ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

შემოქმედებითი პაუზის მისტერიები

„არ ჩაქრე, მწარე სახმილო, მაცოცხლებელო დარდო“

დავით წერედიანი

საკულტო ლექსში „ჩემი სიმღერა“ ვაჟა-ფშაველა წერს: „ნუ დამასვენებ ნურასდროს, / მამყოფე შეძრწუნებული, / მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, / როცა ვარ შეწუხებული“.

ვაჟა იმ ადამიანურ მდგომარეობას გულისხმობს, ინიციაციის გზის მისტერიით და ენერგიით სავსეს, რომელიც ყველა სასიცოცხლო საზრისს აფხიზლებს და აღვივებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ სამყაროში. ეს „შეწუხებულობა“ შემოქმედებითობის ნიშანია, შესაბამისად, მწერლობაც მასში ტრანსფორმირებული აქტია, ღვთაებრივი შედეგია. ყველაზე პრაგმატული და დესაკრალიზებული ადამიანიც კი, მეტ-ნაკლებად აღიარებს ამას.

ჩვენს ეგოცენტრულ, ტექნოკრატიულ, გამოფიტულ და გამოღლილ დროში ამ დიადი შეწუხებულობის მოხელთება არც ისე ადვილია. ცოდვა გამხელილი ჯობია – აღარც ასეთ ამოცანებს უსახავს თავს შემოქმედი. ყველაფერი ბევრად გამარტივებულია, გაკომფორტულებული, აღარც სიტყვას ეკისრება ის პასუხისმგებლობა, რის გამოც მისთვის შეწუხება ღირს… სწორედ ამ ტოტალურად უპასუხისმგებლო და უსაზრისო სამყაროში, მადლის გაცხადებასავით მძლავრია ისეთ ხელოვანთა გამოჩენა, ვისთვისაც მთელი ეს შემოქმედებითი მდგომარეობა ბუნებრივადაა ვაჟასეული შეწუხებულობის დადასტურება.

ასეთი ხელოვანია ირაკლი სამსონაძე, არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ცხოვრებისეული არჩევანითაც. მასზე დაუეჭვებლად ითქმის: „როგორც წერს, ისე ცხოვრობს“ და პირიქით. მან შეძლო, თანამედროვე ლიტერატურული „კარნავალის“ მიღმა გამოეტარებინა მძლავრი ხმა და ენერგია და მარტოობის დღესასწაულში შეექმნა ტექსტები, რომლებიც განსაზღვრავენ სალიტერატურო პროცესებს, გამოკვეთენ ტენდენციებს და მხატვრულ-სააზროვნო პერსპექტივებს.

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა ირაკლი სამსონაძის ეპისტოლარული კრებული „წერილები მეგობარს“, სადაც მისი შემოქმედებითი და ცხოვრებისეული მრწამსი ყველაზე მკაფიოდ იკითხება.

„ყველაზე მკაფიოდ“ – ეს სიტყვები თავად მწერლის მხატვრულ ამოცანას გულისხმობს, რომელიც მან ამ კრებულის შექმნის წინ საკუთარ თავს დაუსახა. ეს გახლავთ მისი ესეისტურ-დოკუმენტური წერილებისა და ჩანაწერების წიგნი, რომელიც შემოქმედებითი პროცესის იდუმალ და წინააღმდეგობებით სავსე ლაბორატორიაში შეუძღვება მკითხველს. ამ წერილების ადრესატი თავადაც ჩინებული ლიტერატორი და დრამატურგი შადიმან შამანაძეა, რომელსაც ირაკლი სამსონაძე ელექტრონული ჟურნალისთვის პერიოდულად უგზავნიდა ტექსტებს. ასე „თამაშ-თამაშით“, სიტყვისა და შეგრძნების თანამეინახეობით შეიქმნა საოცრად გულწრფელი, მგრძნობიარე, ღრმა და სევდიანი წიგნი, სადაც, შემოქმედებითი საიდუმლოების გაცხადებასთან ერთად, ახალ საიდუმლოთა სულისშემძვრელი სუსხიც ჩამოდგა მკითხველის დასატყვევებლად და ნამდვილი ლიტერატურული მისტიფიკაციის შესაგრძნობად.

ირაკლი სამსონაძე ისეთივე ბრწყინვალე დრამატურგია, როგორიც პროზაიკოსი. მისი მონათხრობიდან იმასაც ვიგებთ, რომ ლიტერატურული საქმიანობა სულაც პიესების წერით დაუწყია. ამ კრებულსაც მძლავრი დრამატურგიული ღერძი აქვს. ხოლო თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ირაკლი სამსონაძის დრამატურგია (პროზაული ტექსტებიც!) პოეზიის მეტაფიზიკური სულითაა განმსჭვალული, ახალი კრებულის შემთხვევაშიც აღარ გაგვაკვირვებს (უფრო სწორად, კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცებს) მისი ნატიფი ლირიზმი, მისი პოეტური კარდიოგრამა, რომელიც დიდ შემოქმედებით გულისცემას აღბეჭდავს.

