პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

სიკვდილ-სიცოცხლეზე

სულ პატარამ დავინახე პირველად სიკვდილი. არა, კი არ დავინახე, ვიგრძენი: ცივი და სველი იყო. ჩემს სახლში შემოიხედა, ისე, სასხვათაშორისოდ, და, აბა, ხელცარიელი ხომ არ გაბრუნდებოდა უკან?! ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, მაგრამ ვიცი, ერთ დღესაც გავახსენდები და შემომივლის… მე კი არ შემეშინდება – ვიცი, როგორიც არის: ცივი და სველი.
დღეს იმ პროცესებზე მინდა დავწერო, რომელთა ერთობლიობაც გვაცოცხლებს. ამ ქიმიურ რეაქციებს მეტაბოლიზმი ეწოდება.
ადამიანის ორგანიზმი მინიატურული ქიმიური ქარხანაა, რომელშიც მილიონობით ქიმიური პროცესი მიმდინარეობს. მასა და გარემოს შორის ურთიერთკავშირი ნივთიერებათა ცვლის საშუალებით მყარდება. ადამიანის გარემომცველი სამყარო განუწყვეტლივ იცვლება, ეს კი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე აისახება. ორგანიზმი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი შინაგანი გარემოს მუდმივობა, ანუ ჰომეოსტაზი. ამას მძლავრი მარეგულირებელი მექანიზმების საშუალებით ახერხებს. ამ მექანიზმების მოშლა ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს.
ნივთიერებათა ცვლა ცოცხალი მატერიის არსებობის აუცილებელი პირობაა. არაცოცხალი მატერიის შემთხვევაში კი, პირიქით, ნივთიერებათა ცვლა მატერიის დაშლას იწვევს.
ადამიანის ორგანიზმში გარემოდან მიღებული საკვები ნივთიერებების დაშლის შედეგად მხოლოდ დაშლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები კი არ წარმოიქმნება, არამედ გამოიყოფა ენერგია, რომელსაც უჯრედი იყენებს დაბალმოლეკულური ნაერთებისგან მაკრომოლეკულების სინთეზისთვის. როგორც დაშლის, ისე სინთეზის პროცესები შესაბამისი ფერმენტების საშუალებით ხორციელდება. ფერმენტების მეშვეობით უჯრედებში ათასობით ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. სწორედ მათ ერთობლიობას ეწოდება მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმის პროცესში შუალედური ნაერთები წარმოიქმნება. მათ მეტაბოლიტებს უწოდებენ. მეტაბოლიზმი ურთიერთსაპირისპირო ორი პროცესის, ორი ფაზის – კატაბოლიზმისა და ანაბოლიზმის – ერთობლიობაა.
კატაბოლიზმი მეტაბოლიზმის ფაზაა, რომლის დროსაც რთული ორგანული ნაერთები შედარებით მარტივ დაბალმოლეკულურ საბოლოო პროდუქტებად იშლება. ამ პროცესში ენერგია თავისუფლდება, რომელსაც უჯრედი სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციის განსახორციელებლად იყენებს. გათავისუფლებული ენერგიის ნაწილი ATP-ის ენერგიით მდიდარ ბმებში აკუმულირდება და შემდგომი პროცესებისთვის გამოიყენება.
ანაბოლიზმი კი მეტაბოლიზმის ის ფაზაა, რომლის დროსაც დაბალმოლეკულური ნივთიერებებისგან მაკრომოლეკულების ბიოსინთეზი ხორციელდება. ანაბოლიზმი სინთეზის პროცესია, რომელიც ნაერთის სტრუქტურის გართულებით მიედინება. ამისთვის აუცილებელ ენერგიას კატაბოლიზმის დროს გამოთავისუფლებული ATP იძლევა.
კატაბოლურ ფაზაში სამ სტადიას არჩევენ. პირველ სტადიაზე უჯრედის მაკრომოლეკულები შემადგენელ კომპონენტებად იშლება. ცილებისგან ამინმჟავები მიიღება, პოლისაქარიდებისგან – გლუკოზა, ტრიაცილგლიცეროლებისგან- გლიცეროლი და ცხიმოვანმჟავები. ამ სტადიაზე სითბოს სახით გამოიყოფა ნაერთში არსებული პოტენციური ქიმიური ენერგიის დაახლოებით 1%. მეორე სტადიაზე წარმოქმნილი ნივთიერებები უფრო მარტივ, ნახშირბადის 2-3 ატომის შემცველ ნაერთებად გარდაიქმნება. ამ სტადიაზე სითბოს სახით გამოიყოფა ნაერთში არსებული პოტენციური ქიმიური ენერგიის დაახლოებით 30-35%. მესამე სტადიაზე წარმოქმნილი ყველა ნაერთი კრებსის ლიმონმჟავას ციკლში ჩაერთვება და ბოლომდე იჟანგება ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით. სხვათა შორის, ამ ციკლს ენერგეტიკულ „ქვაბსაც” უწოდებენ, რომელიც ყველაფერს ჟანგავს. აქ ქიმიური ენერგიის 60-70% გამოიყოფა.
ანაბოლიზმიც სამი ფაზისგან შედგება და აქ ორგანიზმისთვის დამახასიათებელი და აუცილებელი რთული ნივთიერებების ხელახალი, ანუ de novo აწყობა მიმდინარეობს. შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ანაბოლიზმი უბრალოდ კატაბოლიზმის შებრუნებული პროცესია. ეს ორი პროცესი სხვადასხვა ფერმენტის მეშვეობით ჩქარდება და სხვადასხვა ადგილას არის ლოკალიზებული, თუმცა საერთო შუალედური პროდუქტები ამ ორი გზისთვის დამახასიათებელია.
ხომ გახსოვთ, ალქიმიკოსები ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ. ზოგს ის ოქროს მისაღებად სჭირდებოდა, სხვებს კი მისი მედიცინისთვის გამოყენება სურდათ. ალ-რაზი, იგივე რაზესი, მედიცინის ორი უდიდესი პრობლემის გადაჭრას ცდილობდა – ადამიანის გაახალგაზრდავებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას. არა, არ მოგესმათ – რაზესს ეს საკითხები მეშვიდე საუკუნეში აღელვებდა. იმავეზე ფიქრობდნენ ავიცენა და რუდოლფ გლაუბერი. ამ უკანასკნელმა ხსნად გლაუბერის მარილი, ნატრიუმის სულფატი მიიჩნია. არაქიმიკოსებსაც გაგიგონიათ მის შესახებ. ეს იგივე ინგლისური მარილია, რომელსაც წინათ მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის გასაწმენდად იყენებდნენ. გლაუბერს სწამდა, რომ თუ ორგანიზმი სუფთა იქნებოდა, ის ახალგაზრდობასაც შეინარჩუნებდა და სიცოცხლეც გაუხანგრძლივდებოდა.
ეს პრობლემები მედიცინაში 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია. ადამიანებს დიდხანს სიცოცხლე სურთ. ზოგი ამისთვის შიმშილობს, – მათუსელა და პოლ ბრეგი ხომ გახსოვთ? ჰოდა, მათი მიმდევრები, – ზოგიერთი კი თანამედროვე მეთოდებს მიმართავს. აი, თუნდაც იმორტალიზმს, კრიონიკის სახელითაც რომ იცნობენ: შეძლებული ადამიანების სხეულს გარდაცვალების შემდეგ თხევად აზოტში ინახავენ, – ცხადია, მათივე  სურვილით და საკმაოდ დიდ ფასად, – იმ იმედით, რომ ერთ დღესაც გამოაღვიძებენ. ზოგიერთი მათგანი მძიმედაა ავად და იმედი აქვს, იმ დროისთვის მისი სნეულების წამალი უკვე იარსებებს, ზოგიერთს სწამს, რომ მომავალში მას გააახალგაზრდავებენ, ზოგიერთს კი უბრალოდ ჰგონია, რომ ამ გზით მარად იცოცხლებს. გამოუვათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მიმდინარეობა არსებობს და არც გაყინულთა, არც გაყინვის მსურველთა სიმცირეს არ უჩივის.
კრეონიკა მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს. სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს ცხოველების გაყინვა მათი გამოღვიძების მიზნით. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა ექიმ-ქიმიკოსმა ჯონ ჰანტერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება ნებისმიერი ვადით იყო შესაძლებელი, თუ მას გაყინავდნენ და მის მეტაბოლიზმს შეაჩერებდნენ. მეოცე საუკუნეში კრიოპროტექტორად რთულ სამატომიან სპირტს – გლიცერინს იყენებდნენ, თუმცა მისი მეშვეობით ქსოვილების მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს ყინავდნენ. 1956 წლიდან გლიცერინთან ერთად თხევადი აზოტის გამოყენებაც დაიწყეს. თანამედროვე კრიონიკას კი საფუძვლად დაედო რობერტ ეტინგერის 1964 წელს გამოქვეყნებული წიგნი „უკვდავების პერსპექტივა”. 1967 წელს გაყინეს პირველი ადამიანი – ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეიმს ბედფორდი, რომელიც ფილტვის კიბოთი სასიკვდილოდ იყო განწირული. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვეძებე სხვადასხვა წყაროში, რა ბედი ეწია მას. სამწუხაროდ, ვერაფერი აღმოვაჩინე. ასე რომ, არ ვიცი, გამოაღვიძეს თუ ჯერაც თავის რიგს ელის.
2011 წლის 26 ივლისს კი დეტროიტში 93 წლის ასაკში კრიონიკის კონცეფციის დამფუძნებელი რობერტ ეტინგერი გარდაიცვალა. ბუნებრივია, მაშინვე გაყინეს და 1967 წელს დაარსებული კრიონიკის ინსტიტუტის 106-ე პაციენტი გახდა. ყველას მშვიდობიან გამოღვიძებას ვუსურვებ, თუმცა მინდა, კვლავ რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდე და სიკვდილთან ჩემი მეორე შეხვედრა გავიხსენო.
ზოგჯერ ის ისეთი სულმდაბალია, რომ პატარა ბავშვების წაყვანაზეც არ ამბობს უარს. ჩემი გარდაცვლილი მამის მეგობარმა თხოვნით მომმართა, აქვე, შენი სკოლის ახლოს, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, შენსავით მეშვიდეკლასელი ბიჭი სიკვდილს ებრძვის და იქნებ შეიხედო, გაამხნეოო. ხათრი ვერ გავუტეხე და მოვინახულე. საწოლში პატარა, ფერმიხდილი, შავგვრემანი ბიჭი იწვა, უკანასკნელ წუთებს ითვლიდა და მაინც აქეთ ამხნევებდა მშობლებს… კარგი ბავშვი იყო… დავმეგობრდით. ლეიკოზი ჰქონდა. ბოლომდე იბრძოლა… რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ორგანიზმში ათასობით ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. სწორედ მათ ერთობლიობას ეწოდება მეტაბოლიზმი. წყდება მეტაბოლიზმი – წყდება სიცოცხლე… ჩვენი სიცოცხლე… 
ალექსანდრე მაკედონელს ინდოელი ბრძენისთვის უკითხავს: რა უფრო ძნელია, სიცოცხლე თუ სიკვდილიო? სიცოცხლე – მასში მეტი ტანჯვააო.

იქნებ ასეც იყოს, მაგრამ, ჩემი მხრივ, დავამატებდი, რომ მაინც სიცოცხლე ჯობია, რადგან სიკვდილი ისედაც გარდაუვალია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ქიმიური იარაღი

სატურნის სული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“