ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სიუჟეტი

პერსონაჟი მირბის, ავტორი მისდევს…

„მოიფიქრე პერსონაჟი, რომელიც გგავს, რომელსაც მთელი სულითა და გულით უნდა ან არ უნდა რაღაც. უბრძანე – გაიქეცი! უბიძგე! მერე კი მიჰყევი ფეხდაფეხ. არ ჩამორჩე. პერსონაჟი, შეპყრობილი სიყვარულით ან სიძულვილით, თავად გაგიძღვება და თხრობის ფინალამდეც მიგარბენინებს. მისი მხურვალე ვნებათაღელვა (სიძულვილს განა ნაკლები ცეცხლის შენთება შეუძლია) ააბრიალებს გარემოს და გაახურებს შენს საბეჭდ მანქანას“ – რეი ბრედბერი,  ესე „წერის სიხარული“.

ეს „მხურვალე გარბენი“, ბრედბერი თავის არაჩვეულებრივ ესეში ასე ხატოვნად რომ აღწერს, სინამდვილეში, მთელი შემოქმედებითი გზაა. პროცესი, რომელიც ძალიან ჰგავს მოგზაურობას ირეალურ, გამოგონილ სამყაროში. მოგზაურობას გარკვეული მარშრუტით, „სქემით“, რუკით, რომელსაც მიჰყვება ავტორიც და მასთან ერთად – მკითხველიც.

მკითხველებს დაუღალავად გვიზიდავს ეს  სამყარო, ვილტვით იქ გადასაბარგებლად, დავიკავებთ წიგნს ( ერთგვარ ბილეთს) და მივუყვებით მწერლის მიერ შემუშავებულ „მარშრუტს“.

თხრობა „გვითრევს“, საფიქრალს აღგვიძრავს, გვღლის, გვაფრთიანებს…

მაშ, რაში მჭირდება ეს ტერმინები…

რაზეა ეს ტექსტი? რას გვიამბობს? რა გონებრივ საზრდოს გვიტოვებს? რა საფიქრალს აღძრავს მკითხველში? – ამ კითხვებს ტექსტის ანალიზისას ხშირად სვამენ ხოლმე მასწავლებლები.

ლიტერატურის თეორია, ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცოდნა ძალიან ეხმარება ადამიანს წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება, რომლის ცოდნა, გათავისება ძალიან დაეხმარება მკითხველს, ჩაუღრმავდეს ნაწარმოების საზრისს, არის სიუჟეტი.

სიუჟეტი, განმარტების თანახმად, „ნაწარმოების შინაარსის მხატვრული გაშლის ფორმაა“. ტექსტში ამბავი, მოვლენები გარკვეული კანონზომიერების თანახმად ვითარდება, ესა თუ ის შემთხვევა მიზეზშედეგობრივად უკავშირდება ერთმანეთს, ქმნის საერთო ქარგას. ავტორის ჩანაფიქრი, მისი სათქმელი სხვადასხვა სტილისტიკური ხერხის გამოყენებით გადმოიცემა და ქმნის ერთიან კომპოზიციას. სიუჟეტი აქვს ეპიკურ, დრამატულ და ლირიკულ-ეპიკურ ნაწარმოებებს.

თეორიაში გამოყოფენ სიუჟეტის კომპონენტებს. ესენია: პროლოგი, ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა (გაკვანძვა), კულმინაცია, კვანძის გახსნა, ეპილოგი. ეს ელემენტები ყოველთვის ამ თანმიმდევრობითა და რაოდენობით არ გვხვდება და შემოქმედის ნებაზეა დამოკიდებული, რას და რა თანმიმდევრობით გამოიყენებს ის. თუმცა ნებისმიერ ამბავს აქვს კულმინაცია, კვანძის გახსნა, ის როგორღაც ვითარდება. პოსტმოდერნულ ტექსტებში მწერლები ზოგჯერ „ჟონგლიორობენ“ სიუჟეტის ამ ელემენტებით და საინტერესო, მოულოდნელ „ილეთებსაც“ წარმოუდგენენ მკითხველებს.

სიუჟეტის მშრალი ლექსიკონისეული განმარტება ბევრს არაფერს გვეუბნება ამ გასაოცარი კომპოზიციური ელემენტზე. სამაგიეროდ, იუმორით, საინტერესოდ, ხალასად გვიამბობენ ამის შესახებ თავად მწერლები.  პერსონაჟს „დადევნებული“ მწერალი ხომ სწორედ სიუჟეტით იკვლევს გზას. ბრედბერის ეს მეტაფორა საინტერესო, სურათხატოვანი ილუსტრაციაა, არა?

ბლოგში კურტ ვონეგუტისა და ხორხე ლუის ბორხესის მოსაზრებებს გაეცნობით.

ბორხესის 4 სიუჟეტი

არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის, წიგნში „ვეფხვების ოქრო“ არის ერთი მოთხრობა „ოთხი ციკლი“, რომელშიც ავტორი თავის ხედვას გვიზიარებს. ის ამბობს, რომ მსოფლიო ლიტერატურაში მუდამ ოთხი ამბის ირგვლივ ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, გვაქვს 4 მთავარი სიუჟეტი:

  1. სიუჟეტი გამაგრებულ ქალაქზე, რომელსაც თავს ესხმიან და იცავენ მამაცი გმირები; ამასთან, მათ იციან, რომ ქალაქის დაცემა გარდაუვალია და ბრძოლა განწირულია…
  2. სიუჟეტი დაბრუნებაზე, სახლში დაბრუნებაზე და ეს დაკავშირებულია პირველთან…
  3. სიუჟეტი ძიებაზე, გამოწვევებითა და დაბრკოლებებით სავსე გზაზე, გმირთა სამოგზაურო თავგადასავლებზე…
  4. სიუჟეტი ღმერთის მსხვერპლთშეწირვაზე.

ბორხესის აზრით, ადამიანები სხვადასხვაგვარად ჰყვებიან ამ ამბებს, სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ და ასე ქმნიან მხატვრულ რეალობას.

მწერალთა ოსტატობა და მხატვრული სიტყვის ჯადოქრობა კი სწორედ ისაა, ეს საბაზისო ამბები შეამკონ ისე, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული, განუმეორებელი, ჯადოსნური სამყაროები შეიქმნას.

ვონეგუტის 8 „ფორმა“

ვონეგუტის მტკიცებით, ის იყო ერთი იმათგანი, ვინც ლიტერატურის თეორიასა და კრიტიკაში მეცნიერული ხედვის დანერგვა სცადა და ამისთვის „არასაკმარისი მადლიერება მოიმკო“. ცნობილია, რომ კურტის სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში წარადგინა, კომისიამ არ განიხილა, რადგან მეტისმეტად მარტივად და სალაღობოდ მიიჩნია.

ეს „სალაღობო თეზისი“ „8 ფორმის“ სახელითაა ცნობილი. მართალია, აკადემიურმა საბჭომ ის დაიწუნა, მაგრამ თვალსაზრისი ნამდვილად საინტერესოა და მას ხშირად ციტირებენ ხოლმე სპეციალურ ლიტერატურაში.

ვონეგუტის აზრით, მხატვრული ნაწარმოებების სიუჟეტი 8 ძირითადი ნიშნით ჯგუფდება. ვონეგუტმა თითოეული დაასათაურა.

ადამიანი ორმოში

მთავარ გმირს თავს რაღაც დაატყდება, ის ძლევს სირთულეებს და ამბავი სრულდება იმით, რომ გმირი ან ჯილდოვდება, ან გამოცდილებას იღებს.

ბიჭი ხვდება გოგოს

მთავარი გმირს რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი რამ გადახდება, ის მოიპოვებს ბედნიერებას, კარგავს მას, მერე კი იბრუნებს სამუდამოდ.

ცუდიდან უარესისკენ

მთავარი გმირი, „ცუდად იწყებს“, თანდათან კი უკან-უკან მიდის, არაფერიც არ გაუმჯობესდება. ყველაფერი ცუდადაა!

რა გზას დავადგე?

ამბავი ისეთივე ორაზროვანია, როგორც თავად ცხოვრება. მუდმივად  საორჭოფოა – კარგისკენ მივდივარ თუ ცუდისკენ?

შესაქმე

სხვადასხვა კულტურაში  კაცობრიობას შემოქმედი სხვადასხვა საჩუქრით ანებივრებს. თემა მიწიერისა და ზეციერისა, ღვთიური საჩუქრებისა. დასავლურ ამბებში ასეთი რამ ნაკლებადაა.

ძველი აღთქმა

კაცობრიობა იღებს საჩუქრებსა და შანსებს შემოქმედისგან, მაგრამ ვერ ინარჩუნებს ამ სიკეთეს, ვერ განკარგავს სათანადოდ, საუკუნოდ განწირული და დაცემული რჩება.

ახალი აღთქმა

კაცობრიობა იღებს საჩუქრებსა და შანსებს შემოქმედისგან, ვერ ინარჩუნებს, თუმცა საბოლოოდ მაინც ცხონდება.

კონკია

ჰგავს ახლი აღთქმისეულ განვითარებას. ესა ამბავი აღმასვლაზე (აღზევება), დაღმასვლაზე (დაცემა), კვლად აღმასვლაზე და ა.შ.

საინტერესო და სახალისო უნდა იყოს ამ მზამზარეული ჩარჩოების მისადაგება შესწავლილი ტექსტებისთვის. მოსწავლეებთან ერთად მსჯელობა იმაზე, რომელი პერსონაჟი რომელ სიუჟეტურ „გარბენს“ წარმოგვიდგენს. ვის რომელ ჯგუფს მიაკუთვნებდნენ.

გაკვეთილის გადახალისება, სალაღობო ელემენტების გამოყენება, მოსწავლეების ფიქრისა და აზროვნებისკენ წახალისება ხომ ასე მნიშვნელოვანია სასკოლო რუტინაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“