ადამიანის არჩევანს – გაბედულს, საბედისწეროს, ჭკვიანურს, სულელურს – ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. არჩევანი განსაზღვრავს გზასა და მიზანს. ის გამოავლენს ადამიანის ბუნებასაც, ხშირად – შენიღბულსა და შეუმჩნეველს. არჩევანი ადამიანს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამყაროს შემეცნებაშიც ეხმარება. ის არის ერთგვარი ბიძგი თუ იმპულსი მოძრაობისა, განვითარებისა, დაცემისა თუ წამოდგომისა. მხატვრულ ლიტერატურასა თუ ისტორიაში ბევრი გამორჩეული, მშვენიერი და ძლიერი ქალია, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს თავიანთი პიროვნული არჩევანით, ნებისყოფით, თავისუფლების სიყვარულითა და პრინციპულობით. მათ შორისაა მარსელა, სერვანტესის „დონ კიხოტში“ გაელვებული ქალი, რომელიც მწუხარე სახის რაინდს ცხოვრების გზაზე გადაეყრება. იმ მშვენიერ წარმოსახულსა თუ რეალურ ქალებს, რომელთაც იგი ეთაყვანებოდა, დაემატა მარსელა, რომელმაც რაინდი მოხიბლა თავისუფლების წყურვილით, სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ პროტესტით, ბრძოლის სულისკვეთებითა და დაუმორჩილებლობით. დონ კიხოტმა მასში მონათესავე სული ამოიცნო და მისი დაცვა და მსახურება გადაწყვიტა, მაგრამ მარსელა ისევე მალე გაქრა თვალსაწიერიდან, როგორც გამოჩნდა. მან პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის თავისუფლებაზე ხმა ამოიღო და არა მხოლოდ თეორიულად გააკრიტიკა არსებული გენდერული იერარქიები, არამედ პროტესტი პრაქტიკულადაც განახორციელა. ის თავისი თამამი და საზოგადოებისთვის მოულოდნელი თვალსაზრისებით თანამედროვე ფემინისტურ შეხედულებებს ეხმიანება. რაც მთავარია, მის მხარეს დგება დონ კიხოტი, რომელიც სწორედ იმისთვის გამოვიდა სახლიდან, წიგნების ემბაზში მონათლული, რომ თავისუფლების რაინდული იდეალები დაებრუნებინა სამყაროში. ამიტომ მარსელათი მოიხიბლა, როგორც სულით, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასა თუ საზოგადოებრივ შეხედულებებზე მაღლა პიროვნულ არჩევანსა და თავისუფლებას აყენებდა და მზად იყო, მათთვის სიცოცხლეც გაეწირა. მისთვის მთავარი იყო, თავის გულისხმას მიჰყოლოდა და სხვათა შეხედულებათა მონურ მორჩილებაში არ გაეტარებინა სიცოცხლე.
ვირჯინია ვულფი წერდა თავის სახელგანთქმულ ესეში „საკუთარი ოთახი“: „კანონი ქალებს უფლებას არ აძლევდა, ყოფილიყვნენ თუნდაც საკუთარი შრომის შედეგად ნაშოვნი ფულის პატრონები. საუკუნეების განმავლობაში, ყველაფერი ქმრის საკუთრებად ითვლებოდა“. „ქალები საუკუნეების განმავლობაში იმ მაგიური სარკეების როლს ასრულებდნენ, რომლებშიც მამაკაცები ბუნებრივზე ორჯერ უფრო მაღლები ჩანდნენ. ამ მაგიური ძალის გარეშე დედამიწა ალბათ დღემდე გაუვალი ჭაობებითა და ჯუნგლებით იქნებოდა დაფარული“; „მას (კაცს) სჭირდება სარკეები გარშემო, საუზმესა და სადილზე, რომ საკუთარი თავი, სულ მცირე, ორჯერ უფრო მაღალი დაინახოს, ვიდრე სინამდვილეშია“. ამ მსჯელობისას ვირჯინია ვულფი ირონიულად შენიშნავს: „ნაპოლეონი და მუსოლინი ასე კატეგორიულად აცხადებენ ქალების არასრულფასოვნების შესახებ, რადგან თუ ისინი არ იქნებიან არასრულფასოვნები, თავადაც შეწყვეტენ სიმაღლეში მატებას“.
მარსელა „დონ კიხოტის“ პირველი ნაწილის მხოლოდ ორ თავში (მეცამეტესა და მეთოთხმეტეში) გვხვდება, მაგრამ მკითხველს ამახსოვრდება მისი ელვარე ხასიათი, ნებისყოფა, საკუთარ თვალსაზრისთა მჭევრმეტყველურად დაცვის უნარი, წინააღმდეგობის ენერგია, რომელიც ყველა ხიფათს გადალახავს. საქმე კი ის გახლდათ, რომ მწყემსმა-სტუდენტმა ქრიზოსტომმა მზეთუნახავ მარსელას უპასუხო სიყვარულის გამო მოიკლა თავი. სწორედ ამ ამბავს მოუყვნენ დონ კიხოტს მწყემსები, რა თქმა უნდა, თავიანთი ინტერპრეტაციებით. დონ კიხოტმა კი, რომელიც დრამატული ამბების მიმართ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა, ქრიზოსტომის დაკრძალვაზე დასწრება გადაწყვიტა. სწორედ ამ დაკრძალვისას გამოჩნდება „დამნაშავე“ მარსელა, რომელიც მჩქეფარე მონოლოგით ყველას დაუსაბუთებს თავის სიმართლეს. რადგან ქრიზოსტომმა თავი მარსელას გამო მოიკლა, ე.ი. ქალია დამნაშავე – ასე ფიქრობს საზოგადოება და თხზავს ათასგვარ ბინძურ ჭორს, რათა დაამციროს, შეურაცხყოს ახალგაზრდა მარსელა, რომელმაც უარი გაბედა. მწყემსებისთვის მარსელა ალქაჯია, რადგან სხვებს არ ჰგავს. იგი მდიდარი ოჯახის შვილია, გამორჩეული სილამაზის პატრონი, ამიტომ ბევრი ეტრფის, მაგრამ მარსელას სხვა მიზნები აქვს. გათხოვებას ის სხვა მწყემსი ქალებივით იალაღებზე ხეტიალს და ცხვრის მწყემსვას არჩევს და მწყემსები, კაცები, თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევენ, – როგორც ვირჯინია ვულფი შენიშნავს: „ძალაუფლების მქონე კაცი შეიძლებოდა გაბრაზებული ყოფილიყო ქალზე. ან იქნებ გაბრაზება, როგორღაც, ძალაუფლების თანმხლები ემოციაა? („საკუთარი ოთახი“). ისინი ბრაზობენ მარსელაზე, რომელმაც უარი გაბედა და საკუთარ არჩევანს მისდია. მათთვის მარსელა გულქვაა, რადგან ქრიზოსტომის შეთხზულმა ლექსებმაც კი ვერ მოულბო გული. მიუხედავად იმისა, რომ ქრიზოსტომი სტუდენტი იყო და ათასგვარ სიბრძნეს ეუფლებოდა, ის თავისუფლება არ ჰქონდა, რომ საკუთარი თავი ემართა და სხვისი თავისუფლების საზღვრები არ დაერღვია. ერიხ ფრომი წერს: „თუკი შენ ისე გიყვარს, რომ ვერ იწვევ საპასუხო სიყვარულს, თუ შენი სიყვარული სხვაში ვერ ბადებს იმავე გრძნობას, თუკი ვერ ახერხებ, რომ შენც შეგიყვარონ, მაშინ შენი სიყვარული უძლურია და იგი ტრაგედიად გადაიქცევა“ („სიყვარულის ხელოვნება“).
მარსელამ დაძლია უმთავრესი: შიში, რომლის სპექტრი ცისარტყელასავით ფერადოვანი იყო. ეს იყო შიში განკერძოებულობისა, განსხვავებულობისა, გაკიცხვისა, შეურაცხყოფისა. ის დაკრძალვაზე გამოჩნდა და მონოლოგით არა მხოლოდ თავი დაიცვა, თავისი პიროვნული არჩევანი გაამართლა, არამედ საზოგადოებაც დაადანაშაულა უსულგულობასა და უმეცრებაში. მან თქვა: „ჩემი სილამაზე რომ ჩემს თავს აყვარებს ხალხს, განა მე ყველა უნდა შევიყვარო, ვისაც ვუყვარვარ? ჩემი ჭკუით ვიცი, ყველა მშვენიერი ჩემთვის საყვარელია, მაგრამ აქაო და მშვენიერი ყველას თავს გვაყვარებსო, განა სამართლიანი იქნება, მასაც სამაგიერო სიყვარული მოვთხოვოთ ყველამ?“ მას მსმენელი ნელ-ნელა შეჰყავს ფიქრის ლაბირინთებში და მწყობრი ლოგიკით გზას უნათებს, რათა ჩასწვდნენ სიცოცხლის ჭეშმარიტ კანონს: ყველას თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს, განურჩევლად სქესისა: „ვის შეუძლია ძალად შემაყვაროს თავი, თუ მისკენ გული არ მიმიწევს? სიყვარული თავისუფალი უნდა იყოს და არა ძალდატანებითი. თუ ეს ასეა, მაშ ძალას რად მატანთ, შეგიყვაროთ? ერთი მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, გონჯი რომ გავჩენილიყავი, სიმართლე იქნებოდა დაგმდურებოდით, რატომ არ გიყვარვართ-მეთქი? თუ ღმერთმა ლამაზი გამაჩინა, რა შუაში ვარ, მე ხომ არ მითხოვია? განა გველს დანაშაული აქვს, ნესტარში რომ შხამი უდგას და თავის გარშემო სიკვდილსა ჰფენს? მაშ, ჩემი სილამაზის გამო ჩემი გაკიცხვაც არ შეიძლება“. მარსელას გამჭრიახობა და გულისხმიერება წარმოჩნდება, როდესაც ის პრობლემას ფილოსოფიურად განსჯის, მის ეგზისტენციალურ სიღრმეებს წარმოაჩენს: „ნამდვილი ჩვენი სილამაზე სულის ღირსებაა: უამისოდ შეიძლება ლამაზიც ვიყოთ, მაგრამ ლამაზებად კი არ უნდა ვითვლებოდეთ“. ეს ის დროა, როდესაც „ქალიშვილი, რომელიც უარს განაცხადებდა, ცოლად გაჰყოლოდა მშობლების მიერ შერჩეულ კაცს, შეეძლოთ ოთახში გამოეკეტათ, ეცემათ და თმებით ეთრიათ, რასაც საზოგადოების მხრიდან არავითარი პროტესტი არ მოჰყვებოდა. ქორწინება არა პიროვნული გრძნობების, არამედ ოჯახური გამორჩენის საქმე იყო, განსაკუთრებით – „სარაინდო“ მაღალ კლასებში“ (ვირჯინია ვულფი).
მარსელა ცდილობს, იქ შეყრილ საზოგადოებას ნამდვილი თავისუფლების არსი განუმარტოს: „თავისუფლად დავიბადე და რადგან ამ თავისუფლებას ძვირად ვაფასებ, ამიტომაც ველად გამოველ: ჩემი მესაიდუმლენი ამ მთის ტყეებია და ანკარა წყაროები“. მას უგუნურებად მიაჩნია ქრიზოსტომის სიკვდილში მისი დადანაშაულება, რადგან არასოდეს დალაპარაკებია, არც ფიცი მიუცია სიყვარულისა. მარსელა ცდილობს, თვალი აუხილოს საზოგადოებას, რომელიც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ქალის ამგვარ არჩევანზე განრისხებული. მარსელას კი სულ სხვა ფიქრები აქვს: „ჩემი სურვილები ამ მთებს იქით არ გადიან და თუ ხანდახან იმათ აღმაც ფრენენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ზეცის უკუნითი მშვენიერებით დატკბნენ, იმ პირველყოფილი სავანის მშვენიერებით, საიდანაც ჩვენი სული ჩამოსულა და სადაც კვლავ უნდა ავიდეს“. ამიტომაც არის, რომ მისით მოხიბლული დონ კიხოტი ყველას გასაგონად ხმამაღლა იტყვის: „არავინ გაბედოთ მარსელას უკან გამოდგომა, ვისაც არ გინდათ, ჩემი რისხვა გამოიწვიოთ; მან ცხადი საბუთით დაამტკიცა, რომ ქრიზოსტომის სიკვდილში არავითარი ბრალი არ უდევს და პირდაპირ თქვა, რომ არავინაც არ უნდიხართ. ამიერიდან თავისი სიყვარულით მისთვის თავის მობეზრება აღარავინ გაბედოს. ყველა კეთილგონიერმა კაცმა იმას მხოლოდ პატივი უნდა სცეს, რადგან მთელ ქვეყანაზე, მგონია, მარტო ეგ არის, რომ უმანკო ცხოვრებითა ცხოვრობს“.
ანტონიო მუნიოს მოლინა თავის წერილში „დონ კიხოტი ანუ ქმნადობის ხელოვნება“ პერსონაჟთა თავისებურ კლასიფიკაციას გვთავაზობს. ის ყველა პერსონაჟს ორ კატეგორიად ყოფდა: „ქმნადნი“ და „მყოფნი“. ქმნადებად მიიჩნევდა ისეთ პერსონაჟებს, რომლებიც ნაწარმოების განმავლობაში იცვლებოდნენ, ხოლო „მყოფებად“ – ისეთებს, რომლებიც ერთგვარ სტატიკურ ხასიათებს ინარჩუნებდნენ, ასეთად მიაჩნდა, მაგალითად, შერლოკ ჰოლმსი, ხოლო „ქმნადად“ – დონ კიხოტი და მარსელა. იგი იმ გარემოში, რომელშიც იზრდებოდა, მორჩილ ქალად უნდა ჩამოყალიბებულიყო, საზოგადოების ადათ-წესებსა და კანონებს მიჰყოლოდა, მან კი სულ სხვაგვარი გზა აირჩია, რთული, სახიფათო, მაგრამ თავისუფალი: „როდესაც მარსელა წინ აღუდგება საზოგადოებას, რომელიც ცდილობს, მას საკუთარი ნება მოახვიოს თავს, ის წარმოგვიდგება თანამედროვე ქალად, თანამედროვე პერსონაჟად. მარსელას სურს, დამოუკიდებლად იპოვოს თავისი ადგილი რეალურ ცხოვრებაში“.
ამ თვალსაზრისით, მარსელა ენათესავება ქართული ლიტერატურის იმ გამორჩეულ ქალ პერსონაჟებსაც, რომელთათვისაც პიროვნული თავისუფლება უპირველესი სასიცოცხლო ღირებულებაა (აღაზა, ლელა, ნესტან-დარეჯანი, ტერეზა და სხვ.). გურამ დოჩანაშვილის მეტაფორული თქმისა არ იყოს: „თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია“ („სამოსელი პირველი“).
„არ არსებობს კარიბჭე, არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ“, – წერს ვირჯინია ვულფი და თითქოს მარსელას სულისკვეთებას გამოხატავს. „შევეცადოთ, ადამიანებს არ ვხედავდეთ ყოველთვის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, არამედ ზოგჯერ ვხედავდეთ მათ დამოკიდებულებას რეალობასთან, ცასა და მიწასთან და ნებისმიერ რამესთან, რაც თავისთავადია“ (ვირჯინია ვულფი). მარსელამ სწორედ ეს მოიპოვა – დამოუკიდებლობა, რომ რეალობასთან, ცასთან, დილასა თუ საღამოსთან, მზესა და ვარსკვლავებთან თავისი ლაღი, თავისუფალი დამოკიდებულება ჰქონოდა.