კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ინტერკულტურული საკომუნიკაციო კომპეტენცია, უცხოური ენის გაკვეთილის მიზანი

ადამიანების შეხვედრა იმ კულტურათა შეხვედრას გულისხმობს, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან.

ტრადიციულად, უცხო ენის გაკვეთილზე ენა ერთიან სისტემად განიხილებოდა. გასული საუკუნის 80-იანი წლების ჩათვლით, უცხო ენის გაკვეთილი ლექსიკურ-გრამატიკული მასალის შესწავლისკენ იყო მიმართული. 90-იანი წლებიდან დაინერგა საკომუნიკაციო კომპეტენციის გაზრდისკენ მიმართული პედაგოგიკა, რომლის განუყრელ ნაწილს ინტერკულტურული საკომუნიკაციო კომპეტენცია წარმოადგენს. საკომუნიკაციო კომპეტენციების შეძენაზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს იმას, რომ უცხო ენის ფლობა მხოლოდ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობის ცოდნით ან გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენებით არ გამოიხატება. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ისეთი საკომუნიკაციო კომპეტენციების განვითარება, როგორბიცაა მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა, მაგრამ, ამასთან ერთად, უცხო ენის შესწავლისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მოსწავლე გაეცნოს მოცემული ენისა და ქვეყნის სოციალურ და კულტურულ რეალიებს და მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.

თუ განვიხილავთ ბავშვის მიერ მშობლიური ენის შესწავლის პროცესს, აღმოვაჩენთ, რომ ის გარკვეული სოციალური და კულტურული კონტექსტის ფარგლებში მიმდინარეობს. შესაბამისად, ბავშვი მშობლიურ ენასთან ერთად იმასაც სწავლობს, სად და როგორ კონტექსტში, რა სიტუაციაში გამოიყენოს ის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის არა მარტო ლინგვისტურ, არამედ საკომუნიკაციო კომპეტენციასაც ეუფლება. გარდა ამისა, ოჯახისა და სოციუმის მეშვეობით ენის შესწავლასთან ერთად ბავშვი ეცნობა სხვადასხვა ტრადიციას, წეს-ჩვეულებას, აკრძალვას, ქცევის წესსა და ტაბუს. მნიშვნელოვანია, რომ უცხო ენის შესწავლისას კულტურული და სოციოკულტურული კონტექსტების გაცნობა უცხო ენის გაკვეთილზე ენის სწავლებასთან ერთად მოხდეს.

უცხო ენის შემსწავლელებს ხშირად მშობლიური კულტურისთვის მისაღები და გასაგები ქცევისა თუ ურთიერთობის წესები უნივერსალურად მიაჩნიათ, ხოლო განსხვავებული ენისა და კულტურისთვის დამახასიათებელი რეალიები მიუღებელი და ხშირად სასაცილოც კი ეჩვენებათ. მაშასადამე, მოსწავლეთა მიერ უცხოური კულტურის ინტერპრეტაცია და შეფასება მშობლიურთან მიმართებით ხდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი როლი უცხო ენების მასწავლებლისა, რომელიც მხოლოდ მოცემულ ენას კი არ აყვარებს მოსწავლეს, არამედ განსხვავებული კულტურის მიმართაც უღვივებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას.

განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი სასწავლო გეგმის შექმნისას, ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოური ენების სტანდარტში ადგილი დაიმკვიდრა ისეთმა მიმართულებამ, როგორიცაა “კულტურათა დიალოგი”. მოცემული მიმართულება სრულ სასწავლო პროცესს მოიცავს და დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა დონეს ფარავს. ეროვნული სასწავლო გეგმა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უცხოური ენის საკომუნიკაციო უნარების დაუფლებასთან ერთად უცხო ენის გაკვეთილი განსხვავებული ცხოვრების წესის, ღირებულებების, მენტალობის ადამიანების პატივისცემისა და უცხოური კულტურული კონტექსტებისადმი დადებითი დამოკიდებულების გაღვივებას უნდა ემსახურებოდეს. მოსწავლეთა ყურადღება უნდა გამახვილდეს მშობლიური და უცხოური კულტურული რეალიების არსებობაზე, მათ უნდა ჩამოუყალიბდეთ კულტურული მრავალფეროვნების განცდა და მისი დაფასების უნარი.

