შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სიყვარულის ექოები – მაკა ჯოხაძის “ჩაძირული დღესასწაული”

როგორ შეიძლება ჩანაწერთა ვიწრო ჩარჩოებში სამყაროს ფერადოვანი უსაზღვროება მოიხელთო? როგორ შეიძლება აგრძნობინო მკითხველს დრო-სივრცეში არსებობის აუტანელი ტკივილი და თან ამ ტანჯვის განუმეორებელი მშვენიერება? როგორ შეიძლება იცხოვრო სიცარიელის წყვდიადში და არ დაკარგო იმედი გადარჩენისა, რწმენა-სიყვარულისა? როგორ შეიძლება სიტყვებად აქციო მზის პირდაპირ ცქერისას თვალებში გაჩენილი კაშკაშა სილურჯე? როგორ?

მაკა ჯოხაძის ჩანაწერების წიგნში, მეტაფორული სათაურით, „ჩაძირული დღესასწაული“, ამ კითხვებზე პასუხები ძვირფასი თვლებივითაა მიმობნეული, მაგრამ იბადება ახალი პასუხგაუცემელი კითხვა: როგორ შეიძლება მკითხველმა გამოხატო ის უცნაურად ჟრუანტელის მომგვრელი განცდა, ამ ჩანაწერთა კითხვისას რომ ჩნდება. „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობის გამოთქმა“ – იტყვის ბარათაშვილი, მცველი ქართული სიტყვის საუნჯისა. სწორედ სიყვარულია ფიქრის ის მთავარი ნაკადი, რომელიც ამ ჩანაწერთა დრო-სივრცის სულის ჩამდგმელია, სიტყვისთვის ძალ-ღონის მიმცემია, მოყვასისა თუ მტრისთვის სითბოსა და სიხარულის უშურველად გამცემია. მაკა ჯოხაძეც სიტყვის მცველია. ეს ჩანაწერები მისი სულის გამომხატველი შემოქმედების ერთი საგულისხმო ნაკადია, ჰუმანისტური იდეალების, უნივერსალური ადამიანური ღირებულებების წარმოჩენით. ეს გამორჩეული ჩანაწერები ნაწილია თანამედროვე ქართული მწერლობისა. აქ თითქოს თავიდან იბადებიან ნაცნობი, გაცვეთილი, დამჭკნარი სიტყვები, დაცარიელებული გულის უდაბნოში მნიშვნელობადაკარგულნი. მის ხელში სიტყვები „ნედლდებიან“ როგორც რობაქიძე იტყოდა და მკითხველიც სამოთხისეული უშუალობით შეიგრძნობს იდუმალსა და მიუწვდომელს. ყოველი ჩანაწერი პოეტური პროზაა, ძალიან ხშირად – თავისუფალი ლექსია, მეტაფორული, დახვეწილი სტილით, სიტყვათა ენერგიით, არტისტულობით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოთქმის არისტოკრატიულობით. მწერალი ცხოვრების ჭრელი მოზაიკის ცალკეული ნატეხის ფაქიზ და შეუმჩნეველ ხაზებს ისეთი სიყვარულით გვაცნობს, კითხვისას გეუფლება განცდა სრულიად უცხო და მშვენიერი შეგრძნებების აღმოჩენისა, აღტაცებისა.

