სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

როგორ განვავითაროთ ბავშვში თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება აქვს, შეამჩნევდა, რომ მათ შორის შეიძლება შევხვდეთ პატარებს, რომლებიც ხშირად უარს ამბობენ ისეთი რამის გაკეთებაზე, გაურბიან ისეთ საქმიანობაში ჩართვას, რაშიც ვიცით, რომ წარმატებას მიაღწევენ. როგორც წესი, მათგან არცთუ იშვიათად შეიძლება მოვისმინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ მე ამას ვერ გავაკეთებ, არ შემიძლია, არ გამომივა“; „ვშიშობ გამოცდას ვერ ჩავაბარებ“; „არა მგონია, რომ ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდში მიმიღონ“; „დარწმუნებული არ ვარ, რომ გიტარაზე ისე კარგად დავუკრავ, როგორც ჩემი მეგობარი უკრავს“ და ა.შ. ასეთ დროს უფროსები, პედაგოგები და მშობლები ცდილობენ, საპირისპიროში დაარწმუნონ ბავშვი, მაგრამ მას არ სჯერა და საკუთარ თავში იკეტება. ასეთ პატარებს, როგორც წესი, აკლიათ თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა. ამ თვისებების გარეშე კი მას მომავალშიც ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა და თვითრეალიზება.

ბავშვში თავდაჯერებულობის განვითარება დიდწილად ჩვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ ვურთიერთობთ მასთან. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და არ ვაკეთებთ, სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ბავშვს ვეუბნებით და არ ვეუბნებით, გრძნობები, რომლებსაც გამოვხატავთ ან არ გამოვხატავთ – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვზე, მის თავდაჯერებულობაზე.

 რეკომენდაციები – როგორ განვავითაროთ ბავშვში თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა:

  • გამოვიჩინოთ სიყვარული და მიმღებლობა ბავშვის მიმართ განურჩევლად მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობისა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს უყვარს საკუთარი შვილი ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ ჩვენ ის გვიყვარს, ვიღებთ და პატივს ვცემთ მის არჩევანს. გამოვხატოთ სიყვარული ბავშვის მიმართ მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება ყოველთვის არ შეგვიძლია. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ და იღებენ იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს მას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების მიუხედავად. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი არ უნდა ცხოვრობდეს უფროსების, უპირველეს ყოვლისა კი მშობლების სიყვარულისათვის ბრძოლაში. მივიღოთ პატარა ისეთი, როგორიც არის და შევიყვაროთ თავისი ნაკლოვანებებით. უპირობო სიყვარული არის იმის საფუძველი, რომ ბავშვი გაიზარდოს თავდაჯერებულ ადამიანად. მთავარია, პატივი ვცეთ პატარას, როგორც პიროვნებას. მშობლიური სიყვარული, შექება და მხარდაჭერა ხომ ბედნიერი და წარმატებული პიროვნების საიდუმლოა;
  • ყურადღება გავამახვილოთ, ფოკუსირება მოვახდინოთ ბავშვის ძლიერ მხარეებზე. არავინაა იდეალური და ამ მხრივ არც ბავშვები არიან გამონაკლისი. მაგრამ, იმისათვის, რომ მათში თავდაჯერებულობა აღვზარდოთ, არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ნაკლოვანებებზე. ბავშვის აღზრდა მიმართული უნდა იყოს მისი ხასიათის ძლიერი მხარეების განვითარებაზე. ამავდროულად ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შეუძლია განვითარება და სხვადასხვა დავალებების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში (მაგ. თუ ბავშვი ცუდად სწავლობს სკოლაში, განიცდის წარუმატებლობას სპორტში და ა.შ.) ჩვენ მოგვიწევს დავეხმაროთ მას, დაინახოს საკუთარი ძლიერი მხარეები, ვუთხრათ რა შეიძლება გამოუვიდეს კარგად, სად შეუძლია წარმატების მიღწევა, რაშია ძლიერი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეცდომები ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ. ვასწავლოთ ბავშვს, რომ შეცდომები გაკვეთილებად გამოიყენოს, ისწავლოს შეცდომებზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მის მიღწევებს. ეს ბავშვს შეახსენებს, რომ მას მონდომების შემთხვევაში შეუძლია წარმატების მიღწევა;
