საზაფხულო წიგნების რამდენიმე შესანიშნავი სია ვნახე. თუ თქვენ ჯერ არ მოგიკრავთ თვალი, გირჩევთ, გამომცემლობების სიებს ჩახედოთ. თუმცა ყველა ამ სიას აქვს ერთი ნაკლი: წლევანდელი ზაფხულის აუტანლად მაღალ ტემპერატურას არცერთი არ ითვალისწინებს. ჰოდა, გადავწყვიტე, ეს ხარვეზი გამოვასწორო და ჩემი სია შეგიდგინეთ.
ჩემი აზრით, საზაფხულო წიგნები იყოფა ორ კატეგორიად: წიგნები, რომლებშიც ცხელა და წიგნები, რომლებშიც გრილა. პირველი იმისთვის, რომ თქვენზე უარეს დღეში ჩავარდნილმა პერსონაჟმა შვება მოგგვაროთ და მეორე კი იმისთვის, რომ ალტერნატიულ რეალობაში მაინც ისუნთქოთ თავისუფლად.
მაშ, ასე:
წიგნები, რომლებშიც ცხელა:
- ჯ.მ. კუტზეე, „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება“ – ეს წიგნი წლების წინ მაქვს წაკითხული. სიუჟეტი კარგად არ მახსოვს, მხოლოდ სიცხე და მაიკლ კეი – ეს შავკანიანი კაცი, მარტო შრომობს (გოგრას თესავს), ოფლი წურწურით ჩამოსდის და რომელსაც, რამდენიმე დღის უჭმელს, შიმშილს რძე დაუცხრობს. კიდევ ის მახსოვს, რომ ავადმყოფი დედა ჰყავს. დედა ვერ დადის, მაიკლი საკაცეზე დაწვენილს ხელით ატარებს. ამ გზის აღწერა, დედა-შვილი რომ ერთად გაივლის, წიგნის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილია.
- ფერნანდა მელჩორი, „პარადაისი“, – ბოლო დროის ლიტერატურული აღმოჩენებიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მძაფრი ტექსტია ჩემთვის. მისი თემა სისასტიკეა, სისასტიკე, რომელიც არაფრიდან გამომდინარეობს და არც არაფერს ისახავს მიზნად. ეს ორი არასრულწლოვანის გულუბრყვილო ჩანაფიქრია, რომელიც მათდა უნებურად საშინელი ტრაგედიით მთავრდება. ამ ერთი ციცქნა წიგნის სტრუქტურა ცალკე იმსახურებს ყურადღებასა და აღფრთოვანებას – კითხვისას აუცილებლად დააკვირდით ამბავი ამბავს როგორ ებმის და როგორაა თხრობა გაშლილი დროში.
- ფრანსუაზ საგანი, „სალამი, სევდავ!“ – როგორც მახსოვს, აქ ზაფხული, ზღვა, პლაჟი და პირველი სიყვარულია. სხვა რა უნდა საზაფხულო საკითხავს? თან წინა ორი ტექსტის მერე რამე მსუბუქი და ლაღი დაგჭირდებათ. ფრანსუაზ საგანი, ამ მხრივ, იდეალურია.
- უილიამ ფოლკნერი, „სული რომ ამომდიოდა“ – მაგრამ თუ ამოსუნთქვა არ გინდათ და პირიქით, გინდათ, ბოლომდე ამოგხდეთ სული, ფოლკნერის ეს რომანი (და, თუ სამართლიანი ვიქნებით, სხვებიც), საამისოდ ზედგამოჭრილია. ოღონდ გაითვალისწინეთ: ეს ლიტერატურაა, ლიტერატურაში კი ადამიანის დამარხვაც შეიძლება ძალიან, ძალიან დიდ პრობლემად იქცეს…
წიგნები, რომლებშიც გრილა:
- უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“, – რამდენი ხანია, ამ წიგნთან მიბრუნება მინდა! წიგნთან, რომელმაც დაასრულა დეტექტივი, როგორც ჟანრი. გვიანი შემოდგომის სუსხიანი დღეებია, შუა საუკუნეების მონასტერი, ციხე-სიმაგრე და ქვის კედლები. დილაბინდზე ლოცვა იწყება, გაყინულ ტაძარში ბერებს თვალები ელულებათ, ამავდროულად, კი ვიღაც უმოწყალოდ ხოცავს საძმოს წევრებს, სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით.
თუ ისტორია და თეოლოგია გიტაცებთ, ეს წიგნი თქვენთვის ორმაგად სასიამოვნო წასაკითხი იქნება. მაგრამ, მეეჭვება, გიტაცებდეთ. საერთოდ, ვისაც ვურჩიე, პირველ ას გვერდს ვერავინ გასცდა. ჰოდა, თქვენ იცით და თქვენმა ქალობამ (კაცობამ)!
- ზაირა არსენიშვილი, „ვა, სოფელო…“ – ზამთარია, მიმქრალ ბუხართან, ნესტიან სარდაფში, ჭუჭყში, მიცვალებული ასვენია, ორი ქალი კი ღამეს უთევს: ბებია და შვილიშვილი. კუბო გამთენიისას მოაქვთ. მიცვალებულის ჩასვენებაც ერთი წვალებაა მთელი ღამის უძინარი და უჭმელი შვილიშვილისთვის, მაგრამ ბებიას ვერ ეწინააღმდეგება. სანამ გარეთ თოვლი დევს, ბებია უამბობს შვილიშვილს მძიმე წარსულის ამბავს: საბჭოთა რეპრესიები, დასმენები, დაპატიმრებები, სიყვარული, სიძულვილი, შური… რომანს თუ წერ, ქარგაც ასეთი უნდა!
- ლეილა ბეროშვილი, „ცაზე მთვარე მიცურავდა“ – ამ მოთხრობებშიც გვარიანად თოვს, წვიმს და ქუხს, საერთოდ, ზამთრისპირის ტექსტებია, ზამთრისპირული ამბებით, რომლებშიც დედა ერთს გახედავს თავის პატარა ბიჭს და გაიფიქრებს: „რა ვქენი ეს, რამ გამაჩენინა ეს მამაძაღლიშვილიო“ („მარიამი“), პატარა გოგო კი თავის სიკვდილს წარმოიდგენს და თავი ეცოდება („ევა“). აქვეა „ლილიც“ – სიყვარულზე დაწერილი მოთხრობებიდან სულ რამდენიმეა, არასდროს რომ არ გავიწყდება და „ლილი“ უთუოდ მათ შორისაა.
დამატებითი რჩევა:
საგრილობლად პოეზიაც კარგია. გირჩევთ ანდრეა გიბსონს. სულ ახლახან გარდაიცვალა და თუ მის ინტერვიუებსაც მოუსმენთ, მიხვდებით, რამხელა დანაკლისია მისი გარდაცვალება, მხოლოდ ლიტერატურისთვის კი არა, ცხოვრებისთვისაც…