სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როდის ადიდდება მდინარე?

26 მაისის გამთენიისას, მარნეულში მდინარე ალგეთი ადიდდა. წყალმოვარდნის შედეგად მთლიანად დატბორა მარნეულის ბაზარი და მიმდებარე დასახლება, ნაწილობრივ დაანგრია ახალი ხიდი და გაანადგურა სოფლის მეურნეობის სავარგულები. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი რაოდენობის წყალი მდინარე ალგეთის კალაპოტში არ ახსოვთ.

მდინარე ალგეთი სათავეს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე იღებს, გაივლის თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს და უერთდება მდინარე მტკვარს. სოფელ ტბისთან, აშენებულია ალგეთის წყალსაცავი. 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, წყლის ჭარბი რაოდენობა, სწორედ ალგეთის წყალსაცავის შემდგომ მონაკვეთზე  შეგროვდა. ალგეთის წყალსაცავიდან მარნეულამდე მანძილი დაახლოებით 35 კილომეტრია.

როგორ შეიძლება წყალდიდობის შემდგომი ტერიტორია ვაქციოთ სასწავლო რესურსად?

მდინარე ალგეთის მარნეულის მონაკვეთის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „მდინარე, რომლის ხმაურიც არავის ესმის“ ვსაუბრობდი. მაშინ მოსწავლეებთან ერთად მდინარის დაბინძურებული არეალების შესწავლის მიზნით, ფეხტური მოვაწყვეთ. 2023-2024 წლებში მასშტაბური დასუფთავების აქციებიც ჩავატარეთ.

წყალდიდობის მეორე დღეს, 27 მაისს, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად დავათვალიერე მდინარე ალგეთის კალაპოტი და წყალდიდობით დაზარალებული ტერიტორია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წყალდიდობის შემდგომ ველზე გასვლასაც ერთგვარი სასწავლო დანიშნულება შეიძლება გამოვუძებნოთ.

ტერიტორიის ზედაპირული დათვალიერება, წყლის დონის განსაზღვრა

მოსწავლეებმა სიმაღლეებიდან დაათვალიერეს დატბორილი მონაკვეთი. ამ დროს ყურადღება გავამახვილეთ იმ სხვაობაზე, რაც დაფიქსირდა მდინარის ჩვეულებრივ ჩამონადენსა და 26 მაისის გამთენიისას დაფიქსირებულ ხარჯს შორის. გამოითქვა ვარაუდები იმის შესახებ, თუ რატომ გადავიდა წყალი დასახლებაში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მდინარეს ამ მონაკვეთზე საჭიროა დამცავი ჯებირები, რომელიც მოსახლეობას დატბორვისგან გადაარჩენდა.

კითხვები, რომლებიც შეიძლება საკლასო ოთახში დაისვას:

  • რატომ უნდა აშენდეს დამცავი ჯებირები მდინარეების ნაპირას?
  • კიდევ როგორ შეიძლება მოსახლეობის, მინდვრების დაცვა?

მდინარის კალაპოტი, როგორც „სანაგვე“

სტიქიის ზონის ის უბანი მოვინახულეთ, სადაც ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დასუფთავების აქცია სამჯერ მოვაწყვეთ. რუსთაველის N7ის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ნაგავს პირდაპირ მდინარეში ყრის. 26 მაისს, წყალდიდობის დროს, მოსახლეობას ეზოებში და სავარგულებში ტალახთან ერთად, უამრავი პლასტმასის ბოთლი, პოლიეთილენის ცელოფანი და სხვადასხვა ნარჩენი მოხვდა.

  • როგორ და საიდან მოტანა ადიდებულმა მდინარემ ამდენი საყოფაცხოვრებო ნარჩენი?
  • სად იკვეთება მოსახლეობის პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით?
  • რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა ნარჩენების ეფექტური მართვის თვალსაზრისით?

ეს ის, კითხვებია, რომლებიც შეიძლება შევთავაზოთ საკლასო ოთახში წყალდიდობებისა თუ წყალმოვარდნების შესწავლის მიზნითა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ახალმა ხიდმა ვერ გაატარა წყალი…

წყალდიდობამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. მარნეულის ცნობილი ბაზრის უდიდესი ნაწილი დაიტბორა და მოვაჭრეებს მაღაზიებში შენახული პროდუქტი გაუფუჭა. ამასთან ერთად, სახეზე იყო ინფრასტრუქტურული ზიანიც. მდინარემ მარნეულის შემოვლითი გზის მონაკვეთზე გადებული ხიდი დააზიანა. მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ხიდი გახდა, რადგან ჭარბი რაოდენობის წყალი ვერ გაატარა, გაიჭედა და შემდეგ ნაპირებზე გადავიდა.

ამ მონაკვეთის ჩვენების შემდეგ შეიძლება დავსვათ შემდეგი კითხვები:

  • რა შეცდომებს ხედავთ ხიდის დაპროექტებისას?
  • რა უნდა გაეთვალისწინებინა ხიდის მშენებელს?

ადრეული შეტყობინების სისტემები

გეოგრაფიის სწავლებისას, სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეებს ვაცნობთ ადრეული შეტყობინების სისტემებსა და მის დანიშნულებას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მაგალითისათვის XI კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში ადრეული გაფრთხილების სისტემების როლისა და დანიშნულების განხილვას მთლიანი თავი ეთმობა.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ მოსწავლეებთან შეიძლება განვიხილოთ შემდეგი საკითხები:

  • რა როლი აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით?
  • როგორ შეიძლება ზარალის აცილება ასეთი სისტემების არსებობის პირობებში?

კლიმატის ცვლილება ჩვენ თვალწინ ხდება

გახშირებული წყალდიდობების მიზეზად კლიმატის გლობალური ცვლილება სახელდება. კლიმატის ცვლილების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობა, რასაც თან სდევს დიდი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები. რაც უფრო ძლიერ იცვლება კლიმატი, მით უფრო დიდია ზიანის რისკი.

კლიმატის ცვლილების შედეგების აღქმა ხშირად მოსწავლეებს უჭირთ, რადგან ჰგონიათ, რომ მათგან შორს, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ხდება. მათ საცხოვრებელ არეალში მომხდარი წყალდიდობა თუ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა კატასტროფა, მაგალითად გვალვა, ის ხილული და ხელშესახები მოვლენაა, რომელზეც შეიძლება დავაფიქროთ.

ჩემი მოსწავლეების ოჯახებს მარნეულის ბაზარში გაუფუჭდათ პროდუქტები. ქალაქ მარნეულში მომხდარსა და გლობალური მოვლენას შორის კავშირის დასანახად დავსვათ კითხვები:

  • როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე?
  • რა ტიპის ზიანი მოაქვს კლიმატის ცვლილებას პოლუსებზე და საქართველოში?
  • რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები?
  • რა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს კლიმატის ცვლილება? რატომ აისახება აღნიშნული მწვავედ განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში?
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სოციალური რისკების შესამცირებლად რა ღონისძიებების გატარება იქნებოდა მიზანშეწონილი?

მოსწავლის ანარ კურბანოვის მიერ გადაღებული სტიქიის ამსახველი ვიდეო (პირველი ნაწილი)

ხშირად ისე გამოდის, რომ ბუნება საუკეთესო მასწავლებელი ხდება. ჩვენი მასწავლებლების, თეორიული მასალის სწავლებასთან  ერთად, გვევალება მოსწავლეებს მივცეთ გარემოში მომხდარ მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობა. მსგავსი მიდგომით უფრო კარგად აღიქვამენ სკოლაში ნასწავლს, აკავშირებენ მას რეალურ ცხოვრებასთან. ველზე დაკვირვების დროს მოსწავლეებმა თვითონვე აღნიშნეს, რომ მდინარე ალგეთის ადიდება სწორედ წყალმოვარდნის კლასიკურ შემთხვევას წარმოადგენდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“