შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოგონებების მცველი

 

 

 

„ვერანაირი მეხსიერება ვერ დაიცავს დროს, მათ შორის წარსულ დროს, აწმყო გარემოებათა მიხედვით განსაზღვრულობისგან“.

 

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მეექვსეკლასელების დამრიგებლობის ბოლო ორი თვეღა მქონდა დარჩენილი, ისინი ქართულის მასწავლებელთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ მუზეუმში წავიყვანე. თვრამეტ ცელქ მოსწავლესთან ერთად ნებისმიერი ადგილის მონახულებას დიდი შფოთი ახლავს თან, თუმცა მუზეუმში შესვლისთანავე ძველი და თითქოს მთვლემარე ხელნაწერების გარემოცვამ ჩემზე დამამშვიდებლად იმოქმედა და, ჩემდა გასაკვირად, არც მეექვსეკლასელებს უცელქიათ ჩვეულებისამებრ. ხელნაწერების დათვალიერების შემდეგ სლაიდშოუც გვიჩვენეს ხელნაწერების, მათი ისტორიისა და რესტავრაციის შესახებ, მერე კი ქართული ანბანის ასოებზე შექმნილი ანიმაციაც ვნახეთ. ბოლოს გიდმა ბავშვებს ძალიან საინტერესო კითხვა დაუსვა: რატომ ისმოდა ანიმაციაში მაინცდამაინც „ხორუმის“ მუსიკა. ბავშვების აზრები გაიყო. ზოგი ამტკიცებდა, იმიტომ, რომ ორივე ქართულიაო, ზოგი – ანიმაციის რიტმს უხდებოდაო. გიდმა აგვიხსნა, რომ ეს მუსიკა შეარჩიეს, რადგან საბრძოლოა, ასოები კი სხვა რა არის, თუ არა იარაღი დროსა და დავიწყებასთან საბრძოლველად? ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ როდესაც გიდის ეს სიტყვები მოვისმინე, მომეჩვენა, რომ რაღაც ახალი და საოცარი შევიტყვე, ხორუმზე მოცეკვავე ანბანი კი დღესაც თვალწინ მიდგას.

შინ დაბრუნებისთანავე გადავწყვიტე, პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ჩემი სამი წლის წინანდელი დღიური ამოვქექე. ჩავხედავდი თარიღს და ვცდილობდი, გამეხსენებინა, რა მოხდა იმ დღეს ისეთი, რომ მისი ფურცლებზე გადმოტანა განვიზრახე. გასაოცარია – ამბების ნახევარი არ მახსოვდა, ან მახსოვდა ოდნავ სხვანაირად. ამან დამასევდიანა. თუ სამი წლის წინანდელი ამბები ჩემმა გონებამ სანახევროდ დაივიწყა ან დაამახინჯა, მაშ, რატომ მგონია, რომ სწორად მახსოვს, რა იყო ხუთი, ათი ან თხუთმეტი წლის წინ?

მოგვიანებით ამ ყველაფერზე ბავშვებსაც ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ ჩვენ ახლა კამერები გვაქვს, რომლებიც ასევე ძალიან კარგი დამხმარეა მოგონებების შემოსანახად. შესაძლოა იფიქროთ, კამერა გარედან აღწერს, სიტყვებისგან განსხვავებით, განცდების გარეთ გამოტანა არ შეუძლიაო, მაგრამ ეს სადავო საკითხია. განა კარგი ფილმი იმდენივეს არ გვიყვება, რამდენსაც კარგი წიგნი? განა ფირებმა არ შემოგვინახა და დავიწყებას გადაარჩინა თუნდაც მხოლოდ ქუჩების ძველი იერსახე? ბავშვების არგუმენტები მომეწონა და სიამოვნებით ვეტყოდი, სამყარომ დავიწყებაზე სამუდამოდ გაიმარჯვა-მეთქი, რომ არა ერთი მავნე ჩვევა, რომელიც სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებაში კამერების შემოჭრამ და სოციალურმა მედიამ მოგვიტანა.

რატომ გვიჩნდება ფოტოების გადაღების სურვილი?! ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან კომპლექსურია. ერთი ის არის, რომ როცა რაღაც ძალიან აღგვაფრთოვანებს და გვინდა, სამუდამოდ შევინახოთ მისი არსებობის დამამტკიცებელი საბუთი, რასაკვირველია, ყოველ ჯერზე ბლოკნოტსა და კალამს ვერ მოვიმარჯვებთ ჩასაწერად. ეკრანზე თითის დაწკაპუნება და ვიდეოს გადაღება გაცილებით ადვილია. ამიტომ ვიღებთ ყველაფერს, რაც გველამაზება, რაც გვინდა არასოდეს წაიშალოს ჩვენი გონებიდან. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ფოტოსა თუ ვიდეოს გადაღებით მეხსიერებას არ ვაცდით, ესა თუ ის მომენტი შემოინახოს.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ცოცხალი კონცერტების მოყვარული და სანახევროდ უსაქმური სტუდენტი ვიყავი, ხშირად დავდიოდი მუსიკალურ ფესტივალებზე. სცენაზე საყვარელი შემსრულებლის გამოსვლას ზემოთ აწვდილი სმარტფონების ზღვა ეგებება ხოლმე. ბუნებრივია, ყველას სურს გადაიღოს, სამახსოვროდ დაიტოვოს, დაპოსტოს ან იმ დღის სთორიზე ატვირთოს. ერთ-ერთი ლაივის შემდეგ, როდესაც ტელეფონში ჩემ მიერ გადაღებულ ვიდეოებს ვათვალიერებდი, აღმოვაჩინე, რომ ის, რასაც ეკრანზე ვხედავდი, საერთოდ არ მახსოვდა. რადგან გადაღებისას ეკრანს ვუყურებდი და არა იმას, სცენაზე და ჩემ გარშემო ხდებოდა. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, ჩემივე გადაღებული მომენტები მხოლოდ ეკრანის გავლით მახსოვს. სამაგიეროდ, მკაფიოდ ჩამრჩა მეხსიერებაში ყველა ის მომენტი, როდესაც სულაც არ მახსოვდა, ტელეფონი რომელ ჯიბეში მედო და უბრალოდ მოხელთებული წამით ვტკბებოდი. შესაძლოა, დრომ ჩემს მოგონებებს ფერი და ფორმა უცვალა, მაგრამ ამ მოგონებებთან დაკავშირებული ემოციები არასდროს მეცვლება. იმათგან განსხვავებით, რომლებიც ეკრანში დამრჩა.

მუზეუმში მისვლისთანავე ჩემმა მეექვსეკლასელებმა ტელეფონები მოიმარჯვეს და სათითაოდ გადაიღეს ყველა ხელნაწერი. მაშინვე შენიშვნა მივეცი, ისე დააკვირდით, სურათები რად გინდათ-მეთქი, მაგრამ ბავშვებს, ხომ ჰაერზე მიცემული შენიშვნები არ ესმით, უნდა დაუსაბუთო. ამიტომ მეორე დღეს, როდესაც მოგონებების და მოგონებათა მცველების – ასოებისა და კამერების შესახებ ვმსჯელობდით, ვკითხე მათ; რა საჭირო იყო 50-ზე მეტი ისეთი ფოტოს გადაღება, რომლებსაც ერთხელ დაათვალიერებდნენ, მერე კი, როცა ტელეფონის მეხსიერება გადაევსებოდათ, ერთიანად მონიშნავდნენ და წაშლიდნენ? რასაკვირველია, ამან ბავშვები დააფიქრა.

სიმართლე ის არის, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. განა ცუდია, როდესაც ჩვენს საყვარელ შემსრულებელს ვიდეოს ვუღებთ? განა ცუდია, რომ გვსურს აღვბეჭდოთ, სად ვართ, რას ვხედავთ, რა მოგვწონს იმ მომენტში? არა! მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ჩვევად გვექცა და ის, რაც მოგონებების შენახვაში უნდა დაგვხმარებოდა, მათ გაუბრალოებაში უფრო გვეხმარება. ამიტომ ვაცადოთ ჩვენს გონებას, დაინახოს, გაიგონოს, შეეხოს, შეიგრძნოს ყველა დამხმარე ინსტრუმეტის წყალობით და მერეღა მოვიმარჯვოთ კამერა. ასე ორივე შემთხვევაში მოგებულები დავრჩებით.

და კიდევ: თუ მაინცდამაინც, თქვენი ემოცია გადაიღეთ ხოლმე. ის ემოცია, რომელიც გადაღებას გაიძულებთ. სხვა ყველაფერი ისედაც დაგხვდებათ ინტერნეტში.

უამბეთ ამაზე ბავშვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი