ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

ძმები ერთ კლასში

– თქვენ ამათ გიღალატეს, პრინციპულ თამაშზე არ მოვიდნენ. მაგათ გამო წააგეთ და ღირსები არიან, სამაგალითოდ დაამუშავოთ! – ბრაზი და სიმკაცრე იფრქვეოდა ფიზკულტურის მასწავლებლის პირიდან და ჩვენ თავის აწევას ვერ ვბედავდით, რომ შემობრუნებული კლასელებისთვის შეგვეხედა.

 


„რა უნდა ვთქვა? ღმერთო, თავი რითი უნდა ვიმართლო”, – პირი გამიშრა და ჩემს ძმას გადავხედე. რაც თავი მახსოვს, სულ ჩემ გვერდით იჯდა – პირველი კლასიდან. იმ დროიდან, როცა სკოლიდან მის გამო გამომიყვანეს – დაელოდე და ერთად იქნებით, ერთმანეთს დაეხმარებით და ცხოვრებაშიც არ გაგიჭირდებათო.


ახლა რომ ვუკვირდები, ამაზე უაზრო არგუმენტი ბევრი არც მახსენდება. ამას მერე მივხვდი, როცა გვერდიგვერდ, ერთ მერხზე მსხდომ ძმებს განსხვავებული შეხედულებები, სურვილები და ინტერესები აღმოგვაჩნდა. როცა არა მხოლოდ ჩვენ, გარშემომყოფებიც მიხვდნენ, რომ მე მშობლიურ ლიტერატურას უფრო ვეწყობოდი, ჩემს ძმას კი ამოცანების ამოხსნა ემარჯვებოდა, მე დავით აღმაშენებლის საშინაო პოლიტიკაზე მთელი გაკვეთილი შემეძლო მესაუბრა, მას კი მოხდენილი გეომეტრიული ფიგურების დახაზვა იტაცებდა. მახსოვს, ერთხელ, გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებელმა რომ დაგვიბღვირა ორივეს: „თქვენ ერთ სახლში არ ცხოვრობთ?”


მაშინ ვერ მივხვდი, რომელიმე შეგვაქო თუ ორივეს ერთად წაგვკბინა – შენ, ძაან ბეჯითი რომ ხარ და თავი მოგაქვს, გერჩივნა, ძმისთვის მიგეხედა, შვეიცარიის დედაქალაქი რომ არ იცისო. ან კიდევ: შენ, თუ არ გინდა, შენი ძმის ხუთიანების ქვემოთ შენი ორიანები და სამიანები ჩავამწკრივო ჟურნალში, რუკაზე ჰუდსონის ყურე მაინც მაჩვენეო.


სულ მშურდა ძმების, რომლებიც ერთ კლასში არ სწავლობდნენ – მათ არ უხდებოდათ ერთმანეთის შეცდომებზე ნერვიულობა, მერე, სკოლიდან სახლამდე ერთმანეთის გამო ათასი მიზეზის მოფიქრება, რომ მშობლებს არაფერი გაეგოთ.


მაგრამ იყო რაღაც, რასაც მათ ინდივიდუალობასა და დამოუკიდებლობაში არასდროს გავცვლიდი: ფეხბურთი! სანამ მე და ჩემი ძმა ერთ გუნდში ვიყავით, თითქმის არავინ მახსენდება სკოლაში, ჩვენთვის მოეგოს. აქ ინტერესები ერთიანდებოდა, აქ ათასი ზღვის, მთის, მოგონილი თუ რეალური პერსონაჟის ნაცვლად, მხოლოდ ორი კარი იყო: კარი, რომელიც უნდა დაგეცვა და კარი, რომელშიც უნდა გაგეტანა!


პირველი გოლი რომ გამიტანეს, ვინატრე, ან დანა მომცა, ან ისეთი ბასრი კბილები, ეს ბადეში მოფართხალე ბურთი ნაკუწებად დავფლითო-მეთქი და გამიმართლა, ორ წუთში იმავე ბურთით უკვე ჩემმა ძმამ რომ გაიტანა გოლი მოწინააღმდეგის კარში. ცენტრის ხაზთან გაქვავებულ ბურთს მზერით ვხვრეტდი და კბილებს ვაღრჭიალებდი – „ხომ დაგაჩმორეს!”. იმ წუთიდან თითქოს ბურთი ჩვენს ნებაზე აცეკვდა.


– აბა, ლიხტენშტაინის დედაქალაქი კითხე, თუ ეცოდინება, – ვუთხარი ერთხელ ჩემს ძმას და მანაც გეოგრაფიის მასწავლებელს გამომცდელად გახედა. გაბრაზებული ვიყავი – აღარ მოასვენა, ყელში ამოადინა ცოდნაც და უცოდინრობაც. სჩვევია ხოლმე ზოგიერთ მასწავლებელს ბავშვის ამოჩემება, თუ სუსტ წერტილს უპოვის, არ მოეშვება, ბოლომდე გაამიზეზებს, იქამდე, სანამ ბავშვი არ გატყდება.


– და რომ არ იცოდეს? – თვალი ჩამიკრა, – არ ტეხავს?


– გეცოდება? – ვკითხე გაკვირვებულმა.


– არა, უბრალოდ მეც არ მახსოვს ლიხტენშტაინის დედაქალაქი.


თითქოს მეუბნებოდა – უშენოდაც მივხედავ (მოვიგერიებ) ამ ქალს, ასეთი იაფი ილეთები არ მჭირდებაო. ამაზე უფრო მეტად გავბრაზდი: კიდე მე გამოვდივარ ცუდი ტიპი, ამის გამო რომ თავი გამოვიდე-მეთქი.


…ჩვენ გამო კი არავინ აპირებდა თავის გამოდებას. ალბათ ეგონათ, ძმები არიან, ერთმანეთს მიხედავენ, გამოესარჩლებიან, რამეს მოიგონებენო, მაგრამ არც ერთს არ აგვიწევია თავი.


წინა დღეს ბებიაჩემმა ფეხი მოიტეხა, სოფელში მოგვიწია დარჩენა და მეორე დილას სკოლაში დანიშნულ თამაშებზე ვერ მივედით. ჩვენს არყოფნაში ჩვენებს ზედიზედ ორი თამაში წაუგიათ თურმე და იმათ ალბათ არა, მაგრამ ფიზკულტურის მასწავლებელს კი საქვეყნოდ გამოუხატავს თავისი გულისწყრომა. ეტყობა მხოლოდ ეს არ იკმარა, კლასშიც მოგვაკითხა და დამრიგებლისა და კლასელების თვალწინ მეხთატეხა მოაწყო.


„ოღონდ დროზე გავიდოდეს და ფეხბურთის დედაც!” – გული მიდუღდა და ცრემლი მაწვებოდა, ის კი იოლად დანებებას არ აპირებდა, მაგათ გამო წააგეთ და ღირსები არიან, სამაგალითოდ დაამუშავოთო. ეს ბოლო სიტყვა – „დაამუშავოთ” – ისე მწარედ მომხვდა, გავიფიქრე, ვიღაცას რომ მართლა გაუწყრეს ღმერთი და ჩვენი საქვეყნოდ გაჯორვა მოინდომოს, ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ-მეთქი. წამით წარმოვიდგინე რასაც ვიზამდი, მაგრამ მივხვდი, ძალიან სახიფათო ჩანდა, ულაპარაკო გარიცხვას უდრიდა და სიმართლე გითხრათ, მაშინ შეპასუხების თავი არც მე მქონდა და არც ჩემს ძმას – შეცდომას ვაღიარებდით.


„ისე გაგვლახა, რომ ხელი არ გაგვინძრევია” – მერხიდან არ ავმდგარვართ გაკვეთილების ბოლომდე. ხანდახან თუ გადავხედავდით ერთმანეთს და უხალისოდ გადავშლიდით სახელმძღვანელოს და რვეულს, რაღაცები რომ ჩაგვენიშნა. „ეს დამრიგებელიც რომ ეთანხმებოდა?! იქნებ მაგასაც ეგონა, ძმები არიან, პირველი კლასიდან ერთად მოდიან, ერთმანეთი იციან და რამეს მოიფიქრებენ, ერთმანეთს დაიცავენო”.


ჩვენი ერთსემესტრიანი დისკვალიფიკაცია რომ მორჩა, პირველივე თამაშში უძლიერეს გუნდს შევხვდით და მძიმე ბრძოლაში 2:1-ზე გავტეხეთ. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უკვე სხვა სკოლაში გადასულებს, ერთმა ტიპმა წამოგვაძახა, თქვენ ის არა ხართ, საქვეყნოდ რომ გამოაჭენა ფიზკულტურის მასწავლებელმაო? მგონი, რაღაც ნიძლავზე ვთამაშობდით და მათ კარგი გუნდი ჰყავდათ. წვიმდა და მაშინ ალბათ ვერავინ შენიშნა, გახეხილი ხელთათმანებით როგორ მოვიწმინდე დაგუბებული ცრემლი და ჩემს ძმას გავხედე: აღელვებული ჩანდა. ცამეტი გოლი გავუტანეთ და ბოლოს, მეცამეტეზე, პენალტის დასარტყმელად აუჩქარებლად, ძუნძულით გადავჭერი მთელი სტადიონი. მოკლე გამორბენი და ძლიერი დარტყმა. სუნთქვა შემეკრა და მეგონა გული გამისკდებოდა.


იმ დღის შემდეგ ფიზკულტურის მასწავლებელს რამდენჯერმე შევხვდი – თბილად, საქმიანად მოვიკითხეთ ერთმანეთი და რის გამო, არ მახსოვს, მაგრამ ერთხელ შემაქო კიდეც. „კარგად გიმუშავიაო” – ასე მითხრა. თითქოს რაღაც მეცნო: „გიმუშავია”. „მუშაობა”. „დავამუშავოთ”.


ჩემი ძმა კი მეცხრე კლასიდან კოლეჯში გადავიდა. მას შემდეგ ჩვენ ერთ გუნდში არასოდეს გვითამაშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“