კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

 წიგნი-საკურა

„უხილავი სხეულებიც ხომ არსებობენ“.

 მისუძუ კანეკო

 

2011 წლის 11 მარტს იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე გამანადგურებელი მიწისძვრა მოხდა. მთელი მსოფლიო შეძრა წარმოუდგენელი სიმძლავრის ტალღების მიერ შთანთქმული ქალაქების ტრაგედიამ.

სტიქიის შემდეგ, ფინანსურმა და სავაჭრო კომპანიებმა, ცუნამის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, უარი განაცხადეს სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე. ამის ნაცვლად, საეთერო დრო სრულად დაეთმო სოციალურ განცხადებებს. მათ შორის იყო ვიდეო-რგოლი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლექსი – „შენ ექო ხარ?“.

ეს ლექსი 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ პოეტ ქალს – მისუძუ კანეკოს ეკუთვნის და მის შესახებ იაპონიამ ხელახლა შეიტყო. მილიონობით ადამიანის გულს მისწვდა მისი ემპათიით და სიყვარულით სავსე ხმა, იმედისა და გამხნევების ექოებად მოეფინა ეს ნატიფი, გამჭვირვალე და ღრმა პოეზია.

„- მიპასუხე, ექო შენ ხარ?

– არა, ყველანი ხართ ერთად!“.

ამ სტრიქონებით მთავრდება ეს სიმბოლური ლექსი და მის მსმენელსა თუ წამკითხველში უმთავრეს ადამიანურ აზრს აბრწყინებს – ყველა ჩვენგანი უნიკალურია და ამასთან ერთად დიდი, ღვთაებრივი მთლიანობის/ერთობის ნაწილია. თავისთავადია, თვითმყოფადია და თან უმნიშვნელოვანესი თვალია კაცობრიობის ქსოვილზე.

ამ აზრითაა განმსჭვალული მისუძუ კანეკოს პოეზია, ისევე როგორც მთლიანად იაპონური კულტურა – უმცირესში უდიადესის ამსახველი და სამყაროს ყოველ მისხალში ჭეშმარიტების ამომკითხველი.

უცნაურია პოეტის ბედისწერა: გამანადგურებელი მიწისძვრის ინერციამ ხსოვნის უფსკრულიდან ხელახლა ამოტყორცნა შემოქმედება, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე გაიწირა დავიწყებისთვის. საბედნიეროდ, მისი პოეზიის გზაზე დროდადრო ჩნდებოდნენ ადამიანები, ვინც ამ უფსკრულებს გამოსტაცებდნენ ხოლმე მისუძუ კანეკოს სახელს. ასე მოხდა მიწისძვრამდე რამდენიმე ათეული წლის წინაც – როდესაც ახალგაზრდა პოეტმა, სეცუო იაძაკიმ ერთ ძველ ჟურნალში შემთხვევით აღმოაჩინა უცნობი ავტორის ლექსი „იღბლიანი თევზაობა“. ეს შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება იქცა მისთვის უმთავრეს იმპულსად, რათა მრავალი წელი დაეხარჯა მისუძუ კანეკოს სხვა ლექსების ძებნაში. ბოლოს და ბოლოს, 1982 წელს, მიაკვლია პოეტის უმცროს ძმას, რომელიც უკვე ოთხმოცს იყო მიტანებული, სწორედ მან გადასცა იაძაკის თავისი დის ლექსების სამი გაცრეცილი რვეული და საოჯახო ფოტოები.

გავა კიდევ ნახევარი საუკუნე და აგერ, სულ ცოტა ხნის წინ, მისუძუ კანეკოს სახელს აღტაცებით და სიხარულით გააცნობს ქართველს მკითხველს მარიამ წიკლაური – თავად არაჩვეულებრივი პოეტი, რომელიც ჩვეული რუდუნებით შეუდგება იაპონელი პოეტი ქალის თარგმნას და ნაყოფიერადაც გაასრულებს.

ეს თარგმანები კი გამომცემლობა „სეზანის“ მიერ (პროექტის ხელმძღვანელი მანანა კარტოზია) დასტამბულ შთამბეჭდავ კრებულში დაბინავდება.

მისუძუ კანეკო საბავშვო ავტორად მიიჩნევა, თუმცა სწორედ იმ კულტუროლოგიური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, მისი შემოქმედება უასაკო უფროა – თანაბრად ორგანულია როგორც საბავშვო, ასევე სადიდო პოეტური სამყაროსათვის; თანაბრად მძლავრი და შთამბეჭდავია ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის. ეს პოეტური ხმა და ხასიათი ზედმიწევნით მოიხელთა მარიამ წიკლაურმა, რომლისთვისაც მსგავსი პოეტიკა უცხო სულაც არაა. ვინც მის საბავშვო და სადიდო პოეზიას იცნობს, არც ამ აზრში დაეჭვდება – მისთვისაც ერთი დიდი, მთლიანი და ღვთაებრივი პოეტური სამყაროს გამოვლინებაა ერთი შეხედვით უმარტივესი საბავშვო ბწკარებიც და ურთულესი აზრობრივი შრეებით დამუხტული „საუფროსო“ ლექსებიც. ამ ოსტატობით თარგმნა მან სხვადასხვა დროს არაერთი დიდი ავტორი – ცვეტაევა თუ კავაფისი, რუნებერგი თუ ელიტისი.

თუმცა, მისუძუ კანეკოს შემთხვევაში, ამოცანა მაინც რთული იყო – ისევ და ისევ იაპონური ენისა და კულტურის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამ სირთულეების დაძლევაში მარიამ წიკლაურს იაპონელი მეცნიერი და ქართველოლოგი – იასუჰირო კოჯიმა დაეხმარა, რომელმაც მხატვრულ-ენობრივ ნიუანსებში წვდომაც გაუადვილა და პირველ შემფასებლადაც იქცა დღესდღეობით ყველაზე ცნობილი იაპონელი საბავშვო პოეტის ქართული თარგმანებისა.

„აბა, მიუყურადეთ ექოს საქართველოდან“ – ამ რეპლიკით ეპატიჟება იასუჰირო კოჯიმა მკითხველს კრებულში, რომელსაც სწორედ ასე ჰქვია: „იაპონური ექო“.

კრებულში ორი წიგნია თავმოყრილი – სიეტლში, დეივიდ იაკობსონის გამოცემა „შენ ექო ხარ?“ და „დაკარგული ლექსები“ – კანეკოს რვეულებში აღმოჩენილი რამდენიმე რჩეული ლექსი.

„პირველქმნილი ადამიანის გაოცება, სიწმინდე, სიკეთე, გულწრფელობა და უშურველობა უმთავრესია მისუძუ კანეკოს პოეზიაში, რომელიც თანაგანცდისა და თანაგრძნობის იმპულსებს აღუძრავს ნებისმიერი ასაკის ადამიანს… იაპონური რელიგიურ-კულტურული ტრადიციები და ფასეულობები მომავალ თაობას მცირე ასაკიდანვე უნერგავს ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის უმთავრეს პრინციპებს“, – წერს კრებულის ბოლოსიტყვაში მარიამ წიკლაური.

მისუძუ კანეკოს პოეზიას მრავალფეროვანი პერსონაჟები ჰყავს – აბრეშუმის ჭია და ვეშაპი, კალია და ვარსკვლავი, მტრედი და იალქანი, ტელეფონის ბოძიც კი, რომელიც ქუჩის ხმაურში ზამთრისპირულად თვლემს… ყველაფერს თავისი თავდაპირველი შინაარსიც აქვს და კიდევ რაღაც უცხოსა და მნიშვნელოვანს გულისხმობს – ესაა კანეკოს შემოქმედების საიდუმლო. ის უხილავი მეგზურია, რომელსაც დედობრივი სიყვარულით ჩაუკიდია ხელი მკითხველისათვის (ბავშვი იქნება ეს თუ უფროსი) და იმ სამყაროში შეჰყავს, რომელსაც მისი თვალი და გული ხედავს – ყველა ყვავილთან გააჩერებს, ყვავილს გულსა და ფოთოლს დაუთვალიერებს, ნამის წვეთში მცენარის ცრემლს შეამჩნევინებს, ცრემლში – სინანულის ჩრდილს, ზღვისკენ გაიყვანს – ვეშაპების პანაშვიდს რომ დაასწროს, ამ შემზარავ სურათში რაღაც მარადიული დაანახოს, ერთდროულად საშიშიც და სანუგეშოც… ზეცაშიც აახედებს და მზერას ცისარტყელათი აუბრჭყვიალებს, ფუტკრის ზუზუნს ღვთის ხმად მოასმენინებს, მზის სხივებს – სიცოცხლის ძღვენად; სიხარულით, აღტაცებით და მადლიერებით აავსებს!..

ამ სურათებისა და შეგრძნებების უკან კი თავად იქნება – 26 წლის პოეტი ქალი, რომელმაც თავის გამჭვირვალე პოეზიაში იაპონური კულტურის ყველა საიდუმლო აირეკლა და იქცა კიდეც მის სიმბოლოდ. ქალი, რომელსაც ბედისწერა სასტიკად მოექცა და თავს დიდი განსაცდელები დაატეხა, მაგრამ მაინც არ შეუწყვეტია სიყვარული, იმედი და შემოქმედება. არ შეუწყვეტია არც მაშინ, როცა შვილის გამო სიცოცხლე თავად დაასრულა. მთავარი ამ ბრძოლაში რწმენა იყო – მარადიული სიყვარულისა.

ამიტომაცაა კანეკოს პოეზია ერთდროულად სევდიანიც და ხალისიანიც. როგორც სამყარო – ეს გრძნობებიც მთლიანია, ერთმანეთში ნატიფად ჩახვეული, ერთი მხატვრული ტილოს შემქმნელი. გაზაფხულის სიმძლავრით ამოჩნდება მასზე კითხვები – საკურას ყვავილი. ეს უსაზღვრო, ჰაეროვანი ენერგია ამ კითხვებითაა დაძაგრული – სად მთავრდება დღე-ღამის თოკი? უცხოობის სევდას რა მოსდევს? ვისი ექო ვარ?..

ეს კითხვები მკითხველში წარმოსახვას აფორიაქებენ. აბა როგორია, წაიკითხო ლექსი ცისარტყელაზე და უცებ სულ სხვა სააზროვნო ველში აღმოჩნდე, ან გაჰყვე ლექსში ზღვის პირას მოსიარულე დედის ხატს, რომელსაც მოულოდნელად შთანთქავს ტალღები და შენ კი ნუგეში გაგიბრწყინდეს – „არა უშავს. დედაჩემი ყოჩაღია, ზღვაზეც გაივლის!“.

გამაოგნებლად მშვენიერი, მტკივნეული და მარადიულია დედაშვილობის სახე-ხატი მისუძუ კანეკოს პოეზიაში. შესაძლოა იმიტომ, რომ თავადაა დედაც და შვილიც, ორივე ხმა და ხედვა, ორივე გმირი; და ალბათ იმიტომაც, რომ მისი ცხოვრების მთავარი ტრაგედიაა შვილთან განშორება. ლექსები კი – ამ ტრაგედიის დაძლევა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ – კანეკომ მართლაც ზღვაზე გაიარა. ყოჩაღმა კანეკომ. სიკვდილის გავლით მარადისობის მზეში გავიდა.

„იაპონური ექო“ უკვე ქართველი მკითხველისთვისაც ამ დიდი გზების, ფიქრების და შეგრძნებების მეგზურია. სევდით, სიხარულით და შეკითხვებით დამუხტული წიგნი-საკურა, რომელიც სამყაროს საიდუმლოზე რწმენითა და სიყვარულით გიამბობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი