შაბათი, ივნისი 14, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

ზოგჯერ საკლასო ოთახს არ ჰქონდეს 4 კედელი…

 

საინტერესო რამაა შეგრძნებათა ორგანოების გააქტიურება, გამოყენება და საკუთარი სხეულის „ლაბორატორიად“ წარმოდგენა. ჩვენ გვაქვს სამყაროზე დაკვირვების საწარმოებელი „ინსტრუმენტები“ და შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია საგულისხმო რაღაცების შენიშვნა, შემჩნევა, აღბეჭდვა, შემდეგ კი ამ „მონაცემების დამუშავება“, ანალიზი, გაზიარება.

დავაკვირდეთ: ერთსა და იმავე ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ყოველდღიურობაში, ნაჩვევ, გაბეზრებულ ყოფაში შეგრძნებათა ორგანოები გვიდუნდება, გვიბლაგვდება.

გაკვეთილების წლიური გეგმა გაწერილია კონკრეტული საგნობრივი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად, ჩამოსაყალიბებლად. მიზნებიც, ამოცანებიცა და მიღწევის გზებიც ასევე წინასწარაა გაწერილი. ეს, რასაკვირველია, საჭიროა, აუცილებელიც. მაგრამ, ამასთან, აუცილებლად არის  რუტინულიც. შესაძლოა, იყოს მოსაწყენიც.

გაკვეთილებზე ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას ეს პროგრამები განუსაზღვრელ მომავალში გვპირდებიან. ასე არაა? მაგალითად, ყველაზე პოპულარული პასუხი კითხვაზე – „რა არის სკოლის ფუნქცია?“ – გახლავთ: მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება…

მაგრამ მოზარდობისას ცხოვრება არც შეყოვნების რეჟიმშია და არც სადმე გვაქვს გადადებული. ჩვენ ამ ცხოვრებას „ვცხოვრობთ“, ვითავისებთ, ვეუფლებით უნარებს, ვიმუშავებთ ჩვევებს და აქ და ახლა, აწმყოშიც გვჭირდება სამარჯვები, რომლებსაც გამოვიყენებთ ყველაზე ბობოქარი  პერიოდისას. მოზარდობა სწორედ ასეთია.

ალტერნატიული (არასრული) პასუხი კითხვაზე – რა არის სკოლის ფუნქცია?“ – ასეთი მაქვს:

საკუთარი თავის შეცნობა, სამყაროს მიმართ ინტერესის, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, დასწავლისა და სწავლა-სწავლების ტექნიკების გაცნობა-გათავისება, სხვებთან ურთიერთობისას საკუთარი შესაძლებლობების შემჩნევა, გამოვლენა, გაუმჯობესება, კაცობრიობის საინტერესო ნააზრევის, ნაფიქრის, ნაკეთების გაცნობა, შესწავლა, მსჯელობა ამაზე, სხვების ნააზრევის მოსმენა, თვალსაწიერის გაფართოება, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარ და საზოგადოებრივ (ჯერ საკუთარ, მერე საზოგადოებრივ) სიჯანსაღეზე, კეთილდღეობაზე ზრუნვა, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება საკუთარი თავის წინაშე, შემოქმედებითი თვითგამოხატვის გზების ძიება, პოვნა, კვლავ ძიება…

ცხოვრება დაუგეგმავი, მოულოდნელი სიტუაციების წყებაცაა. ყველაფერს ვერ დავგეგმავთ. ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ. სასკოლო ცხოვრებაში მოულოდნელობები კი თითქმის არ გვხვდება. ყოველ შემთხვევაში, პედაგოგიურად მნიშვნელოვანი მოულოდნელობები, რომლებსაც აღმზრდელობითად გამოვიყენებთ. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დააკვირდნენ თავს სხვადასხვა სიტუაციაში.

სასკოლო პრაქტიკა ამ მხრივ შეუცვლელია. ვალდორფის სკოლას, მაგალითად, კურიკულუმით აქვს განსაზღვრული ეკოლოგიური, თეატრალური, სოციალური, სასოფლო-მიწათმოქმედებითი, სალაშქრო პრაქტიკები. მოსწავლეები სხვადასხვა კლასში სულ მცირე, ერთი კვირით მაინც სტუმრობენ ხოლმე სოციალურ ინსტიტუტებს, დგამენ სპექტაკლებს, გადიან სოფლად და მუშაობენ მიწაზე, გეგმავენ ლაშქრობებს ღამისთევით. მოსწავლე კლასში და მოსწავლე კლასის გარეთ, სხვა სივრცეში – ორი სხვადასხვა ვინმეა. იმდენის აღმოჩენა შეგვიძლია თითოეულში, იმდენ თვისებას მალავენ ოთხ კედელს შორის მოქცეულები, მერხებსა და სკამებზე მიჩუმებულები…

მაისის ერთ მშვენიერ დღეს სკოლასთან ახლოს, სკვერში გადავწყვიტე მოსწავლეების გაყვანა. წინასწარ გავაცანი წესები. ასევე დავალებების ჩამონათვალი. მოცემული დავალებებიდან მათ უნდა შეერჩიათ ერთ-ერთი და გაკვეთილის მთელი დრო უნდა დაეთმოთ ამ კონკრეტული შემოქმედებითი დავალებისთვის. დამოუკიდებლად, მარტო უნდა გადაეწყვიტათ, რა ფორმით, როგორ ჩამაბარებდნენ დავალებას (ჩვენს სასწავლო პრაქტიკაში ჩემთვის მეილების გამოგზავნა პროცესის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ დავალებებს ასე ვიბარებ…).

ისეთი საინტერესო და შთამაგონებელი, ორიგინალური, მრავალფეროვანი ნამუშევრები მივიღე, ერთი სიამოვნება იყო მათი „შემოწმება“. რაიმე მოდულის ან თემის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისგანაც ვითხოვ ხოლმე უკუკავშირს, შეფასებას. ამ კონკრეტულ დავალებაზე უკლებლივ ყველასგან მივიღე დადებითი გამოხმაურება. მივიღე გულდასმით, პასუხისმგებლობის გრძნობით შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის, ფოტო- და ვიდეოფორმატშიც.

გიზიარებთ შემოქმედებითი აქტივობების ჩამონათვალს და სახალისო შემეცნებით თავგადასავალს გისურვებთ:

 

  1. ხარ რეპორტიორი. უნდა მოამზადო 1-წუთიანი რეპორტაჟი – „შემთხვევა სკვერში“. ვინ იქნება გმირი? მიუსაფარი ძაღლი? ფოთოლი? კაცი ყურსასმენებით? საბავშვო ატრაქციონის სავალალო მდგომარეობა? ნაგვის ურნა?
  2. მოძებნე: ქვა, ტოტი, ფოთოლი, ადამიანი ყურსასმენებით, ფესვი, ოთხკუთხედი ფორმის ობიექტი, რაიმე იისფერი. აღბეჭდე! დაურთე ტექსტი (ტექსტის ნაწილში თავისუფალი ხარ. მოიფიქრე რაც გინდა).
  3. მოძებნე უსულო საგანი და გაასულიერე. ვინაა? როგორია? აღჭურვე თვისებებით, „გააკეთებინე“ რაიმე, აამოქმედე. დააკვირდი. მოგვიყევი.
  4. ინტერვიუ ხესთან – შეარჩიე ხე. წარმოიდგინე, რომ ინტერვიუ გაქვს ჩასაწერი. მოიფიქრე სამი კითხვა და დაუსვი. ივარაუდე – რა პასუხები შეიძლება გაგცეს ხემ? დაწერე ან ჩაწერე.
  5. მონაკვეთი – საბავშვო ატრაქციონებიდან ოთხკუთხედ ობიექტამდე – ჩაწერე და აღწერე ხმები, რომლებიც მოგესმა. გამოიყენე საგნები – აახმაურე (დაატრიალე ატრაქციონი, იქ სასრიალო და საქანელაცაა – გამოიყენე სივრცე ხმების საწარმოებლად და ასევე დაუგდე ყური გარემოს ბუნებრივ ხმებს).
  6. მიკროსკოპი – იქეცი მიკროსკოპად. აირჩიე ერთი მცირე მონაკვეთი – ბზარი ასფალტზე, ორმო, ერთი ციცქნა ობიექტი, აღწერე დეტალურად.
  7. ამოუცნობი ნელი ობიექტი – უნდა იქცე ამოუცნობ ობიექტად სხვა პლანეტიდან. შენ ხარ ყველაზე ნელი არსება დედამიწაზე. პარკის შუაგულში დაიწყე შენელებული მოძრაობა და 2 წუთის განმავლობაში არ გამოხვიდე ამ როლიდან. შეგრძნებები და დაკვირვებები აღწერე.
  8. ფოტომისია: 1 სასაცილო, 1 მშვენიერი, 1 საინტერესო რამ აღბეჭდე შენს ობიექტივში.
  9. მოძებნე რაიმე მიგდებული ობიექტი. მოიფიქრე მისი წარსული – საიდან აღმოჩნდა აქ. სად იყო გუშინ. როგორ აღმოჩნდა აქ. გააპიროვნე.
  10. აირჩიე ერთი სკამი. აქციე ის მონარქის სავარძლად, დროის მანქანად, მახედ ან პორტალად. მოიფიქრე ამბავი და დაწერე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“