შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

,,მზე რომ მოგენატრებათ, შემოგვიარეთ. ჩვენთან სულ მზეა“

/რამდენიმე ეპიზოდი თითებით მოყოლილი ამბებიდან/

🔹 ,,- ხათუნა დედა. მაკა დედა. სკოლა უნდა ქართული გაკვეთილი ლამაზი” – ეს გიგას, ჩემი მოსწავლის მორიგი საზაფხულო შეხმიანებაა ჩემთან, მესინჯერში. ვინც აგრამატიზმში ერკვევა, ცხადია, მიხვდება, რომ ეს წინადადება ამის თვალსაჩინო მაგალითია. განმარტებაც ასეა ჩამოყალიბებული: ,,აგრამატიზმი — ენამოშლილობის სახეა, რომელიც გამოიხატება მეტყველებაში (როგორც ზეპირ, ისე წერით) გრამატიკული სტრუქტურის დარღვევით. აგრამატიზმის ერთ-ერთი მიზეზი სმენის დაქვეითებაა”.

ამ რამდენიმე წლის წინ სმენის პრობლემის მქონე ბავშვების მასწავლებლობა რომ მხვდა წილად, ამით დიდი ხნის ნატვრა ავიხდინე და უბედნიერესი ვარ. ჩემსავით ყველას როდი უმართლებს: თან უსაყვარლესი, უთბილესი, უნიჭიერესი ბავშვების გარემოცვაში ვარ, თანაც ულამაზეს ჟესტურ ენას ვსწავლობ.

გიგა ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეა. სმენის პრობლემა ხელს არ უშლით არც მას და არც მის მეგობრებს, გულისყურით, ინტერესით მოეკიდონ საყვარელ საქმეს, საყვარელ სკოლას, საყვარელ ადამიანებს.

სასკოლო ცხოვრებას ერთი ფერუცვლელი ნიუანსი ახლავს – იმაზე მეტად მზრუნველი ხდები, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ და როგორც ეგზიუპერი ალაპარაკებს თავის პერსონაჟ მელაკუდას „პატარა უფლისწულში“: „ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“.

გიგა არდადეგებს ყოველთვის თბილისიდან შორს, ხან ზღვისპირეთის, ხანაც ბარის სიმწვანეში ჩაფლულ ლამაზ სოფელში ატარებს ბებიებთან. ალბათ, ზის ახლა კოხტად მოვლილი ეზოს რომელიღაც მიმყუდროებულ კუთხეში, ყველა გარშემომყოფ საგანს დეტალურად აკვირდება, იმახსოვრებს და სექტემბრისთვის ინახავს, რომ მერე, დაწვრილებით, ემოციურად მიამბოს, სად რა და როგორ მოხდა. მე, რა თქმა უნდა, ჯერაც თარჯიმნის დახმარებით მომიწევს მისი მოსმენა, შიგადაშიგ ნაცნობი სიტყვების გაელვებასა და მიხვედრაზე გავიხარებ და გული ამიჩქროლდება. გიგასა და მის მეგობრებთან დისკუსიაში ჩავერთვები და იმედია, საზაფხულო შთაბეჭდილებების ემოციური მუხტის მართვასაც შევძლებ.

რაც არასდროს ავიწყდება გიგას, რაზეც წლებია ოცნებობს – სამხრეთ კორეაში მოგზაურობა, იქ სწავლის გაგრძელება და ჩვენი (ჩემი და დედამისის) თან წაყვანაა. ამას კარგა ხანია შეგვპირდა, მტკიცედ და სრული სერიოზულობით.

დილით ადრე, სკოლაში მისულს გიგა კიბესთან მხვდება. ნასაუზმევია. ძიძის მზრუნველი ხელი ეტყობა (სკოლას პანსიონი აქვს და შორიდან ჩამოსული ბავშვები აქ ცხოვრობენ). გასაღებს მართმევს, ჟესტებით მანიშნებს, რომ არ ვიჩქარო კიბეზე ასვლა, არ დავიღალო, თვითონ კი, ხტუნვა-ხტუნვით ადის მესამე სართულზე, კარსაც აღებს, ფანჯარასაც – ოთახს ანიავებს. ყვავილის მორწყვას კი მე მანდობს – ვაითუ იმდღევანდელივით ზედმეტი მოუვიდეს და მოიწყინოს ჩვენმა მწვანე მეგობარმა.

