სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სხეულს შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ შენ თუ შეგიძლია მოსმენა?

ჰოლისტური ადამიანი – ნაწილი 1

 „სხეულის სიცოცხლე – ეს არის შეგრძნებებისა და ემოციების სიცოცხლე.

ყველა ემოცია ეკუთვნის სხეულს, გონება მხოლოდ აღიარებს მას“

ლოურენსი 

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

 რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;“

შოთა 

სტატიის ანოტაცია

ადამიანი მთლიანი და განუყოფელია, მისი გონება და სხეული (სული და სხეული) გამუდმებულ ურთიერთკავშირშია.  ამავე დროს, ჩვენი სხეული მუდმივ კომუნიკაციაშია გარესამყაროსთან. თავის მხრივ, სხეული გველაპარაკება შეგრძნებებით, ემოციებით, რომლებსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას, ან არ გვესმის. პრობლემას ქმნის რწმუნებულება, რომ სხეული და გონება/სული სხვადასხვაა. იმისათვის, რომ სხეულის ნიშნებით შევიმეცნოთ საკუთარი თავი და სამყარო, უნდა ვესაუბროთ ჩვენს სხეულს და მის ნაწილებს, ტკივილებს, ემოციებს. ამისთვის კი საჭიროა ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი. ამ მხრივ, სკოლა საუკეთესო ადგილია, ბავშვები ამაზე დავაფიქროთ. უამრავი აქტივობა შეგვიძლია მოვიფიქროთ: ლიტერატურული ან ისტორიული პერსონაჟების როლის მორგება და მათი გრძნობების და ემოციების გადმოცემა, ამ ემოციების ზეგავლენა მოსწავლეებზე, სხვადასხვა სტრესული სიტუაციებისას განცდილის „ალაპარაკება“, სტრესებთან გამომშვიდობების წერილების დაწერა და სხვა. ზოგიერთი ტექნიკის შესახებ კი ამ წერილში გესაუბრებით.

რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? – ცნობიერების გაფართოებისთვის, შემეცნებისთვის, ტრანსფორმაციისთვის, საკუთარ თავში მეტი რესურსული მდგომარეობის აღმოჩენისთვის, ცოდნის მოქმედებად ქცევისთვის, ბედნიერებისთვის და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებისთვის.

ვფიქრობთ, ეს ცოტაა არ არის, მაგრამ ყველაფერი იწყება „ცოტადან“, პირველი ნაბიჯის გადადგმიდან. საჭიროა, ჩვენს სხეულს ვასწავლოთ ჰარმონიაში ყოფნა. ეს კი კომუნიკაციით მიიღწევა.

სამყაროში, მე-3 ათასწლეულში, ღირებულებათა ფუნდამენტური გადაფასება მიმდინარეობს, რაც ძირეულად ცვლის ჩვენი აღქმის, შემეცნების, აზროვნების პარადიგმას. ახალი პარადიგმის ერთი მთავარი ნიშანია ქსელურობა და სინერგია – ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია და ურთიერთქმედებს.

ხელოვნურად გაყოფილი სული და სხეულიც ერთიანობაში აღიქმება, რადგან ადამიანი ბუნებით ერთიანი არსებაა – ჩვენი იდეები, რწმენები, მსოფლმხედველობა – მხოლოდ სიტყვებით არ განიცდება. სიტყვები მხოლოდ სიგნალებია, რომელთა საშუალებით მოქმედებაში მოდის მთელი ჩვენი სხეული – ყველა ნერვი, ყველა უჯრედი… ეს ხშირად გაუცნობიერებელი პროცესია; ჩვენ თავს ვიმშვიდებთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს,  რას ვლაპარაკობთ, რას განვიცდით, რადგან, შეგვიძლია, მალევე დავივიწყოთ. დიახ, ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ სიტყვები, მაგრამ ისიც გვავიწყდება, რომ ამას ჩვენი სხეული არასდროს ივიწყებს.

ჩვენი სხეულისგან განცალკევებული „ცხოვრება“ პრობლემას უქმნის ჰოლისტურ ადამიანს, რადგან მას ჰგონია: სხეული ცალკეა, გონება – ცალკე, სული – ცალკე…. ეს იგივეა, წარმოიდგინო მოძრავი ავტომობილი მძღოლის გარეშე, ცხენი – მხედრის გარეშე…

კაცობრიობის მენტალური სამყაროს სურათები ყველაზე კარგად აისახება ენაში. ამიტომ არსებობს ლექსიკაში: ხორციელი და სულიერი, ხორციელი სიამოვნება და სულიერი სიამოვნება, ხორციელი საკვები და სულიერი საკვები… მაგალითად: სულიერად ითვლება პოეზია (ხელოვნება, ზოგადად) და „სულიერ საკვებად“ არ ითვლება მებაღე რომ ბაღს უვლის, ან ქალი რომ სარეცხს ფენს…

სიტყვებსა და სხეულს შორის კავშირი მხოლოდ ფსიქოსომატიკა არ არის. ფსიქოლოგია მხოლოდ ერთი კომპონენტია, რადგან ეს კავშირი გაცილებით ღრმაა: აქ არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ღირებულებები, რწმენები, გამოცდილებები და ასე შემდეგ.

ენა/კომუნიკაცია ახალი ცნობიერების ძირითადი საშენი მასალაა. ჩვენ შეგვიძლია, მისი საშუალებით შევცვალოთ ის, რაც მასვე „გავაფუჭებინეთ“, მთავარია, გავაცნობიეროთ ის კანონები, რომლებიც ამ პროცესებს მართავს.

ჩვენი სხეული არის გარესამყაროსთან მუდმივ ურთიერთქმედებაში. ის ძალიან ჰგავს ბიოლოგიურ კომპიუტერს – რომელშიც უამრავი ინფორმაცია ინახება: ზოგი მყარ დისკზეა, ზოგი – დოკუმენტებში. მაგრამ ისეც ხდება, რომ ეს კომპიუტერი გადაიტვირთება და იჭედება – დახმარებას ითხოვს, ვეღარ უმკლავდება ინფორმაციას. ასეთ დროს საჭიროა კომპიუტერის და ადამიანის „გადატვირთვა“. ასეთ დროს აღმოაჩენ, რამდენ „ვირუსულ პროგრამას“ ინახავდი შენს ცნობიერსა და არაცნობიერში. იწყება წაშლა, განახლება, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, ძლიერი ანტივირუსი და ასე შემდეგ. კომპიუტერი თავისით არ ზიანდება, მისი „მამოძრავებელი სული“ შენ ხარ და შენვე შეგიძლია მისი შველა.  სწორედ ასეთივე მამოძრავებელი ხარ შენი სხეულისთვისაც და როცა მას უჭირს, მხოლოდ შენ ხარ, ვინც დაეხმარება.

სულისა და სხეულის ერთიანობაზე ვკითხულობთ პლატონის „დიალოგებშიც“:  როგორც არ უნდა ვეცადოთ, განვკურნოთ თვალი დამოუკიდებლად თავისაგან და თავი – დამოუკიდებლად სხეულისგან, – არ გამოვა. რადგან შეუძლებელია, სულის განკურნების გარეშე სხეულის განკურნება. ელინელი ექიმები წარუმატებლები არიან დაავადებათა განკურნებისას მაშინ, როცა ისინი არ ზრუნავენ მთლიანზე – თუ მთელი ცუდ მდგომარეობაშია, როგორ შეიძლება ნაწილმა კარგად იგრძნოს თავი? ყველაფერი – კარგიც და ცუდიც – სხეულში მომდინარეობს სულიდან. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა განიკურნოს სული, თუ გინდათ მთელმა სხეულმა და მისმა თითოეულმა ნაწილმა კარგად იგრძნოს თავი. სული კი იკურნება შელოცვებით, რაც სხვა არაფერია, თუ არა სწორი მეტყველება[1]: ამ მეტყველებით სულში ფესვიანდება გონიერება, რაც უზრუნველყოფს სულის და მთელი სხეულის სიჯანსაღეს.[2]

