სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თუ ბავშვს სწავლა არ უნდა

ერთხელ, ორ ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. მეორე და მეშვიდე კლასელი ბიჭუნების დედები ერთმანეთს შესჩიოდნენ საკუთარ გასაჭირს და წუხდნენ იმის გამო, რომ სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდათ შვილების გაკვეთილების მოსამზადებლად დასასმელად. „ჩემი გიო უკვე მეორე კლასს ამთავრებს და ვერაფრით შევაყვარე სწავლა, ყოველდღე ბრძოლა მაქვს მასთან გამოცხადებული, რომ როგორმე სასკოლო დავალებები შევასრულებინო“ – წუხდა მეორეკლასელი გიოს დედა. „რას ამბობ!? – გაკვირვება ვერ დამალა მეშვიდეკლასელი დათუნას მშობელმა – მეორე კლასში ჩემი დათუნა წიგნს არ უშვებდა ხელიდან, ძალიან მოსწონდა და უყვარდა კიდეც სწავლა. კლასში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. თუმცა, მეხუთე კლასიდან ყველაფერი შეიცვალა, თანდათან დაკარგა ინტერესი, სწავლასაც მოუკლო და ახლა საერთოდ აღარ მემორჩილება, არ ვიცი, რა მოვუხერხო“.

უნდა ითქვას, რომ სწავლისადმი ინტერესის არქონა, ან უკვე ჩამოყალიბებული სასკოლო საქმიანობისადმი დადებითი დამოკიდებულების და ინტერესის დაკარგვა უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის. ამასთან, მართალია, სწავლის სურვილი შეიძლება ბავშვს ნებისმიერ ასაკში არ ჰქონდეს, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ მოზარდთან სრულიად განსხვავებულია და ასევე განსხვავებულია ის გზებიც, რომლებიც აღნიშნულ პრობლემას დაგვაძლევინებს.

  სწავლისადმი ინტერესის და სურვილის არქონის გამომწვევი ძირითადი მიზეზები სასკოლო სწავლების სხვადასხვა ეტაპზე: 

  • დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი სწავლების პირველ წელს, ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა და სასკოლო სწავლებაში ჩართვა, შეიძლება იყოს სასკოლო სწავლებისათვის მზაობის დაბალი დონე. ამასთან, ეს ეხება, როგორც მოტივაციურ, ისე ინტელექტუალურ, სოციალურ, ემოციურ-ნებელობით და ფიზიკურ მზაობასაც კი. განურჩევლად იმისა, ყველა მიმართულებით ფიქსირდება სასკოლო მზაობის დაბალი დონე, თუ მხოლოდ ცალკეული მიმართულებებით, ბავშვს ნებისმიერ ვარიანტში ექნება სირთულეები სკოლასთან ადაპტაციასა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში;
  • სასწავლო საქმიანობის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი უნარ-ჩვევები და ხერხები, რომლებიც ბავშვს სასწავლო მასალის დასწავლას გაუადვილებდა. დაწყებით კლასებში, უფროსების საყვედურების საპასუხოდ, არცთუ ისე იშვიათად, შეწუხებული ბავშვისგან შეიძლება გავიგოთ ასეთი ფრაზა – „არ ვიცი, როგორ ვისწავლო“;
  • ნაკლებად ხდება ბავშვის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და მათი გამოყენება შემეცნებითი საქმიანობისათვის. ასე, მაგ., სწავლების პროცესში სირთულეები შეიძლება წარმოშვას მოსწავლის ტემპერამენტის ტიპის გაუთვალისწინებლობამ – როგორც წესი, ქოლერიკები ყველაზე შრომისუნარიანები, პროდუქტიულები არიან გაკვეთილის დასაწყისში ან გაკვეთილის ბოლოს. ფლეგმატიკები კი პირიქით – გაკვეთილის შუა ნაწილში. ფლეგმატიკს უჭირს მოულოდნელად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მას აუცილებლად ესაჭიროება დრო აზრების დასალაგებლად, გონების მოსაკრებად, მაშინ, როცა ქოლერიკისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დავალების დაუყოვნებლივ შესრულება და მოულოდნელად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და სწავლის სურვილის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე სასწავლო მასალის სირთულე („ძალიან რთულია, ვერაფერი გავიგე“), ან პირიქით – მისი სიმარტივე („ყველაფერი მარტივი, ნათელი და გასაგებია“). ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება მოწყენილობა დაეუფლოს და საერთოდ დაკარგოს ინტერესი სწავლის მიმართ;
  • მასწავლებლის ნეგატიური დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ, ან მასწავლებლის მიერ ბავშვების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების დემონსტრირება. პედაგოგის ფავორიტების ყოფნა კლასში ცალკეულ მოსწავლეებში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს და ადვილი შესაძლებელია სკოლისა და სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზიც გახდეს;
  • დღის არასწორი რეჟიმი, სწავლისა და დასვენების არასწორად ორგანიზება;
  • გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ, მისი შესაძლებლობების შეუსაბამო დავალებებით დატვირთვა;
  • გარდატეხის ასაკში სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა და სწავლის სურვილის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე აღმოცენებული „დიდობის“ გრძნობა და ის პრობლემები, რომლებიც აღნიშნული გრძნობის გაჩენას უკავშირდება. თანდათან სუსტდება უფროსების, როგორც მშობლების, ასევე პედაგოგების ავტორიტეტი და ძლიერდება თანატოლთა გავლენა. ხშირად მოზარდი თანატოლის აზრს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე უფროსების აზრს. როგორც წესი, ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც აღმზრდელები ადრე იყენებდნენ, ამ პერიოდში უკვე აღარ მუშაობს. მოზარდები ყველანაირად ცდილობენ თვითდამტკიცებას, თანატოლთა წრეში სასურველი ადგილის დამკვიდრებას. მათი მთელი ძალისხმევა, ენერგია სწორედ აქეთ არის მიმართული. სწავლა მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება და უკანა პლანზე გადადის;
  • ხშირად მოზარდისთვის სასწავლო საქმიანობაში აქტიურად ჩართვის სერიოზული ხელისშემშლელი ხდება სწავლის მიღმა სერიოზული გატაცებების გაჩენა, რის გამოც სკოლისათვის მას დრო აღარ რჩება;
  • უფროსკლასელებში სწავლისადმი დამოკიდებულებასა და სასწავლო ინტერესს ის საგნები განსაზღვრავს, რომლებიც მათ შერჩეული პროფესიისთვის მოსამზადებლად და თვითგამორკვევისთვის გამოადგებათ. ამიტომაც არის, რომ ამ ასაკობრივ საფეხურზე ერთი საგნის მასწავლებელი მას შეიძლება სწავლის სურვილის არქონის გამო საყვედურობდეს, მეორე პედაგოგი კი მის საგანში მაღალი სასწავლო მოტივაციის გამო აქებდეს.

რეკომენდაციები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მოსწავლეებში სწავლის სურვილის გასაძლიერებლად:

  • თუ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულება სკოლასთან და სწავლის სურვილის არქონა სკოლისათვის მზაობის დაბალი დონით არის გამოწვეული, საჭიროა ფსიქოლოგთან თანამშრომლობით განვსაზღვროთ, სასკოლო მზაობის რომელი მიმართულებით განვითარებაზეა აუცილებელი მუშაობა. შევარჩიოთ სპეციალური განმავითარებელი სავარჯიშოები, რომლებიც დაგვეხმარება, გამოვუმუშაოთ ბავშვს საჭირო სასწავლო უნარ-ჩვევები, რაც, თავის მხრივ, შეუმსუბუქებს მას სასწავლო პროცესში წარმოშობილ სირთულეებს. გავითვალისწინოთ, რომ დაწყებით კლასებში გადაუჭრელი პრობლემა შეიძლება წლებთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდეს და მოგვიანებით ჩვენმა მცდელობამ, გავუღვიძოთ ბავშვს სწავლისადმი ინტერესი და ჩამოვუყალიბოთ სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულება, აღარანაირი შედეგი არ გამოიღოს;
  • სასწავლო საქმიანობის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები, ინტერესები; უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ მის შიშებს, ეჭვებს და სასიხარულო მომენტებს სკოლაში. მიწოდებული დავალებები უნდა იყოს ბავშვის შესაძლებლობების შესაბამისი, მისთვის დაძლევადი, თუმცა არც ზედმეტად მარტივი იმისათვის, რომ მისი შესრულება ბავშვისთვის მოსაწყენი არ გახდეს;
  • ნამუშევრის შეფასებისას, პირველ რიგში, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც კარგად არის გაკეთებული და არა შეცდომებს. წავახალისოთ წარმატებული ქმედებები და გადაწყვეტილებები. წარმატებულობის განცდა საუკეთესო გზაა სწავლის სურვილის გასაღვიძებლად და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად;
  • ვიპოვოთ ხერხი, გზა ბავშვთან ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის დასამყარებლად. მხოლოდ მიზეზის პოვნით, თუ რატომ არ სურს ბავშვს სწავლა, მივხვდებით, როგორ დავეხმაროთ მას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საჭირო განზრახვის აღმოცენებასა და მის შესრულებას შორის დიდი დრო არ უნდა გავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისწრაფება შეიძლება ჩაქრეს. მიზანშეწონილი იქნება უმცროსკლასელთა წინაშე დავაყენოთ არა შორეული და მსხვილმასშტაბიანი, არამედ არცთუ დიდი, ახლო და მათთვის გასაგები ენით მიწოდებული მიზნები;
  • შევეცადოთ გაკვეთილი ისე წარვმართოთ, რომ ის ბავშვისთვის უინტერესო და მოსაწყენი არ აღმოჩნდეს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები უფრო წარმატებულად სწავლობენ, როცა უფრო საინტერესოა მათთვის სასწავლო პროცესი. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოწყენილობა აღმოცენდება მონოტონურობის სიტუაციაში. იმისათვის, რომ დავაინტერესოთ ბავშვი სწავლით, როგორც მინიმუმ, უნდა გავამრავალფეროვნოთ გამოყენებული საგაკვეთილო აქტივობები და შესასრულებელი სასწავლო დავალებები;
  • არ შეიძლება იმის გაუთვალისწინებლობაც, რომ ბავშვს გაკვეთილზე ყოფნა სწყინდება მაშინაც, როცა ყველაფერი ზედმეტად მარტივი და გასაგებია, ან პირიქით – მაშინ, როცა ყველაფერი გაუგებარია. სწორედ ამიტომაა საჭირო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების გამოყენება და ინდივიდუალური დავალებების მიწოდება ბავშვებისთვის;
  • ყურადღება მივაქციოთ დღის რეჟიმს. სასურველია, რომ ადგილი ჰქონდეს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მონაცვლეობას. დღის რეჟიმის შედგენისას ბავშვთან ერთად განვიხილოთ თითოეული პუნქტი, გავითვალისწინოთ მისი პირადი დროც. ამასთან ერთად, არ დაგვავიწყდეს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. შევარჩიოთ ოპტიმალური, მისი ძალების, შესაძლებლობების შესაბამისი დატვირთვა, არ გადავღალოთ, მაგრამ არც ზედმეტად დიდი დრო დავუტოვოთ უსაქმურობისათვის;
  • გავითვალისწინოთ, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვები ზედმეტად დიდ დროს კარგავენ არასასკოლო ინტერესების დასაკმაყოფილებლად და შემდეგ წუწუნებენ, რომ სწავლისათვის დრო აღარ რჩებათ. შევეცადოთ, მათთან ერთად ჩამოვაყალიბოთ მოქმედების მიზნები და ვასწავლოთ რამდენიმე მიზანზე ყურადღების გადანაწილება, პრიორიტეტების გამოყოფა და მიზნების მიღწევა გონივრული თანმიმდევრობით, ასევე დროის ორგანიზება;
  • შევეცადოთ, თავი შევიკავოთ მოზარდის ცხოვრებისეულ არჩევანზე ზეწოლისაგან. მხარი დავუჭიროთ მას საკუთარ არჩევანში მაშინაც კი, თუ მის ადგილას ჩვენ სხვანაირად მოვიქცეოდით;
  • ნუ ვაიძულებთ მოზარდს, ისწავლოს დაშინებით, მუქარით, დანაშაულის გრძნობის შთაგონებით;
  • დაუშვებელია ბავშვის დაცინვა მარცხის, წარუმატებლობის გამო და მისი სხვა ბავშვებთან შედარება, ასევე სრულყოფილების მოთხოვნა მისგან;
  • ნურასოდეს დავკარგავთ იმედს, ყოველთვის გვჯეროდეს ბავშვის, მაშინაც კი, თუ ის ვუნდერკინდად არ არის დაბადებული. გვახსოვდეს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული მისი წარმატებები, ჩვენს ძალებშია დავეხმაროთ მას შესაძლებლობების რეალიზებაში, საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწავლის სურვილის არქონის შემთხვევაში, თუ მიზეზებს ზუსტად და დროულად აღმოვაჩენთ, არ გაგვიჭირდება, ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“