“კულტურათა დიალოგის” მიმართულების ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს ისეთ მისაღწევ შედეგებსა და მათ ინდიკატორებს, როგორებიცაა: უცხოური კულტურის სფეროდან ინფორმაციის ამოცნობა; პარალელების გავლება მშობლიურ და უცხო ენებს შორის; უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოთა შედარება; კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის გამოჩენა და სხვა (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016 წ.: უცოური ენები, თავი XXV). ზემოხსენებული შედეგები დაწყებით საფეხურზევე გულისხმობს განსხვავებული კულტურის ისეთი ატრიბუტების ცნობას, როგორებიცაა: დროშა, ზღაპრის გმირი, გამოჩენილი ადამიანი, დედაქალაქი, ღირსშესანიშნაობები, ფულის ერთეული და სხვა. “კულტურათა დიალოგი” აცნობს მოსწავლეს ისეთ სოციოკულტურულ სფეროებს, როგორებიცაა: დღესასწაულები და ტრადიციები (მაგალითად, ოჯახური თუ რელიგიური დღესასწაულები, შობა-ახალი წელი, აღდგომა, დაბადების დღე…); ტრადიციული კერძები, სუფრის ტრადიციები; ცხოვრების წესი, გართობა, თავისუფალი დროის გატარება; უცხოური საკუთარი სახელები და მათი პარალელები მშობლიურ ენაში და სხვა.

რაც შეეხება საბაზო-საშუალო საფეხურს, “კულტურათა დიალოგი” აერთიანებს ისეთ კულტურულ და სოციოკულტურულ მიმართულებებს, როგორებიცაა: ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები; ახალგაზრდების ცხოვრება _ სწავლა, გატაცებები, თავისუფალი დრო; საზოგადოებრივი ცხოვრება; ქვეყანათმცოდნეობის ელემენტები _ ცნობები უცხო ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიისა თუ ეკონომიკის შესახებ; ისტორიული ფიგურები და მათი ღვაწლი ამ ქვეყნისა და კაცობრიობის განვითარებასა და ისტორიაში; კულტურა და ხელოვნება _ გამოჩენილი ადამიანები და მათი ნაწარმოებები; მწერლობა, მხატვრობა, ხუროთმოძღვრება, კინოხელოვნება და სხვა; სამეცნიერო მიღწევები – ცნობილი გამომგონებლები და მათი ღვაწლი კაცობრიობის განვითარებაში; ეკოლოგია, ტექნიკური განვითარება და თანამედროვე მიღწევები. 
აღსანიშნავია, რომ სწავლების პირველ ეტაპზე, დაბალი ენობრივი კომპეტენციების ფონზე, ინტერკულტურული უნარების განვითარების ხელშემწყობი აქტივობები შესაძლებელია მშობლიურ ენაზე წარიმართოს. სოციოკულტურული მასალებისა და წყაროების მიწოდება მოსწავლეთათვის, დისკუსიისა თუ მსჯელობის წარმართვა კლასში, აგრეთვე ინფორმაციის მოძიების პროცესი შეიძლება მშობლიურ ენაზე მოხდეს. შემდგომ კი, ენის ფლობის დონის ამაღლებასთან ერთად, განსხვავებული კულტურული კონტექსტების კვლევა სასურველია, უცხოურ ენაზე გაგრძელდეს.

ზემოხსენებული საკომუნიკაციო კომპეტენციების დაუფლებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინტერკულტურული ხასიათის საკლასო თუ სასკოლო პროექტების განხორციელება (მაგალითად, პროექტი დაძმობილებული ქალაქების შესახებ, საყვარელი ზღაპრის გმირის შესახებ, გამოჩენილი ადამიანის შესახებ). საბაზო-საშუალო საფეხურზე მნიშვნელოვანია პროექტების განხორციელება ისეთი სოციალური და ზოგადსაკაცობრიო თემატიკის ირგვლივ, როგორიცაა: ეკოლოგია, კაცობრიობის მიღწევები, გამოგონებები და გამომგონებლები; ანტინარკოტიკული და ანტიმწეველური პროპაგანდა, ცხოველთა დაცვა და სხვა. ამგვარ პროექტებში მონაწილეობა დადებითად მოქმედებს როგორც სწავლის მოტივაციაზე, ისე მოსწავლის მიერ გუნდური მუშაობის პრინციპების უკეთ ათვისებასა და უცხოურ კულტურასთან, აგრეთვე ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან ზიარების პროცესზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“