ყოვლისმომცველია ამ ჩანაწერების სულიერი დრო-სივრცე, რომელიც საოცარი სისავსით ირეკლავს მაკა ჯოხაძის, როგორც გამორჩეული თანამედროვე მწერლის, პიროვნულ ტკივილს, ერის ჭირ-ვარამსა და კაცობრიულ სატკივარს. ფიქრის ნაკადები ისე ნატიფადაა გადაწნული ერთმანეთთან, რომ ბუნებრივად გადაედინება პიროვნული განცდა ზეპიროვნულში. მაკა ჯოხაძე მთელი თავისი არსებით, ფიქრებით, შემოქმედებით განსახიერებაა მარადქალურობისა, რომელიც გულისხმობს დაუღალავ მზრუნველობას ადამიანური სულისას, რომ არ ჩაქრეს სამყაროში სიცოცხლის კოცონი, ღვთის მიერ დანთებული და ადამიანებს მინდობილი. ის გვაგონებს უძველესი დროის განდობილს, სიცოცხლის ტაძრის მცველ ქურუმ ქალს, რომელიც ფლობს უზენაეს საიდუმლოს – როგორ აქციო ქვა ოქროდ, როგორ გაალღო გაქვავებული გული, როგორ ახარო სიყვარულისა და სიკეთის ყვავილები. ეს საიდუმლო მის ჩანაწერებში უშურველადაა გამხელილი და მის მისაგნებად თუ ამოსაცნობად ერთადერთი რამაა საჭირო, როგორც თვითონვე იტყოდა, „მოაზროვნე გული“. ამ ჩანაწერთა ფიქრთა მდინარის ერთი ძლიერი ტალღა სამშობლოა. ერთგან იგი აღნიშნავს, რომ დღეს ამ პროცესებისა და ტრაგედიების შემხედველს, გაუძლიერდა აზრი: „საქართველო უთარგმნელი ლექსია“. იშვიათია ქართულ პოეზიაში ამგვარი განცდა სამშობლოსი. ამგვარივე შთამბეჭდაობით გამოირჩევა სიტყვიერ ქსოვილში მოხელთებული განცდა: „სამშობლოში შეიძლება გენატრებოდეს სამშობლო“. პოეტური, ფერადოვანი, მუსიკალური და ფერწერულია მის მიერ აღქმული სამყარო. მისთვის ლექსი „ოცნებაა თავისუფლებაზე“, რომელიც, მისივე განმარტებით, „სიყვარულს ნიშნავს და იმგვარ პატივისცემას მოყვასისას, როცა ადამიანს შეუძლია იყოს ის, რაც არის და არა ის, რადაც ჩვენ გვსურს რომ ვიხილოთ იგი“. მისი დაკვირვებით, „ჭეშმარიტება და სამშობლო იმ სხივთა განუყოფლობაა, რომელთა გადაკვეთაც ჯვარს ქმნის. მათი ცალკე წარმოდგენა ისევე აბსურდულია, როგორც დაცილება ჯვრის შემადგენელი, ცისა და მიწისაკენ, ღვთისა და მოყვასისაკენ მიმართული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებისა. „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის…“ – მისთვის, ილიას „ამ ლექსის სემანტიკური მნიშვნელობაც გრაფიკულად სწორედ ჯვრის ფორმით შეიძლება გამოისახოს“.

წიგნის ბოლო ჩანაწერი „ჩაძირული დღესასწაული“ წამებული სამშობლოს თავზე დანახული შარავანდედიანი ეკლის გვირგვინივითაა, რომელიც მკითხველს ღვთის ყველაზე დიდი საჩუქრის, თავისუფლების, ეროვნული სულისკვეთების მოფრთხილებას შთააგონებს: „თბილისი ჩამოგდებული ხოხობივით ჩაეშვა ცოდვის მდუღარე ჭაობში. იმ წლების საქართველოს ჩაძირული დღესასწაულივით შეინახავს დღესდღეობით ყველაზე დიდი „კონტრაბანდა – ხსოვნა“. ამ ჩანაწერებში მდიდარი მასალაა საბჭოთა ეპოქის ხელოვანთა ბედის კვლევისთვის. მაგალითად, როგორ არ უბეჭდავდნენ პირველ წიგნს, მოთხრობების კრებულს „გურამ-გურამ“, მხოლოდ იმის გამო, რომ მის ერთ მეორეხარისხოვან უარყოფით პერსონაჟს რუსული სახელი-დუსია – ერქვა. როგორ აქცევდა საბჭოთა რეჟიმი რომელიმე ლიტერატორს ცენზორად. ამ ჩანაწერებში არის მახვილგონივრული და ხატოვანი ახსნა, როგორ გარდაქმნიდა ნამდვილი ხელოვანი რეალობას მეტაფორად, რათა სიმართლე ეთქვა: „რაც უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი იყო ცენზორი, მით უფრო ლავირებული და შენიღბული ხდებოდა მეტაფორაც“. ჩანაწერებში – „პერესტროიკის“ ფრაგმენტები – არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი დროის მაჯისცემა, ხელოვანის გულსა, სულსა და გონებაში აღბეჭდილი. უახლესი ისტორია.

მაკა ჯოხაძე შეუცდომლად იგზნებს ნამდვილ ლიტერატურას. ამ ჩანაწერებში, როგორც, საზოგადოდ, მის ლიტერატურულ წერილებში, იგი წარმოგვიდგება ოსკარ უაილდისეულ კრიტიკოს ხელოვანად. აქ იხატება მისი თვალსაზრისი ნამდვილ ხელოვანსა და ხელოვნებაზე, რომელიც „ყოველთვის იყო და რჩება ღვთის მაძიებლად“. შესანიშნავადაა წარმოჩენილი არსი თანამედროვე ხელოვნებისა, რომელმაც „მოიხსნა სრული მორალური პასუხისმგებლობა ადამიანის ბედისა და სამყაროს წინაშე. აღვირახსნილობის ენერგიით რეტდასხმული შეუდგა ნგრევას, რღვევას, გაპარტახებას“. იგი წუხს, რომ „კოსმოსი ყველას აინტერესებს, ადამიანი – აღარავის. აი, სნობიზმის პიკი. ესეც XXI საუკუნის კიდევ ერთი ესთეტიკური აბსურდი“. მაკა ჯოხაძის ჩანაწერები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მწერალი საუკეთესო შემფასებელია სიტყვისა. მას შეუძლია ორიოდე შტრიხით შექმნას სულიერ-ხორციელი პორტრეტი ადამიანისა. მაგალითად, დაუვიწყარი სახეებია დახატული ჩვენთვის ცნობილ მწერალთა, ხელოვანთა, სასულიერო პირთა: რეზო ინანიშვილისა, ოთარ ჩხეიძისა, როსტომ ჩხეიძისა, ოთარ ჭილაძისა, დავით წერედიანისა, რობერტ სტურუასი, მღვდელმონაზონ ანდრიასი, პატრიარქისა, ბორენა ჯაჭვლიანისა, არჩილ და გიგი სულაკაურებისა, ესმა ონიანისა, ზვიად გამსახურდიასი, ირაკლი ჩარკვიანისა, მამა არჩილისა (მინდიაშვილისა), მერაბ ელიოზიშვილისა და სხვა ცნობილ თუ უცნობ კეთილშობილ ადამიანთა, რომელთაც კვალი დაუტოვებიათ მის სულზე.

ანა კალანდაძე განსაკუთრებული სიყვარულით წარმოჩნდება პორტრეტთა ამ მრავალფეროვან გალერეაში. მასთან მეგობრობა ამხელს მაკა ჯოხაძის საოცარ სიფაქიზეს. ანა კალანდაძე ამ ჩანაწერების მიხედვით სრულიად სხვაგვარი უშუალობით წარმოგვიდგება და უფრო გასაგები ხდება მისი პოეზიის ღვთაებრიობა.

ყურადღებას იქცევს მისი ჩანაწერები გურამ რჩეულიშვილზე: „როგორ შეიძლება მისი ნაწერები არ მიაწოდო დღევანდელ ახალგაზრდობას, როგორც ჟანგბადი“. ორიგინალური და ღრმააზროვანია მზია და ბათარეკა ჭინჭარაულების ხასიათების ახსნა: „ნაკადულები აუმღვრევლად მხოლოდ სიმღერებში კვდებიან. „მზია, ბათარეკას ასული“ სიმღერაა. სიმღერას ვერ დაიჭერ, ვერ გასრეს, ვერ მოიხელთებ, როგორც ჰაერს, როგორც ძახილიდან წამოფრენილ ექოს თარეშს მთებში“. ეს ჩანაწერები ხშირად ლიტერატურული ესეებია. საგულისხმოა ფიქრი გრიგოლ რობაქიძეზე. მწერალი ერთ ისეთ სიტყვას მიაგნებს მის შემოქმედებაში, რომელიც მასაც და ჩვენც საუკეთესოდ დაგვანახვებს მთავარს: „ყველაზე დიდი ინტენსიურობით სიტყვა „უბიწოება“ გამოანათებს. თავისი დიდი წინაპარივით მან ყველაზე ღრმად იცოდა ამ უბიწობის ფასი, მაგრამ ფიროსმანისგან განსხვავებით, რომელიც „მეთევზის“ ბავშვური უშუალობით ფეხშიშველა იდგა უბიწობაში, გრიგოლ რობაქიძეს გაცნობიერებულად, ინტელექტუალურად ჰქონდა ეს მიზანი დასახული – რადაც არ უნდა დაუჯდეს, წინ – ფესვებისაკენ, საკუთარი მიწისაკენ, საკუთარი წიაღისაკენ, საკუთარი მამისაკენ უძღები შვილივით მიაბრუნოს ადამიანი“.

