სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მშობლის როლი ბავშვთა კონფლიქტების მოგვარებაში

ალბათ ყველა შევსწრებივართ სიტუაციას, როცა რაიმე მიზეზით ერთმანეთთან წაკინკლავებული ბავშვების ურთიერთობაში ჩარეული მშობლები თავგამოდებით იცავენ საკუთარ შვილს, ადანაშაულებენ მასთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს და საყვედურობენ მის დედას შვილის ცუდად აღზრდის გამო. არცთუ იშვიათად მსგავს სიტუაციაში მშობლებს შორის ურთიერთობა ისე მწვავდება, რომ შეიძლება სამუდამოდ მოიმდურონ ერთმანეთი. ეს იმ დროს, როცა მათი შვილები რამდენიმე საათის შემდეგ ერთად თამაშობენ და მშვენივრად აწყობენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

როგორი უნდა იყოს მშობლის როლი მსგავს სიტუაციაში – თვითდინებაზე მიუშვას პატარების კონფლიქტი, თუ შეეცადოს მის მოგვარებას. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იქნება იმის გაცნობა, როგორ ვითარდება ბავშვებს შორის ურთიერთობა საკმაოდ ადრეული ასაკიდან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის ცხოვრებაში თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ურთიერთობის უნარი პიროვნების განვითარების ერთ-ერთი პირობაა, ის აუცილებელია ბავშვის შემდგომი სოციალიზაციისათვის. როცა ბავშვი საბავშვო ბაღში შეჰყავთ, მშობლები ხშირად დარწმუნებული არიან, რომ სწორედ იქ ისწავლის მათი შვილი ურთიერთობას, შეიძენს მეგობრებს. მაგრამ, არცთუ იშვიათად სწორედ აქ ჩნდება პრობლემები. საბავშვო ბაღში თანატოლებთან ბავშვის წარუმატებელმა ურთიერთობებმა შესაძლოა მოგვიანებით კომუნიკაციის მუდმივი პრობლემები გამოიწვიოს.

პატარები საკმაოდ ხშირად შედიან ერთმანეთთან კონფლიქტში, მათ უჭირთ საკუთარი მოქმედებების ერთმანეთთან შეთანხმება, დათმობა საჭირო დროს, თანაგრძნობის გამოხატვა. კონფლიქტურ სიტუაციაში ბავშვი ხედავს მხოლოდ იმას, რომ თანატოლი მას მიზნის მიღწევაში ხელს უშლის – ანგრევს მის მიერ აგებულ კოშკს, უნდა სათამაშოს წართმევა. ეს ბუნებრივია, რადგან პატარა ვერ ხვდება, რომ შეიძლება სხვა ბავშვსაც ჰქონდეს გრძნობები და ინტერესები.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის თავისებურებები. ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში პატარები სიამოვნებით იწყებენ თანატოლებთან თამაშს, მაგრამ ეს სიამოვნება დიდხანს არ გრძელდება და თამაში ხშირად ცრემლებით მთავრდება. სკოლამდელი ასაკის ბოლოსთვის კონფლიქტით მთავრდება თამაშის დროს როლების განაწილება და თამაშის წესების დაცვის მოთხოვნა.

ბავშვთა შორის კონფლიქტების პრევენციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მშობელს. მართალია, საბავშვო ბაღში კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია და ამისი აუცილებლობა არც არის, რადგან კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრა ამ პერიოდში ეხმარება ბავშვის სოციალიზაციას მომავალში, მაგრამ მშობლებს შეუძლიათ და საჭიროც არის, ასწავლონ ბავშვს, როგორ მოიქცეს კამათისა და ჩხუბის დროს. ასეთ შემთხვევაში მშობლები ხშირად ვარდებიან ორ უკიდურესობაში – ან ზედმეტად ერევიან ბავშვების ჩხუბში და ამით ცდილობენ საკუთარი შვილის დაცვას, ან საერთოდ განზე დგებიან, არ იღებენ არანაირ მონაწილეობას და არ ეხმარებიან ბავშვს მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობაა. თუ მშობლებს ბავშვობაში პრობლემები ჰქონდათ თანატოლებთან ურთიერთობაში, მათ შეიძლება ზედმეტად მწვავედ აღიქვან ბავშვის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება. ამიტომ, სანამ ბავშვს ვუკარნახებთ, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, აუცილებელია ვდისტანცირდეთ საკუთარი ბავშვობის მოგონებებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარების უკვე ადრეული პერიოდიდან საჭიროა, ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა. შესაბამისად, საჭიროა ვასწავლოთ მას, გაუმკლავდეს საკუთარ ეგოისტურ გამოვლინებებს, პატივი სცეს სხვების აზრს, თანაუგრძნოს და დაეხმაროს სხვა ადამიანებს. როგორ გავაკეთოთ ეს?

  • ვასწავლოთ ბავშვს, როგორ გაიცნოს თანატოლი – ერთმანეთის გაცნობა მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვების მეგობრობაში. შეგვიძლია ამისათვის ბავშვებთან ერთად ვითამაშოთ თამაში – „მოდი გავიცნოთ ერთმანეთი“. ვასწავლოთ პატარას, როგორ შეუძლია მიუახლოვდეს სხვა ბავშვს, როცა მისი გაცნობა სურს, როგორ გაუღიმოს, შესთავაზოს გაცნობა, წარუდგეს, როგორ გაიგოს მისი სახელი, შესთავაზოს ერთად თამაში. ასევე შეგვიძლია გავითამაშოთ სიტუაცია, როცა ბავშვმა მიიღო უარი, ავუხსნათ, რომ ასეთ დროს უკეთესია მშვიდად რეაგირება, რადგან მეორე ბავშვმა შეიძლება უბრალოდ დაიმორცხვა. გავაცვლევინოთ როლები. ასეთი როლური თამაშები ბავშვს ყველაფერს გაცილებით გასაგებად, ნათლად უხსნის, ვიდრე ჩვეულებრივი ჭკუისდამრიგებლური საუბრები.
  • ვუჩვენოთ პირადი მაგალითი – თუ ჩვენ, უფროსები თავად არ ვართ კომუნიკაბილურები, კეთილგანწყობილები და ადამიანებში მხოლოდ მათ უარყოფით თვისებებს ვხედავთ, ამასთან, ამ ყველაფერს სახლში ბავშვის თანდასწრებით განვიხილავთ, ქცევის ასეთივე მოდელი მოზარდმა შეიძლება სწორედ ახლობელი უფროსებისგან გადაიღოს. მოვიწვიოთ სტუმრები, ვიაროთ სტუმრად, გვიხაროდეს მეგობრებთან შეხვედრა, შევაქოთ ისინი, დავეხმაროთ მათ – ეს ყველაფერი ურთიერთობის საუკეთესო გაკვეთილია ბავშვისთვის. გარდა ამისა, მოვუყვეთ მას ჩვენი ბავშვობის მეგობრებზე, როგორ გავიცანით, რას ვთამაშობდით, რის გამო ვჩხუბობდით, როგორ ვრიგდებოდით. ეს ყველაფერი ბავშვს არა მხოლოდ მეგობრობის სწავლაში დაეხმარება, არამედ გააუმჯობესებს მასთან ჩვენს ურთიერთობას.

მიუხედავად ჩვენ მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული სამუშაოებისა, ნებით თუ უნებლიეთ, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მოზარდი შეიძლება მაინც აღმოჩნდეს თანატოლებთან კონფლიქტურ სიტუაციაში. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს.

 რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს კონფლიქტების მოგვარებაში:

