სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თუ ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე

არცთუ იშვიათად მშობლები აწყდებიან სიტუაციას, როცა ბავშვი კატეგორიულ უარს აცხადებს სკოლაში წასვლაზე, ჭირვეულობს, აწყობს ამბოხს, მაგრამ, თუ მაინც წაიყვანეს, გაკვეთილებზე მშობლის გარეშე არ ჩერდება და ტირილით სახლში დაბრუნებას ითხოვს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სკოლაში არწასვლის სურვილი სასკოლო ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება დაფიქსირდეს. მართალია, სხვადასხვა ასაკში მას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, მაგრამ თუ აღნიშნული ქცევა ერთჯერად ხასიათს არ ატარებს, განმეორებადია და დროთა განმავლობაში სულ უფრო მწვავედ ვლინდება, საჭირო ხდება ჩარევა და ბავშვისთვის დროული დახმარების აღმოჩენა. აღნიშნულ პრობლემას არცთუ იშვიათად კომპლექსური ხასიათი აქვს და ასეთი ქცევის ერთადერთი მიზეზის გამოვლენა საკმაოდ რთულია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც. თუმცა, არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის სურვილზე, არ იაროს სკოლაში.

 

 ბავშვის სკოლაში არწასვლის სურვილის გამომწვევი მიზეზები:

  • პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ასაკს. თუ სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს პირველკლასელი, დიდი ალბათობით ეს სკოლასთან გართულებულ ადაპტაციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. როცა ბავშვი სკოლისათვის მზაობის არასათანადო დონით იწყებს სასკოლო სწავლებას და მისი ფსიქიკა ამისათვის ჯერ მზად არ არის, მას სკოლასთან ადაპტაცია ძალიან გაუჭირდება. დიდი ალბათობით ბავშვს არ ექნება გაკვეთილებზე ჯდომის სურვილი, რადგანაც მისთვის სწავლა ჯერ კიდევ არ არის ქცევის წამყვანი ფორმა, მის ადგილს ისევ თამაში იკავებს, სიტუაციურ-როლური თამაში, როგორც სკოლამდელ პერიოდში. გასათვალისწინებელია, რომ ქცევის ერთი წამყვანი ფორმიდან მეორეზე გადასვლა ასაკის მატებასთან ერთად ავტომატურად არ ხდება. ამის უგულებელყოფამ შეიძლება ბავშვს სერიოზული პრობლემები შეუქმნას, განსაკუთრებით სასკოლო ცხოვრების საწყის ეტაპზე;
  • ბავშვის სასკოლო დატვირთვა შეიძლება ასევე გახდეს იმის მიზეზი, რომ მას აღარ მოუნდეს სკოლაში წასვლა. კონკრეტული ასაკის მოსწავლისათვის შეუფერებელი რეჟიმი ხშირად სერიოზული სირთულეების წინაშე გვაყენებს. ასეთ დროს ბავშვი, როგორც წესი, ვერ უძლებს სასკოლო დატვირთვას. ნებისმიერი სასწავლო პროგრამა ოდნავ წინ უნდა უსწრებდეს მის ასათვისებლად საჭირო ბავშვის შესაძლებლობებს, მაგრამ, ამავე დროს არ შეიძლება, რომ მოსწავლე სერიოზულად გადატვირთული იყოს. გარდა ამისა, არ ღირს ბავშვისთვის ზედმეტად ბევრი დამატებითი მეცადინეობების, წრეების, კლასგარეშე აქტივობების შერჩევა. ნებისმიერ მშობელს სურს, რომ ყველაფერი საუკეთესო და ამასთან დროულად მისცეს საკუთარ შვილს. ამიტომ, სკოლაში შეყვანის ლამის პირველივე დღეებიდან დაჰყავს ის სხვადასხვა წრეზე. თუ ყველაფრის – საშინაო დავალებების, დამატებითი მეცადინეობების, წრეების შემდეგ ბავშვს ორ-სამ საათზე ნაკლები რჩება დასვენებისა და გართობისთვის, საჭირო იქნება მისი დღის რეჟიმის გადახედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ პრობლემას შეიძლება სხვა პრობლემებიც დაემატოს. ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში ბავშვი შეიძლება გახდეს უყურადღებო, გაფანტული მეცადინეობის, ისეთი დავალებების შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ კონცენტრაციას. ამ ყველაფრის თანმხლები იქნება ჭირვეულობა, აგრესიის სხვადასხვა გამოვლინებები, ცუდი ძილი, მადის დაკარგვა, ხშირი ავადმყოფობა, დათრგუნულობა. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ იქნება, თუ ბავშვს გაუჩნდება სურვილი, განერიდოს იმ გარემოს, რომელიც მისი გადაღლისა და გამოფიტვის მიზეზი ხდება;
  • ბავშვში სკოლაში წასვლის სურვილის არქონის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დაძაბული ურთიერთობა მასწავლებელთან. კონფლიქტი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის შეიძლება იყოს როგორც რეალური, ასევე წარმოსახული. ზედმეტად მკაცრმა, ან ზედმეტად ემოციურმა მასწავლებელმა, მით უმეტეს თუ ბავშვს უჭირს ემოციების მართვა, შეიძლება მასში გამოიწვიოს შფოთვა, ნერვიულობა, შეგრძნება, რომ მას ავიწროებენ. თუმცა, მასწავლებელი შეიძლება უბრალოდ ექსპრესიულად, ზედმეტად ემოციურად გამოთქვამდეს საკუთარ აზრს და არავითარ შემთხვევაში არ სურდეს ბავშვის განაწყენება. მეორე მხრივ, ნებისმიერ მასწავლებელს ნამდვილად ჰყავს თავისი ფავორიტები და ისეთებიც, რომლებიც მას აღიზიანებენ, რომლებიც მას აშკარად არ მოსწონს. ჩვეულებრივ, ადამიანისთვის ეს ნორმალურია, მაგრამ პროფესიონალ პედაგოგს, მიუხედავად პირადი სიმპათიისა და ანტიპათიისა, უნდა შეეძლოს პატივისცემით მოეპყროს თითოეულ ბავშვს, მაშინაც კი, თუ მოზარდი თავად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას მასწავლებელთან მისი წონასწორობიდან გამოსაყვანად. მასწავლებელთან გართულებული ურთიერთობა შეიძლება გახდეს სერიოზული მიზეზი იმისა, რომ ბავშვს არ სურდეს სკოლაში სიარული;
  • თანაკლასელებთან უარყოფითი დამოკიდებულება, გართულებული სოციალური ურთიერთობები შეიძლება სერიოზულ ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა და თანაკლასელებს შორის მეგობრების პოვნა. სამწუხაროდ, მოსწავლეთა ჯგუფებში ყოველთვის არ ყალიბდება ხელსაყრელი ფსიქოლოგიური ატმოსფერო. თუ ბავშვი გამოირჩევა ჩაკეტილობით, სიმორცხვით, ან რაიმე სხვა უცნაურობებით, ის შეიძლება გახდეს თანაკლასელების მხრიდან დაცინვის, ჩაგვრის, დაშინების ობიექტი, რამაც შეიძლება სერიოზული ტრავმა მიაყენოს მოზარდს და ამ ტრავმისაგან ის მრავალი წელი ვერ განთავისუფლდეს;
  • პერფექციონიზმი ან მიზნის არარსებობა შეიძლება სკოლისგან განრიდების სერიოზულ სურვილს უჩენდეს ბავშვს. როდესაც მშობლები ან თავად ბავშვი დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს, ის ელის იდეალურ შედეგებს, ხელს კიდებს რთული ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც მისთვის ჯერ კიდევ დაუძლეველია, რის გამოც მუდმივად განიცდის იმედგაცრუებას საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. თუ ბავშვი პირიქით, არ ისახავს მიზნებს, თავს არიდებს კონკურენციას, წინასწარ მზადაა დამარცხებისთვის, ინტერესი სწავლისა და სკოლის მიმართ ქრება, რადგან ასეთ შემთხვევაში სკოლა ასოცირდება წაგებასთან;
  • ზოგიერთ შემთხვევაში თავად მშობლები ხდებიან მაპროვოცირებელი, რომ ბავშვს არ სურდეს სკოლაში წასვლა და გაკვეთილებზე დასწრება. გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა ბავშვის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნები არ არის თანხვედრაში მის რეალურ შესაძლებლობებთან, შეიძლება დიდი ტრავმა მიაყენოს მის მყიფე ფსიქიკას;
  • ოჯახური სიტუაცია ასევე შეიძლება გახდეს ბავშვის სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი. თუ ბავშვი არ იღებს საკმარის ყურადღებას მშობლებისგან, მას ბუნებრივია მთელი დღის მშობლებთან გატარება უფრო ენდომება, ვიდრე სკოლაში მერხთან ჯდომა;
  • ხანდახან ბავშვებს უბრალოდ უჭირთ ხანგრძლივი არდადეგების ან დასვენების დღეების შემდეგ სკოლაში დაბრუნება და სასწავლო პროცესში ძველი მონდომებით ჩართვა. ასეთ დროს ისინი ყველანაირად ცდილობენ, განერიდონ სკოლასა და საგაკვეთილო პროცესს;
  • გარდატეხის ასაკში მოზარდი მართალია უარს არ აცხადებს სკოლაში წასვლაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცალკეული გაკვეთილები გააცდინოს ან სკოლისკენ მიმავალმა გზიდან გადაუხვიოს.

 

რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების და სწავლისათვის თავის არიდების სურვილის დაძლევაში:

 

  • პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, ან ძალიან ნერვიულობს სკოლაში წასვლის წინ, შევეცადოთ გავარკვიოთ, რა აწუხებს მას, რა იწვევს მის შფოთვას. ამისათვის დავუსვათ მარტივი შეკითხვები: „რა გაწუხებს, როცა სკოლაში მიდიხარ?“, „როგორ ფიქრობ, რა მოხდება, თუ სკოლაში წახვალ?“ ან „რა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, თუ სკოლაში წახვალ?“ ბავშვმა შეიძლება არც გვითხრას, რატომ არ უნდა სკოლაში წასვლა, რატომ ნერვიულობს. ხშირად მას გაჩუმება ურჩევნია რამის თქმას, რადგან ეშინია, რომ მშობელი სკოლაში გაიქცევა პრობლემის გადასაჭრელად და შეიძლება აურზაურიც კი ატეხოს. ასეთ შემთხვევაში მისი თანატოლები იფიქრებენ, რომ ის მაბეზღარაა. სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება მოთმინება და დაჟინებულობა იმისათვის, რომ თავისი შიშებისა და შფოთვების შესახებ ბავშვმა რამე გვითხრას. მივცეთ მას პირობა, რომ მისი თანხმობის გარეშე არაფერს მოვიმოქმედებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შიში უფრო გაღრმავდება იმაზე ფიქრით, რომ მას უფრო აგრესიულად მოეპყრობიან, დააშინებენ, იძალადებენ;
  • პრობლემის დასაძლევად აუცილებელია, ვიპოვოთ ბავშვის ქცევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და მის დაძლევაზე ვიმუშაოთ;
  • წარმატების მისაღწევად საჭიროა მშობლისა და პედაგოგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მოქმედება. ეს ბევრად დააჩქარებს პრობლემის მოგვარებას;
  • რაც არ უნდა იყოს ბავშვის სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა და სკოლისათვის თავის არიდების მიზეზი, დროული და სწორი ჩარევის შემთხვევაში აღნიშნული სირთულე, დიდი ალბათობით, დაძლევადია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სკოლისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ჯერ კიდევ ბავშვის სკოლაში შეყვანამდე ვიზრუნებთ და ყველა სავარაუდო სირთულის დასაძლევად წინასწარ მოვემზადებით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სკოლა ბავშვისთვის სასურველ ადგილად, სწავლა კი მიმზიდველ საქმიანობად იქცეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“