ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

კამილო ხოსე სელა- ამისთვის ღირდა წერა!

კამილო ხოსე სელა 1916 წლის 11 მაისს გალისიაში, ირა ფლავიაში დაიბადა. სანტა მარია ლა მერის ეკლესიაში მონათვლისას მისთვის ათამდე სახელი დაურქმევიათ: კამილო, ხოსე, ხუანი, რამონი, ფრანსისკო, ანტონიო, სანტიაგო, აბრამი, საკარიასი და ლევი. მიუხედავად სელას რამდენიმე ებრაული სახელისა, მისი მშობლები გალისიელები იყვნენ. დედამისის, სარკინიგზო ხაზის ზედამხედველის შვილის სისხლში ბრიტანული და იტალიური სისხლიც კი ჩქეფდა.

ათამდე სახელის მქონე მწერალმა მადრიდში მედიცინა, ფილოსოფია და სამართალი ისწავლა. ესპანეთის სამოქალაქო ომშიც ჩაება, რაც არ უნდა უცნაურად თუ უხერხულად ჟღერდეს, იმათ მხარეზე, ვინც გარსია ლორკა დახვრიტა. თუმცა მოგვიანებით მთავარი წიგნი იმათ სისასტიკეზე დაწერა, ვის მხარესაც იბრძოდა. კაპრალი ხოსე სელა ამ ომში დაიჭრა კიდეც… ომის დასრულებისთანავე ვეტერანმა სელამ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და იქორწინა კ, 1945 წელს მარია დელ როზარიო კონდე პიკაავაზე. 1946 წელს 17 იანვარს შეეძინა ვაჟი კამილო ხოსე არკადიო სელა კონდე.

მისი საქვეყნოდ ცნობილი რომანი „პასკუალე დუარტეს ოჯახი“ 1942 წელს გამოვიდა, სადაც დაუჯერებელი ამბავი საოცრად დამაჯერებლადაა აღწერილი. რომანის მთავარი გმირი სიკვდილმისჯილი პასკუალე დუარტე თავადვე წერს თავის მიერვე ჩადენილი დანაშაულების შესახებ. მისი უბედურების მიზეზი მისი მშობლებია, რომლებიც გაუნათლებლები და მოძალადეები არიან. ის ბავშვობიდან უყურებს ლოთი დედისა და უტიფარი მამის ჩხუბს. დედამისს, რომელსაც წიგნში სახელიც კი არ აქვს, ალეგორიულად ესპანეთზე მიუთითებს. მას მთავარი როლი აქვს პასკუალეს დაღუპვაში. დედა ალეგორიაა დიქტატორული მმართველობის, რომელიც ისევე ხრწნის ადამიანებს, როგორც პასკუალეს დედა. პასკუალეს ავის მომასწავებელი წინათგრძნობა ტანჯავს, ცოლთან ალერსის დროსაც კი ცუდს უგრძნობს გული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამყარო, სადაც დუარტე ცხოვრობს, ბოროტებითა და სიკვდილით არის სავსე. პასკუალეც სადაც კი გარბის, იქ იქცევა…

თავისუფლებისა და საყვარელი ადამიანების ბედნიერებისთვის კი იბრძვის, თუმცა მისი ნებისმიერი წამოწყება სიკვდილით მთავრდება. სიკვდილი მას ბედის მდევარივით კუდში დასდევს. პერსონაჟი უბრალო ადამიანების სახეა ტოტალიტარიზმის მარწუხების დროს. პასკუალე თითქოს გამოსავალს პოულობს – ის გადაწყვეტს, მოკლას ღრძო დედამისი. ეს უკვე ალეგორიაა იმის შესახებ, რომ გამოსავალი ტოტალიტარული ქვეყნის სიკვდილშია, ანუ მის გარდაქმნაში.

ფიქრობს, რომ დედის სიკვდილით ყველაფერი ცუდი მის ცხოვრებაში დამთავრდება. თუმცა არაფერიც არ სრულდება.. პრობლემა მარტო დედამისში არაა, ხალხია ასეთი… ყველას ხომ არ მოკლავს.

ამ რომანმა სულ ახალგაზრდა ოცდათვრამეტი წლის სელა უცებ კლასიკოსად აქცია, თუმცა ფრანკოს რაზმელობის გამო ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას. ამის გამო მადრიდი დატოვა და მალიორკაზე გადასახლდა, სადაც ლიტერატურული ჟურნალი დააარსა და თავისი მეორე სახელგანთქმული რომანი „სკა“ გამოსცა. რომანს გამოკვეთილი გმირი არ ჰყავს, სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად საინტერესო პერსონაჟების ცხოვრება ერთმანეთში არის ჩახლართული.

კამილო ხოსე სელა 1957 წლიდან ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი იყო. 1995 წელს მშობლიური ქვეყნის კულტურის სამინისტრომ მას მიგელ დე სერვანტესის პრემია მიანიჭა, ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო. იყო ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი წიგნების ტირაჟებმა კი ეროვნულ გამოცემათა ყველა რეკორდი მოხსნეს. 1990 წელს დასცილდა პირველ ცოლს, მარია როზარიო კონდეს და ჟურნალისტ მარინა კასტანო ლოპესზე იქორწინა, რომელიც მასზე ორმოცი წლით იყო უმცროსი.

„ახალგაზრდობაში ნობელის პრემიის მიღების სურვილმა შემიპყრო… სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მზად ვიყავი დამეთმო ყველაფერი… მიზანი ამართლებდა ყოველივეს, ამისთვის ღირდა წერა! – იხსენებდა კამილო ხოსე სელა, როცა მიზანს მიაღწია. სამოცდაცამეტი წლის ასაკში ნობელის კომიტეტმა მას პრემია გადასცა.

მეოცე საუკუნის უდიდესი ესპანელი მწერალი 2002 წლის 17 იანვარს 85 წლის ასაკში ფილტვისა და გულის გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი დაბადების ადგილას, ირა ფლავიაში დაკრძალეს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“