  • ნუ ვიჩქარებთ, მოვერიდოთ ბავშვის დახმარებას პირველივე სირთულის დროს. მშობლები, როგორც წესი, ცდილობენ დაიცვან შვილები და გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ არ იგრძნონ დამარცხების, იმედგაცრუების და ტკივილის სიმწარე. თუმცა, არ არის არც სასურველი და არც მიზანშეწონილი ბავშვის დახმარება ყოველ ჯერზე, როდესაც ის უმცირეს პრობლემას წააწყდება. ჩვენ შეგვიძლია მას გარკვეული დახმარება გავუწიოთ, მაგრამ, საკუთარი პრობლემები ბავშვმა თავად უნდა გადაჭრას დამოუკიდებლად;
  • მივცეთ ბავშვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება. გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, რომლის დაუფლება პატარას თავდაჯერებულობის, საკუთარი ძალების რწმენის მოსაპოვებლად სჭირდება. გადაწყვეტილების მიღება ძალას მატებს ბავშვს, რადგან ის ხედავს სხვადასხვა შესაძლებლობას და შეუძლია აირჩიოს ის, რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს. თუმცა, სანამ განვითარებაში მომწიფების გარკვეულ დონეს არ მიაღწევს, ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს, როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები. იმისათვის, რომ დავეხმაროთ პატარას, ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება, დასაწყისში შევთავაზოთ მას ორი ვარიანტი ასარჩევად. მაგ. ექვსი წლის გოგონას შეიძლება შევთავაზოთ აირჩიოს, რა ჩაიცვას სკოლაში. მაგრამ, ავუხსნათ, რომ მას არ შეუძლია, აირჩიოს წავიდეს თუ არა სკოლაში. ბავშვისთვის არჩევანის გაკეთების უფლების მიცემით (მაგ. რა ჩაიცვას, რა ფილმს უყუროს და ა.შ.) ჩვენ ასევე ვასწავლით მას პასუხისმგებლობის საკუთარ გადაწყვეტილებაზე აღებას;
  • წავახალისოთ და განვავითაროთ ბავშვის ნიჭი, მისი შესაძლებლობები. თითქმის ყველა ბავშვს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს, რაღაცის კეთება ძალიან უყვარს და ამასთან კარგადაც გამოსდის. ზოგს უყვარს მუსიკა ან ცეკვა, ზოგი კი კარგად ხატავს. გავარკვიოთ, რაშია ბავშვი ნიჭიერი და განვავითაროთ მისი შესაძლებლობები. თუ ბავშვს ხატვა უყვარს, შევიყვანოთ ის სახელოვნებო სტუდიაში. თუ მას სპორტის რომელიმე სახეობა მოსწონს, ვიზრუნოთ, რომ ის სპორტით დაკავდეს. ბავშვის უნარების, მიდრეკილებებისა და ნიჭის განვითარება საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერების, თავდაჯერებულობის გამომუშავების შესანიშნავი გზაა;
  • გავუძლიეროთ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა. თავდაჯერებულობის ამაღლების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება ბავშვისთვის პატარა დავალებების მიცემაა, ისეთი დავალებების, რომელთა შესრულებასაც ის ნამდვილად შეძლებს. იმის გაცნობიერება, რომ მას შეუძლია რაღაცის გაკეთება დამოუკიდებლად, პატარას აღფრთოვანებას, ძალას, ენერგიასა და ხალისს მატებს. უძლიერებს ახალი დავალებებისათვის თავის გართმევის სურვილს. როდესაც ბავშვი ადვილად, სირთულეების გარეშე ასრულებს რაიმე დავალებას, მისი ტვინი „იმუხტება“ და მზადაა ახალი დავალებების შესასრულებლად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ პატარას მარტივ საქმეს ვანდობთ. არ დაგვავიწყდეს მისი შექება, როდესაც ის მინდობილ საქმეს კარგად შეასრულებს. მაგ. 8 წლის ბავშვს შეიძლება დავაკისროთ ძაღლის გამოკვება ყოველ დილით. როდესაც ის ამას შეხსენების გარეშე გააკეთებს, შევაქოთ ამისთვის. ეს განამტკიცებს მის თავდაჯერებულობას;
  • ვასწავლოთ ბავშვს პოზიტიური თვითშთაგონება. თვითშთაგონება ეს შინაგანი დიალოგია საკუთარ თავთან. ის, რასაც ჩვენ ყოველ წუთს ვეუბნებით საკუთარ თავს, ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. ჩვენი აზრები გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებსა და პოტენციურ წარმატებაზე. ამიტომ, თუ ბავშვი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია რაიმე საქმესთან გამკლავება, მისი წარმატების შანსები მნიშვნელოვნად იზრდება. საკუთარი თავისთვის პოზიტიური აზრების შთაგონებით ბავშვები სწავლობენ საკუთარი თავის კონტროლს და ცხოვრებაში წარმატების მიღწევას;
  • დავუსახოთ ბავშვს რეალისტური მიზნები. ყველაზე „კარგი“ ხერხი, რომ ვაიძულოთ ბავშვი დაეჭვდეს საკუთარ ძალებში, არის მისთვის ისეთი დავალებების მიცემა, რომელთა შესრულებასაც ის ვერ შეძლებს. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში და გაიზარდოს საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ, თავდაჯერებულ პიროვნებად, დავუსახოთ მას რეალისტური და ამასთან, მისი ასაკის შესაბამისი მიზნები. მაგ. თუ ჩვენ გვსურს, რომ ბავშვმა ისწავლოს ფორტეპიანოზე დაკვრა, ეს სრულიად რეალისტური მიზანია, მაგრამ არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ის ერთ თვეში ისწავლის ამას. ასეთ შემთხვევაში უკეთესი იქნება დავუსახოთ ბავშვს მოკლევადიანი მიზნები: ნოტების სწავლა, მარტივი მელოდიების დაკვრის სწავლა და ა.შ. მაგრამ, თუ გვსურს, რომ ბავშვმა ერთ თვეში მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვოს, ჩვენ მას წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისთვის მოვამზადებთ და არა თავდაჯერებულობისთვის;
  • ვასწავლოთ ბავშვს, „მიიღოს“ საკუთარი მარცხი და წარუმატებლობა. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ შევძლებთ ბავშვის დაცვას წარუმატებლობისა და მარცხისაგან. როგორც ყველა ადამიანმა, ნებისმიერმა ბავშვმა შეიძლება დროდადრო განიცადოს წარუმატებლობა, იგრძნოს ტკივილი და იმედგაცრუება. უნდა ითქვას, რომ ეს სრულიად ნორმალურია. ასეთ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი დავამშვიდოთ პატარა შემდეგი სიტყვებით: „არა უშავს“, „არაფერია“, „არ ინერვიულო“. ვასწავლოთ ბავშვს, იყოს ემოციურად მოქნილი და მშვიდად მიიღოს, როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება. ვუთხრათ, რომ ხანდახან მარცხის განცდა, წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივია და შემდეგ ჯერზე თუ შეეცდება, მოგებასაც შეძლებს. წარუმატებლობის შემდეგ ყოველთვის შეიძლება გზის პოვნა, რომლითაც წარმატებას მივაღწევთ;
  • ვიყოთ კარგი მისაბაძი მაგალითი ბავშვისთვის. თუ ჩვენ თავად არ ვართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ეჭვი გვეპარება ჩვენს შესაძლებლობებში, ძალიან მცირეა იმის ალბათობა და არც უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი ბავშვი საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული გაიზრდება. ბავშვები აკეთებენ ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ და არა ისე, როგორც ვამბობთ. გავერკვეთ თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობასთან დაკავშირებულ ჩვენ საკუთარ პრობლემებში და გავხდეთ კარგი მისაბაძი მაგალითი ბავშვისთვის.
  • წავახალისოთ პატარა, გამოხატოს თავისი გრძნობები. საკუთარ თავში დარწმუნებულ, თავდაჯერებულ ბავშვს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი გრძნობები დისკომფორტის განცდის, ზედმეტი ემოციურობისა და აგრესიის გარეშე. თავდაჯერებულობა გულისხმობს გრძნობების ჯანსაღად გამოხატვას და იმის ცოდნას, თუ როდის არის საჭირო სიმშვიდის გამოვლენა. წავახალისოთ ბავშვი გამოხატოს გრძნობები ზეპირი ან წერილობითი ფორმით, ვასწავლოთ რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება, ავუხსნათ, რომ არ არის სასურველი საკუთარი გრძნობების ჩახშობა, დათრგუნვა, რადგან შეიძლება ისინი გამოვლინდეს მაშინ, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თავდაჯერებულობის განვითარება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც უფროსების მხრიდან დროსა და ყურადღებას მოითხოვს. მუშაობის სწორად წარმართვისა და მონდომების შემთხვევაში კი ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“