოთ, ჩაატარონ კიდევ ერთი მცირე კვლევა
– ნადეჟდა კრუპსკაიას დამოკიდებულება ანდერძისადმი).

 

თუ ფიქრობთ, რომ კლასი არ არის მზად
ესეს დასაწერად (რადგან სახელწიფო მოთხოვნა არ არის ესე ისტორიაში), შეგიძლიათ, ამის
ნაცვლად გამართოთ შემაჯამებელი დისკუსია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი