სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

წყვილებში ხატვა – უმცროსკლასელთა თანამშრომლობის უნარის განვითარების ხელშემწყობი აქტივობა

სკოლაში მომუშავე ნებისმიერმა პედაგოგმა იცის, რომ ცოდნის გადაცემა თანამედროვე სკოლის ერთადერთი მიზანი არ არის -მასწავლებელმა მოსწავლეებს გარკვეული უნარ-ჩვევებიც უნდა გამოუმუშაოს და განწყობა-დამოკიდებულებები ჩამოუყალიბოს. ამისკენ მოუწოდებს მას ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც პედაგოგის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტად ითვლება.

ცოდნის გადაცემა, განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და უნარ-ჩვევების გამომუშავება ერთმანეთისაგან განცალკევებულად ვერ წარიმართება. პედაგოგი მაშინ აღწევს წარმატებას, როცა უშუალოდ სასწავლო პროცესში, კონკრეტული საკითხის სწავლების დროს ახერხებს, ჩამოიყალიბოს მოსწავლეს განსაზღვრული დამოკიდებულებები და განუვითაროს სასურველი უნარ-ჩვევები, რომლებიც ხესლ შეუწყობს მის სრულფასოვან მოქალაქედ აღზრდას – ეს სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.

ამ მიზნების მისაღწევად პედაგოგი სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე სხვადასხვა აქტივობებს იყენებს. ეს ბუნებრივიცაა – ის, რაც ეფექტიანია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან, შეიძლება სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებთან და პირიქით.

იმ უნარებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით სჭირდება ბავშვს პიროვნული განვითარების გზაზე შემხვედრი პრობლემების დასაძლევად, ურთიერთობის, მოსმენისა და თანამშრომლობის უნარებს განსაკუთრებული როლი აკისრია. ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში უწევს პედაგოგს, მაგრამ ყველაზე ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ უმცროსი სასკოლო ასაკი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ასაკში უფროსებს ბავშვებზე ზემოქმედების მეტი შესაძლებლობა გვაქვს.

ვინაიდან ხატვა პატარების ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობაა, შეიძლება მისი აქტიურად გამოყენება უმცროსკლასელებისთვის თანამშრომლობის უნარის განსავითარებლად. რაც შეეხება მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას, ისევ და ისევ უმცროსკლასელთა ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტიანი იქნება წყვილებში მუშაობა.

თუ მეორე სასკოლო საფეხურზე ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარების მიზნით ჯგუფური მუშაობა სასურველ შედეგს გვაძლევს, სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მისი გამოყენება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს – პატარებს უჭირთ საერთო მიზნის მისაღწევად ხუთი-ექვსი ბავშვისგან შემდგარ ჯგუფებში მუშაობა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე ბავშვი ჯერ კიდევ არ არის დაუფლებული წერა-კითხვას და საკუთარ, შესაძლოა გაუცნობიერებელ ემოციებს, გრძნობებს, დამოკიდებულებებს, სურვილებს ყველაზე უკეთ ხატვის საშუალებით გადმოგვცემს.

 

წესები, რომელთა დაცვა მნიშვნელოვანია:

