ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

მომავლის სამყარო: ნეიროგანათლება, ნეირონეტი, ნეოროკომუნიკაცია

ბოლო დროს ჩვენს მეტყველებაში ხშირად გაისმის სიტყვა „ნეირო“, „ნეირობიოლოგიით“ დაწყებული და „ნეიროგანათლებით“ დასრულებული. თუმცა რა დასრულებული… ამას სასრული არ აქვს და არ რჩება მეცნიერების, ხელოვნების, ცხოვრების არცერთი სფერო, რომელიც მსაზღვრელად მაინც არ გამოიყენებდეს სიტყვას – „ნეირო“.

რა ნეიროზეა (ნეირონზეა) საუბარი? ალბათ ყველამ იცით, მაგრამ მაინც გავიმეორებ: ნეირონი (ბერძ. νευρών — ნერვი) – კლასიკური განმარტებით, ეს არის ნერვული უჯრედი – მთავარი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული ნერვული ქსოვილისა, რომლისგანაც არის აგებული ადამიანისა და ცხოველების ნერვული სისტემა და რომელიც ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემას უზრუნველყოფს ელექტრული და ქიმიური სიგნალების მეშვეობით. [1]

რა არის ნეიროგანათლება (Neuro Education )?

მარტივად რომ ვთქვათ: დღეისთვის ნეორომეცნიერებებმა დიდძალი ცოდნა დააგროვა. საჭირო ხდება, ეს ცოდნა რეალიზდეს განათლებაშიც, რაც გულისხმობს, რომ ახალ მეცნიერულ კვლევებს დაეფუძნოს ცოდნის მიღების მეთოდები სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

ნეიროგანათლება გვთავაზობს ტვინის გასაოცარი შესაძლებლობების უფრო ღრმა გაგებას და გამოყენებას. ეს არის სწავლის მეთოდი, რომელიც ეფუძნება იმას, თუ როგორ ამუშავებს თქვენი ტვინი ინფორმაციას. ეს კი აუმჯობესებს სწავლის პროცესს, გიქმნით პოზიტიურ განწყობას „თვითმართვითი“ სწავლის გზით, ეხმარება თქვენს ტვინს ახალი ცოდნის მიღებასა და ეფექტურ დამახსოვრებაში.

რა არის ნეიროგანათლების საკვანძო საკითხები?

ნეიროგანათლება მიზნად ისახავს ტვინის ყველა ნაწილის გააქტიურებას და ცდილობს გაიგოს ბავშვის მაქსიმალური პოტენციალი. როდესაც ბავშვის სწავლის სტილი გასაგებია, ნეიროგანათლება აღვივებს ცნობისმოყვარეობას და აადვილებს სწავლას. ნეიროგანათლებას შეუძლია,  თვითდისციპლინისა და თვითმართვის საშუალებით ბავშვში საუკეთესო უნარები გამოავლინოს, რაც, თავის მხრივ, ეხმარება მას, გახდეს დამოუკიდებელი, საკუთარი ცხოვრების მმართველი.

როდესაც 2006 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის[2] განათლების სკოლაში პროფესორმა მერაიელ ჰარდიმენმა წარადგინა ნეიროგანათლების პროგრამა, მაშინ ამ ტერმინის შესახებ ბევრმა არც იცოდა. ჰარდიმენი ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, პიონერია და დღემდე წარმატებით აგრძელებს ამ საქმიანობას.

ბოლო დროის გამოკვლევებიდან ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის განათლების სკოლაში აქტუალურია მეცნიერებისა და ხელოვნების ინტეგრირებასთან დაკავშირებული ნაშრომები, რომლებიც განაპირობებს ცოდნის ეფექტურ მიღებას (რის შესახებაც ვწერდი 2022 წლის სტატიებში). მაგალითად, ასეთი:

„ხელოვნების როლი სამეცნიერო შინაარსის დამახსოვრებაში“, „ხელოვნება როგორც სასკოლო განათლების ცენტრალური ნაწილი“, „განათლება და ხელოვნება: ბავშვების განათლება უნდა ეფუძნებოდეს კვლევებსა და სიხარულის სულისკვეთებას“ და სხვა.

ცოდნის მიღების ჰოლისტურობა (და, შესაბამისად, ეფექტურობა) უკავშირდება ჩვენი თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონულ მუშაობას.

როდესაც ბავშვები რაღაც ახალს სწავლობენ, მათ ახალი ცოდნა უკვე არსებულს უნდა დაუკავშირონ. ეს კავშირი აყალიბებს ძლიერ ნერვულ ქსელებს და აადვილებს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას. რაც მეტია კავშირი, მით უკეთ „ინახება“ ცოდნა.

