სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თითების თეატრი

დღესაც ჩვეულებრივად იწყება დილა.

სანამ  შესვენებაა და  ნივთებს მოვაწესრიგებდეთ, სანამ მეც და ისინიც გაკვეთილისთვის  ვემზადებით, მესმის ჩვეულებრივი გადაძახილი:

–ე, სქელო, კარში როგორ შემოეტიე?

–შე დიდყურა, დიდყურა!

–შე საფლავიდან პერერივზე გამოპარულო!

–აჩკარიკა!

და ა.შ. და ა.შ.

დაცინვა რომ ძალიან ცუდია,  ამ თემაზე უკვე იმდენჯერ გვისაუბრია, ვინ მოთვლის. რა არ ვცადე, ხან ცნობილი მომღერლები მოვიშველიე, ხან მსახიობები, ხან ფეხბურთელები, მოკლედ, ყველა და ყველაფერი  ჩემი მოსწავლეების ინტერესის სფეროდან. ხანაც ჩემი ბანაკიდან – ლიტერატურული პერსონაჟები, ცნობილი მწერლები, გამომგონებლები– ყველა სხვადასხვანაირი გარეგნობით და ხმის ტემბრით, მეტყველებისა და სიარულის მანერით. ვცდილობ, გავაგებინო მათ, რომ ინდივიდუალიზმი ყველაზე საინტერესოა, რომ დედამიწას განსხვავებული ადამიანების განსხვავებული ფიქრები და დამოკიდებულებები ატრიალებს. მისმენენ,  ნანობენ, თავს ხრიან, ბოდიშს იხდიან – მაგრამ მხოლოდ ამ გაკვეთილის განმავლობაში…როგორც წესი, ეს განწყობა შესვენებამდე ძლივს მიჰყვებათ, მერე ისევ იგივე იწყება, თავიდან და ისევ თავიდან…

დიდაქტიკა, სინდისის გაღვიძება, დამუნათება, გულმდუღარება და მისთანა რამეები არ ჭრის, არანაირად. თუ ხასიათზე არ არიან,  ეს გულღია, თბილი, გულწრფელი პატარა ადამიანები – ქვისგულები ხდებიან,  სახის  ნაკვთებიც ისეთი შეურხეველი აქვთ, თითქოს მარმარილოსგან გამოუთლიათო. – ალბათ ყველა მასწავლებელს გამოუცდია ეს.

მარკერის მოსაძებნად ჩანთას ვხსნი და თითების თოჯინები ამომყავს, სულ პატარა, სასაცილოსახიანი პერსონაჟები.

 ამას წინათ, ჩემი შვილის ძილისწინა ზღაპრებისთვის გამოვწერე amazon.com–იდან. იკითხავთ რამდენად? სულ რაღაც 99 ცენტად.

სულ ექვსი ცალია, ყველა სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ხასიათის, განწყობის…

 

ეს ექვსი თოჯინა ერთი ოჯახია,  დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ორი ბავშვი, ჩაცმისა და ღიმილის განსხვავებული , თავისებური  მანერით.

როცა ჩემს პატარა შვილს უჯრულა პიჟამას ჩავაცმევ და თავის საწოლში ვაწვენ, საწოლის უკან ვიმალები და რიკულებზე ამ ჩვენს თითების თოჯინებს ვასეირნებ, მერე ათასგვარ ისტორიას ვუყვები ამ სასაცილო ოჯახის თავგადასავლების შესახებ. მოკლედ, კარგად ვერთობით.

ახლაც, გაკვეთილზე თითზე წამოვიცვი ჩემი მოღიმარი ნაჭრის ადამიანები. უცებ, სპონტანურად, ჯერ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო.  ბავშვები გაკვირვებულები მიყურებენ, ეღიმებათ. სანამ „დიდაქტიკურ„ ისტორიას შევთხზავ, ჯერ მათ  ვთხოვ,  აღწერონ, დაახასიათონ, პატარა ამბები მიამბონ ჩემს ცეროდენა უცნობებზე.

ჰოდა, იწყებენ და რას იწყებენ, ჯერ ნაჭრის  ბებოს ვარცხნილობას და ხალათს დასცინიან, მერე მამას ჰალსტუხს, პატარა ბიჭის ყურებს და გოგონას ჩაცმულობას, მოკლედ, გაიხარეს და რა გაიხარეს, იცინიან, ხმაურობენ, ერთმანეთს ადარებენ.

მოდით, ამბები მოვიფიქროთ-მეთქი, მათი ყოველდღიური ცხოვრება, საქმიანობა, როგორ უყვართ და  გულშემატკივრობენ ერთმანეთს.

პატარა ბიჭის თოჯინით  დავიწყეთ. უცებ ერთი გალეული, სიფრიფანა გოგონა ხელს იწევს, ეტყობა, რომ განცდებშია, უკვე შევამჩნიე აღშფოთება. გოგონა დგება და თავისი კლასელების გასაგონად ამბობს – იცით, ეს ბიჭი ბედნიერია,  არა მგონია, ჩვენს  დაცინვას ყურადღება მიაქციოს, მთავარია, რომ მისი  ოჯახის წევრებს ის  უყვართ. და ბოლოს, ასკვნის-თუ გვინდა,  რომ ერთმანეთს არ დავცინოთ, ყველაზე ახლობელი ადამიანებივით უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.

კლასმა განწყობა და აზროვნების მიმართულება უცებ შეიცვალა,  წითელთმიან, ლოყაწითელ, უსაყვარლეს ალექსანდრეს ახსენდება, როგორ დასცინიან ეზოში მოუქნელობის და ჭორფლების გამო და ამ დროს, როგორ თავგანწირვით იცავს უფროსი დაიკო – აპრეხილნაწნავებიანი თინი, რომელიც ავტორიტეტია ეზოს ბავშვებში, რადგან ვერავინ თამაშობს მასავით რეზონობანას.

            თხელმა და კაფანდარა ელისაბედმა აღიარა, რომ ძალიან ბრაზდება, როცა მის უფროს ძმას ეზოს ბიჭები მხოლოდ იმიტომ დასცინიან, რომ რ თანხმოვანს  მკვეთრად ვერ გამოთქვამს.

–ერთხელ გაბრაზებული მივედი იმ ბიჭებთან და ხმამაღლა ვუმეორებდი – თეთრი თრითნა თეთრ თრთვილზე თრთოდა, თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა–მეთქი, ალბათ გიჟი ვეგონე, მას!

             მეც მოვყევი ჩემი ამბები, განა ცოტა მაქვს ასეთი ისტორია… მთელი ბავშვობა დამცინოდნენ მოუხეშაობის, გიჟპოეტობის, ახლომხედველობის გამო… ჰოდა, უფროსი და–ძმის იმედი ყოვეთვის მქონდა.

მოკლედ, დავსკვენით, რომ ყველანი, მთელი კაცობრიობა ერთი ოჯახის წევრები ვართ და ისევე უნდა დავიცვათ ერთმანეთი დაცინვისა და  შეურაცხყოფისგან, როგორც  ჩვენ ვიცავთ ჩვენს დებსა და ძმებს….

თქვენ ალბათ ამ ამბის ლოგიკურ დასასრულს ელოდებით, რომ ყველამ ყველაფერი აღიარა, ინანა, გამოსწორების გზას დაადგა და არცერთ ბავშვს არავისთვის არასდროს დაუცინია.

 არა, ასე არ მომხდარა, ამ გაკვეთილის მერეც  ხშირად მესმის შეძახილები :

–ე, სქელო, კარში როგორ შემოეტიე?

–შე დიდყურა, დიდყურა!

–შე საფლავიდან პერერივზე გამოპარულო!

–აჩკარიკა!

და ა.შ. და ა.შ

მაგრამ არაფერი მიშლის ხელს, რომ ჩანთიდან კიდევ ერთხელ ამოვაძვრინო ჩემი ნაჭრის თოჯინები, თითზე წამოვიცვა და კიდევ ერთხელ მოვიფიქროთ  ისტორიები დაცინვასა და გამხნევებაზე, წყენასა და სიყვარულზე.

 

 

 

 

           

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“