ნიკოლოზ გაბაონის „აივნიანი ქალაქზე“ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ამ რომანში „დუღს და გადმოდუღს“ არა მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის, სრულიად საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის დამუხტული, სისხლსავსე ცხოვრება. უფრო მეტიც, ევროპული ქალაქების სალონებით, ევროპელ ინტელექტუალთა თუ ქართველ ემიგრანტთა მიზნებითა და ინტერესებით, დიპლომატებით, ელჩებით, ჩინოვნიკებით ხელისგულზე დევს მაშინდელი მსოფლიოს მაჯისცემა“. ლიტერატურაზე ამ მრავალფეროვანსა და საგულისხმო ჩანაწერებში გამოირჩევა 1985 წლის ერთი ჩანაწერი, რომელშიც არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი და შეფასებული მისი თაობის, სამოცდაათიანელების, ბედისწერა: „ჩემი თაობა არც დელაკრუას წითელი ფერით კივის და ვერც იმპრესიონისტების ჩახჩახა, მზიანი პეიზაჟებით ზეიმობს“… „იქნებ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ისიც მთავარია, იმ ღვინის ფერი უჩვენო, ფიროსმანის ყანწში რომ ესხა ოდესღაც, მაგრამ უმთავრესი მაინც იმის ჩვენებაა, ძველებური სათნო, ლაღი გულუბრყვილობით რატომ ვეღარ ქეიფობენ ჩვენი კაცები“.

გასაოცრად ზუსტი და ორიგინალურია თანამედროვე მწერლობის მისეული შეფასებები: „დღევანდელები ვირტუალური სამყაროს თუ სამყაროს ვირტუალური მწერლები პრომეთეს კარიკატურები არიან“, რადგან მათ არ შეუძლიათ მკითხველთათვის ცეცხლის, იგივე, ნუგეშის, სიყვარულის მოტანა. იგი იზიარებს სერაფიმ როუზის განმარტებას, რომ ისინი „საკუთარი თავის თაყვანისცემის რელიგიას აღიარებენ“. თანამედროვე ხელოვნებაზე დაკვირვებას ის მიჰყავს მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ დასკვნამდე, რომ მან დაკარგა ღვთაებრიობის განცდა, რომ ყოველივე ახსნილია, დამიწებულია. არაჩვეულებრივია ჩანაწერები ჰარუკი მურაკამის რომანზე „ნადირობა ცხვარზე“. ჩინგიზ აითმატოვის „საჯალათო კუნძზე“, იაპონურ პოეზიაზე, ახლად ნათარგმნ ფრანგულ რომანებზე. ლიტერატურაზე მსჯელობისას ერთგან დაიმოწმებს ალენ ნადლოს დაკვირვებას: „ლიტერატურა თავისთავად საფრთხეში არ არის, საფრთხეშია ეს საზოგადოება, რომელსაც არ აქვს უნარი, ჩასწვდეს ლიტერატურის მიზნებს და მნიშვნელობას“.

ჩემი ანა, ჩემი დავით კლდიაშვილი, – წერს მაკა ჯოხაძე და ამ თითქოს „ეგოისტური ჩემით“ კი არ ზღუდავს და შემოსაზღვრავს ამ შემოქმედთა ნააზრევს, არამედ, პირიქით, საოცრად გაშლის საზღვრებს ისე, რომ მთელი სამყაროს სასიცოცხლო ძალების გამომხატველებად წარმოაჩენს. ყურადღებას იქცევს პარიზული დღიურები, რომლებშიც უცხოელ მწერალ ქალთა პორტრეტებია წარმოჩენილი, მათ შორის კი გამოირჩევა სიყვარულით დახატული სახე პოეტ ვიზმა ბელშევიცასი. ამ ჩანაწერებში მოჩანს მისი ოჯახი: აკაკი და ანუკი მინდიაშვილები, ისინი თითქოს ნოველების პერსონაჟები არიან: „კაკუჩა და ანუკი დაბრუნდებიან, აბა, რას იზამენ“. მათი გამოჩენისას კი ქრება შემხუთველი შიში და ამის გაცნობიერება მწერალს სამყაროს კანონზომიერებას კიდევ ერთხელ აღმოაჩენინებს: „არაფერიც არ ქრება, ყველაფერი დროებით იმალება, იძირება, ილექება, თვით ღმერთიც კი ხანდახან თვალს ხუჭავს ჩვენი შემხედველი და ჩნდება ილუზია, რომ იგი გაქრა, წავიდა აღარ არის“. ვფიქრობ, ეს ხატი „თვალდახუჭული უფლისა“ ჩვენი დროების მრავლისმეტყველი სიმბოლოა. ღმერთს ხანდახან თვალს ახელინებენ ბავშვები, მათ შორის, მწერლის შვილიშვილი სანდრო, რომელიც როგორც ყველა ბავშვი, გასაოცარი სიბრძნით შეიგრძნობს სიცოცხლის საიდუმლოს, შემოქმედს და ამგვარად გამოხატავს მისკენ სწრაფვას:

„ღმერთო! მე შენთან მოვდივარ,

მე შენს პურს ვჭამ,

ღმერთო! მე შენთან მოვდივარ,

შენს ეკლესიაში,

მე შენს ღვინოს ვსვამ,

მადლობელი ვარ, ღმერთო!“.