  • უპირველეს ყოვლისა, დავაწყვილოთ ბავშვები. ამასთან, პირველ ჯერზე მაინც ისე, რომ მათ შორის ერთგვარი სიმპათია და კეთილგანწყობა იგრძნობოდეს.
  • დავურიგოთ სახატავი ფურცლები: ორ ბავშვს – ერთი. გავაფრთხილოთ, რომ ეს ფურცელი ორივესია, ორივეს ამ ფურცელზე მოუწევს ხატვა, ამიტომ ის რომელიმე მათგანის წინ კი არა, ბავშვებს შორის უნდა იდოს.
  • მივაწოდოთ პატარებს ინსტრუქცია მარტივი, მათთვის გასაგები ენით, მაგალითად: „ახლა თქვენ თქვენს მეწყვილესთან ერთად უნდა დახატოთ ერთი ნახატი. დახაეთ ის, რაც გსურთ, ოღონდ სანამ ხატვას დაიწყებდეთ, შეუთანხმდით მეწყვილეს, რას დახატავთ, მოუსმინეთ ერთმანეთს, გაიგეთ, რისი დახატვა სურს თქვენს მეგობარს, უთხარით, რისი დახატვა გსურთ თქვენ. შემდეგ აირჩიეთ რაიმე ერთი და დაიწყეთ მუშაობა. ნახატის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ორივემ, მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენს ნამუშევარს არ უნდა ეტყობოდეს, რომ ის ორი ბავშვის მიერ არის შესრულებული. მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგენთ თქვენს ნამუშევარს და გვესაუბრებით ნახატის და თქვენი ერთად მუშაობის შესახებ“. იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვებმა გაიგეს ინსტრუქცია, ვთხოვოთ რამდენიმე მათგანს, გაიმეორონ, რისი გაკეთება მოუწევთ და როგორ უნდა იმუშაონ.
  • მას შემდეგ, რაც ბავშვები მუშაობას დაიწყებენ, აღარ ვიმეორებთ ინსტრუქციას და არ ვაძლევთ შენიშვნებს მისი დარღვევის გამო.
  • მუშაობის დასრულების შემდეგ ბავშვები გვაბარებენ ნამუშევრებს, რომლებსაც ვაწერთ მათ სახელებს და ვაწყობთ მაგიდაზე ისე, რომ არ ჩანდეს, ვისი ნამუშევარია.
  • შემთხვევითობის პრინციპით ვირჩევთ ნახატს, ვაკრავთ დაფაზე. ნამუშევრის ავტორები გამოდიან და საუბრობენ იმის შესახებ, რა დახატეს, როგორ დახატეს და თითოეულმა მათგანმა რა წვლილი შეიტანა ნამუშევრის შექმნაში.
  • ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ჩვენ კომენტარით ვაფასებთ მათ მუშაობას, შესრულებულ დავალებას. ამასთან, ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა, ხაზი გავუსვათ იმას, რაც მოსაწონია მათ ნამუშევარში, მაშინაც კი, თუ ის ინსტრუქციის რომელიმე პუნქტის დარღვევით არის შესრულებული. სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება, ბავშვის მიერ შესრულებულ დავალებაში ვიპოვოთ ის, რაც ნამდვილად იმსახურებს ქებას. თუ მეწყვილეებმა დაარღვიეს ინსტრუქცია, ვეცადოთ, თავად მათ ვათქმევინოთ, რა გააკეთეს არასწორად.
  • აუცილებელია, ყველა წყვილს მივცეთ ჯგუფის წინაშე გამოსვლის და საკუთარი ნამუშევრის წარდგენის შესაძლებლობა.

 

ტიპური შეცდომები, რომლებსაც უშვებენ მეწყვილეები აღნიშნული დავალების შესრულების დროს:

  • ზოგიერთი ბავშვი ცდილობს, მიისაკუთროს ფურცელი.
  • არის შემთხვევები, როცა მეწყვილეები ფურცელზე ხაზის გავლებით ცდილობენ, „მოიზომონ“ საკუთარი ადგილი და ამ ადგილას ხატავენ იმას, რაც სურთ. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთნაირად „გაყოფილ“ ფურცელზე ორივე ბავშვი ერთსა და იმავეს ხატავს, მაგრამ დამოუკიდებლად და ერთმანეთის მუშაობაში არ ერევიან. ასეთ დროს არ არის სასურველი, მივცეთ შენიშვნა და მოვუწოდოთ ინსტრუქციის შესრულებისკენ, თუმცა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა ვკითხოთ, როგორ შეთანხმდნენ, რა დაეხატათ და რატომ არ შეიძლება, მათი ნამუშევარი ერთ ნახატად ჩაითვალოს.
  • ცალკეულ შემთხვევებში მეწყვილეები ისე იწყებენ მუშაობას, არაფერზე თანხმდებიან, ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან, ორივე თავისთვის ხატავს, რაც სურს და პრეზენტაციის დროსაც ცდილობენ, თითოეულმა საკუთარ ნამუშევარზე ისაუბროს. ამ შემთხვევაშიც შევახსენებთ, რა უნდა გაეკეთებინათ და სად დაირღვა ინსტრუქცია.

შეგვხვდება ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც ინსტრუქციის დაცვით იქნება შესრულებული და ბავშვებს საშუალება მიეცემათ, თვალნათლივ დაინახონ, რა შედეგის მიღება შეიძლება ერთმანეთის მოსმენისა და თანამშრომლობის შემთხვევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“