არარსებულის მონატრებაზე
„სად ხარ?“ – კითხულობს ხოლმე ჩვენი მცირეწლოვანი სხეული, როდესაც ნუგეშისცემა გვჭირდება. საკუთარი შინაგანი სამყაროსა და სინამდვილის, ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დაბნეული და განიარაღებული, ზოგჯერ დამფრთხალი მოვავლებთ ხოლმე თვალს გარემოს ჩვენზე ძლიერის – ჩვენზე მზრუნველის, მფარველის – საპოვნელად.
იმ შემთხვევაში, თუ მე, როგორც პატარას და დაუცველს, შემიძლია, ამ კითხვაზე საკუთარ თავს ვუპასუხო: „აქ ხარ“, – მაშინ მწამს, რომ მეც ვარსებობ.
იმისთვის, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობები დავინახოთ, – მათთვის სიტყვების შესაბამება შევძლოთ, – ცხოვრების საწყის საფეხურზე განსაკუთრებით ხშირად გვჭირდება ზრდასრული, რომელიც შეძლებისამებრ ზუსტად აირეკლავს ჩვენს შინაგან მდგომარეობებს და დაგვეხმარება ჯერ კიდევ აუთვისებელი და უცნობი სივრცის – ჩვენი ფსიქიკური სამყაროს შეცნობისთვის საჭირო ცნობისმოყვარეობის გაშინაგნებაში.
საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსა და მოლოდინებზე გამოხმაურება ბავშვისთვის მთავარი ამოცანა არ არის და ის დროთა განმავლობაში სწავლობს, რას ელიან მისგან ან რა შეიძლება მოჰყვეს დამკვიდრებულ წესრიგზე გამოხმაურებას თუ გამოუხმაურებლობას. აქედან გამომდინარე, ბავშვის აღზრდა მშობლისთვის, რა თქმა უნდა, ურთულესი ამოცანა და გამოწვევების ერთობლიობაა. აღზრდა უკავშირდება მშობლის უნარს, ერთი მხრივ, გააცნობიეროს და მართოს მდგომარეობები, რომელთაც ბავშვის ქცევები აღძრავს მასში, მეორე მხრივ კი გამოეხმაუროს როგორც საკუთარ, ისე ბავშვის მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ადამიანების უმრავლესობა უნებლიეთ, გაუცნობიერებლად იმეორებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მისკენ როგორც ბავშვისკენ იყო მიმართული. ამდენად, ადამიანები ხშირად განსჯისა და შედეგებზე დაფიქრების გარეშე იყენებენ მიდგომებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც დღესდღეობით ერთმნიშვნელოვნად დამაზიანებლად არის აღიარებული.
„უხილავი ვარ“
უგულებელმყოფი აღზრდა იმ მიდგომების ერთობლიობაა, რომლებიც ადამიანის ძირეული მოთხოვნილებების, მათ შორის – ფსიქიკურისა თუ სულიერის, მიმართ განურჩევლობით, მათდამი გამაუფასურებელი, დამაკნინებელი ან გულგრილი დამოკიდებულებით ვლინდება. უგულებელმყოფი აღზრდა აზიანებს ნდობაზე დამყარებულ კავშირს, რადგან მჭიდროდ არის დაკავშირებული მიტოვების შფოთვის გაღვივებასთან.
უგულებელმყოფი აღზრდის შედეგი როგორც საკუთარი, ისე სხვების მოთხოვნილებებისადმი განურჩეველი, გამაუფასურებელი დამოკიდებულებაა, ზოგჯერ მტრულიც კი, რადგან ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავშივე არ აღიარებს ძირეული მოთხოვნილებების მნიშვნელობას.
„უხილავი ხარ, რადგან მე ჩემთვისვე უჩინარი ვარ“, „არ არსებობ, რადგან თავად არ ვარსებობ საკუთარი თავისთვის“.
„არ ვიცი, რა მჭირდება, რადგან არ ვიცი, როგორ გავიგო, რა მჭირდება“
უგულებელმყოფი აღზრდის საფუძველი ზოგჯერ არა უგულებელყოფის გაცნობიერებული განზრახვა ან ბავშვის დაზიანების სურვილია, არამედ მიყურადების უნარისა და მგრძნობიარობის ნაკლებობა. მგრძნობიარობა ამ შემთხვევაში წარმოადგენს როგორც საკუთარ, ისე სხვების ძირეულ მოთხოვნილებებთან დაკავშირების უნარს, რასაც როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან შესატყვისად გამოხმაურების უნარი ეფუძნება.
უგულებელმყოფი დამოკიდებულება ზოგჯერ ერთი შეხედვით, უწყინარი მინიშნებების სახით ვლინდება.
„ამაზე ნუ ფიქრობ… სისულელეა“, – ადამიანის აზრებისკენ მიმართული ასეთი მითითება მას თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს. გარდა ამისა, უბიძგებს, საკუთარი ფიქრები საშიშად მიიჩნიოს და უყალიბებს საკუთარი აზრებისგან განრიდების ზოგჯერ დაუძლეველ ლტოლვას.
„ამაზე არ უნდა ბრაზობდე…“, – ზოგიერთი ემოციისკენ მიმართული მსგავსი განწყობა ამ მდგომარეობათა განცდის შექცევადობის ძლიერ და მცდარ რწმენას აყალიბებს. აკრძალული მდგომარეობების განცდას ხშირად თან ახლავს ბრალეულობის ძლიერი განცდაც. როდესაც ადამიანი მსგავსი დამოკიდებულების სამიზნეა, მისი სასიცოცხლო ძალა ხშირად იმისკენ არის მიმართული, რომ განსაზღვრული მდგომარეობები არ განიცადოს და არა იმისკენ, რომ ამ მდგომარეობებისგან ისწავლოს, რა სჭირდება და როგორ შეუძლია ამ მოთხოვნილებების მისაღები გზებით დაკმაყოფილება.
„მოგეჩვენა… დაივიწყე“, – ამ წინადადების მიღმა ხშირად სინამდვილის გადასხვაფერების ზრახვა დგას ან იმ ადამიანის მდგომარეობათა შენიღბვის მცდელობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ცდილობს, დამკვირვებლის თვალს გადაემალოს. შედეგად შესაძლოა ჩამოყალიბდეს უნდობლობა საკუთარი შემეცნებითი უნარების (შეგრძნების, აღქმის, ყურადღებისა და მეხსიერების, აზროვნებისა და განსჯის) მიმართ.
„შენ წარუმატებელი ვერ იქნები. ამას ვერ დავიჯერებ“, – მშობლის მიერ შვილის მარცხის უარყოფა უგულებელმყოფი დამოკიდებულების განსაკუთრებული სახეა. ამ დროს ბავშვი სწავლობს, რომ მარცხი იმთავითვე წარუმატებლობის ტოლფასია და შიშობს, რომ მშობელი ვერ გაუმკლავდება შვილის მარცხს, ამის შედეგად კი შესაძლოა ჩამოუყალიბდეს გამოწვევებისგან განრიდების ძლიერი ლტოლვა.
„ისეთი ჭკვიანი ხარ, ყველაფერს შეძლებ. არაფერი გაგიჭირდება“, – ხშირად ამ სიტყვებით ამხნევებენ შრომისმოყვარე ადამიანებს. როდესაც ასეთ ადამიანებს საკუთარ უნარიანობაში ეჭვი ეპარებათ, ირგვლივ მყოფები გულუბრყვილოდ ცდილობენ, ისინი საკუთარ ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნონ, რაც დაახლოებით ასე ფასდება: „გამოდის, რომ მიუღებელია, რამე მიჭირდეს. მე ყველაფერი უნდა შემეძლოს“.
„თუ ჩემს მოლოდინებს უზადოდ არ ეხმაურები, შენ ჩემთვის არ არსებობ“, – კავშირის შეზღუდვისა და შეწყვეტის დასჯის მიზნით გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და შფოთვის აღმძვრელი გამოცდილებაა. წესისამებრ, კავშირის აღდგენა უკიდურესად რთულია. აღზრდაში სიჩუმით დასჯის, გაბუტვისა და ზურგშექცევის გამოყენება წარმოადგენს ნდობის უკიდურესი დაზიანებისა და, საზოგადოდ, კავშირის რღვევის წინაპირობას, რადგან წყდება უმთავრესი: ურთიერთობა ადამიანებს შორის, რაც აბრკოლებს უსაფრთხოების განცდაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და სიწრფელეს. რაც მთავარია, ურთიერთობაში მონაწილე მიმღებ მხარეს – იგულისხმება ის, ვისდამიც იყენებენ მსგავს მიდგომას – აკისრებს დამტვირთავ და ხშირად ცდომილებების ალბათობით სავსე სამუშაოს: სხვისი მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოკითხვა-ამოცნობისა და მათზე გამოხმაურების პასუხისმგებლობას. ეს კი განიცდება როგორც უსამართლოდ შრომატევადი დამოკიდებულება, ზოგჯერ – მჩაგვრელიც კი. გარდა ამისა, ყალიბდება მიტოვების ავის მომასწავებელი მოლოდინი, რის გამოც ადამიანს უჭირს განსაზღვრულ ამოცანებზე ყურადღების შეჩერება, რადგან მისი სასიცოცხლო ძალა მიტოვების მომასწავებელი გამღიზიანებლების მეთვალყურეობა-ზედამხედველობისკენ არის მიმართული.
„მენატრება, მაგრამ არც კი ვიცი, რა… ვილტვი, მაგრამ არც კი ვიცი, რისკენ…“
უგულებელყოფა განსაკუთრებული სახის დანაკლისის განცდის საფუძველია. ეს დიდწილად არარსებულის დანაკარგის განცდაა: იმისა, რაც გჭირდებოდა და ვერ მიიღე და მხოლოდ დროდადრო, ალაგ-ალაგ თუ ჩნდებოდა გულისხმიერება, მგრძნობიარობა და განუყოფელი ყურადღება შენ მიმართ; გულისყურით თანხლებისა.
უგულებელყოფა იმას ნიშნავს, რომ არც მე ვარსებობ შენთვის და არც შენ – ჩემთვის: ორივე ერთმანეთისთვის მიუწვდომლები და მოუხელთებლები ვართ. არც მე ვიცი, როგორ გაგიგო და არც შენ – როგორ გამიგო. თუ უგულებელყოფილი ვარ, დიდწილად მივიწყებულად ვგრძნობ თავს, დროდადრო განცდილი ჯილდოს – შენი გულისხმიერების – მოლოდინში.
სად ხარ?