ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ფიქრნი მკვდრის პირას

მკვდარია ყველაფერი, რაც უნდა მოძრაობდეს და არ მოძრაობს. მკვდარია ყველა ტბა, რომელშიც არ ჩაედინება არცერთი მდინარე და რომლიდანაც არ იღებენ წყალს სარწყავად. მკვდარია ყველა ხე, რომელიც ნიავის წამობერვისას არ არხევს ტოტებს, რომელსაც არ აჩხაპნიან მერქანზე სახელებს შეყვარებულები, რომელსაც არ გამოაქვს ახალი ღეროები, ძველების მოჭრის შემდეგ. მკვდარია ყველა პროცესი, რომელიც პროცესიად გადაიქცევა და მაინც, პროცესია უფრო ცოცხალი პროცესია, ვიდრე პროცესი, რომელიც არ იძვრის.

 

ხანდახან მკვდრები ცოცხლდებიან, ყვირიან, მართავენ კარნავალებს, წარმოდგენებს, დარბიან ქალაქებში და აშინებენ ცოცხლებს მანამ, სანამ ცოცხლები არ გამოიღვიძებენ ამ უცნაური სიზმრიდან. შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება. ცოცხლები ხვდებიან, რომ მკვდარი მკვდარია და ის არასოდეს გაიღვიძებს, თუმცა ხანდახან ცოცხლები თავად იქცევიან მკვდრებად და შემდეგ უკვე რთულია მიხვედრა, სად მთავრდება ცხადი და სად იწყება სიზმარი. როცა ცოცხალი ავადმყოფობს, გარშემომყოფები დიდ ყურადღებას არ აქცევენ, იმიტომ რომ ცოცხალია. როცა ცოცხალი სიკვდილის პირასაა, ის საუბრის მთავარ თემად იქცევა. ამ დროს ყველაფერი მისკენაა მომართული, სხვები ცდილობენ, რომ ის გადაარჩინონ: გალაწუნება, ხელოვნური სუნთქვა, ექიმები, დეფიბრილაცია, ლოცვა, ცოცვა, ხოცვა საკუთარი შიშების და ა.შ. მაგრამ შემდეგ ის კვდება და ყველა ამბობს, „ვერ გადავარჩინეთ, რისი ღირსნი ვართ ამის შემდეგ ჩვენ”, „ვერ გადავარჩინეთ, არადა, რა არ ვცადეთ, ვაი წუთისოფელო”. და ასეთებს კიდევ მრავლად ამბობენ, თავში ხელებს იცემენ და სინანულსაც ეძლევიან, შემდეგ ერთ-ერთი იტყვის, წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო და ესენიც აგრძელებენ ძველებურად ღრიანცელსა და ბედნიერებას. რჩება მხოლოდ 1-2 ადამიანი, ვინც მართლა იმ მკვდართან იდგა, მართლა მის თვალებს უყურებდა ავადმყოფობისას, ვინც მართლა მისი ჭირისუფალია და ვისაც წასულებზე გაჩერება შეუძლია. ასეთები მარტო რჩებიან, რადგან დანარჩენები ახლისკენ ატრიალებენ თვალებს, ესენი კი ისევ მკვდრებს დასტირიან, სანამ ცრემლების ტბას არ დააყენებენ და სანამ ეს ტბაც არ მოკვდება, რადგან სხვისი ცრემლები არ ჩაედინება მასში.

და თუ სიცოცხლის ერთადერთი და უტყუარი ნიშანი მოძრაობაა, თუ სიცოცხლე გულის და ტვინის ფეთქვაა, თუ სიცოცხლე აზროვნებაა და თუნდაც სულ შეუმჩნევლად ფშვინვაა, მაშინ „საწყალობელ არს უბადრუკი” ყოველი, რომელიც ვერც კი გრძნობს ისე ნელ-ნელა ჩერდება, რომელიც აღარ იძვრის და დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა, ჰაერში ორთქლდება, თვალსა და ხელს შუა ქრება, შაგრენის ტყავივით. და თუ სიცოცხლე პროცესია, მაშინ მას ახალი სიცოცხლეების შეთვისება ახალ სიცოცხლეებთან გადაჯაჭვა, გადახლართვა და იქიდან კიდევ ახალი სიცოცხლეების აღმოცენება, სხვანაირ სიცოცხლეებთან შეხვედრა, მათთან ფიქრების, სურვილების, ვნებების გაცვლა-გამოცვლა, შემდეგ კი ამ ყველაფრის საკუთარ თავში მოხარშვა და გამოცხობა ახასიათებს. და თუ სიცოცხლე მარტო დარჩა, უკაცრიელ კუნძულზე გარიყული მეზღვაურივით, ციხის საკანში ჩაკეტილი ეული ტუსაღივით, თუ სიცოცხლე არავის შეეთვისა და არავისგან გამოვიდა, თუ არ ნახა ახალი ქალაქები, ახალი სახეები, ახალი ფორმები, ახალი შეხედულებები, მაშინ ის ყველა სხვა საკმაზის გარეშე დაიწყებს საკუთარ თავში ხარშვას, თან ვადებისა და რეცეპტების გარეშე, გემოვნებისა და ნელსურნელების გარეშე, ჩახარშავს საკუთარ საკვებ პროდუქტებს თავისსავე ქვაბში, ჩახარშავს და როცა ვიღაც სხვა, მოძრავი სიცოცხლე მოვა მასთან, თავისი ნებით, ან შემთხვევით, ის სხვა აღმოაჩენს, რომ ქვაბში აღარაფერია, აორთქლდა, ჰაერს შეერია, ქვაბის ფსკერზე დაილექა. აღარაფერია მოსახარში და მით უფრო აღარაფერი იქნება საკვები მისგან, ქვაბი დაჟანგდა, ნაწილი წყლისა აორთქლდა, ნაწილი კი მისგან გადმოვიდა, ხოლო მისგან გადმოსულმა ნადუღარმა წყალმა ცეცხლიც ჩააქრო და შეწყდა ხარშვის პროცესიც. სიცოცხლე დასრულდა. ახლა ის მკვდარია, სხვა სიცოცხლეები კი ამბობენ: „ვერ გადავარჩინეთ, რამდენ ხანს უხარშია საკუთარ თავში ეს ყველაფერი, ეჰ, ეჰ”.

და თუ სიცოცხლის ერთადერთი და უტყუარი ნიშანი მოძრაობაა, და თუ სიცოცხლე პროცესია, და თუ სიცოცხლე პოეზიაა და უფრო კი პირიქით, თუ პოეზიის ერთადერთი და უტყუარი ნიშანი მოძრაობაა, და თუ პოეზია პროცესია, და თუ პოეზია სიცოცხლეა, მაშინ ის ახლა მხოლოდ საკუთარ თავში იხარშება, დუღს, იწვავს, აორთქლებს, ცეცხლს აქრობს და კვდება.

ფილოსოფიური საფიქრალიდან თავს ვწევ და თვალებს რეალობის მჭახე სინათლეს ვუსწორებ. მთელი ეს მაღალფარდოვანი ბალამუტი კი იმისთვის დამჭირდა რომ ჭირისუფალთა, ცოცხალთა და მკვდართა ყურადღება თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესებისკენ და მასში ხარშვადი თანამედროვე ქართული პოეზიისკენ მიმეპყრო. ზოგი იტყვის, განა ამაზე მეტად ცოცხალი რაღა უნდა იყოს, წელიწადში ამდენი და ამდენი წიგნი გამოდის, ამდენი და ამდენი პოეზიის საღამო იმართება, ამდენი და ამდენი ახალი პოეტი ჩნდება, მოკლედ 2015 წელია და ყველაფერი გენიალურადააო. ზოგი კი მიხვდება, რომ ერთ ქვაბში ბევრი ინგრედიენტის ჩაყრა, გემრიელი საჭმლის წინაპირობა ვერაფრით იქნება და იგივე ზოგი იმასაც მიხვდება, რომ მთავარი არა რაოდენობა, არამედ რეცეპტის სისწორე და ინგრედიენტთა საკვები ღირებულება თუ გემოვნებაა. და თუ მე ვიტყვი, რომ ღმერთო პარნასელო, რაც კი ქართულ პოეზიის საღამოებზე ვყოფილვარ, მე იქ უცხო ადამიანი არ მინახავს-მეთქი, სხვები იტყვიან – მერე რაო. და თუ მე ვიტყვი, როგორ – მერე რა, განა შეიძლება ყველა მკითხველს პირადად იცნობდე და ისიც კი ზუსტად იცოდე, რომ წერ, შემდეგ ამას ვინ და როგორ წაიკითხავს-მეთქი, სხვები იტყვიან – მერე რაო. და თუ მე ვიტყვი, როგორ – მერე რა, ეს უძრაობაა, მთელი ეს ახალი პოეტური კრებულები, ახალი მიგნებები, ახალი ფორმები, ახალი კონკურსები და ჯილდოები, მთელი ეს ახალი მიმართულებები ქართულ პოეზიაში და, მეორე მხრივ, მთელი ეს ხალხმრავალსაღამოებიანი იუთუბპოეტები, ძველი და ტრადიციული ფორმების ცუდი კოპირება, მთელი ეს ბერეტ-შარფოვანი ფორმები და ლექსთა კითხვის მთელი ეს ნიკოგომელაურისეული, თუ ხევსურ-ფშავლური ტონი საბოლოოდ მაინც ერთ ქვაბში იხარშება და ძვრა კი არ აქვს ამ ქვაბს-მეთქი, სხვები იტყვიან – აეფშიუ, ერთი შენაო, დრო გავა და დრო გადააფასებსო, ოდეს ყოფილ არს აქამომდეო. მე კი ახლა ისევ ფილოსოფიურ საფიქრელაში ჩავყვინთავ და იმასღა დავწერ, რომ ლექსნი ხორშაკნი და პოეტნი მავნებელნი არ აფუჭებენ ლიტერატურულ პროცესებს, არცა ერთი და იგივე მკითხველნი, ყველა საცნობი და საპირზეკოცნე, არც ახალ-ახალი კონკურსნი, ზოგისთვის კორუმპირებულნი, მიკერძოებულნი, ზოგისთვის კი ერთ-ორ თვე თავის გასატანნი, ბავშვების დამაპურებელნი, მოტივაციის მიმცემნი. არა. პროცესს მისივე უძრაობა კლავს. მისივე უპროცესობა და მისივე არარსებობა, ერთი კაი გულიანი კაცის, ერვინ შრედინგერის კატასავით. ასეა ახლა ქართული პოეზიაც, ერთი დიდს ყუთში ზის, არცა მკვდარია და არცა ცოცხალი, მოჩვენებითად ხან გაიფაჩუნებს, აქაოდა სული მიდგასო, ხან კი ისეა გასუსული, რომ სვავებიც კი აღარ კადრულობენ მის თქვლეფას.
და თუ მკვდარია ყველაფერი, რაც უნდა მოძრაობდეს და არ მოძრაობს, მაშინ არც ლექსი ვარგა, რომ „ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში” და არ იძვროდეს, დუმდეს და საკუთარ თავში იხარშებოდეს, დუღდეს და ხელს არავის წვავდეს, არამედ ორთქლდებოდეს, ისედაც მინავლებულ ცეცხლს კიდევ უფრო აქრობდეს, უჭირისუფლოდ კვდებოდეს, პროცესს არ ქმნიდეს, არამედ პროცესიას მიუძღვებოდეს, ერთ ლამაზ, კუბოს ფორმის წიგნში არხეინად ჩასვენებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი