სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ ვუთხრათ ბავშვს – „არა“

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს აღმზრდელი,  რომელსაც ბავშვთან ურთიერთობაში არ გამოუყენებია სიტყვა „არა“. ყველაზე ლმობიერ, დამთმობ და რბილი ხასიათის მშობლებსაც კი გარკვეულ სიტუაციებში უწევთ ბავშვისთვის აკრძალვების დაწესება, თუნდაც მათი უსაფრთხოების მიზნით. ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ადვილია, უთხრა ბავშვს „არა“, თუმცა რთულია მივაღწიოთ სასურველ ეფექტს ტირილისა და ისტერიკის გარეშე. როგორ ვუთხრათ  ბავშვს „არა“,  „არ შეიძლება“ პიროვნების ფორმირებაზე, მის განვითარებაზე ზიანის მიყენების გარეშე.

რეკომენდაციები – როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ და დავუწესოთ  აკრძალვები:

  • არ არის სასურველი სიტყვა „არა“-ს ხშირად გამოყენება. გამოვიყენოთ „არა“, რაც შეიძლება იშვიათად. საქმე იმაშია, რომ თუ პატარა ამ სიტყვას მიეჩვევა, აღარ აღიქვამს მას სათანადოდ. ის შეწყვეტს „არა“-ზე რეაგირებას, აღიქვამს როგორც ფონს და არ თვლის საყურადღებოდ. გარდა ამისა, აკრძალვების ურიცხვი რაოდენობა ზიანს აყენებს პატარას სრულფასოვან განვითარებას.
  • გავითვალისწინოთ, რომ ერთდროულად ყველა აკრძალვის დამახსოვრება ბავშვისთვის ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. იმისათვის, რომ მუდმივად არ ვიმეოროთ სიტყვა „არა“, შეიძლება შევეცადოთ შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ბავშვისთვის იქ, სადაც მას დროის დიდი ნაწილის გატარება უწევს  – კარადების ქვედა თაროებიდან ავიღოთ ძვირადღირებული, ადვილად მსხვრევადი საგნები, დენის წყაროებს გავუკეთოთ დამცავები, ზედა სართულზე ასასვლელ კიბესთან მოვაწყოთ ბარიერები, ფანჯრის რაფიდან ავიღოთ საგნები, რომელზეც შეიძლება ბავშვი აძვრეს, დავაფაროთ რბილი ქსოვილი ავეჯის ბასრ კუთხეებს და ა.შ. გვახსოვდეს, რომ ყოველივე აღნიშნულის გაკეთება ბავშვის განვითარების გარკვეულ პერიოდში ყოველდღიურად იქნება საჭირო.
  • აკრძალვების დაწესების დროს გამოვიყენოთ მოკლე სიტყვები და მარტივი წინადადებები, მაგ. „გაჩერდი“, „არ შეიძლება“. უარი ვთქვათ გრძელი, რთული წინადადებების გამოყენებაზე. ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ წარვუდგენთ აკრძალვას ბავშვს – შევინარჩუნოთ მშვიდი ტონი, მოვერიდოთ ყვირილს. სამი თვის ასაკიდან ბავშვს შეუძლია დამოკიდებულების ამოცნობა ინტონაციით, სახის გამომეტყველებით, მიმიკით. გავითვალისწინოთ, რომ პატარებს კარგად აქვთ განვითარებული არავერბალური კომუნიკაციის უნარი – ხანდახან ჩვენი ხმის ტონი და სახის მკაცრი გამომეტყველება სრულიად საკმარისია, ბავშვმა უარი თქვას ამა თუ იმ ქმედებაზე. გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და სახის ადეკვატური გამომეტყველებით  წარმოვთქვამთ ამკრძალავ სიტყვებს, მით უკეთ აღიქვამს მას ბავშვი;
  • აუცილებელია ოჯახის წევრების შეთანხმებული მოქმედება აკრძალვების დაწესების დროს. უმჯობესი იქნება, თუ ოჯახის ყველა წევრი ერთნაირ პოზიციას დაიკავებს „არა“ -სთან დაკავშირებით. ბავშვს კარგად უნდა ესმოდეს, აცნობიერებდეს, თუ რის გაკეთების უფლება აქვს და რისი  არა, რა შეიძლება მისთვის და რა -არა. უფროსები უნდა შევთანხმდეთ,  რა ავუკრძალოთ ბავშვს და როგორ მივაღწიოთ, რომ არ გააკეთოს ის, რაც ეკრძალება. ამ გზით ჩვენ ბავშვის მხრიდან მანიპულირების სერიოზულ საფრთხეს ავიცილებთ თავიდან;
  • აკრძალვების დროს ვეცადოთ, ვიყოთ თანმიმდევრული. მაგ. თუ გუშინ ვუსაყვედურეთ ბავშვს და ავუკრძალეთ სათამაშოების მიმობნევა ოთახში, დღეს არ ღირს ამაზე გაჩუმება მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ვართ და ნერვების მოშლა არ გვინდა. ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ მიერ ნათქვამი „არა“ და ჩვენი მხრიდან დაწესებული აკრძალვები დამოკიდებულია ჩვენს გუნება-განწყობაზე. მან შეიძლება იფიქროს, რომ ყველა  „არა“ დამოკიდებულია უფროსების განწყობაზე და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ჩვენი არათანმიმდევრული ქმედებით ბავშვს ვაძლევთ მანიპულირების საშუალებას; ის აუცილებლად შეამჩნევს, რომელ მომენტში დავნებდით და მიხვდება, როგორ შეიძლება ჩვენზე ზემოქმედება;
  • ვიყოთ მტკიცე და თავდაჯერებული. როცა ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, გავაკეთოთ ეს სერიოზული სახით და თავდაჯერებული ინტონაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იფიქრებს, რომ მას ვაღიზიანებთ, ან ვხუმრობთ;
  • აუცილებელია, ავუხსნათ ბავშვს აკრძალვის მიზეზი. ამით ის გაიგებს, რომ ჩვენი „არა“ ახირება არ არის – მას აქვს ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა. თუ ბავშვს არ ესმის, რატომ არ შეიძლება კონკრეტული რაღაცის გაკეთება, იმის ალბათობა, რომ ის კვლავ მოისურვებს ამ მოქმედების განმეორებას, იზრდება. ამასთან, ახსნა უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგები; შევეცადოთ, ველაპარაკოთ მას მარტივი ენით. თუ პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია აკრძალვების მიზეზების გაგება, უკეთესი იქნება მისი ყურადღების გადართვა რაიმე საინტერესოზე, შევთავაზოთ მისთვის საყვარელი სათამაშო და ა.შ.;
  • წარმოვთქვათ „არა“ მშვიდად და დამაჯერებელი ტონით. იმის მიხედვით, თუ რა ინტონაციით წარმოითქმის ეს სიტყვა, იცვლება მისი მნიშვნელობაც. თუ ჩვენი უარი გამოიხატება ხმის აწევით, მაშინ ეს ურთიერთობის გარკვევას უფრო ემსგავსება, ვიდრე გარკვეული აღმზრდელობითი ეფექტის მიღწევას. ნუ ავუწევთ ხმას – თუ ბავშვს ვუყვირით რაიმეს აკრძალვის დროს, მასში აღმოცენდება დანაშაულის გრძნობა. ამასთან, პატარას არ ესმის უფროსების გაბრაზების და განაწყენების მიზეზი, მაგრამ გრძნობს და ფიქრობს, რომ რადგან უფროსები ხმას უწევენ, ე. ი. ის დამნაშავეა. დროთა განმავლობაში მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს უარყოფითი  დამოკიდებულება საკუთარ თავთან – „მე ცუდი ვარ”; შედეგად გახდება ჩაკეტილი, ნერვული, გაუჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის განცდა. ყოველივე აღნიშნული კი სამომავლოდ არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშემწყობი და დეპრესიის მიზეზიც კი გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ველაპარაკოთ ბავშვს მშვიდი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ტონით, გაღიზიანებისა და ყვირილის გარეშე;
  • თუ ბავშვს ვეტყვით „არა“-ს, გაუმართლებელი იქნება, რამდენიმე წუთის შემდეგ შევიცვალოთ აზრი და ვუთხრათ „კი“. მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი „არა“ განსჯას არ ექვემდებარება და აზრის შეცვლას არ ვაპირებთ. ამიტომ, სანამ ბავშვს „არა“-ს ვეტყვით, დავრწმუნდეთ, რომ არ გადავიფიქრებთ. მზად ვართ თუ არა დავამშვიდოთ პატარა, თუ ჩვენი „არა“ მას ძალიან გაანაწყენებს, გააღიზიანებს. თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მოცემულ მომენტში ბავშვის დასამშვიდებლად ძალა არ გვეყოფა და ბავშვის მოთხოვნაც ჩვენთვის პრინციპული ნამდვილად არ არის, უკეთესი იქნება მაშინვე დავთანხმდეთ, ვიდრე შემდეგ შევიცვალოთ აზრი;
  • „არა“-ს წარმოთქმისას ნუ ვიქნებით აგრესიული. ბავშვმა ჩვენი „არა“ არ უნდა აღიქვას, როგორც მისი შეურაცხყოფის სურვილი. მან უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ ვიცავთ მას და გვიყვარს ის, მაგრამ არ ვაპირებთ გადაწყვეტილების შეცვლას;
  • აკრძალვების დაწესების დროს გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს შეიძლება ავუკრძალოთ მხოლოდ მოქმედება, ქცევა და არა გრძნობები, ემოციები. მოვერიდოთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ნუ ბრაზობ“, „ნუ ტირი“, „ნუ გეშინია“. ბავშვს უფლება აქვს გამოხატოს ნებისმიერი გრძნობა. მთავარია, რომ ის ამას სწორად აკეთებდეს. ჩვენი, უფროსების ამოცანაა ვასწავლოთ მას, როგორ გამოხატოს მისაღები ფორმით სიბრაზე, გაღიზიანება, შიში და სხვა გრძნობები;
  • როდესაც ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, სასურველია, მას რაიმე ალტერნატიული  მოქმედება შევთავაზოთ, მაგ. „ვერ მოგცემ ამ ჭურჭლით თამაშის უფლებას, მაგრამ შეგიძლია კარადიდან ფერადი პლასტმასის ჭურჭლის ნაკრები აიღო და იმით ითამაშო;
  • ვიყოთ მაგალითი დადგენილი წესების დაცვაში. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი უფროსების ქცევით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე წარმოთქმული სიტყვებით;
  • არ დაგვავიწყდეს წავახალისოთ პატარა კარგი, მოსაწონი ქცევისთვის და აღვნიშნოთ მისი მიღწევები.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშობლის სურვილია, შვილს მხიარულს და მოღიმარს ხედავდეს. არავის სურს შვილის განაწყენება. მაგრამ განვითარების გარკვეულ საფეხურზე ბავშვმა უნდა გაიგოს ნებადართულობის საზღვრების არსებობის  და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ მისივე კეთილდღეობისთვის ცხოვრების როგორც ამჟამინდელ, ისე შემდგომ ეტაპებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ აკრძალვების პრობლემა წარმოადგენს აღმზრდელობითი პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რჩევები გამოადგება მშობლებს და შეზღუდვების დაწესების პროცესი არ დააზიანებს, ტრავმას არ მიაყენებს არც ბავშვს და არც უფროსს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“