ამ ესთეტიკურ ატმოსფეროში, უზუსტესი, მსუბუქი და უშუალო კამერტონით იწყება ირაკლი სამსონაძის კიდევ ერთი წიგნი, რომელიც თავისი შინაარსით ეპიკურ კალაპოტში იკრებს მხატვრულ-აზროვნებით დინებებს, შთაბეჭდილებებს, ემოციებს და თავგადასავლებს. „შემოქმედებითი პროცესის დაფიქსირება“, როგორც თავად ავტორი უწოდებს, ის ვნებაა, რამაც სხვა დროს, სხვა სიტუაციებში განდეგილური ცხოვრების წესის ერთგულ მწერალს გულწრფელობის/განდობილობის სურვილი გაუჩინა და ძვირფასი მედიუმის (წიგნის ადრესატის) წყალობით მკითხველთან სრულიად სხვა დიალოგში ჩააბა.

გულწრფელობის ხარისხი კი ამ კრებულში უმაღლესი შემოქმედებითი ლუსტრაციის მდგომარეობაა. ის იმ დიდი პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული, რომლითაც, საზოგადოდ, ირაკლი სამსონაძის შემოქმედება გამოირჩევა. რომანიდან რომანამდე გაჩენილი პაუზის, რომანში „გაჭედილი“ დროის, შემოქმედებითი პროცესის სირთულეების, წინააღმდეგობების ასეთი გულწრფელობით ასახვა ცალკე ხელოვნებაა; ამ სიმართლეზე შესაძლოა ბევრმა ილაპარაკოს, მაგრამ ჭეშმარიტი მკითხველური გუმანი აუცილებლად გამოარჩევს ნამდვილს და ყალბს, მართალს და პოზიორს.

„…არ მეწერება; დამთრგუნველი მდგომარეობაა, არ მეწერება კი არა, შეგრძნება მაქვს, თითქოს არასდროს არაფერი დამიწერია, არადა, მაინც ჯიუტად ვზივარ სავარძელში, წინ მაგიდაა, მაგიდაზე – ფურცლები, იატაკზე – ფურცლების გორა, ახალაშენებული თეთრი კორპუსი პეიზაჟს მიფარავს, ჩემი სარკმლიდან დიღმის გორებს მივაბჯენდი ხოლმე თვალს, რაღაცნაირად მეხმარებოდა, ახალაშენებული თეთრი კორპუსი ვერ მეხმარება, კორპუსის თავზე ცა მოჩანს, ცის ნაგლეჯიდან ზამთარი იგრძნობა – თებერვალი… თავს ვაიძულებ, სავარძელს არ მოვწყდე, მეშინია ჩემი თავის, ქვემოთ მაღაზიაა, მაღაზიაში – სასმელი… ამიტომაც ვზივარ სავარძელში და უჯრედიანი ფურცლებით გარემოცული, ჩემს უმწეობაში ვიხრჩობი“.

ირაკლი სამსონაძისთვის ამ კონკრეტულ კრებულზე მუშაობის შემოქმედებითი რეფერენცია ფედერიკო ფელინის ცნობილი ფილმი „რვანახევარია“. იტალიური კინოს ქურუმის შიშველი, მოელვარე სევდა და მანათობელი ღიმილი ატმოსფერულად მართლაც ჰგავს კრებულს „წერილები მეგობარს“. ბასრი სიმართლე, დაუნდობლად გაჭრილი გულის სივრცეების მომნუსხველი სევდაც და იუმორიც, შემოქმედებითი ძიების ანატომია, პიროვნული და საზოგადოების ბედისწერის მტკივნეული სიხშირეები – ეს ყველაფერი წერილებად დანაწილებულ წიგნს მთლიან ეპიკურ ნაწარმოებად კრავს.

ამ ნაწარმოებს თავისი მთავარი გმირები და ანტიგმირები ჰყავს, თავისი ამბავი აქვს – მწერლის ცხოვრების თანამგზავრებით დაწყებული, მთელი ქვეყნის უახლესი ისტორიითა და მისი აქტორი იდეოლოგიებით/საზრისებით დამთავრებული.

კრებულში იმ მწერალთა პორტრეტების განუმეორებელი გალერეა იქმნება, რომლებიც ირაკლი სამსონაძის ლიტერატურული თავგადასავლის ნაწილად ქცეულა – დაუვიწყარია მოგონებები ნუგზარ შატაიძეზე, ბადრი ჭოხონელიძეზე, მძლავრი ნათებით ამოზიდულა „საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი“ თამაზ ბაძაღუას ხსოვნა…

საერთოდ, ამ წიგნში ხსოვნის სული ღონიერი აზრითაა დაყურსული. მასშივეა კონფლიქტი – ეს მაცოცხლებელი ღერძი სიცოცხლისა. ვინაიდან ეს კონფლიქტი მწერლის აზრსა და გულშია გამოტარებული, ესე იგი ის არა მხოლოდ დანახული და აღბეჭდილია, არამედ განჩხრეკილი და გაანალიზებულიც. ცოცხლდება ჩვენი უახლესი წარსულის ეპიზოდები, თავისუფლებამდელი და დამოუკიდებლობის შემდგომი წლების დრამა, რომელშიც მრავალი იდეალი ჩაილეწა, მრავალი სული ჩაიკარგა, რომელმაც ჩვენამდე ყველაზე პირუთვნელად სწორედ ირაკლი სამსონაძის დარ მწერალთა რეფლექსიაში გამოაღწია (ამის მაგალითია თუნდაც მისი შედევრი „ყურთბალიში“, „ლეას საათი“ „ქელეხი. ქორწილი“). 1975 წლის 14 აპრილის ისტორია, რომელიც ქალაქის გარეუბანში მცხოვრები ერთი ინტელიგენტის ოჯახის სამზარეულოში ვითარდება თავისი ლოკალური და მასშტაბური ტკივილებითა და კომპლექსებით, ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი ამბავია. მამისა და შვილის თაობების, ძველი და ახალი დროის კონფლიქტი, სადაც სიმართლეს უფრო შემზარავი სიმართლე ესაზღვრება, თავისუფლებას – სიყვარული და ასე შემდეგ.

ამ დროის/დროთა პერსონაჟებზე საუბრისას, ირაკლი სამსონაძე მხატვრულ გმირსაც ქმნის, უნიკალურ ტიპს, რომელიც ლამის ნატურალისტურად ირეკლავს იდეებსა და ფასეულობებში ალუფხული დროის კომპლექსებს: ავტორი-„ნიჰილისტი რაინდი“, რომლის დაბადების თავწყაროდაც ის სიტყვისადმი ზერელე დამოკიდებულებას მიიჩნევს. „ჩვენს ლიტერატურულ პროცესში ჭარბად იგრძნობა ნიჰილიზმი, მაგრამ მსოფლმხედველობრივი გააზრება, მსოფლმხედველობრივი სარჩული აქვს გამოცლილი; უკეთ ვთქვათ, იქ არ მოძრაობს, სადაც მიწა მწველია, ჰაერი – შხამიანი. ნიჰილიზმი, რომელსაც ავტორი გვაწვდის, პუბლიცისტურ კრიტიციზმს ემსგავსება, პუბლიცისტური კრიტიციზმის ადგილი კი პუბლიცისტიკაშია და არა მხატვრულ ლიტერატურაში“.

ირაკლი სამსონაძის მიერ დაუნდობელი სიმართლით დახატული ეს ტიპი, თანამედროვე „ნიჰილისტი რაინდი“, რომელსაც ხშირად წააწყდებით „ლიტ.კულტ.ტუსოვკებზე“ თუ ვირტუალურ სცენაზე, „ცხვირაწეული, უკმაყოფილო პოზით, ნარცისული ხიბლით“, – ჩვენი საზოგადოების ჯერკიდევ უმწიფრობის, პროვინციალიზმის სიმბოლოდაც უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ეს ტიპი პროგრესული/კულტურტრეგერული პლატფორმიდან აცხადებს პრეტენზიას, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ თანამედროვეობას გამოხატავს.

ირაკლი სამსონაძე ის მწერალია, ვინც საკუთარ თავს ირონიის/გროტესკის უფლებასაც კი მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობის, სამოქალაქო და შემოქმედებითი ტკივილების შედეგად აძლევს. მისთვის მთავარი არა ვისიმე კრიტიკა ან დაცინვა, არამედ, უპირველესად, იმ შემოქმედებითი ლაბორატორიის ჩვენებაა, სადაც ჭეშმარიტი სიტყვა იბადება. ეს კრებულიც ამ პროცესის დადასტურებაა: ვნებით და შთაგონებით გახსნილი საიდუმლო წერის ალქიმიისა.

როგორ შეიქმნა ესა თუ ის ტექსტი, რა ამბავი უძღვის ხოლმე წინ შემოქმედებით პროცესს ან რა განსაცდელის საპირწონედ ეძლევა მწერალს შთაგონება, როდის რა იქცევა ინსპირაციად – ამ კითხვებს „წერილები მეგობარს“ შთამბეჭდავად პასუხობს.

სწორედ ეს შემოქმედებითი პროცესია ის ვაჟასეული „შეწუხებულობა“, რომელიც ადამიანად/ღვთის ხატად ყოფნის აზრს და იდეას გულისხმობს. ამ პროცესში იბადება დიდი კავშირები დროსა და სივრცეში, მასში მკითხველიც თანასწორი უფლებით ერთვება; ეს პროცესი სამყაროსავით მთლიანია, ოკეანეს ჰგავს, რომელიც დროდადრო ნაპირზე ნიჟარებივით გამორიყავს სიზმრებს… ერთ ასეთ კავშირზე კრებულის ბოლოსიტყვაობაში, შადიმან შამანაძე წერს: „კაცმა რომ თქვას, მეტი რაღა მოეთხოვება წიგნს, ოცდათხუთმეტი წლის წინ გარდაცვლილი მეგობარი თუ დაგასიზმრა?“

მეტი რაღა მოეთხოვება ლიტერატურას, დიდი სიზმრების გამღვიძებელს?

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“