შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ინტერესი, შთაგონება და წარმატება

„მე არასოდეს ვასწავლი ჩემს სტუდენტებს. მე მათ ვუქმნი პირობებს, რომ თავად ისწავლონ“.

ალბერტ აინშტაინი

 

სწავლის ინტერესი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც არსებობს შთაგონება, რომელიც წარმატების შედეგად იბადება.

სკოლის მიზანი ჰარმონიული, კრეატიული, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნების აღზრდა უნდა იყოს და არა კონკრეტული საგნის სპეციალისტის. სწავლის მოტივაციის ფორმირება განათლების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.

როგორ გავზარდოთ შემეცნებითი ინტერესი?

საგანმანათლებლო პროცესი უნდა აიგოს მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. მოსწავლის მოტივაციის ფორმირებისთვის აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზება ბავშვების საჭიროებების, ფიზიოლოგიური და ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით. მან უნდა:

  • დააკმაყოფილოს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესები;
  • წაახალისოს მოსწავლეები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის;
  • დააჯილდოოს რთული ამოცანების შესრულებისთვის;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის თანასწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
  • განუვითაროს თვითშეფასების უნარი;
  • ხელი შეუწყოს მათ თვითგანვითარებას;
  • ჩამოუყალიბოს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

როგორი პირობები უწყობს ხელს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის განვითარებას?

მოსწავლეთა სრულფასოვანი მოტივაციის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი პირობების უზრუნველყოფა: შინაარსის გამდიდრება საინტერესო მასალით, რომ მოსწავლეთა შემეცნებითი მოთხოვნილებები და საჭიროებები დაკმაყოფილდეს; მოსწავლეებს შორის საინტერესო კომუნიკაციის ორგანიზება; ჰუმანური დამოკიდებულება ყველა მოსწავლის მიმართ; ურთიერთობის თანაბარი სტილის შენარჩუნება; შესაძლებლობების აქტიური თვითშეფასება; თვითგანვითარების სურვილის გაღვივება; სირთულეების დაძლევის შემთხვევაში მოსწავლეების წახალისება; მათი ინიციატივების ეფექტური მხარდაჭერა და წახალისება; პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; სწავლების მეთოდებისა და ხერხების მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

გთავაზობთ საგანმანათლებლო მოტივაციის განვითარების რამდენიმე მეთოდს:

მეთოდი „დიდაქტიკური თამაშები“ გულისხმობს სიტუაციებს, რომლებიც ახდენს რეალობის სიმულაციას. ამ მეთოდის მთავარი მიზანი კოგნიტიური პროცესის სტიმულირებაა.

წარმატების სიტუაციის მეთოდი არის პირობების ისეთი მიზანმიმართული, ორგანიზებული კომბინაცია, რომლითაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა აქტივობებში. ეს არის კარგად გააზრებული, მომზადებული სტრატეგიისა და ტაქტიკის შედეგი. შეიძლება გამოვყოთ ინდივიდუალური წარმატებისა და მოლოდინის სამი ტიპი: მოსალოდნელი წარმატება – შესაძლოა არსებობდეს როგორც გონივრული იმედი ან სასწაულის მოლოდინი, მაგრამ შეუძლებელია, წარმატება დაიბადოს ნულიდან; შესამჩნევი წარმატება – აფიქსირებს მიღწევებს, აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, განიცადონ აღიარების სიხარული, საკუთარი შესაძლებლობების და მომავლის რწმენა; წარმატების განზოგადება – ხელს უწყობს ნდობის, უსაფრთხოების, თავდაჯერების განმტკიცებას.