მალე სხვებიც შემოგვიერთდებიან და იწყება ხალისიანი, სიახლეებით დახუნძლული, მეტ-ნაკლებად დატვირთული დღე.

🔹 დათო გიგას საუკეთესო მეგობარია. საკლასო ოთახში გვერდიგვერდ სხედან. დათოს მოსვლამდე გიგა დერეფანში სცემს ბოლთას, საათზე იყურება – ვაითუ, დააგვიანდეს მეგობარს. კედელზე გაკრულ ცხრილს ხელახლა გადაიკითხავს, ფანჯრიდან გადაიხედავს, ნათურისაკენ გააპარებს მზერას (ჩვენთან ზარის ხმაზე კედელზე მიმაგრებული ნათურა იწყებს ციმციმს, ბავშვებმა რომ შეამჩნიონ და გაკვეთილისთვის მოემზადონ) და როგორც კი კიბიდან ამომავალი დათოს დიდრონ სილუეტს დალანდავს, ცერა თითს ასწევს იმის ნიშნად, რომ ყველაფერი რიგზეა – მეგობარი მასთანაა და სანერვიულოც აღარაფერია.

ნოდარ დუმბაძის ლექსი ,,ზამთარი” გვაქვს ჩანიშნული კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად. დათოსა და გიგას თვალებზე ვატყობ, მოსწონთ ლექსი. დაფაზე წერენ სიტყვებს და დაქტილის მეშვეობით იმეორებენ, იმახსოვრებენ. ერთმანეთს ცოდნას უმოწმებენ. თან წუხან, რომ ზამთარია და ჯერაც არ მოუთოვია. მხრებს იჩეჩენ კითხვაზე: ზამთარში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თოვს?

და გიგას ისევ „თავისი“ კორეა ახსენდება: როცა იქ ვიცხოვრებ და დიდი თოვლი გვექნება, ყველას ლამაზი, თეთრი თვითმფრინავით წამოგიყვანთ. ხომ არ შეგეშინდებათ?

დათოს ლოყა ეჩვრიტება ჩაღიმებისას და თვალს მიკრავს. ალბათ, იმის თქმა სურს, რა კორეა, რის სეულიო, მაგრამ ოცნებებში შეჭრილ მეგობარს იდილიას არ ურღვევს და რვეულის სახეზე აფარებით მალავს მიმიკას.

🔹 დედის დღის აღსანიშნავი სამზადისი რომ გვქონდა, ყველა რაღაცის კეთებით ვიყავით დაკავებული: ზოგი მისალოცს აფერადებდა, ზოგი ქაღალდის ყვავილებს ამზადებდა, სხვები ლექსებს იმეორებდნენ ან ამეორებინებდნენ ერთმანეთს. ვიდეოს ჩაწერას ვაპირებდით. გვანცა მოწყენილი იჯდა. ობოლია გვანცა. დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა. დეიდამ გულში რომ ჩაიხუტა ციცქნა გოგონა, მერე ხელი არ გაუშვია, შვილივით ზრდის.

გვანცა პირველად რომ ვნახე, სკოლაში მამასთან ერთად იყო მოსული, ეზოში, ხეებს შორის ჩადგმულ სკამზე იჯდა და მშვიდად გაჰყურებდა სივრცეს.

წამიერად ნოდარ დუმბაძის ხატია გამახსენდა, სამხედროს მასწავლებელმა გაკვეთილზე შენიშვნა რომ მისცა:- აქეთ მოიხედე, გოგო, სადღაც იქით რომ იყურებიო… ეს მხოლოდ წამიერად, მერე დიდი ხნის ნაცნობებივით თბილად ჩავეხუტეთ ერთმანეთს და კლასში ავედით.

გვანცა დედაზე არასდროს საუბრობს, მაგრამ დედის მონატრება სიტყვებით ვერასდროს გადმოიცემა და მე მესმის მისი, ხანგრძლივი დუმილის დროსაც კი.

გვანცას თვალებში სევდა და გაკვირვება ხშირად ენაცვლება ერთმანეთს. ამოუცნობი დარდიც. ნაკლული სითბოც. ყველაფერ ამას უდედობას ვუკავშირებ, მაგრამ ვერ ვეუბნები. თვითონაც არაფერს მეუბნება.

როცა რამე უნდა, მოდის და ღიმილით მანიშნებს, რომ ის სითბო ენატრება, ის ერთადერთი და განუმეორებელი, მუდმივად რომ ახსენებს თავს, რომლის მეასედის გაცემაღა შემიძლია.

ახლა გვანცა რომ მოწყენილია, ეს ბავშვებს აწუხებთ. ცდილობენ, ხასიათზე მოიყვანონ მეგობარი.

დათო – გინდა, წყალს მოგიტან ჩემი ახალი ჭიქით?

გიგა – წყალი რად უნდა? აი, კანფეტები მაქვს და გავიყოთ.

დათო – როცა მე ვნერვიულობ სულ წყალი მინდება.

გიგა – მე კიდევ ტკბილეულს რომ შევჭამ, ვწყნარდები.

გვანცა დგება და ფანჯარასთან მიდის. ერთადერთ სიტყვას იმეორებს: ,,ნათია…ნათია…”.

ნათია გვანცას გამზრდელი დეიდაა, ყველა წყალსა და ტკბილეულზე სანატრელი დეიდა დედის სუნითა და სითბოთი. ბავშვები ვერაფერს ამბობენ. ჩუმდებიან. ცრემლი მზერას მიბინდავს და რომ არ შევიმჩნიო, თავს დაბლა ვხრი. გიგა მაინც ამჩნევს, მოდის და თმაზე მკოცნის სიტყვებით: ,,ხათუნა დედა მიყვარს მაკა”(ხათუნა მაკა დედასავით მიყვარსო).

🔹 დათოს, საგნებს შორის, მათემატიკის მერე ყველაზე მეტად ქართული ენის გრამატიკა უყვარს. ბრუნებასა და უღლებაში ტოლს არავის უდებს. საშინაო დავალებებს ბეჯითად ასრულებს, კლასში ხომ წერს და წერს – დაღლას ვერ გრძნობს. თან უზომოდ ახარებს შექება, ლოყები აუღაჟღაჟდება და თვალებაციმციმებული გადახედავს კლასელებს. ძალიან უნდა, რომ გიგაც მასავით სწრაფი იყოს. ამიტომ, გაკვეთილის დაწყებამდე ამეცადინებს დაფასთან. გიგა ინგლისურში ეხმარება მეგობარს. არიგებს, უცხო ენა კარგად ისწავლოს, რომ მომავალში, კორეაში მასთან სტუმრობისას არ დაიბნეს, არ დაიკარგოს. „სეული თბილისზე დიდია, ძალიან დიდი“ – ამბობს გიგა და ჰაერში ხტება იმ სიხარულის გამოსახატად, რასაც გრძნობს და წარმოიდგენს გულითადი მასპინძელი ბავშვობის მეგობართან შეხვედრისას (მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩემს მოსწავლეებს ფანტაზიის უნარი გამძაფრებულად აქვთ, რადგან, რასაც სხვები სიტყვებით გადმოსცემენ, იმავეს ესენი ემოციებით ავლენენ და უნდა ითქვას, რომ საოცრად ლამაზად და წრფელად გამოსდით ეს ყველაფერი).

 

🔹 მეთერთმეტე კლასში ვატარებ გაკვეთილს. ყაზბეგის ბიოგრაფიას ვუყვები ბავშვებს. გაფაციცებული მისმენენ. მწერლის მეცხვარეობაზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, გიორგიმ ხელის აწევით მთხოვა, რაღაცას მეც ვიტყვიო. ნება დავრთე და თავისი მშობლების მცირე ბიზნესზე, ცხვრის მოვლასა და გამრავლებაზე გვიამბო. აღნიშნა, რომ ზაფხულობით თვითონაც მიდის ხოლმე სამწყემსურში, ცხვარსაც კრეჭს, მაგრამ ერკემლის, მამალი ცხვრის ეშინია, რადგან ირქინება.

