ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

სივრცითი წარმოდგენები, როგორც ფსიქიკური განვითარების საფუძველი

ვფიქრობ, საყურადღებო ფაქტია, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს სივრცით მიმართებებში გარკვევა წარმოადგენს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სასკოლო ასაკის ბავშვს ერევა მარჯვენა-მარცხენა, ზევით-ქვევით-შუაში. მშობელი გაოცებას ვერ მალავს, თუ რატომ შეიძლება ეს პრობლემად აღვიქვათ. ერთ-ერთი ექვსი წლის ბიჭუნას დედამ თავისი მოსაზრება ასეთნაირად „დაასაბუთა“ – „რა მოხდა მერე, ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ამჟამად მერვე კლასშია, დღესაც ვერ არჩევს მარჯვენა-მარცხენას. ადრე თუ გვიან ხომ ისწავლის!“. ალბათ, ასეთი მსჯელობა არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადეკვატური სივრცითი წარმოდგენები. ასეთი შეკითხვა ხშირად უცნაურადაც კი ჟღერს. თითოეული ჩვენგანისთვის სივრცეში ორიენტაცია თითქოს რაღაც თავისთავადს წარმოადგენს. ყველა მოზრდილი ადამიანი კარგად ერკვევა ისეთ ცნებებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, წინ – უკან, უფრო შორს – უფრო ახლოს. მართალია, ზოგიერთი ადამიანი ხანდახან ურევს მარჯვენა-მარცხენას, მაგრამ ეს ბევრისთვის „დასაშვებად“ ითვლება და მხოლოდ ღიმილს იწვევს.

ზოგადად სივრცის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სრულიად ბუნებრივად, თითქმის თანდაყოლილად გვეჩვენება და ეს არის სწორედ დიდი შეცდომა. ეს წარმოდგენები არავითარ შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი. ისინი ადამიანში დაბადების მომენტში კი არ ჩნდება, არამედ ყალიბდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 7-8 წლამდე გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი სწავლობს სივრცის, ამ სივრცეში სხვადასხვა საგნის მდებარეობის და მათი გადაადგილების სწორად აღქმას ერთმანეთთან და საკუთარ სხეულთან მიმართებაში. ის ეუფლება შედარების უნარს, ასევე სივრცის პარალელურად შეიმეცნებს ისეთ კატეგორიას, როგორიცაა დრო. ამგვარად ათვისებული ყველა ინფორმაცია საფუძვლად ედება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებას, რაც ადამიანს ლოგიკური აზროვნების საშუალებას აძლევს. ერთი სიტყვით, სივრცითი წარმოდგენები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, ფსიქიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს, რასაც შემდეგ დაეფუძნება დანარჩენი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები. ნებისმიერი დარღვევა ამ პროცესებში პრობლემებს იწვევს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, განუვითარებელი სივრცითი ორიენტაციის მქონე ბავშვები განიცდიან სირთულეებს ფურცლიდან ტექსტის გადმოწერისას, რადგანაც შეიძლება გამოსახულებას სარკისებურად აღიქვამდნენ. შესაბამისად, სირთულეები აქვთ ისეთი სასკოლო უნარების დაუფლებაში, როგორიცაა კითხვა, წერა, დათვლა. მათ სირთულეები აქვთ ასევე ლოგიკური და წარმოსახვითი აზროვნების უნარების გამომუშავებაში. ამიტომ, ბავშვებში სივრცითი წარმოდგენების დროული და სწორი ფორმირება ნორმალური ფსიქიკური და გონებრივი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეისთვის ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად ნამდვილად არ გვაქვს. საქმე ის გახლავთ, რომ სივრცის ნორმალური გაცნობისთვის, იმ წესების ათვისებისთვის, რომლითაც სამგანზომილებიანი სივრცეა მოწყობილი, აუცილებელია ბავშვის მუდმივი და აქტიური ურთიერთქმედება ამ სივრცესთან. არცთუ შორეულ წარსულში ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობდა – თითოეული ბავშვი მუდმივად იმყოფებოდა სამგანზომილებიან სივრცეში, არსებობდა ამ სივრცეში, აკვირდებოდა მას, მოქმედებდა, თამაშობდა, მოძრაობდა. მაგრამ დღეს სამგანზომილებიან სივრცეს გაუჩნდა უძლიერესი კონკურენტი და შეიძლება ითქვას მტერიც კი – ელექტრონული მოწყობილობის ბრტყელი, ორგანზომილებიანი ეკრანი. ის ქმნის სივრცის ილუზიას, რომელიც პრინციპულად განსხვავდება რეალურისაგან. თუმცა, შეიძლება ის უფრო საინტერესო, მიმზიდველი ჩანდეს და მოთხოვნადიც გახდეს. ხანგრძლივი და სისტემატური ყოფნა ვირტუალურ სივრცეში საშუალებას აძლევს ბავშვს, სწრაფად გამოიმუშაოს ამ სივრცეში ქცევის უნარ-ჩვევები. უფროსები ხშირად ვერ ვმალავთ გაოცებას და აღფრთოვანებას იმის გამო, რომ ჩვენი პატარები სწრაფად და მარტივად ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს. ბუნებრივია, ეს მათი მომავალი წარმატებების გასაღებია ახალი ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ვირტუალურ სივრცეში ამ წარმატებებს ხშირად თან ახლავს დამახინჯებული წარმოდგენები რეალურ სივრცეზე, მის კანონზომიერებზე, დროსთან მის კავშირზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ვირტუალურობა არ იწვევს სივრცეში ორიენტაციის უნარის სრულ დაკარგვას. ჯერჯერობით, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა საკმაოდ კარგად ერკვევა ისეთ სივრცით წარმოდგენებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, მარჯვნივ – მარცხნივ, წინ – უკან და ა.შ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ შემდგომ, ყველაზე ელემენტარული სივრცითი წარმოდგენები, რომელსაც ტვინი ითვისებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბავშვი ბრტყელი ეკრანის წინ აღმოჩნდება, რთულად ვითარდება. ამიტომ, სულ უფრო ხშირად გვხვდება დისლექსიის, დისგრაფიის, დისკალკულიის შემთხვევები, ასევე პრობლემები იჩენს თავს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში.

იმისათვის, რომ დროულად შევამჩნიოთ და მივხვდეთ, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემები აქვს სივრცითი წარმოდგენების განვითარებაში, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ადეკვატური სივრცითი წარმოდგენების ფორმირების ეტაპებს:

ეტაპი 1 (ადრეული ასაკი) – სივრცის აღქმას პატარა დაბადებიდან უკვე 4 – 5 კვირაში ახერხებს. ამ ასაკის ბავშვს შეუძლია სივრცეში ობიექტების გამოყოფა, მათი გარჩევა. 2-4 თვის ასაკში ბავშვს შეუძლია ობიექტების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება. ერთი წლის ბავშვი თავდაჯერებულად განასხვავებს სივრცეში ობიექტებს და მანძილს მათ შორის. 1-2 წლის ბავშვს შეუძლია ორიენტირება საკუთარ თავზე, განასხვავებს საკუთარი სხეულის ნაწილებს, გარდა სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარისა. სამ წლამდე ბავშვი აღიქვამს ობიექტებს ერთმანეთთან სივრცითი კავშირების გარეშე. მაგ. ის ვერ ხედავს განსხვავებას სურათებს შორის, სადაც ერთი და იგივე საგნები სხვადასხვანაირად არის განლაგებული სივრცეში.

ეტაპი 2 (3-4 წელი) – ყველაზე უფრო ადრე ბავშვი გამოყოფს ზედა მიმართულებას. შემდეგ მის საპირისპიროს – ქვედას. ამის შემდეგ პატარები აცნობიერებენ მიმართულებებს – „წინ“ – „უკან“ და ბოლოს „მარჯვნივ“ – „მარცხნივ“. ამასთან, სივრცითი მიმართულებების აღმნიშვნელ თითოეულ წყვილში ბავშვი გამოყოფს ჯერ ერთს, შემდეგ კი, მასთან შედარების საფუძველზე, საპირისპიროს ამოიცნობს. სივრცით მიმართულებებს ბავშვი საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებს. მაგ. უკან არის იქ, სადაც ზურგია.

თავდაპირველად ბავშვი საგნის სივრცით მდებარეობას განსაზღვრავს მასთან შეხებით, რადგანაც თვლის, რომ მაგ. მარჯვნივ არის ის საგნები, რომლებიც უშუალოდ მარჯვენა ხელის გვერდით მდებარეობს. ცოტა მოგვიანებით ბავშვისთვის საკმარისია ობიექტის მდებარეობის მხოლოდ ვიზუალურად შეფასება. ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ცხადად საგნებს შორის მანძილს. მაგ. საგნების რიგში დალაგებისას ის მათ ძალიან ახლოს ათავსებს. ცნება „გვერდით“ მისთვის წარმოადგენს სინონიმს ისეთი ცნებისა, როგორიცაა „შეხება“.

ეტაპი 3 (4-5 წელი) – სამყარო, სადაც ბავშვს სივრცეში ორიენტაციის შესაძლებლობა ეძლევა, თანდათან ფართოვდება. პატარას უკვე შეუძლია სხეულის შემობრუნებით და ხელის მიმანიშნებელი მოძრაობით სივრცეში ორიენტირება.

ეტაპი 4 (5-6 წელი) – ბავშვს შეუძლია საგნების პოზიციის განსაზღვრა საკუთარ თავთან მიმართებაში ნებისმიერ დიდ მანძილზე. ის უკვე კარგად ფლობს სივრცითი მიმართებების სიტყვიერ აღნიშვნებს. შეუძლია სხვადასხვა ობიექტებიდან ორიენტირება. თავდაპირველად ის იკავებს იმ ობიექტის ადგილს, საიდანაც ორიენტირდება. შემდეგ კი აზრობრივად დგება მოპირდაპირე მხარეს მდგომი ადამიანის პოზიციაში, ანუ 180 – გრადუსით შემობრუნდება.

ეტაპი 5 (6-7 წელი) – ბავშვს შეუძლია ორი სივრცითი ზონის გამოყოფა, რომელთაგან თითოეულში ორი ნაწილია, მაგ.„წინ მარცხნივ“, „წინ მარჯვნივ“. ზონების საზღვრები ბავშვისთვის პირობითი და მოძრავი, მობილურია. სივრცით ორიენტირებას ბავშვები საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი წარმოდგენების განვითარების თითოეულ ეტაპზე ბავშვი კარგად დაეუფლოს ასაკის შესაბამის ყველა ფუნქციას. თუ შევამჩნევთ, რომ რაღაც კარგად ვერ არის – ბავშვი ვერ ახერხებს იმის გაკეთებას, რასაც მისი ასაკის ბავშვი უნდა აკეთებდეს, ვერ ახერხებს დროსა და სივრცეში ორიენტირებას, თუ პრობლემები გაუჩნდა ტექსტის აღქმაში, ზეპირმეტყველებაში, თვლაში, აუცილებლად დავუკავშირდეთ სპეციალისტს – ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს. ამ სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება.

გვახსოვდეს – ის, რაც ადრეულ ასაკში საკმარისად არ იქნა დაუფლებული, ათვისებული, საჭიროებს აუცილებელ და სწრაფ კორექციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში პრობლემები გაიზრდება და შესაძლოა, ბავშვს ხელი შეუშალოს ეფექტიან სწავლაში და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“