იმ მკითხველმა, ვინც წლებია ჩემს წერილებს ჟურნალ „მასწავლებლის“ ფურცლებზე თვალს ადევნებს, ჩემი და ზღვის ურთიერთობა უკვე იცის. საერთოდ არ ვცურავ. უფრო მეტიც, სწავლის მცდელობაც არ მაქვს. კიდევ უფრო მეტს გეტყვით, ზღვის ნაპირზე მოხვედრილი, სადამდეც ზღვა უფლებას მაძლევს, ჩემთვის დავტყლაპუნობ (სავარაუდოდ, ამ დროს ჩემში „პატარა ქეთო“ იღვიძებს), რაღაც სასაცილო მოძრაობებს ვაკეთებ. იქვე ვჯდები/ვწვები ისე, რომ ტალღები ზედ მივლიდნენ და სივრცეს გავცქერი. არაფერზე ვფიქრობ ან პირიქით ყველაფერზე მეფიქრება.
(ფოტო- თამარ ედიშერაშვილის)
„სადამდეც ზღვა უფლებას მაძლევს“-მეთქი, დავწერე, რაც ნიშნავს, რომ ზღვაა, მაგრამ ფეხქვეშ მიწას ვგრძნობ. შარშან, მაგალითად, ქემერში ყოფნისას, რაღაც სხვა ადგილიდან მოვუარე და იმაზე ადრე და მოულოდნელად „მოვადინე ტყაპანი“ სიღრმეში, ვიდრე ველოდებოდი. ბუნებრივია, ავფართხალდი და ისე დავიწყე ხელ-ფეხის ტყაპუნი, რომ ნაპირისკენ კი არა, პირიქით, უფრო სიღრმისკენ წავედი. გამომაცუნცულეს (იქ ვინ დამტოვებდა), მითხრეს, თავი არ დაიკომპლექსო, თუ რამე, ისევ გამოგიყვანთო.
მეცხრამეტე საუკუნეში ასე რომ მოვქცეულიყავი, ზრდასრული ადამიანისთვის შეუფერებელი საქციელისთვის პასუხს მომთხოვდნენ. პოლიცია წამიყვანდა, შეიძლება ექიმებსაც ვენახე.
ზღვის ნაპირზე დასვენების კულტურა მეოცე საუკუნიდან იწყება. მანამდე, სანაპიროზე ნებივრობა და თამაში უბრალო ოჯახის პატარა ბიჭებისთვის შეიძლებოდა და არანაირად სხვებისთვის. „ტომ სოიერი“ ხომ გახსოვთ? არის ეპიზოდი, სადაც ტომი მეგობრებთან ერთად, ტივივით შეკრული რაღაც ფიცრებით პატარა კუნძულისკენ გაცურავს, სადაც დედიშობილები, თიხით ითხუპნებიან და მთელი დღე ხან ცურავენ, ხან ინდიელობანას თამაშობენ. სხვები? სხვებს შეეძლოთ ესეირნათ ზღვის ნაპირას, ესუნთქათ სუფთა იოდიანი ჰაერი, ესეირნათ იახტებით, მაგრამ ზრდასრული ადამიანები და ასევე ბავშვები შეძლებული ოჯახებიდან, არასდროს ირბენდნენ გახდილები ზღვის ნაპირას და მზეს არ მიეფიცხებოდნენ.
იმ შორეულ დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ცურვაც კი ძალიან იშვიათად იცოდნენო (ჩანაწერებს ვეყრდნობი). მეზღვაურების უმეტესმა ნაწილმაც არ იცოდა ცურვაო… რა ვიცი…
მეოცე საუკუნის დასაწყისში მთელი რიგი გადატრიალებები მოხდა. პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება რუჯისადმი. მანამდე, რუჯი მზეზე მუშაობასთან ასოცირდებოდა. ამიტომ, დახვეწილი ქალბატონები ყველაფერს აკეთებდნენ, მზისგან თავი რომ დაეცვათ. თაკარა მზეშიც კი გრძელი, დახურული კაბები ეცვათ, ეხურათ უზარმაზარი შლაპები და მზის ქოლგებს ეფარებოდნენ. უფრო მეტიც, კიდევ მეტად ფერმკრთალები რომ გამოჩენილიყვნენ, ზოგი დაფხვნილ ვერცხლს სვამდა, ზოგიც ტყვიის კრიალას შემცველ ნელსაცხებლებს ისვამდა სახეზე.
მეცხრამეტე საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ქალაქის მცხოვრებლები მაღალსართულიანი სახლების და ქარხანა-ფაბრიკების კედლებში გამოამწყვდია. სიფერმკრთალე უკვე აღარ იყო არისტოკრატიის ნიშანი. ეს იყო ნიშანი, რომ დილიდან-საღამომდე მუშაობდი და მზის შუქი გენატრებოდა. ვიტამინების შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ, თუმცა შემჩნეული იყო, რომ მზეზე რეგულარული სეირნობა, ბავშვებში რაქიტის განვითარებას თრგუნავდა. მზის შუქი ასევე სასარგებლო იყო ფილტვებით დაავადებულებისთვის. 1903 წელს ნილს ფინსენმა ნობელის პრემია მიიღო ფოტო თერაპიის მიგნებისთვის- კანის ტუბერკულოზის ულტრაიისფერი გამოსხივებით მკურნალობისთვის. ჰელიოთერაპია, იგივე მზის აბაზანები ფაქტობრივად პანაცეად გამოაცხადეს და სანატორიუმებმა სახურავებზე შეზლონგები განათავსეს. რუჯი სასარგებლო გახდა, მაგრამ მოდურად ის კოკო შანელმა აქცია, როცა რომელიღაც კრუიზიდან გარუჯული დაბრუნდა.
(სურათი აღებულია ინტერნეტიდან, ავტორი უცნობია).
ჰოდა, რუჯი მომენტალურად გაიგივდა უზრუნველ ცხოვრებასა და ბევრ ფულთან. როცა არაფერი განაღვლებს და ზღვის ნაპირზე წამოგორება შეგიძლია. ასევე, ნამზეური კანი ასოცირდებოდა ფლამინგოსთან, კორიდასთან, გართობასთან და სილამაზესთან. სიფერმკრთალე მოდიდან გადადის და ნამზეური თავის პიკს მეოცე საუკუნის შუა პერიოდისთვის აღწევს.
საცურაო კოსტიუმებიც იცვლებოდა. 1900 წლისთვის ქალის საცურაო კოსტიუმი მუხლამდე კაბას წარმოადგენდა. კაბის ქვეშ კიდევ რაღაც სპეციალური თოკებისგან მოქსოვილი კორსეტი ეცვათ. ასეთი კოსტიუმით ბანაობა ძალიან მოუხერხებელი იყო, რადგან სველი ძალიან მძიმდებოდა. ჰო, თავზეც რაღაც ქუდი ეხურათ, თმები რომ არ დასველებოდათ. ეს ქალბატონები ზღვაში კი არ ცურავდნენ, არამედ, სანამ ფეხქვეშ მიწა იგრძნობოდა, უბრალოდ დადიოდნენ. მთლად ჩემნაირად. სხვაობა ის არის, რომ მე ჩვეულებრივი საბანაო კოსტიუმებით ვსარგებლობ და კორსეტიანი კაბა არ მაქვს. თავზეც ზოგჯერ მახურავს, ზოგჯერ არა.
სანაპიროზე შემოტმასნილ საცურაო კოსტიუმში გამოჩენისთვის პოლიციამ 1907 წელს ადგილზე დააპატიმრა პროფესიონალი მოცურავე სპორტსმენი, ჩემპიონი, ავსტრალიელი ანეტ კილერმანი, რადგან შემოტმასნილ კოსტიუმში ცურვა შეიძლებოდა შეჯიბრებაზე და არა უსირცხვილოდ სანაპიროზე.
ანნეტ კელერმანი (ფოტო აღებულია ვიკიპედიიდან)
რა საცუდსაქციელო კოსტიუმი ეს არის, მაგრამ მაშინდელი პოლიცია ასე არ ფიქრობდა.
20-იანი წლებიდან კომპანია Jantzen-მა ახალი ტიპის კოსტიუმები შექმნა. ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, ფაქტობრივად, ერთნაირი დახურული სტილი იყო შერჩეული და მასალად რაღაცნაირი მყარი რეზინი იყო გამოყენებული. თუმცა, სანაპიროს პოლიცია კოსტიუმის სიგრძეს მაინც ზომავდა და თუ ვინმე დამოკლებას გაბედავდა, გადაჰყავდათ იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლიდნენ.
(ფოტო აღებულია ვიკიპედიიდან).
თანდათანობით ევროპაში ნუდისტური სანაპიროებიც გაჩნდა და აღარც ამერიკაში ზომავდნენ ძველებურად კოსტიუმის სიგრძეს. ხალხიც უფრო გათამამდა და გახშირდა ზღვა-ოკეანის სიღრმეში დაკარგვის შემთხვევებიც. ამიტომ, გამოჩნდნენ პირველი ქერქეჭელებიც, რომელთა იქეთ გაცურვა არ შეიძლებოდა. გახსოვთ ჩემი ქერქეჭელა „ემინე“ (https://mastsavlebeli.ge/?p=43728)? ოღონდ, ჩემი ქერქეჭელა „მეცნიერი გოგოა“ და ესენი უბრალოდ გზის მაჩვენებლები იყვნენ.
ეს ხუმრობით, სერიოზულად კი იმის თქმა შემიძლია, რომ სანაპიროზე თავისუფლად დასვენებამ D ვიტამინის მარაგის შევსების შესაძლებლობა მისცა ხალხს. თუმცა, მაშინ ჯერ რადიაციაზე არაფერი გაეგოთ, ამიტომ, ზოგიერთი დილიდან საღამომდე ეფიცხებოდა მზეს. D ვიტამინზე და რუჯის ქიმიაზე, ჩემსავე სტატიებში, აქ შეგიძლიათ დაწვრილებით წაიკითხოთ: https://mastsavlebeli.ge/?p=4055
https://mastsavlebeli.ge/?p=3801
ხოლო, თუ მზეს მიფიცხებულები ალკოჰოლის მიღებას გადაწყვეტთ, თან წრუპეთ და თან ამ წერილს გადაავლეთ თვალი: https://mastsavlebeli.ge/?p=4055
თუ გადაწყვეტთ, რომ წაკითხულის მიუხედავად, მეორე და მესამე ჭიქაც უნდა დალიოთ, გააგრძელეთ, ბოლოს და ბოლოს, სხეულიც და სიცოცხლეც მხოლოდ თქვენია.
მე კი ნაპირზე ჩამოვჯდები, ოღონდ ისე, რომ ტალღებმა ჩემზე ისეირნონ და მთლიანად დამასველონ. წინ გადაშლილ უსაზღვრო სივრცეს შევხედავ და ზღვას უსიტყვოდ მოვუყვები ჩემს სიხარულს თუ საწუხარს.
ხმამაღლა მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ზღვამ ისედაც იცის!