ერთხელაც ასეთი რამ მომხდარა: დილაუთენია, როცა მწყემსებსაც ეძინათ და ფარასაც, მგელი დასცემია ფარეხს, ორი ბატკანი შეუჭამია და მაკე ცხვრისთვის ყელი გამოუღადრავს. გიორგის ხელები უკანკალებდა მოყოლისას და თვალზე ცრემლი მოადგა, როცა გაიხსენა, როგორ გაუჭრა მეცხვარემ დედა ცხვარს მუცელი, როგორ ამოიყვანა ბატკანი, გაახვია თბილ პლედში და წამითაც არ შორდებოდა. ბატკანი გადაარჩინეს და მის გაზრდაში გიორგისაც დიდი წვლილი მიუძღოდა: ის ასმევდა, აჭმევდა, ბანდა, მწყემსავდა.

– რაც შეეხება მგელს, მისი რუხი ტყავი მეცხვარეებს დღესაც ხის ქოხში უკიდიათ ერთი ცნობილი ნახატის გვერდით, რომელზეც სამი მონადირეა გამოსახული, – დაამთავრა მოყოლა გიორგიმ და კითხვა დამისვა: თქვენი აზრით, მგელი ბოროტია? თქვენც მოკლავდით მას ცხვრის გამო?

– მგელი მტაცებელი ცხოველია, გიო, მე, ალბათ, ვერა, მაგრამ უმეტესობა დასთანხმდებოდა მის მოკვლას, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებისათვის არ მიეყენებინა ზიანი. შენ რის თქმა გსურს ამით? შეგეცოდა მგელი?

– პაპამ მითხრა, მგლის მოკვლიდან რამდენიმე დღეში ტყის პირას მგლის პატარა ლეკვები უნახავთ, მკვდრები და მუცელდაბერილები. ფიქრობენ, რომ მწყემსის მიერ მოკლული ცხოველის შვილები იყვნენ. იქნებ შიოდათ და დედამ მათ გამო გაბედა ფარეხზე თავდასხმა? მასაც ხომ სხვა დედებივით უნდა ეზრუნა პატარებზე?

ქალბატონმა ნატომ, ჩვენმა თარჯიმანმა და მე ერთმანეთს შევხედეთ. კლასიც გასუსულიყო. უფროსებსაც რომ ბავშვებივით სუფთა, წრფელი და მოსიყვარულე გული გვქონდეს, რა ლამაზი იქნებოდა სამყარო, რა ბედნიერები იქნებოდნენ ადამიანები! – ეს სიტყვები ირეოდა ჩვენს ფიქრებში და სიკეთის, სიყვარულის ირგვლივ გვაერთიანებდა.

მეორე დღეს ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფია ყველა მოსწავლემ კარგად იცოდა.

 

🔹 საგაკვეთილო თემად გვაქვს კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები. ბავშვებს ვურიგებ ფურცლებს, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა საგანი: სულიერიცა და უსულოც. თითოეულ სახელს შესაბამისი კითხვა უნდა დაუსვან და დაახასიათონ ისინი თვისებების მიხედვით. მაგ. ვაშლი – წითელია, გემრიელია, მრგვალია, სურნელოვანია, ცივია, პრიალაა…

და არის ერთი ჟივილ-ხივილი, ჯერ ზეპირად ახასიათებენ საგნებს, მერე რვეულში იწერენ და ჩვენკენაც ხშირად აპარებენ მზერას, რომ ჩვენს თვალებში ტიტრებად გაელვებული ემოციიდან თუ სახის მიმიკიდან ამოიკითხონ – არასწორი პასუხის შემთხვევაში ლოიალობას გამოვიჩენთ თუ არა.

დაწერეს.

მთელი გულით ეცადნენ სიყოჩაღე გამოეჩინათ. მერე რა, თუ სპილოზე თქვეს ბებერიაო (დაჭმუჭნილი კანის გამო), ციყვს კუდიანი თაგვი უწოდეს, საათს – მატყუარა, ავტობუსს კი ბნელი – ფანჯრებზე გაკრული რეკლამების გამო. სამაგიეროდ, ექიმზე თქვეს გადამრჩენელიაო, ფოთოლს ხის პატარა შვილი მიუწერეს, ტორტს – დაბადების დღეზე მისატანი, ძაღლს – საშიშიცა და საყვარელიც, ერთდროულად.

კითხვაზე: შეგვიძლია ეს ყველაფერი დავინახოთ, ან ხელით შევეხოთ? – მიპასუხეს:

– დიახო.

– გემო რომელს შეიძლება გავუსინჯოთ-მეთქი?

– ტორტსო.

– ზოგ ქვეყანაში ფოთლებსაც ჭამენ და ძაღლებსაცო… და შეფიქრიანდნენ.

სევდა ჩაუდგათ თვალებში. მივხვდი, საუბრის თემა უნდა შემეცვალა. ავუხსენი, რომ ყველა იმ საგანს, რასაც ვხედავთ, ვეხებით – კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი არსებითი სახელი ეწოდება. მათაც გაიმეორეს: კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი.

– ჩვენ ისეთი არსებითი სახელებიც გვაქვს, რომელთაც ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, მაგრამ ისინი ამის მიუხედავად მაინც არსებობენ. მათაც იგივე კითხვა დაესმით, რაც არსებით სახელს: რა? ასეთი სიტყვებია: შიში, სიხარული, ბედნიერება… დანარჩენი თქვენ დაასახელეთ, ვიცი, რომ იცით, თან ძალიან კარგად.

და სიფრთხილეშეპარული ხალისით აჟივჟივდნენ და ააფრთხიალეს ლამაზი თითუკები, რომ დაქტილის დახმარებით წარმოეთქვათ: სიყვარული, შიმშილი, სიცივე, სიბერე, სითბო და …ომი. ეს ბოლო განსაკუთრებით აწუხებთ პატარებს და მიიჩნევენ, რომ, როცა გაიზრდებიან, არავის მისცემენ იარაღის გამოყენებისა და სისხლისღვრის უფლებას.

იმეორეს და იმეორეს, რომ არ დავიწყებოდათ: კონკრეტული, აბსტრაქტული, კონკრეტული, აბსტრაქტული.

შესვენებაზე გამომკითხეს ყველაფერი, რაც აინტერესებდათ ჩემ შესახებ.

ბოდიშის მოხდით დააკონკრეტეს ჩემი ასაკიც და გაიოცეს, რომ უკვე სამი შვილიშვილი მყავდა.

და სანდრო მეუბნება: ესე იგი, თქვენ აბსტრაქტული ბებია ხართ.

ასეთი ქათინაური ჯერ არავისგან მსმენია.

შევიფერე.

ასე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო და გიამბოთ ჩვენს ლამაზ ბავშვებზე: ნათიასა და ლანაზე, გვანცასა და ლილეზე, მედეასა და სანდროზე, თამუნასა და აკაკიზე, რუსოსა თუ მარიამზე, დიმიტრისა თუ ირაკლიზე, მათეზე, ილიაზე, თამთაზე, ლიზიზე, ელდარსა თუ კორხმანზე… სასწავლებელს უკვე გამომშვიდობებულ თუ ჯერაც სკოლის საიმედო კედლებს შეყუჟულ უსაყვარლეს და უნიჭიერეს გოგო-ბიჭებზე, რომელთა სამყარო სიკეთესავით ჩუმია და უხმო, ყოველგვარ ხმაურს გარიდებული, მაგრამ ათასფერადი, მზის სხივივით აციმციმებული, მეგობრობის მადლითა და სიცოცხლის სიყვარულით ნასაზრდოები.

 

ის-ის იყო წერა დავამთავრე, თვალები მოვიფშვნიტე, მხრებში გავიმართე და აივანზე გასულმა დაღლილი მზერა შორს, მუქლურჯად მიბუნდოვანებული მთებისაკენ გავაპარე, რომ ჩემმა მესინჯერმა გაიწკარუნა და გიგას ახალი შეტყობინება შემომივიდა:

აგრამატიზმის განმარტებას ხელახლა არ შეგახსენებთ, არც მასთან გამკლავებისათვის დასახულ გეგმებზე საუბრით შეგაწყენთ თავს, რადგან მჯერა, ნებისმიერი ხარვეზი საბოლოოდ თუ არ დაიძლევა, მინიმუმამდე მაინც დაიყვანება, მაგრამ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს: ქართული ჟესტური ენა ულამაზესი ენაა, ადამიანები კი, რომლებიც ამ ენას მშობლიურად მიიჩნევენ, საოცარი მგრძნობელობით, ემოციების სიუხვით, ხელოვნებისადმი სიყვარულით, თანადგომისა და თანაგრძნობის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან და  ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი