შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ექსპერიმენტები ბავშვებისთვის: რეკვიზიტებს ქუჩაშიც იპოვით და სახლშიც

რა შეიძლება იყოს უფრო სახალისო, თუ არა მარტივი სამეცნიერო ექსპერიმენტები ღია ცის ქვეშ ზაფხულის დღეს – ზღვაზე, აგარაკზე, სოფლად თუ ქალაქად. მშობლებს ვუზიარებთ რამდენიმე იდეას, როგორ გადააქციონ ბავშვების ჩვეულებრივი გასეირნება სასარგებლო ექსპერიმენტის ნაწილად.

  1. გახდი ღრუბლების მკვლევარი

ზაფხულში ყოველთვის სასიამოვნოა, ბალახზე დაწოლილმა ღრუბლებს უყურო. იმისათვის, რომ ეს აქტივობა უფრო საინტერესო გახდეს, შეგიძლიათ, გააკეთოთ სპეციალური დაკვირვების ჩარჩო. ამისათვის უნდა ამოიჭრას ქაღალდის ოთხი ზოლი და წებოთი ისე დამაგრდეს, რომ კვადრატი მიიღოთ. შემდეგ კვადრატის თითოეულ კუთხეს მიამაგრეთ სხვადასხვა ტიპის ღრუბლის პატარა ფოტოები ან ნახატები. აუხსენით ბავშვებს, რომ არსებობს სხვადასხვანაირი ღრუბლები. შემდეგ დაწექით ბალახზე, ჩახედეთ ღრუბლებს ჩარჩოდან და გამოიცანით, რა ტიპისაა ისინი.

  1. შეამოწმეთ საზამთროს სქელკანიანობა

თქვენ ალბათ გინახავთ ვიდეოები, სადაც ორი ადამიანი მონაცვლეობით საზამთროს რეზინის ზოლს აცმევს, სანამ… რატომაც არ უნდა გაიმეოროთ ეს გამოცდილება? ამ ექსპერიმენტისთვის უმჯობესია, ჩაიცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომლის დაბინძურებაც არ დაგენანებათ და გაიკეთოთ სათვალე. თამაშის არსი მარტივია: მონაწილე, რომელიც საზამთროს იმ რეზინს ჩამოაცმევს, რომლის შემდეგაც ის გასკდება, დამარცხებულია. შემდეგ დაგუგლეთ და ერთად ნახეთ, რატომ ხდება საზამთროს „აფეთქება“.

  1. ააშენეთ ბუდე

ჩიტები აშენებენ რთულ ბუდეებს, თუმცა ბუდეები მარტივად გამოიყურებიან. შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ? შეაგროვეთ რამდენიმე ტოტი და შეეცადეთ, თავად გააკეთოთ ჩიტების სახლი. საინტერესო პროცესი იქნება.

  1. მიწის კვადრატული მეტრის შესწავლა

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი კვადრატული მეტრის ნიადაგშიც კი სიცოცხლე დუღს: ბალახი შრიალებს, ჭიანჭველები დარბიან, მატლები დაცოცავენ. თოკებისა და ჯოხების დახმარებით შემოღობეთ კვადრატული მეტრი, აიღეთ გამადიდებელი შუშა და სანტიმეტრობით შეისწავლეთ. თურმე ჩვენს ფეხქვეშ მთელი სამყაროა!

  1. ააფეთქეთ თესლით სავსე საჰაერო ბუშტი

ზოგიერთი მცენარე საკმაოდ ეფექტურად „ტოვებს შთამომავლობას“: მისი თესლი სხვადასხვა მიმართულებით იფანტება და ის ასე მრავლდება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს ეს პროცესი ვიზუალურად აჩვენოთ: აავსეთ ბუშტი მარცვლეულით, გაბერეთ და ქარიან დღეს გარეთ ერთად გახეთქეთ.

  1. მოასწარით „კოლით“ ვულკანის მოწყობა

მართალია, ამას ხშირად აკეთებენ, მაგრამ ახლა თქვენი ჯერია. აიღეთ კოლას ბოთლი და ჩაყარეთ მასში რამდენიმე Mentos კანფეტი. ქიმიური რეაქციის წყალობით, ნამდვილი ვულკანური ამოფრქვევა მოხდება.

  1. დაამზადეთ ხელნაკეთი სასუქი

ამისთვის დაგჭირდებათ ცარიელი გამჭვირვალე ბოთლი, ცოტა მიწა, ფოთლები, ბალახი, საკვების ნარჩენები, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოსტის დასამზადებლად. მოაჭერით ბოთლს ზედა ნაწილი და მოხსენით ეტიკეტი, რათა უკეთ დაინახოთ, რა ხდება შიგნით. შემდეგ ყველაფერი ჩადეთ ბოთლში, დატოვეთ სადმე აივანზე და ყოველდღე უყურეთ ცვლილებებს. აუხსენით ბავშვებს, რა არის კომპოსტი, რისთვის სჭირდება ის მცენარეებს (და შემდეგ ერთად დაუყარეთ ის რომელიმე ლამაზ ყვავილს).

  1. შეიტყვეთ,

 

როგორ მუშაობს მზისგან დამცავი საშუალება

იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ გაიგონ, რატომ არის საჭირო მზისგან დამცავი საშუალება, მოაწყვეთ პატარა ექსპერიმენტი. აიღეთ შავი ქაღალდის ზოლი, ნახევარი დაიმუშავეთ მზისგან დამცავი კრემით, ნახევარი დატოვეთ ისე, როგორც არის და ერთი დღე მზეზე გამოდეთ. საღამოს კი შეადარეთ დამუშავებული და დაუმუშავებელი ქაღალდი. ერთი მზის ქვეშ დაიწვა, ასე არ არის?

  1. ააგეთ მზის ღუმელი

მზის ღუმელის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შეაფასოთ მზის ენერგიის ეფექტურობა, არამედ მოამზადოთ მასზე რაიმე გემრიელი. მაგალითად, გამომცხვარი მარშმელოუ. აიღეთ, ვთქვათ, პიცის სუფთა ყუთი, გახსენით, ძირზე შავი ქაღალდი დააწებეთ. სახურავის შიდა ნაწილი დაფარეთ ფოლგით. ჩადეთ შიგნით მარშმელოუ, შეფუთეთ ყუთი საკვები ცელოფნით, ფოლგიანი სახურავი კი ისე გაასწორეთ, რომ ის ყუთში მზეს ირეკლავდეს.

  1. 10. ააწყეთ მიკროსკოპი

ხელნაკეთი მიკროსკოპი არ იქნება ძალიან ძლიერი, მაგრამ მაინც. თქვენ დაგჭირდებათ: სქელი პლასტმასის ჭიქა, ცელოფნის პარკი საკვებისათვის, რეზინი, მაკრატელი, წყალი. მაკრატლის გამოყენებით გააკეთეთ ხვრელი პლასტმასის ჭიქის ძირში. გადაჭიმეთ საკვები პარკის ნაწილი ჭიქის თავზე და დაამაგრეთ რეზინის ზონრით. აიღეთ ნებისმიერი პატარა საგანი, ზედ დადეთ ჭიქა ისე, რომ საგანი ძირში გაკეთებული ნახვრეტიდან გამოჩნდეს. დაასხით ცოტა წყალი ცელოფანზე და გაიხედეთ. აბა, როგორია?

  1. დააკონსერვეთ ბუნება

გაისეირნეთ მინდორში ან ტყეში და ბავშვებთან ერთად შეაგროვეთ საინტერესო მცენარეები, კენკრა და ყვავილები, შემდეგ კი მზეზე გააშრეთ და ჩაყარეთ ძველ მინის ქილებში. ეს არა მხოლოდ ბოტანიკის გაკვეთილია, არამედ ოთახის უჩვეულოდ გაფორმების საშუალებაც.

  1. 12. გააკეთეთ ხელნაკეთი საპნის ბუშტები

საპნის ბუშტების გასაკეთებლად დაგჭირდებათ სარეცხი საპონი, თბილი წყალი და ცოტა შაქარი. შეურიეთ ინგრედიენტები და შეეცადეთ, გააკეთოთ ბუშტები თქვენი ხელით. იქნებ ცოტა შაქარიც დავამატოთ? თუ საპნის დამატება სჯობს?

  1. 13. გაბერეთ ყველაზე დიდი საპნის ბუშტი

მას შემდეგ, რაც დაამზადეთ ბუშტის გასაბერი სითხე, ჩაატარეთ შეჯიბრი. დაე, გამარჯვებული ის იყოს, ვინც ყველაზე დიდ ბუშტს გაბერავს.

  1. 14. ააგეთ ხელნაკეთი კატაპულტ

მარტივი კატაპულტა იდეალური სათამაშოა პატარა ბავშვებისთვის. მიწაზე დადეთ სქელი ჯოხი, ზემოდან კი ფიცარი. ფიცრის ერთ ბოლოში (რომელიც მიწაზეა) დადეთ გირჩი და განუმარტეთ ბავშვებს, როგორ არის დამოკიდებული გირჩის ფრენის ტრაექტორია დარტყმის ძალაზე.

  1. 15. დაამზადეთ ბინგო ბუნებაში სეირნობისთვის

დაფიქრდით იმაზე, თუ რა ფრინველები, ცხოველები, მცენარეები შეგიძლიათ, იპოვოთ თქვენს სახლთან ახლოს. შემდეგ დახატეთ ბინგო და წადით სასეირნოდ. იმარჯვებს ის, ვინც პირველი აღმოაჩენს და გადახაზავს ყველაფერს, რაც დახატულია.

  1. 16. სათამაშოებისთვის პარაშუტის გაკეთება

აიღეთ ნაჭერი, ცხვირსახოცი და ძაფების ან თოკების დახმარებით დაამზადეთ პარაშუტის მსგავსი რამ. შემდეგ დაუმაგრეთ პატარა სათამაშოს, რათა ნახოთ, შეძლებს თუ არა ის, წარმატებით დაშვებას. უთხარით თქვენს შვილს, როგორ მოქმედებს ქარი პარაშუტისტის ფრენაზე.

  1. გახსენით დღიური ბუნებაზე დაკვირვებისთვის

ასეთი დღიური შესანიშნავი გზაა მომავალი მკვლევრის აღსაზრდელად. მიეცით თქვენს შვილს რვეული და შეიტანეთ მასთან ერთად ინფორმაცია ყველაფერზე, რაც ქუჩაში ხდება: როგორი ამინდია ფანჯრის მიღმა, რა მწერები დაინახეთ დღეს, როგორ იქცევიან ისინი.

  1. 18. იპოვეთ კირქვა ძმრის საშუალებით

მოაგროვეთ სახლთან თეთრი ქვები და სათითაოდ დაასხით ძმარი. თუ რომელიმე მათგანი ბუშტუკდება, ე.ი. კირქვა გიპოვიათ!

  1. 19. შეისწავლეთ, ით განსხვავდებიან ხეები ერთმანეთისგან

პარკში თუ ტყეში სეირნობისას შეხედეთ ხეებს – რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, რა ჰქვიათ? შეაგროვეთ ფოთლები და თესლი სახლში ნამდვილი სამეცნიერო ჰერბარიუმის შესაქმნელად. მოუყევით, როგორ შეიძლება ხის ასაკის გაგება მასზე ასახული რგოლების რაოდენობის მიხედვით.

  1. 20. ნაგავზე ნადირობა

მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება შეიძლება უინტერესო იყოს, თუმცა კი მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ თქვენ შეიმუშავებთ ნადირობის გეგმას (მაგალითად, შეაგროვებთ მხოლოდ პლასტმასას ან მხოლოდ მინას), ის შეიძლება გადაიქცეს საინტერესო თამაშად. შემდეგ შეაჯამეთ და გაარკვიეთ, რა სახის ნარჩენები სჭარბობს თქვენს მხარეში.

  1. 21. ადგილობრივი ფრინველების შესწავლა

აიღეთ თქვენი ბინოკლები (უკვე თავგადასავალია!) და დააკვირდით ბეღურებს, კაჭკაჭებსა და ყვავებს. რით განსხვავდებიან ისინი? რა ხმებს გამოსცემენ? ჩაიწერეთ ყველა დაკვირვება. ჩიტების მოსაზიდად, დაყარეთ საჭმელი.

  1. 22. დახატე მზის საათი

მზიან დღეს სეირნობისას თან გაიყოლეთ ცარცები. შემოხაზეთ თქვენი ან თქვენი შვილის ჩრდილი ტროტუარზე და გვერდით მიაწერეთ, რომელი საათია. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდით იმავე ადგილას და შემოხაზეთ ჩრდილი ისევ სხვა ფერით – ის უკვე სხვა ადგილას იქნება. მოუყევით ბავშვებს მზის მოძრაობის შესახებ.

  1. 23. ხახუნისა და დახრილი ზედაპირების შესახებ

წადით სათამაშო მოედანზე, თან წაიღეთ რამდენიმე სხვადასხვა ნივთი (მაგ. ქვა, ტოტი, სათამაშო) და მოაწყვეთ შეჯიბრი, რომ ნახოთ, რომელი ნივთი მოძრაობს ყველაზე სწრაფად, ჩამოაცურეთ საიდანმე. მოუყევით ბავშვებს ხახუნისა და დახრილი ზედაპირების შესახებ ბუნებაში.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

წყარო: Weareteachers.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი