სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ადრეული წიგნიერება

ათასი ფერადი სიტყვა, ათასი ფერადი ემოცია – ადრეული წიგნიერების საფუძველია

სულ რამდენიმე თვეა რაც ჩემი მესამე შვილი გაჩნდა. მთელი ოჯახი წინასწარ ვგეგმავდით, ვფიქრობდით და ვემზადებოდით, როგორ ვიზრუნებდით მასზე, როგორ გავართობდით, დაველაპარაკებოდით და დავეხმარებოდით განვითარებაში. უფროს შვილებსაც ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ უკვე იმაზე, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რა იქნებოდა მისთვის მნიშვნელოვანი – ამიტომ, მაშინაც და ახლაც ბევრს ელაპარაკებიან, ეთამაშებიან, უმღერიან და წიგნებს უკითხავენ. მარიამი ახლა თითქმის ოთხის თვის გოგონაა, რომელსაც მოსმენა, სიცილი და სიმღერა ძალიან უყვარს. როდესაც პატარა წიგნს ჩაბღუჯავს ხელით და კმაყოფილი და ამაყი დაჰყურებს, ისეთი საოცარი შესახედია, ჩვენც სიამაყით და ბედნიერებით ვივსებით. ჩვენი რიტუალი ასეთია, დილით ერთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ  წიგნს ვუკითხავთ, საღამოს მეორეს სხვა შინაარსისას. კითხვის პროცესში სახით ჩვენკენაა მომართული, პირისპირ ვსხედვართ, რადგან ამ დროს პატარა უკეთ ახერხებს ჩვენი ემოციების და იმიტირებული ქმედებების დანახვას. ცნობილია, პატარები ემოციების ყველაზე კარგი „წამკითხველები“ არიან, რის გამოც ინტერესით ადევნებენ თვალს სახეზე ჩვენს მიმიკებს. სხვა დროს კი როდესაც ღვიძავს, ოჯახის ყველა წევრი ვესაუბრებით, ვცდილობთ გავუხმოვანოთ რას ვაკეთებთ, რა ხდება ჩვენს სახლში საინტერესო, რა ლამაზად გალობენ ჩიტები აივნის შორიახლოს, რა სასიამოვნოა მწვანე ხეები და რა კარგია მასთან ერთად დროის გატარება.

სპეციალისტების მოსაზრებით წიგნიერების საფუძვლები ადრეული ასაკიდან ყალიბდება, ამიტომ  ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშიც კი მოგვიწოდებენ  წავუკითხოთ და ველაპარაკოთ ჩვილს.  შემდეგ კი  წიგნის კითხვა ყოველდღიურ აქტივობად დავნერგოთ, რა დროსაც ჩვილი სიამოვნებთ უსმენს ჩვენს მოსიყვარულე ხმას და ცდილობს, თვითონაც გამოგვეხმაუროს, გამოგველაპარაკოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სამეტყველო საფუძვლების ჩამოსაყალიბებლად. ჩვილებს ყველაზე მეტად ხშირი კონტაქტი და საუბარი სიამოვნებთ, როდესაც მას ველაპარაკებით იმ ყოველივეზე, რაც მის გარშემო ხდება –  რას ვაკეთებთ, რას ვაცმევთ, როდის მივდივართ სასეირნოდ და ა.შ. ამ დროსაც  პატარას ვუქმნით ამეტყველებისთვის  საჭირო დადებით სივრცეს, სადაც სიტყვები უფუნქციოდ  არ იკარგებიან და მალე ისიც დაიწყებს საჭირო სიტყვების დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

ადრეული წიგნიერება გულისხმობს მცირე ასაკში ბავშვის სხვადასხვა სახის ტექსტთან ურთიერთობას, რაც მის კოგნიტურ, სოციო-ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს და წიგნიერების საფუძველიც ასე იყრება. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, რომ ექვს თვემდე ბავშვებს იოლად აღსაქმელი, თეთრი, კაშკაშა, ფერადი, მარტივი ფიგურებით გაფორმებული წიგნები შესთავაზონ, რომლის დახმარებით აქტიურდება თავის ტვინის მხედველობის ცენტრი, რაც ასევე მხედველობის სიმახვილისა და ფოკუსის დაჭერის უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სხვადასხვა სირთულის, ფორმის და შინაარსის ტექსტებთან ურთიერთობა, გაცნობა ჩვილს ეხმარება ამეტყველებაშიც და მომავალშიც უმარტივებს წერა-კითხვის შესწავლას, უვითარებს ენობრივ და ზოგად სააზროვნო უნარებს.

განსაკუთრებით სახალისოა ძილისწინა რიტუალი, როდესაც ვცდილობთ ისე წავუკითხოთ, რომ დავაინტერესოთ პატარა. რაც უფრო მუსიკალურად და გამომსახველობით ვუკითხავთ  ტექსტს, ჩვილი უფრო ინტერესდება და თვალს არ აშორებს  ჩვენს მიმიკებს, უსმენს ხმის ტონალობებს, თავადაც ეცვლება გამომეტყველება და ბოლომდე თვალ-ყურს ადევნებს ჩვენი სახის ემოციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა, ის კარგად იაზრებს რომ უფრო საინტერესოა წაკითხულის მოსმენა, როდესაც მხატვრულად ვუკითხავთ, როდესაც პერსონაჟის ხმით ამეტყველებას ვცდილობთ, ამიტომ ამის გათვალისწინებაც მუდმივად გვიწევს. ნელ-ნელა, ასე  ხდება  პატარა მსმენელი ჩვენი თანამოსაუბრე, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი სათქმელი უგროვდება ჩვენთვის. ჩვილობის ეტაპზე ის ჯერ კიდევ ვერ იგებს ყველაფერს, მაგრამ მოსმენა დადებითად მოქმედებს მასზე და მალე დადგება ის დღე, როდესაც ალაპარაკდება და ბევრ ჯადოსნურ და ტკბილ სიტყვას გავიგონებთ მისგან.

თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოწვევაა ციფრული მოწყობილობები და მასთან გატარებული მზარდი დროა, რა დროსაც თითოეული ადამიანი, ვკარგავთ ჯანსაღი, ნამდვილი ცხოვრებით ტკბობის საშუალებას და ვექცევით იმ ციფრულ ველში, რომელიც გვაშორებს რეალობას. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება გავზარდოთ ნაცნობობის ინტერვალი პატარასა და ციფრულ მოწყობილობას შორის. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია მოგვიწოდებს, რომ  ორ წლამდე  კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ ციფრული მოწყობილობა ბავშვის ყოველდღიურობაში და ამ საკითხში მშობლების პრინციპულობა მნიშვნელოვანია.

ადრეული ენობრივი უნარების განმტკიცება ყოველდღიური და ყოველწამიერი პროცესია, როდესაც ბავშვთან აქტიურად ვურთიერთობთ, ჩვენ განვამტკიცებთ და ვაყალიბებთ მისთვის სამეტყველო გარემოს, რომელიც არის სავსე ათასობით ფერადი და ხალისიანი სიტყვით. წიგნის კითხვის რიტუალით კი ვთავაზობთ ისეთ ქცევის მოდელს, რომელიც მომავალში გახდება მისი ყოველდღიურობა და წიგნთან დამეგობრება რთული პროცესი აღარ იქნება მისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“