შელოცვებიც და აფირმაციებიც – კომუნიკაციაა, მეტყველება, განსაკუთრებული მეტყველება, რომელიც მხოლოდ ინფორმაცია არ არის; მეტყველება, რომელიც რწმენითაა გაჯერებული, ამაშია მისი ჯადოსნური ძალა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მეტყველების გარდა კომუნიკაცია სხვა არხებითაც მიმდინარეობს. ჩვენი სხეული გაუჩერებლად საუბრობს შეგრძნებების ენაზე. უბრალოდ, ზოგჯერ მას არ ვუსმენთ, ან მისი ენა არ ვიცით.  ჩვენი სულის/გონების ყველა პრობლემას სხეული ირეკლავს. ფსიქოსომატიკაც ესაა – სხეულის ნაწილების შეგრძნებათა ენა, მთელი ნიშანთა სისტემა, ტკივილით გადმოცემული სულის ძახილი…  არ არის გაყოფილი სული და სხეული… ადამიანიც მთლიანია და მისი გაგებაც და ახსნაც ამ მთლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. სიმპტომების გაქრობით ვერ გვარდება პრობლემა, ყველაფერს უნდა მივყვეთ ბოლომდე და ამას გავაკეთებთ, თუ ვისწავლით ჩვენი სხეულის მოსმენას.

გარდა იმისა, რომ სიტყვებს ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ ემოციებს, რომლებიც აღბეჭდილია ჩვენს ცნობიერებაში, ამის გარეშეც სიტყვებს დამოუკიდებლად აქვთ საკუთარი ენერგია და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

სიტყვები რეზონირებენ ჩვენს სხეულში სხვადასხვა სივრცესთან; ისინი შეიცავენ აგრეთვე განსხვავებულ სიხშირეს.

თუ, მაგალითად, გონებაში წარმოთქვამთ სიტყვა კონფლიქტს, ეს სიტყვა-სიგნალი თქვენში გააღვიძებს ამ სიტყვით გამოწვეულ შეგრძნებებს, რომლებიც შექმნის ელექტრომაგნიტურ იმპულსს, რომელიც მოეფინება მთელს თქვენს სხეულს  და ზოგიერთ ადგილს – განსაკუთრებით. სულ სხვა შეგრძნება გაგიჩნდებათ სიტყვებზე – სიყვარული, მადლიერება – ამ სიტყვებთან დაკავშირებული ემოცია/შეგრძნებები და ენერგია აამსუბუქებს მთელს თქვენს შინაგან სივრცეს. ახლა წარმოიდგინეთ, ფაქტები და მოვლენები, სტრესები, გადაუჭრელი პრობლემები – როგორ ემოცია/შეგრძნებებს წარმოქმნიან ჩვენი შინაგანი სივრცის ჩაკეტილ კაფსულაში, რომელშიც ენერგია თავისუფლად ვერ მიმოიქცევა სწორედ ამ „ბლოკების“ გამო. ადამიანის სულს და სხეულს კი ბალანსი და ჰარმონია  და მთლიანობა სჭირდება; საკმარისია, თუნდაც ეს პროცესი გავაცნობიეროთ, რომ დავინახოთ სული/სხეულის განუყოფლობა.

ალან გრეგი, რომელმაც მიმოიხილა მედიცინის წარსული და მომავალი შორეულ პერსპექტივაში, წერს: „ისეთი ტოტალური მოვლენა, როგორიც ადამიანია, დაჰყვეს ნაწილებად და სისტემებად. მათ არ შეუძლიათ უარყონ ეს მეთოდი, მაგრამ არც მხოლოდ მისი შედეგებით არიან კმაყოფილნი. რა არის ის, რაც განსაზღვრავს ჰარმონიასა და ურთიერთკავშირს ჩვენს ორგანოებსა და მრავალრიცხოვან ფუნქციებს შორის? რა შეუძლია მედიცინას თქვას „გონებისა“ და „სხეულის“ განცალკევებაზე? რა ხდის ინდივიდს იმად, რაც იგულისხმება სიტყვაში „განუყოფელი“?  – მნიშვნელოვანი კითხვებია, მაგრამ ახლა სტატიის მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ: როგორ მოვუსმინოთ, მაგალითად, ჩვენს თავის ტკივილს? ჰკითხეთ, აბა, რა აწუხებს თავს? რომელმა სტრესმა შეავიწროვა სისხლძარღვები? რა არ ესიამოვნა? შემდეგ იმ სტრესის ბუნება გამოიკვლიეთ, საიდან და რატომ მოდის და როცა სათავესთან მიხვალთ და გააცნობიერებთ, სიმპტომი თავისთავად გაქრება.

შემდეგ წერილში გესაუბრებით ირანული წარმოშობის გერმანელი ნევროლოგის, ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის – პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებლის ნოსრატ პეზეშკიანის ძალიან საინტერესო ტექნიკაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1] შდრ. თანამედროვე აფირმაციები

[2] https://plato.spbu.ru/TEXTS/PLATO/LosevH/0114.htm

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“