შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მგლები. ახალი წელთაღრიცხვა

იასონ ბადრიძის წიგნს ბოლო ორ თვეში მეორედ ვკითხულობ – ისევ გატაცებით. „ამბავი მგლისა და კაცისა“ სხვაგვარი ავტორის ხელითაა დაწერილი – მგლების გამზრდელის, მათი ულუფისა თუ ცხოვრების წესის გამზიარებლის, რომანტიკოსის, ცოტა შეშლილის. ვკითხულობ და ვფიქრობ, რომელი მხარე დავანახო ცნობისმოყვარე მკითხველს, პირველი სურათები რომ უკვე დახატა გონებაში.

1974 წლის იანვარი. ზოვრეთი, ბორჯომის ნაკრძალი. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს შორეული წარსული იყოს, მგლების გვერდით ცხოვრების, მათთან მეგობრობის ისტორია კი ძნელად სარწმუნოდ მოჩანდეს. მეც გამიჩნდა დაძაბულობის განცდა, როცა წიგნის კითხვა დავიწყე. თითქოს ძველ, შავ-თეთრ ფილმს ვუყურებდი, მარტივი ხერხებით, მაგრამ ისე ოსტატურად გადაღებულს, რომ სისხლის გამყინავი ყმუილი სულ ახლოდან მესმოდა.

„ისინი არა თუ უბრალოდ ჭკვიანები, არამედ წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან“, – წერს იასონ ბადრიძე მგლების შესახებ და წიგნის ყოველი თავი გვარწმუნებს ამ განცხადების სისწორეში. მათ უდავოდ შეუძლიათ ის, რასაც ადამიანის ენაზე მეგობრობა, ერთგულება, თავგანწირვა ჰქვია. არ მოვყვები, როგორ მიიღეს მკვლევარი თავიანთ წრეში, როგორ ჩაიარა შეჩვევის სახიფათო ხანამ, თუმცა ის კი სათქმელია, რომ მგლებისთვის შერქმეული სახელები: ნესტორი, ნიკო, მანანა, გურამი… – სულ უფრო ნაკლებად უცნაურად მოჩანს მათი მოულოდნელი საქციელის გათვალისწინებით.

მაგალითი: „პირველი გურამი წამოვიდა, რამდენიმე სანტიმეტრში ჩამიარა და კუდი წამომდო. ასე იქცეოდა ბოლო კვირის განმავლობაში და მეც მის ასეთ ქცევას მეგობრულად მხარზე ხელის მოთათუნებასავით შევეჩვიე“. გურამი ავტორს კიდევ ბევრჯერ გააოგნებს – ცოტა ხნის წინ გადაყლაპულ ხორცსაც ამოუნთხევს დასანაყრებლად. „ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ადამიანური დამოკიდებულების კატეგორიაში გადავიდა“, – იხსენებს იასონ ბადრიძე, რომლის სიტყვებსაც მეტი და მეტი დამარწმუნებელი ძალა ეძლევა.

სხვა მაგალითი: „[ნიკოს] პირით ახლად მონადირებული კურდღელი მოჰქონდა და ამაყად მოცეკვავდა. ნანადირევი ბუნაგის შესასვლელთან დააგდო, თვითონ სანახევროდ შიგნით შეძვრა, კუდით კი ჰაერში მონდომებით ხაზავდა რვიანებს. როგორც ვხვდებოდი, საკუთარი ნაშიერებით აღტაცებას ამგვარად გამოხატავდა“. ლეკვების დაბადება ავტორისთვისაც ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისია – ახალ სიცოცხლეზე დაკვირვება აღმოჩენის, დასკვნის გამოტანის მეტ შესაძლებლობას იძლევა, მით უფრო მაშინ, როცა გზის ყველაზე რთული მონაკვეთი გავლილი აქვს, ცხოველები თავისიანად მიიჩნევენ, ენდობიან.

თავის მხრივ, მკვლევარსაც უწევს დათმობაზე წასვლა – აბა, რომელი მეგობრობა იქნება კომპრომისების გარეშე? მგლებს ყავის სუნი აღიზიანებთ და იასონ ბადრიძეც მართალია, უხალისოდ, მაგრამ მაინც უარს ამბობს ამ სასმელზე: „მათი განწყობის პატივისცემის ნიშნად, ჩაის სმაზე გადავედი, რაც ჩემი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო“. ხანდახან მგლისებურად ყმუის, სანადიროდაც ხალისით დაჰყვება მათ, ვისი მორჩენილი ირმის ხორცითაც ჩვეულებრივად ნაყრდება.

ცხადია, ის დილიდან ღამემდე მგლებს აკვირდება, მათი ქმედებების გასაგებად ახალ-ახალ ექსპერიმენტებს ატარებს. წიგნში მრავალი საყურადღებო ვარაუდი თუ დასკვნაა, რომლებიც სხვა თვალით დაგვანახებს ცხოველთა სამყაროს, არასწორად შეფასებულ და შედეგად, მეტად დაზარალებულ მგლების მოდგმას. მაგალითისთვის ერთს მოვიტან: „მგლებმა შემთხვევით შეიძინეს დადებითი გამოცდილება სიტუაციაში, რომელიც მათგან დამოუკიდებლად წარმოიქმნა, მაგრამ ამ შემთხვევას ყურადღება მიაქციეს და შემდეგ უკვე მიზანდასახულად ეცადნენ, იმავენაირი სიტუაცია შეექმნათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მგლებს შეუძლიათ თავიანთი ქმედებების შედეგების პროგნოზირება“.

დაუვიწყარია დათვთან შეხვედრის ეპიზოდიც – როცა მგლები თავს გაწირავენ კაცის გადასარჩენად. ჰო, ეს მხოლოდ მათი ამბავი არ არის. იმ კაცისაცაა, რომლის გულიც საბოლოოდ მოინადირეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი