სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის კომუნიკაცია, სხვებთან ერთად – ციფრული გზითაც, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის სოციალიზაციასა და აკადემიურ წარმატებაზე (პალცი & კალმუსი, 2015).
დღეს სკოლის ელექტრონული მართვის შესაძლებლობა თანამედროვე განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში ელექტრონული ჟურნალი საქართველოშიც ამოქმედდა და ყველა საჯარო სკოლისთვის ხელმისაწვდომია. ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროცესის მართვას უადვილებს, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია:
- მოსწავლეების ელექტრონული აღრიცხვა და შეფასება;
- მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
- სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების ჩანიშვნა;
- მოსწავლეების შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება;
- მოსწავლის შესახებ მშობელსა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა;
- სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებებისთვის თვალყურის დევნება;
- შვილის შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.
მრავალფეროვანი შესაძლებლობების მიუხედავად, საქართველოს უამრავ სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების უალტერნატივო (ყველაზე მარტივ და ყველასათვის ხელმისაწვდომ) საკომუნიკაციო სივრცედ კვლავ სოციალური ქსელები მოიზრება. ძალიან ხშირად პედაგოგები ისევ facebook-ის დახურულ ჯგუფებში უზიარებენ მოსწავლეებს საშინაო დავალებებს თუ სასწავლო ელექტრონულ რესურსებს, ბავშვებს კვლავ ასაკისთვის შეუსაბამო საიტებზე შესვლა უწევთ სასწავლო მიზნით, ხოლო მშობლები ისევ ელექტრონული ჟურნალის მიღმა ცდილობენ ბავშვისთვის თუ ბავშვის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. საქართველოს საჯარო სკოლებში კომუნიკაციისთვის არც ელექტრონულ ფოსტას იყენებენ აქტიურად, მით უფრო – მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს და არასტრუქტურირებულს ხდის ციფრულ თანამშრომლობას.
ჩვენი რეალობის პარალელურად, მრავალი წელია, განვითარებული ქვეყნები უპირატესობას სასკოლო აპლიკაციებს ანიჭებენ.
ავსტრიის გამოცდილება
„მასწავლებლის ციფრული ასისტენტი“ – ასე უწოდებენ ავსტრიაში აპლიკაცია SchooFox-ს, რომელიც მშობლებისა და სკოლის თანამშრომლობისთვის საგანგებოდ შეიქმნა და ამ დროისთვის მასში 5000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. ეს აპლიკაცია სოციალური ქსელის ალტერნატივაა და თავს უყრის ყოველგვარი ტიპის ინფორმაციას. იგეგმება, რომ სამომავლოდ app-ში საბავშვო ბაღებიც ჩაერთვებიან.
რა უპირატესობა აქვს აპლიკაციას?
- აპლიკაცია სხვადასხვა ენაზე მოქმედებს;
- ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი;
- მასწავლებლებს და მშობლებს უზოგავს დროს;
- უადვილებს დროის მართვას;
- აქვს ინფორმაციის დაცული არქივის ფუნქცია;
- დაცულია პერსონალური მონაცემები;
- იძლევა გადამოწმების საშუალებას, ნახა თუ არა ადრესატმა შეტყობინება ან სხვა რაიმე ტიპის ინფორმაცია;
- აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია დოკუმენტებისა და ფოტოების გაცვლა. გამოკითხვების ჩატარება;
- იზოგება ქაღალდი და სხვა რესურსი, რომლის გაფრთხილებაც მნიშვნელოვანია გარემოსთვის (თუმცა სმარტფონებს სჭირდებათ ელექტროენერგია);
- ამცირებს ბიუროკრატიას;
- აქვს სასკოლო კალენდრის ეფექტიანად მართვის ფუნქცია;
- აადვილებს საშინაო დავალებების გადაგზავნას;
- აპლიკაციით სარგებლობა მარტივი და უფასოა.
როგორც ავსტრიაში განათლების სპეციალისტები ამბობენ, ეს არის მასწავლებლის ციფრული ასისტენტი, რომელიც მალე წარმატებით ჩაანაცვლებს საკლასო კრებებს ან მშობლების დღიურს.
აპლიკაციისთვის ყველა ჩართული პირი იღებს ინდივიდუალურ კოდს, რომლის მეშვეობითაც მართავს სისტემას. ეს აპლიკაცია სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა დაფინანსების ნაწილი ფონდებზე მოდის. თავის მხრივ, განათლების სამინისტრო და კომიტეტები მუდმივად ცდილობენ, თავიანთი მხარდაჭერა დაადასტურონ და აპლიკაციას პოპულარიზება გაუწიონ.
მშობლები შეფასების დროს ხაზს უსვამენ, რომ ეს აპლიკაცია მათ დროს უზოგავს და, ამასთან, ყურადღების მიღმა არაფერი რჩებათ. მასწავლებლები მუდმივად იღებენ უკუკავშირს მშობლებისგან, უფრო სწრაფად ახერხებენ მათთან კომუნიკაციას და ავრცელებენ დავალებებს ბავშვებისთვის, რომლებმაც სკოლა გააცდინეს.
მოსწავლეები (მშობლების სურვილის შემთხვევაში) ასევე ჩართულები არიან აპლიკაციაში, თვალს ადევნებენ თითქმის ყველა პროცესს და პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მასწავლებლებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს აპლიკაცია მუდმივად ხელმისაწვდომია და მშობლებს და ბავშვებს სულ თან აქვთ, ისინი პატივს სცემენ მასწავლებლების დროს და ცდილობენ, არასამუშაო საათებში მათთან კონტაქტი არ ჰქონდეთ.
ესტონეთის გამოცდილება
მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში ციფრულ კომუნიკაციას ამჯობინებენ ესტონეთშიც. ესტონური სკოლები მეტწილად ორ ვებაპლიკაციას იყენებენ. ესენია eKool და Stuudium.
ამ ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის ორგანიზებას ახდენენ. ამ აპლიკაციებით მასწავლებელი უგზავნის მშობლებს შეტყობინებებს, რომლებიც მათი შვილების განათლებას ეხება: საშინაო დავალებები, ნიშნები, მოსწავლის ყოფაქცევა, მასწავლებელთა ჩანაწერები… რაც მთავარია, მშობლებს პირდაპირი კავშირი აქვთ პედაგოგებთან. ესტონელი მასწავლებლების ციფრული კომპტენციები ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზეა ევროპულ კონტექსტში. მშობლებთან საკომუნიკაციოდ ისინი იყენებენ eKool-ს, იმეილს, მობილურ კავშირს (ტექსტური შეტყობინება, ზარი). eKool-ის მიმართ მეტწილად დადებითი დამოკიდებულებაა. მშობლები აღნიშნავენ, რომ აპლიკაციაში ეცნობიან სასწავლო მასალებს და ის განსაკუთრებით მაშინაა გამოსადეგი, როდესაც ბავშვს გაკვეთილის გაცდენა უწევს. გარდა ამისა, eKool-ის საშუალებით თვალყურს ადევნებენ მოსწავლის აკადემიურ პროგრესს და შვილებთან განიხილავენ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მასწავლებელსა და მშობელს შორის დიალოგს ხელს უწყობს ელექტრონული ფოსტა. მაგალითად, პედაგოგი აცნობს მშობელს, რით იყო დაკავებული ბავშვი სკოლაში, ხოლო მშობელი წერს ბავშვის საქმიანობაზე სკოლის მიღმა.
კომუნიკაცია ხდება უმთავრესად დამრიგებლის, მასწავლებლის და ზოგჯერ დირექტორის მხრიდან. გამოიყენება ელექტრონული დღიური, ელექტრონული ფოსტა, ზოგიერთი პედაგოგი ურეკავს მშობლებს, ზოგს კი წერილობითი კომუნიკაცია ურჩევნია. მშობელს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, შეხვედრის დრო და კომუნიკაციის ქსელი აირჩიოს, ეს დამოკიდებულია ურთიერთშეთანხმებაზე. სასწავლო დაწესებულებები მზად არიან უკუკავშირის მისაღებად და შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
ამერიკის გამოცდილება
აშშ-ს სკოლები მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ მშობლებთან თანამშრომლობისთვის. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მშობლები იღებენ ინფორმაციას მასწავლებლებთან კომუნიკაციის გზებისა და ფორმების შესახებ. მასწავლებელთან ინტენსიური და ყოველდღიური კომუნიკაციისათვის გამოიყენება სხვადასხვა აპლიკაცია, ელექტრონული ფოსტა და სკოლების მიერ შექმნილი სპეციალური პორტალი, სადაც მშობლებს საკუთარი ანგარიში აქვთ. მშობელი ამ პორტალის საშუალებით, გარდა იმისა, რომ უკავშირდება სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებელს, თვალს ადევნებს შვილის აკადემიურ მოსწრებას, ყოველდღიურად მიღებულ ნიშნებს, შესრულებულ დავალებებს, ეცნობა მასწავლებლის დახასიათებებს, შენიშვნებს, რეკომენდაციებს, იღებს ინფორმაციას შესასრულებელი დავალებების შესახებ. ასეთი პორტალი ყველა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. საოლქო სკოლები იყენებენ სპეციალურ ონლაინ აპლიკაციას, რომელზეც პირადი ანგარიში აქვს თითოეული მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. აღნიშნულ პლატფორმაზე მშობლები ნებისმიერ დროს ამოწმებენ შვილების აკადემიურ მოსწრებას, ყოველდღიურად მიღებულ შეფასებებს, დავალებებს, მიღწევებს, ასევე საშუალება აქვთ, დაუკავშირდნენ მასწავლებლებს და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ მათთან. მშობელთა ინფორმირებისთვის სკოლა იყენებს SCHOOL MESSENGER სისტემას. ეს არის Online აპლიკაცია, რომელშიც მშობელი თავად ირჩევს, რა სახით სურს სკოლისაგან ინფორმაციის მიღება, მოკლე ტექსტური შეტყობინებები იქნება ეს, ხმოვანი შეტყობინებები თუ სხვა. სკოლა მშობელს უგზავნის ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
როგორც ხედავთ, მშობელს მინიმალური ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული შვილის მდგომარეობის, მიღწევების და, საზოგადოდ, სასკოლო ცხოვრების შესახებ.
კომუნიკაციის საშუალებები მაქსიმალურად მრავალფეროვანია და არც ერთი კატეგორიის მშობელი არ რჩება სიახლეების მიღმა. აღსანიშნავია, რომ სკოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლების დროულად და წინსწრებით ინფორმირებას, რადგან ითვალისწინებენ მათი დროის დეფიციტს და ამცირებენ რისკს, რომ მშობლებმა დროის უქონლობის გამო უარი თქვან ამა თუ იმ მიმართულებით ჩართულობაზე.
განვითარებულ ქვეყნებში სკოლები ზრუნავენ და ხელს უწყობენ მშობელთა ინფორმირებისა და ჩართულობის ზრდას, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.