გამოკვლევებით დასტურდება ნეიროგანათლების შემდეგი უპირატესობები:

. სასწავლო პროცესში მასწავლებლის მთავარ როლს ანაცვლებს ინდივიდუალური სწავლების სტილი, თანაც ეს პროცესი „თვითმართვადია“; მოსწავლეს შეუძლია, გაცნობიერებულად და ხალისით ისწავლოს;

. ნეიროგანათლება ხელს უწყობს ბავშვის დაფარული ნიჭების/უნარების ამოცნობას და გამოვლენა-რეალიზაციას;

. ამცირებს ახალგაზრდების გონებრივ დატვირთვას და ქმნის სკოლაში ბედნიერ ატმოსფეროს;

. ეხმარება მოსწავლეებს, ისწავლონ შეცდომებზე;

. ეხმარება ბავშვებს, განივითარონ ის უნარები, რომლებიც გადამწყვეტია ცხოვრებაში მათი წარმატებისთვის.

„…შენს შვილებს ძალდატანებით კი არა, თამაშით უნდა ასწავლიდე, რასაც ასწავლი, თუ გინდა, უკეთ ადევნო თვალყური თითოეულის ბუნებრივ მიდრეკილებებს“.[3]

პლატონის ეს სიტყვები ციფრულ ეპოქაში შესაძლოა პარადოქსადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ნეიროგანათლება ამ ეტაპზე მასწავლებლებისთვის შეიძლება იყოს დამატებითი რესურსი, რომელიც მას სწავლების შესაბამისი მეთოდების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

მაგრამ რას გვიქადის ციფრული მომავალი? აი, ეს კი ზუსტად არავინ იცის…

 

ნეირონეტი და ნეიროკომუნიკაცია

განათლების (და ცხოვრების) სრულიად ახალ პარადიგმასთან გვაქვს საქმე, როდესაც ნეიროგანათლებას ნეირონეტის კონტექსტში განვიხილავთ.

ნეირონეტი – ეს არის ახალი თაობის (და არამხოლოდ) საკომუნიკაციო გარემო, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. იგი უზრუნველყოფს ადამიანების ურთიერთქმედებას ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების გამოყენებით. როგორც მეცნიერები მიუთითებენ, ეს კონცეფცია ყველაზე მეტად შეესაბამება ნოოსფეროს იდეებს.

აი, აქ კი შეიძლება დაიკარგოთ… და სტატიის კითხვაც კი შეწყვიტოთ. მე მაინც ჩავუღრმავდები:

ნოოსფერო[4] – ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების სფერო, სადაც ადამიანის გონივრული მოქმედება წარმოადგენს განვითარების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს. ცნება „ნოოსფერო“ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შემოიღეს პიერ ტეიარ დე შარდენმა და ედუარდ ლე რუამ, რომლებიც განსაზღვრავენ მას როგორც დედამიწის „მოაზროვნე“ გარსს. ვლადიმერ ვერნადსკიმ ტერმინ „ნოოსფეროს“ ახალი მატერიალური შინაარსი მისცა: მსიი განმარტების თანახმად, ნოოსფერო ბიოსფეროს ახალი უმაღლესი სტადიაა. ნოოსფერო სულ უფრო ფართოვდება და გარდაიქმნება კოსმოსის ახალ სტრუქტურულ ელემენტად. ცნება „ნოოსფერო“ გულისხმობს საზოგადოებასა და ბუნებას შორის გონივრული ურთიერთგავლენის აუცილებლობას, ეს კი მოითხოვს წარმოების გონივრულ და ეფექტურ დაგეგმვას, ბუნების გარდაქმნის ამოცანის გლობალურ გადაჭრას.

საქმე უფრო შორსაც მიდის. ეს არის ნეიროსაზოგადოების შექმნა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ გამოცდილებისა და ემოციური შთაბეჭდილებების გაერთიანებას ინტელექტუალური სისტემების გამოყენებით.

ნეირონეტი (იგივე Web 4.0, კოლექტიური გონი) ინფორმაციის გაცვლის ისეთი სივრცე იქნება, რომელშიც მომხმარებლებს შორის ურთიერთზემოქმედება (ადამიანი-ადამიანი, ადამიანი-მანქანა) ნეიროკომპიუტერული ინტერფეისებით მოხდება. კომუნიკაციისთვის გამოყენებული უნიკალური სპეციალური ენით „ცოდნა გადაიტვირთება. ნეირონეტში ჩართული აქტორების ურთიერთზემოქმედება ნეიროკომუნიკაციის პრინციპებით განხორციელდება. პროგნოზების თანახმად, ნეირონეტი მასობრივად 2030-2040 წლებში გავრცელდება“.[5]

აქ გავჩერდები.

ეს შესავალი იყოს, საკმარისია იმ რთული ეპოქის გასააზრებლად, რომელშიც უკვე შევაბიჯეთ.

 

[1]https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

 

[2] https://education.jhu.edu/research/neuro-education-initiative/

[3]  პლატონი. სახელმწიფო. წიგნი მეშვიდე. გვ. 62; გვ. 64.

[4]https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D

[5] გურამ ჯოლია. „განათლება და დასაქმება ციფრულ გარემოში“, თბ., 2021, გვ. 262-263

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“