  • უპირველეს ყოვლისა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენად ხშირად ხვდება ჩვენი ბავშვი კონფლიქტურ სიტუაციაში. ხომ არ გახდა თანატოლებთან ჩხუბი მისთვის უკვე ჩვეული და რეგულარული;
  • როგორია ჩვენი ბავშვის როლი კონფლიქტში – უფრო ხშირად ის დაზარალებული მხარეა, თუ თავდამსხმელი;
  • შევეცადოთ, გავერკვეთ კონფლიქტში მყოფი ბავშვის ემოციებში – გრძნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ სხვა გაანაწყენა. ან, ხომ არ უხარია, როცა სხვისთვის მისი მოქმედება მტკივნეულია და ის ადამიანი მისი საქციელის გამო ცუდად გრძნობს თავს. თუ ამ უკანასკნელს ვამჩნევთ, უკეთესი იქნება ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ აღნიშნული და მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს;
  • გავიგოთ ბავშვის განზრახვა კონფლიქტურ სიტუაციაში – რა უნდოდა მას სინამდვილეში. ადვილი არ იქნება ისეთი ბავშვის პოვნა, რომელსაც სურს, მიზანმიმართულად გაანაწყენოს სხვა და მით უმეტეს გააბრაზოს მშობლები. სკოლამდელ პერიოდში პატარას ჩვეულებრივ სურს, მიიღოს რაღაც სასურველი, ან დაიბრუნოს ის, რაც მისი იყო, მაგრამ სხვამ წაართვა. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად განვიხილავთ მომხდარ შემთხვევას. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ მის გრძნობებზე. ამ გზით ის მიხვდება, თუ რა ემართება, რა ხდება მის თავს და გარდა ამისა, მიხვდება იმასაც, რომ ნეგატიური ემოციების განცდა ნორმალურია;
  • ვისაუბროთ ბავშვთან მომხდარზე ყოველგვარი დადანაშაულებისა და მტყუან-მართლის ძიების გარეშე. ფრაზებს: „გიო ცუდია იმიტომ, რომ შენ გაწყენინა“, ან „რატომ არ უპასუხე, არ ჩაარტყი – არ შეგიძლია თავის დაცვა?“, ვცვლით ახსნა-განმარტებით: „გიომ მანქანა წაგართვა და შენ განაწყენდი, გაბრაზდი კიდეც იმიტომ, რომ თავად გინდოდა ამ მანქანით თამაში. ასე იყო არა? სწორად გავიგე?“;
  • გამოვხატოთ თანაგრძნობა და თანადგომა – „კი, ნამდვილად საწყენია, როცა გართმევენ საჭირო ნივთს. მესმის რატომაც გაბრაზდი“. ასე ჩვენ დავეხმარებით ბავშვს, გააანალიზოს სიტუაცია და განთავისუფლდეს უარყოფითი გრძნობებისგან.
  • თუ ჩვენმა პატარამ თავად გაანაწყენა ვინმე, შეიძლება მასთან ერთად განვიხილოთ სიტუაციის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი:
  • ითამაშონ მორიგეობით სადავო მანქანით;
  • დაამტვრიოს მანქანა, რომ ვერავინ შეძლოს ამ მანქანით თამაში, მისი გამოყენება. თუმცა, ამ დროს არ დაგვავიწყდეს გავაფრთხილოთ, რომ თავად ისიც ვეღარ შეძლებს ამ სათამაშოთი თამაშს;
  • დაუთმოს, წავიდეს და თვითონ სხვა სათამაშოთი ითამაშოს;
  • წაართვას თავისი სათამაშო;
  • შესთავაზოს სათამაშოს გაცვლა;
  • აიღოს მეორე მანქანა და ერთად ითამაშონ, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

 

ყველა ეს ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ ბავშვთან ერთად და ვიმსჯელოთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ თითოეულ შემთხვევაში. შეიძლება უფროს ბავშვებთან ერთად მოვიფიქროთ ვარიანტები, შემდეგ კი მოვისმინოთ მათი აზრი: „როგორ ფიქრობ, როგორ აჯობებდა, რომ მოვქცეულიყავით აღნიშნულ სიტუაციაში?“

  • თუ კონფლიქტები რეგულარული გახდა, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, გადავხედოთ ჩვენს ოჯახში მიღებული აღზრდის მეთოდებს, ასევე ბავშვის ჩვეულ როლს ოჯახურ სისტემაში. მაგ. თუ ის მუდმივად ხდება თანატოლებთან კონფლიქტის მსხვერპლი, შესაძლოა ის ოჯახშიც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ამ როლში, არ ხდება მისი აზრისა და სურვილების გათვალისწინება, აღმზრდელობითი მეთოდები კი ავტორიტარულ ხასიათს ატარებს.
  • ბავშვისთვის კონფლიქტების მართვის სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარების ჩვენი, უფროსების საკუთარი პოზიტიური მაგალითი. შევეცადოთ, გავაცნობიეროთ საკუთარი გრძნობები კონფლიქტურ სიტუაციებში და შევარჩიოთ ქცევის კონსტრუქციული მოდელი არა მხოლოდ უფროსებთან, არამედ ბავშვთან ურთიერთობის დროსაც. როგორც ზოგადად აღზრდის პროცესში, ასევე ბავშვში კონფლიქტების მართვის უნარის გამომუშავებისას პირადი მაგალითი ბევრად უფრო მეტი გავლენის მომხდენია, ვიდრე გაუთავებელი ჭკუისდამრიგებლური საუბრები.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ კონფლიქტები არა მხოლოდ ჩვენი, ზრდასრული ადამიანების, არამედ ასევე ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ამაში განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერია. მთავარია, ვასწავლოთ მოზარდს საკუთარი ქცევის მართვა კონფლიქტურ სიტუაციაში და შევძლოთ მისი მიღება და უპირობოდ სიყვარული მაშინაც კი, როცა ის შეცდომებს უშვებს და მისი ქცევა არ მოგვწონს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“