კონკურენციის მეთოდი – ამ დროს მოსწავლეთა მეტოქეობის ბუნებრივი მოთხოვნილება მიმართულია პიროვნებისა და საზოგადოებისთვის აუცილებელი თვისებების ჩამოყალიბებისკენ. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, სწრაფად ითვისებენ სოციალური ქცევის გამოცდილებას, ივითარებენ ფიზიკურ, მორალურ, ესთეტიკურ თვისებებს. კონკურენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ჩამორჩება: სხვების მიღწევებთან თავიანთი შედეგების შედარებით ისინი იღებენ ახალ სტიმულს ზრდისთვის და საქმის მეტი ძალისხმევით კეთებას იწყებენ.

პროექტის მეთოდი – დიდი მნიშვნელობა აქვს საპროექტო აქტივობას, რომელიც ავითარებს ცოდნის დამოუკიდებლად აგების, საინფორმაციო სივრცეში ნავიგაციის, შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის დანახვისა და გადაჭრის უნარებს. საპროექტო აქტივობა საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი სტრუქტურაა. მოსწავლეების საპროექტო აქტივობის შესაძლო პროდუქტებია: ჟურნალი, დასაკეცი წიგნი, მემორანდუმი, ტესტი თემაზე, პრეზენტაცია, მოთხრობა, ზღაპარი, კოლაჟი, კედლის გაზეთი, სუვენირი.

პრობლემური სიტუაციის შექმნის მეთოდი – პრობლემური სიტუაციის შექმნა შესაძლებელია პრობლემური საკითხების, ამოცანების, საძიებო ხასიათის ამოცანების ფორმულირებით. გაკვეთილის თითოეულ ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ პრობლემური კითხვები: წინააღმდეგობრივი კითხვები; კითხვები, რომლებიც მოითხოვს მსგავსებისა და განსხვავებების დადგენას და რაც უფრო ნაკლებად აშკარაა ეს განსხვავება თუ მსგავსება, მით უფრო საინტერესოა მისი აღმოჩენა; კითხვები მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარების შესახებ, როცა თითოეული მიზეზის აღმოჩენა ნაბიჯია ღრმა გაგებისკენ.

სასწავლო მასალისადმი ინტერესის გაზრდის ტექნიკა

იმისთვის, რომ მოსწავლე თავიდანვე დავაინტერესოთ, გაკვეთილის ყოველ ეტაპზე უნდა გვახსოვდეს მისი მოტივაცია. ამისთვის საჭიროა, ახალი თემის შესწავლა უჩვეულოდ დავიწყოთ.

მეთოდი „მიმზიდველი მიზანი“ დაგვეხმარება, მოსწავლეებს მარტივი და გასაგები მიზანი შევთავაზოთ. მაგალითად, თემა „წყლის თვისებების“ შესწავლა: მოსწავლეებმა უნდა გაარკვიონ, რატომ სკდება წყლის მილები ცივ ზამთარში. ხშირად უჩვეულო ფორმულირება მოსწავლეებს არა მხოლოდ იზიდავს, არამედ მათ ყურადღებას გაკვეთილის ბოლომდე იპყრობს.

გაკვეთილის თემის დასახელებისას შეიძლება გამოვიყენოთ მეთოდი „პროგნოზირება“. მაგალითად: „მოისმინეთ საკითხის სათაური, რომლითაც ვიმუშავებთ გაკვეთილზე და შეეცადეთ, დაადგინოთ შესაძლო მოვლენები“.

შესასწავლი საგნისადმი ინტერესის გაჩენისთვის საჭიროა თემის შესწავლის აუცილებლობის, მნიშვნელობის, მიზანშეწონილობის გააზრება. ამაში შემდეგი მეთოდები დაგეხმარებათ:

„სპიკერი“ – 1 წუთში დაარწმუნე თანამოსაუბრე, რომ ამ თემის შესწავლა აუცილებელია.

„ავტორი“ – შენ რომ სახელმძღვანელოს ავტორი ყოფილიყავი, როგორ აუხსნიდი მოსწავლეებს ამ თემის შესწავლის აუცილებლობას?

„პრო“ – შენი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე, რატომ არის საჭირო ამ თემის შესწავლა?

„კერპი“ – წარმოიდგინე, შენი „კერპები“ როგორ დაგიმტკიცებენ ამ თემის შესწავლის აუცილებლობას.

„ფანტაზია“ – (გაკვეთილის თემა იწერება დაფაზე) დაასახელე ამ თემაზე ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ცხოვრებაში გამოყენების 5 გზა.

„მართალი/ყალბი განცხადებები“ – თემის ირგვლივ შემოთავაზებული განმარტებებიდან მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ „ჭეშმარიტი“ დებულებები.

„იპოვე შეცდომა“ – მასწავლებელი შეგნებულად უშვებს უზუსტობებს სასწავლო მასალის წარდგენისას, მოსწავლეებმა კი უნდა იპოვონ ისინი, რაც ხელს შეუწყობს კონცენტრაციის შენარჩუნებას მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

„შეხედე სამყაროს სხვისი თვალით“ – იქმნება უჩვეულო სიტუაცია. მაგალითად, თემა „წყლის ციკლის“ შესწავლისას მოსწავლეებმა თავი ფიფქად უნდა წარმოიდგინონ და აღწერონ ყველაფერი, რაც ემართებათ.

„სიურპრიზი“ – გაკვეთილზე მოსწავლეებს ეძლევათ საინტერესო ფაქტები. მაგალითად, კუნძულ შრი-ლანკაზე ხარობს კორიფას გვარის პალმები, რომელთა ფოთლების სიგრძე 8 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე – 6 მეტრს.

„დიახ/არა“ – მოსწავლეები ცდილობენ, იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზა და მასწავლებელს უსვამენ მხოლოდ დამაზუსტებელ კითხვებს.

მასალის განმეორების ეტაპზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაინტერესდნენ ამ მასალის გამოყენებით. რა გზები არსებობს ამის მისაღწევად?

„საკუთარი მხარდაჭერა“ – მოსწავლე პასუხების ძირითად სქემას ახალ მასალაზე დაყრდნობით დამოუკიდებლად შეიმუშავებს.

„გამეორება-გაფართოება“ – მოსწავლეები ქმნიან კითხვების სერიას, რომელიც ცოდნის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

„საკუთარი მაგალითები“ – მოსწავლეები ახალ მასალაზე მაგალითებს ქმნიან. ასევე შეიძლება საკუთარი ამოცანების შედგენა, იდეების წამოყენება შესწავლილი მასალის გამოსაყენებლად.

„გამეორება ერთდროული კონტროლით“ – მოსწავლეები ასრულებენ ტესტს, ავსებენ კროსვორდს შესწავლილ თემაზე, მერე კი ერთმანეთს უცვლიან.

„თვითკონტროლისა და თვითშეფასების“ სტადიაზე კარგი იქნება მუშაობა წყვილში. მოსწავლე პასუხობს მეგობრის კითხვას, რის შემდეგაც როლებს ცვლიან. ამის შემდეგ მიიღება ზოგადი გადაწყვეტილება და ეცნობება კლასს. შეგიძლიათ, გაკვეთილზე პერიოდულად შესთავაზოთ მოსწავლეებს რვეულების გაცვლა და ერთმანეთის შეცდომების გასწორება.

კარგი იდეაა, საშინაო დავალება მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშიროთ. მაგალითად, „მოამზადეთ მოხსენება შინაური ცხოველის ან საყვარელი სპორტის შესახებ“.

რეიტინგი არ არის შეფასება. აუცილებელია, საჯაროდ გამოვყოთ მოსწავლის თითოეული წარმატება. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე, ჩვენი მზადყოფნა მუშაობისთვის, ახლის შესწავლისთვის.

ასე რომ, მეთოდების გააზრებული შერჩევა, მათი გონივრული კომბინაცია შესაძლებელს გახდის ბავშვების საგანმანათლებლო მოტივაციის ამაღლებას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი