სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვს წესების დაცვა

რამდენად საჭიროა მოვითხოვოთ ბავშვისგან გარკვეული წესების დაცვა. როცა სასკოლო ასაკზეა საუბარი, ვფიქრობ საკამათო არაფერია და ყველა დამეთანხმება, რომ დადგენილი წესების დაცვის გარეშე ძნელი იქნება წარმატებებზე  საუბარი. მაგრამ განვითარების ადრეული პერიოდი ბევრისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება და ამ შემთხვევაში წესების დაცვაზე საუბარი მათ შეიძლება ზედმეტადაც კი მიიჩნიონ. წესების დაცვის მოთხოვნა, მათი აზრით, ზღუდავს ბავშვის თავისუფლებას და აფერხებს მის განვითარებას. თავისუფლება ხომ მათი აზრით ბავშვის წარმატებული განვითარების გასაღებია. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვით ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვებიც. აკრძალვები საჭიროა არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ბავშვმა გაიგოს, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო, სადაც ის იმყოფება და როგორ უნდა ურთიერთობდეს ამ სამყაროსთან. წარმატებული აღზრდა აუცილებლად მოიაზრებს ბალანსის დაცვას თავისუფლებასა და აკრძალვებს, შეზღუდვებს შორის. ეს კი გარკვეული წესების დაცვის გარეშე არ მიიღწევა. კარგი იქნება, თუ უმარტივესი წესების დაცვის უნარს ბავშვს ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშავებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლაში მოსულს მას ძალიან გაუჭირდება ახალ გარემოსთან ადაპტირება და სკოლა მისთვის საყვარელ ადგილად ნამდვილად არ იქცევა გამომდინარე იქიდან, რომ აქ მას უამრავი წესის დაცვას მოსთხოვენ.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს წესების დაცვა:  

  • ჩვენ მიერ შეთავაზებული წესები ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს. დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი გვისმენს და გავაცნოთ შეთავაზებული წესი მისთვის გასაგებ ენაზე. გვახსოვდეს, რომ პატარას გარკვეული დრო სჭირდება ახალი წესის გასაცნობიერებლად და ასათვისებლად, ამიტომ ნუ მოველით სწრაფ ეფექტებს;
  • ნუ დავუდგენთ ბავშვს ძალიან ბევრ წესს. პატარას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმის მოთხოვნებისა და შეზღუდვების მნიშვნელობა; ამიტომ, თავდაპირველად მან უნდა ისწავლოს მცირე რაოდენობის წესების დაცვა;
  • უმჯობესია წესები ეტაპობრივად შემოვიტანოთ. ბავშვს ახალი წესები მხოლოდ მას შემდეგ უნდა შევთავაზოთ, რაც ადრე მიწოდებული წესები დაუფლებული ექნება. ასე მას გაუადვილდება დაიმახსოვროს ყველაფერი და არ დაიბნეს;
  • ბავშვისთვის შეთავაზებული წესების ფორმულირებისას ნაკლებად გამოვიყენოთ ფრაზა „არ შეიძლება“. რაც უფრო იშვიათად ვიყენებთ სიტყვას „არა“, მით მეტი წონა ექნება მას საჭირო დროს წარმოთქმისას. თუ ბავშვს დედასთან ერთად სეირნობისას მუდმივად ესმის ფრაზები: „ნუ დარბიხარ – წაიქცევი“; „ძაღლს ხელი არ ახლო – რწყილები ეყოლება“; „გუბეში ნუ დგები – მოითხუპნები“; – ბუნებრივად მას უჩნდება კითხვა – „და, რა შეიძლება?!“. ძნელია წარმოვიდგინოთ სამი წლის პატარა მშვიდად მოსეირნე პარკში. თუ აკრძალვების ტოტალური სისტემა სახლშიც არ ასვენებს ბავშვს, ყველანაირი სურვილის მიუხედავად მას ძალიან გაუჭირდება შეასრულოს უფროსების მოთხოვნები. და რადგან „მისია შეუსრულებელია“, მცდელობაც არ ღირს. შედეგად ბავშვი ხდება უკონტროლო;
  • წესების ფორმულირებისას გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. უფროსების მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს პატარას შესაძლებლობებს, ადვილად აღქმადი და გასაგები იყოს მისთვის; მაგ. 4-5 წლის ბავშვს არ შეუძლია იჯდეს მშვიდად თუნდაც 15 წუთის განმავლობაში ექიმთან შეხვედრის მოლოდინში. ამიტომ, უსამართლობა იქნება მისი გაკიცხვა აღნიშნულ სიტუაციაში მოუსვენრობის გამო;
  • ერთი წლის ასაკიდან ბავშვს შეუძლია მარტივი ინსტრუქციების გაგება, მაგრამ მისი მეხსიერება ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. მას არ შეუძლია დაიცვას წესები, რომლებიც თითქოს უკვე კარგად ჰქონდა ათვისებული. იმპულსურობა, თავშეუკავებლობა სერიოზული ხელისშემშლელია მისთვის. ცნობისმოყვარეობა, ახლის წყურვილი იზიდავს პატარას, სუსტად განვითარებული ნებელობა კი საშუალებას არ აძლევს თავი შეიკავოს აკრძალული ქმედებებისაგან. ამიტომ, სკოლამდელი ასაკის ბავშვს პერიოდულად უნდა შევახსენოთ, თუ რა შეიძლება და რა არა;
  • ვიყოთ გულწრფელი, მტკიცე და თავდაჯერებული ბავშვთან ურთიერთობისას. თუ ის იგრძნობს ჩვენს სიყალბეს და მერყეობას, ყველანაირად შეეცდება იმის გაკეთებას, რაც სურს და როგორც სურს, სანამ არ „დავნებდებით“. ბავშვთან ჩვენი ამგვარი ურთიერთობა მიგვიყვანს იქამდე, რომ შემდგომ ჯერზე ის კვლავ და კვლავ „შეგვამოწმებს“ სიმტკიცეზე. ამიტომ, უარის თქმისას ვიყოთ თავდაჯერებული, მტკიცე, მოვერიდოთ ღიმილს, რადგან ღიმილიანი მზერა ასეთ დროს ბავშვისთვის გულისხმობს შემდეგს: „ჩემო საყვარელო, მე გეუბნები „არა“, მაგრამ ჩემი გადარწმუნება ყოველთვის შეიძლება“. აღმზრდელის მერყეობა და დაურწმუნებლობა უარყოფითად აისახება ბავშვზე. მას ესაჭიროება საკუთარ თავში დარწმუნებული უფროსი, რომელმაც იცის, თუ რას აკეთებს და რატომ აკეთებს;
  • იმისათვის, რომ ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და წესები ქმედითი აღმოჩნდეს, საჭიროა პატარასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების შეთანხმებული მოქმედება; მოთხოვნები უნდა დაიცვას ოჯახის ყველა წევრმა – თუ დედა ბავშვს რაიმეს უკრძალავს, მამა კი ამას ყურადღებას არ აქცევს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატარა დაიცავს ასეთ მოთხოვნებს;
  • ოჯახის წევრების შეთანხმებულ მოქმედებასთან ერთად აუცილებელია თანმიმდევრულობაც. თუ ვიქნებით თანმიმდევრული ჩვენს მოთხოვნებში, ბავშვი დაცულად იგრძნობს თავს და გააცნობიერებს არჩევანის შედეგებს. ადრე თუ გვიან ბავშვი ისწავლის წესების დაცვას; ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვისთვის ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ;
  • მნიშვნელობა არა აქვს ბავშვი ერთი წლისაა, სამის თუ ხუთის, ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ მას რაიმეს ვუკრძალავთ, ან მორჩილებას მოვითხოვთ, დავჯდეთ მის წინ და ჩავხედოთ თვალებში – ეს ჩვენს სიტყვებს უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს. გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ არ ვუყურებთ, ჩვენ არ გვისმენენ. ნამდვილად არ არის ადვილი საუბრის წარმართვა ადამიანთან, რომელიც არ გვიყურებს; გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ალბათ ვიფიქრებთ, რომ ის უბრალოდ თავის პრობლემებშია ჩაძირული, ან ღრუბლებში დაფრინავს და საერთოდ არ გვისმენს. ამასთან ერთად, ბავშვის „თვალების დონეზე დაშვებით“ ჩვენ ვეხმარებით მას ფოკუსირება მოახდინოს ჩვენს სიტყვებზე. ამ წესიდან გამომდინარე უაზრობაა მეზობელი ოთახიდან ბავშვისთვის განკარგულებების გაცემა. ასეთ დროს პატარამ ყოველთვის შეიძლება მოგვაჩვენოს, რომ არ ესმის ჩვენი ნათქვამი;
  • როცა ბავშვი ბრაზდება, აბობოქრებულია და მზად არის ასაფეთქებლად, ვუთხრათ, რომ დავითვლით ათამდე იმისათვის, რომ მივცეთ დრო დასამშვიდებლად. თუ ჩვენ დავითვლით ბოლომდე, მაგრამ ის კვლავ აგრძელებს ბობოქრობას, შეგვიძლია გარკვეული აკრძალვები დავუწესოთ. ეს ხერხი ეფექტურია ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის;
  • როდესაც ჩვენი საყვარელი პატარა თავისი ქცევით მართლაც აუტანელი ხდება, საუკეთესო გამოსავალი იქნება მისი ცოტა ხნით მარტო დატოვება. ასეთი იძულებითი ტაიმ-აუტი სერიოზული სასჯელია ბავშვისთვის. თამაშის აკრძალვა და უბრალოდ ერთ ადგილას ჯდომა მოსაწყენია მისთვის. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გავარკვიოთ ბავშვთან გააცნობიერა თუ არა რისთვის დაისაჯა;
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, მაგრამ არჩევანი უნდა იყოს გონივრული და შეზღუდული. მკაცრი წესები, პირველ რიგში, ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა გავრცელდეს. ისეთ სფეროებში კი, რომლებიც არც ისე არსებითია მივცეთ ბავშვს თავისუფლება თავად გააკეთოს არჩევანი. მაგ. საბავშვო ბაღისთვის ჩაცმისას დავუსვათ შეკითხვა: „ლურჯი შარვალი გინდა ჩაიცვა, თუ წითელი კომბინიზონი?“. ბავშვი იგრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია,რომ მას უსმენენ. ამასთან ერთად არჩევანი არ უნდა აიყოს ძალიან ფართო, უკეთესი იქნება, თუ მას რამდენიმე ალტერნატივამდე  შევამცირებთ. თუ პატარას ასეთ შეკითხვას დავუსვამთ: „რისი ჩაცმა გსურს ამ დილით?“ – სრულიად შესაძლებელია ჩვენი პატარა შუა ზამთარში ზაფხულის შორტებში გამოწყობილი აღმოვაჩინოთ. რა თქმა უნდა გაზრდასთან, ასაკის მატებასთან ერთად არჩევანის თავისუფლება უნდა გაიზარდოს;
  • დავიცვათ დღის რეჟიმი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დღის რუტინა და მისი დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ კომპეტენტური აღმზრდელი მეცადინეობების ორგანიზების დროს მიყვება, მკაცრად იცავს ერთხელ შემოღებულ განრიგს, დღის რეჟიმს. მაგ. მეცადინეობა იწყება სამაგიდო თამაშით, ამას მოყვება მოძრავი თამაში, შემდეგ ზღაპრების კითხვა და ა.შ. მშობლები ხშირად გაოცებულები კითხულობენ – „ნუთუ არ სწყინდებათ ეს ყოველივე პატარებს?“ – სრულიადაც არა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უფროსები მიჩვეულები ვართ სირბილში ცხოვრებას, სწრაფად ცვალებად შთაბეჭდილებებსა და მოვლენებს. ამიტომ, არ გვესმის, რომ ბავშვებს სჭირდებათ კანონზომიერება და რიტმულობა. ეს აძლევს მათ ცხოვრებისეულ საყრდენს, ათავისუფლებს შფოთვისა და ნერვიულობისაგან. საწინააღმდეგო შემთხვევაში ბავშვს უჩნდება ქაოსის შეგრძნება და როგორც წესი გაუგონრობა  და დაუმორჩილებელობა: პატარას არ ესმის რა წესები უნდა დაიცვას და არის თუ არა ეს საერთოდ საჭირო. თუ ზრდასრულ ადამიანს ცხოვრების არაპროგნოზირებადობა აღიზიანებს, პატარას ეს ღლის და აბნევს. ყოველდღიური რუტინა ბავშვისთვის გამოხატულია რეჟიმში. როდესაც მან წინასწარ იცის დღის „პროგრამა“, ესმის, ხვდება, რომ ყოველ მეცადინეობას თავისი დრო აქვს, ის უფრო ადვილად იღებს საინტერესო თამაშის დატოვების და დასაძინებლად ან სადილად წასვლის გადაწყვეტილებას. ბავშვი სწავლობს „დროსთან მეგობრობას“. მან იცის, რომ თუ მაგიდასთან დიდხანს არ დაჯდება, თამაშსაც მოასწრებს. რა თქმა უნდა, საჭიროა შევარჩიოთ ისეთი რეჟიმი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება კონკრეტულ ბავშვს და მკაცრად დავიცვათ ის გარკვეული დროის განმავლობაში;
  • შევაქოთ ბავშვი სწორი ქცევისთვის, თუნდაც კარგად მოქცევის მცდელობისთვის. შექების დროს ნუ დავიშურებთ კეთილ სიტყვებს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს მოუნდება კვლავ და კვლავ გაგვახაროს. ამისათვის კი მოუწევს შეასრულოს დადგენილი წესები და იყოს დამჯერი;
  • როდესაც ბავშვს წესებისადმი მორჩილებას, წესების დაცვას ვასწავლით, ჩვენ, უფროსები უნდა გავხდეთ მისთვის მაგალითი. თუ ჩვენ თავად ვარღვევთ ამა თუ იმ წესს, ძნელი იქნება მისი დაცვა მოვთხოვოთ ბავშვს. აღზრდის საფუძველი ხომ პირადი მაგალითია.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჟანდარმები კი არა, მოსიყვარულე აღმზრდელები ვართ. მოვძებნოთ პრობლემური სიტუაციის გადაჭრის გზები. შევეცადოთ ვიყოთ ბავშვთან უფრო ახლოს, გავატაროთ მეტი დრო ერთად და ალბათ ძალიან ცოტა აკრძალვები და წესები იქნება საჭირო და ყველა საკამათო საკითხზე შეთანხმება იქნება მიღწეული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“