ამ წიგნის ერთ გამორჩეულ ჩანაწერში „შეკითხვები – სისხლიანი ყვავილები“ ვკითხულობთ: „ბავშვმა იცის, რომ ცა არის ცისფერი. მზე არის მზისფერი, სისხლი სისხლისფერი და ადამიანი – ადამიანისფერი. ეს მერე იწყება შეფერადება, გაფერადება, მერე ხდება მზე მკვდრისა, სისხლი – ცისფერი, ადამიანი – შავკანიანი, თეთრკანიანი, ყვითელკანიანი“. ამიტომაც არის მისთვის მხოლოდ ბავშვობაში „კოსმოპოლიტიზმი სუფთა და უანგარო“. ბავშვებზე ფიქრი მას თანამედროვე ხელოვნების არსს აღმოაჩენინებს: „მეოცე საუკუნის ხელოვნება, ესაა ბრძოლა, სამყაროს კი არ გამოსტაცო და აღბეჭდო სიცოცხლის წამი და ზეიმი, როგორც ამას იმპრესიონისტები ჩადიოდნენ, არამედ ბრძოლა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე, დაიბრუნო თავდაპირველი, ღვთაებრივი იერი და სამყაროს აღქმის ბავშვური უნარი“.

ეს ჩანაწერები, გარდა ფილოსოფიური სიღრმისა, გამოხატვის სილამაზითაც გხიბლავენ და სამუდამოდ აღიბეჭდებიან მეხსიერებაში, როგორც ფერწერული ხატები: „არსებობს მარადიული ბავშვური შეკითხვები, რომელთა გამოჩენასაც წინ არ უსწრებს კვირტად ქცევის ხალისიანი მზადება, სიცოცხლით სავსე ჩუმი ხმაური. ეს შეკითხვები პირდაპირ სისხლიან ნაკადულებად ამოსკდებიან დროის უსასრულო უდაბნოში და ამ ე.წ. ცივილიზებული პროგრესის უამრავ აღმოჩენასა და მიღწევას ერთბაშად ანგრევენ და აუფასურებენ“. ამგვარი ფიქრები მას მწერლის ბუნებასაც სხვაგვარად დაანახვებენ: „იქნებ მწერალიც ბავშვია და მწერლობაც დიდი ანგარიშით დამალობანას თამაშია“. როცა დროის მაჯისცემა უნდა გამოხატოს, გალაკტიონივით („მე თვითონ დაჭრილი ვნახე, ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“)…, მასაც ბავშვი წარმოუდგება უპირველესად: 90-იანი წლები, ქუჩებში გახშირებული ორმხრივი უაზრო სროლა. „1993 წლის 5 აგვისტო… გოგონას, რომელსაც ფეხში მოხვდა ტყვია, ოპერაცია გაუკეთეს და ფეხი მოკვეთეს. სამი წლის ფეხმოკვეთილი გოგონა, სამი წლის ფეხმოკვეთილი, სარეცელს მიჯაჭვული ანგელოზი – დღევანდელი საქართველოს ხატი, რომელიც დღევანდელ საქართველოში დაიწერა“.

გასაოცრად გულწრფელი და პოეტური კითხვა-პასუხია: „რატომაა ახალშობილთა თვალის ფერი უმეტესწილად ცისფერი? იქნებ იმიტომ, რომ ეს-ესაა გადმოსახლდნენ ციდან“. ჩანაწერებში წარმოჩენილი ოჯახური სითბოს თაფლივით ტკბილი სიმყუდროვიდან, როგორც მღვიმის უჩინარი სიშორიდან, გამოიკვეთება მშობლების სახეები და მათ მიმართ „უმწვერვალესი“ სიყვარული, როგორც ნიკო ლორთქიფანიძე იტყოდა. „რა უნდა დავწერო დედაზე ისეთი“… _ …წუხდა რეზო ინანიშვილი და ქმნიდა სრულიად განსხვავებულ პორტრეტს მშობლისას. ეტყობა, რამდენი შვილიცაა, იმდენგვარი განსხვავებული აღქმაა დედაშვილობისა თუ მამაშვილობისა, მთავარია, როგორმე შეძლო სიტყვიერ ქსოვილში შენეული განცდის მოხელთება და ამას გულშიჩამწვდომი სიწრფელით ახერხებს მაკა ჯოხაძე. გრძნობ, როგორ გამოთქვამს შენს შეგრძნებებსაც. ამ ჩანაწერებში არის დედა-შვილის ინტიმური ურთიერთობის გამომხატველი დეტალები და ამ ყოველივეს ფილოსოფიური განზოგადებანი:. „დედა დროის განუყოფლობაა. მისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ერთი მთლიანობაა. დედა სამივე დროში შენია, გიხარია და გეამაყება“.

როცა თვითონაა დედა, ცდილობს სრულიად ახალ შეგრძნებებს სიღრმემდე ჩაჰყვეს და გააანალიზოს ქვეცნობიერში ჩაკარგული ფესვების რაობა. ძიების ამ გზაზე უღალატო მეგობარი ეხმარება. მაგალითად, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს შეიგრძნო შვილის თითქოს ჩვეულებრივი, ბუნებრივი სიყვარული და დაიბნა, ძვირფასმა მეუღლემ დაამშვიდა: „სწორედ ამგვარად უნდა აგზავნიდეს ჟამიდან ჟამზე ამ განცდებსა და აღმოჩენებს ღმერთი ჩვენთვის, თორემ ამგვარ დაძაბულ და გამუდმებულ შეგრძნებას სიყვარულისას, ამ მაღალ ძაბვას ადამიანი ვერ გაუძლებდა, გადაიწვებოდა, მოკვდებოდა“. მისი მშობლები თითქოს მარადიულ წინაპრებად იქცევიან: „მთავარი ხომ მაინც ისაა, ცხოვრებაში რას უყურებდნენ, რას იმახსოვრებდნენ, რას ისმენდნენ, რა რჩებოდა რომელი ხმაური და ჩქამი სამარადჟამოდ მათი ყურის ნიჟარებში, ამ ღვთაებრივ პაწია მღვიმეებში“.

თუ როგორ ღრმად აზროვნებს იგი, ეს კარგად ჩანს ქართული და რუსული ხასიათების ანალიზისას. იშვიათია ამგვარი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური წვდომა ისეთი რთული ფენომენისა, როგორიც ერია, ამას იშვიათნი ახერხებენ და მათ შორისაა მაკა ჯოხაძე. მისი აზრით, „იქნებ სწორედ სივრცის ძალადობაა, ამოდენა სტეპებისა და ტრამალების ერთფეროვანი ძალადობაა ის, რომ ჩრდილოელს (რუსს) არ ყოფნის უნარი (ენერგია) გაუძალიანდეს თვალუწვდენელი ტრამალების ერთფეროვან შემოტევებს, თავისი სივრცე, სასიცოცხლო სივრცე შექმნას და შემოზღუდოს. გამუდმებით ამ სივრციდან გაღწევას ცდილობს. გამუდმებით სხვათა სივრცეებისა და სხვათა ტერიტორიების დაპყრობისკენ უჭირავს თვალი. ეს კი ყველანაირად არღვევს ღვთიურ კანონზომიერებაზე აკინძულ სამყაროს რუკას. სხვათა მიწებისაკენ, ტერიტორიებისაკენ ეს გამუდმებული, ქრონიკული ლტოლვა საბედისწერო ბუმერანგივით უბრუნდება მის ხასიათს, მის თვისებებს“.

მისი აზრით „ქართული სივრცე ლოკალურია, შეზღუდულია. ეს სივრცე, როგორც სურათი, ვთქვათ, ალაზნის ველისა, ანდა ჯავახეთის ზეგნისა, ისე ჰკიდია საქართველოს ტერიტორიის კედლებს, ცისკენ მიილტვის და მზე, როგორც მარჯვენა ხელი, მისი მოუწყენელი და შეჩვეული მეტაფორაა… აქ სივრცე შემოფარგლულია მთებით, კლდეებით, გეოგრაფიული გარემო (რელიეფი) გამაშტერებლად ცვალებადია“. საქართველოს პეიზაჟები მარადიულ ღირებულებებზე ფიქრისკენ უბიძგებენ მნახველს. ამ ჩანაწერებში ბუნებრივად ჩნდება ფიქრი ხალხისა და ბრბოს რაობაზე, ეროვნულ ფასეულობებზე, რწმენაზე. ამ თემებზე მსჯელობისას ხშირად იმოწმებს წმინდა მამათა ნააზრევს, რათა თვალნათლივ წარმოაჩინოს მარადიულისა და წარმავლის ჭიდილი. და ამ მრავალფეროვან გალერეაში მოჩანს მისი პორტრეტიც, მისი ბუნება: „რომანტიკოსს პლუს ეგზისტენციალისტი, საშიში ნაჯვარია, უფრო ზუსტად, საშინელი – მთელი სამყარო რომ გიყვარს და მაინც მარტოობა გენატრება, რადგან მხოლოდ დიდ მარტოობაში შეგიძლია პირუთვნელად, უანგაროდ ამტკიცო და აჩვენო, როგორ გიყვარს, როგორ იცი და როგორ გენანება ადამიანი, თუმცა ცოდნაც ეფემერაა და სინანულიც სადღაც მიმავალი. მხოლოდ სიყვარულია მკვიდრი, მარადიული და რეალური“. სიყვარული, ერთგან ამგვარად გამხელილი: „მე ვნახე შენი სიზმრები“.

იგი საოცრად მართალია საკუთარი თავის, ახლობლებისა და სამყაროს წინაშე: „არც ერთი წამით, არცერთი წუთით არ მიზრუნია საავტორო მითების შესაქმნელად…. იმდენად სავსე, რთული და მძიმე ინტენსიური სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ ფასადზე ზრუნვისთვის არც დრო და არც სურვილი აღარ მრჩება“. გიგი სულაკაურთან ერთ საღამოს ცხარე კამათი კარგად ამხელს მის პრინციპულობას, შეურიგებლობას უსამართლობასთან: „ვიცავ სიმართლეს, სამართლიანობას, ყველგან, ყველა სიტუაციაში, ხშირად მარტოობის ფასად“. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების სამხედრო გადატრიალებისთვის სხვებივით არასოდეს უწოდებია სამოქალაქო ომი, არ უღიარებია ყალბი დემოკრატია, ფეხქვეშ არ გაგებია არცერთ მთავრობას, არ უზრუნია მწერალთა კავშირის მდივნობასა თუ თავმჯდომარეობაზე. მხოლოდ ის აწუხებს, რომ პიესა არ დაწერა და არ ამხილა მამათელი პოლიტიკოსისაგან გაცურებული პოეტები, რეჟისორები. წერა მისთვის იგივე ფრენაა თბილი ქვეყნებისაკენ: „ყველაზე ლაღად, ბუნებრივად, შეუზღუდავად სწორედ წერის დროს გამოვიხატები“. მისი ეს გამბედაობა კარგად წარმოჩნდა ჩანაწერში „მოციმციმე არითმია“, როცა დატოვა დარბაზი, როცა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასტაფიევის ცნობილ თხზულებას არაფერი აქვს საერთო მხატვრულ ლიტერატურასთან. სხვისი გამბედაობაც ხიბლავს, ამიტომაც ხატავს ანა ჭავჭავაძის პორტრეტს სხვანაირი აღტაცებით.

გულისამაჩუყებელია ის ეპიზოდი, როცა სვანი ქალი დიდთოვლობისას მთაში უცხოელის დაღუპვას მოთქვამს და მაკა ჯოხაძეს უხსნის: „ფინეთის ომში დაღუპული ჩემი ძმა გამახსენდა, იქნება ისიც დაიტირა ვინმე უცხო ქალმა ჩემსავით“ და გახსენდება „უცხო კაცის მოზარე აღაზა“, ქართული სულიერების უზადო გამომხატველი. სვანეთი, ამ ჩანაწერების მიხედვით, მისთვის პირველქმნილი სამყაროს ხატია, სადაც სიცოცხლისთვის გაფხიზლებენ „სვანეთის ძახილის ნიშნები – კოშკები!“. ამიტომაცაა, რომ სხვანაირი ჟინით და გატაცებით წერს. აქ გრძნობს „ცხოვრება აგერაა, ამ გზის გადაღმა, მდინარის გადაღმა თავისი ვნებით, სიცოცხლით, შეცდომებით, დარდით და აღმაფრენებით. გზა და მდინარე კი მეტაფორებია. როცა მინდა, მაშინ შევხედავ და მოვისმენ ცხოვრების ხმებს, ოღონდ ისე, რომ ვერ ჩამითრევს ამაო ფუსფუსში“.

არაჩვეულებრივია მისი ჩანაწერები მხატვართა ტილოებზე, მაგალითად, როგორ აღიქვამს ფიროსმანის, იმპრესიონისტებისა და სხვათა ნახატებს. აი, რას წერს სალვადორ დალის ცნობილ სურათზე „დროის სიჯიუტე“: „ეს სრულიად განსხვავებული ახსნაა დროისა და ადამიანის დამოკიდებულებისა: „მკვდარი, გაცრეცილი, განძარცული ნახევარუდაბნოა წარმოდგენილი, როგორც გაცამტვერებული ქვეყნიერების სიმბოლო… დრო უაღრესად გულგრილია ჩვენი მიწიერი ვნებებისა და ინტერესებისადმი. მისთვის არ არსებობს ამგვარი ფასეულობები და ხშირად დროისთვის არსებული რეალობა ისეთივე ნაცრისფერი და უმნიშვნელო ფონია, როგორიც ამ საათებისთვის სურათზე წარმოჩენილი სამყარო. დრო კი არა, თვით ადამიანი არ უფრთხილდება დროს, ე.ი. თავის თავს“. ამ ჩანაწერებში წარმოჩნდება, როგორ განიცდის მწერალი საქმეებში დანთქმული ადამიანების უსულგულობას: „ჩემს ქალაქში პირდაპირ ბედისწერას უყურებ თვალებში და ტკივილთან ერთად სირცხვილითაც იწვი“. თითქოს ყველას მაგივრად ცდილობს ცოდვის გამოსყიდვას, როცა მტანჯველი სინდისის ქენჯნისაგან თავდაღწევის სურვილით ქუჩაში ამაოდ დაეძებს მათხოვარს, რომელიც უცებ გაუჩინარდა ადამიანებით სავსე ქალაქის უდაბნოში: „პატარა მხეცივით წრიალებდა ჩემს არსებაში სინდისი. სინდისი, რომელსაც სხვაგვარად ღვთის ხმა ჰქვია ადამიანში“. პოლ ვალერის ერთი ჩანაწერი გაგვახსენა ამ ამბავმა: „დროდადრო მთელი ჩემი სხეული ნათდება… მე ანაზდეულად ვხედავ ჩემს თავს შიგნიდან… მე ვარჩევ ჩემი სხეულის შრეების სიღრმეს, მე ვგრძნობ ტკივილის სარტყლებს – ტკივილის რგოლებს, წერტილებს, კონებს“. ამ ჩანაწერების ყოველი ფრაზა ხან შიშის, ხან სიცარიელის, ხან სიკეთის, ხან სიყვარულის და ხან აღტაცების შეგრძნებებითაა დამუხტული, ყოველი ფიქრი გულიდანაა გამოტანილი. თითქოს ხედავ კიდეც ფიქრის კვალს, გრძნობ, რა სიღრმეებში იძირება, როგორ მიიკვლევს გზას ტვინის ხვეულებში და მერე როგორ გამოაღწევს იქიდან სრულიად განსხვავებული ემოციისა და შინაარსის თანხლებით. ამ ჩანაწერებში კიდევ მრავალ აქტუალურ თემაზეა დაფიქრება, მათ შორის, საგულისხმო დაკვირვებებია მასმედიის ავკარგიან გავლენაზე საზოგადოების ცნობიერებაზე, წარმოჩენილია ტელევიზიის როლი თანამედროვე ცხოვრებაში: „ტელევიზიამ, მართლაც, ახალი სახის ადამიანი შექმნა – „ჰომო­მედიუმი“. ადამიანი, გამოფიტული განუწყვეტელი სანახაობით“.

„მწერლობა ორმხრივი სიყვარულია“, – ასე ერქვა გაზ. „წილკანში“ გამოქვეყნებულ მის წერილს, მწერალთა თუ უბრალო მკითხველთა აღტაცება რომ გამოიწვია. ამგვარ აღტაცებას ხშირად იწვევს მისი ნაწერები, რადგან ყოველთვის გულწრფელია და სჯერა: „ამ გაპარტახებულ, გაუდაბნოებულ ქალაქში ჯერ ისევ სუნთქავს თანალმობის, თანადგომის, სიყვარულისა და ამ სიყვარულის გამოხატვის უნარი“. მაკა ჯოხაძის ფიქრების უკიდეგანო და ჰარმონიული დრო-სივრცე მკითხველს წარმავლობასა და მარადიულობაზე დააფიქრებს, ახალ ხმებს, შეგრძნებებს, ფერებს აღმოაჩენინებს, რეჰანისფერი თუ უნაბისფერი საღამოების გრილ სიმყუდროვეს აზიარებს და სამყაროს სიყვარულით აღავსებს. ამ წიგნის („ჩაძირული დღესასწაული“, გამომცემლობა „ინტელექტი“) ყოველი ჩანაწერი თითქოს ასოციაციებს „აფეთქებს“ შენში და დაუსრულებელი ფიქრისთვის განგაწყობს. ეს ჩანაწერები თითქოს ერთგვარი კომენტარებია მაკა ჯოხაძის გამორჩეული შემოქმედებისა. მკითხველს ჰაერივით სჭირდება ასეთი წიგნები, რომლებიც გაჯერებენ, რომ შეიძლება „სულში ჟასმინებმა გაიხარონ“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი