ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მიშელ დე მონტენი – აღმზრდელის აღზრდა

ძილის წინ მიშელ დე მონტენის ესეების კითხვა ისეთ ჩვევად მექცა, რომლის დათმობაც გამიძნელდება – თითქოს კითხვა კი არა, გულწრფელი საუბარია ძველ მეგობართან, მრავალი განსაცდელის დროს შემოწმებულთან. ხანდახან სულაც ის მგონია, რომ ჩემი წინაპარია, ვის გვარსაც ვაგრძელებ, ვისი სისხლიც დამიდის ძარღვებში. შეუძლებელია, მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში ეფიქრა ეს ყველაფერი-მეთქი, – ვეუბნები საკუთარ თავს და ერთსა და იმავე წინადადებებს ვკითხულობ, ვკითხულობ…

ფურცლები შევავსე წიგნიდან ამოწერილი ფრაზებით, რომლებშიც ყველაზე საგულისხმო აზრებია მოქცეული. ნაწილი – ამ წერილის მკითხველებისთვის გასაცნობად, ნაწილი – მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის, დროდადრო რომ გადავხედო ცხოვრების მთავარ კითხვებზე ფიქრისას.

რას აღარ ეხება მიშელ დე მონტენის მთავარი წიგნი, მისი ოცწლიანი შრომის შედეგი – შიშს, სიმხდალეს, ზომიერებას, სიკვდილისათვის მზადებას, ძველ ადათებს, სამარქაფო ცხენებს… ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ესეში აღზრდასა და აღმზრდელებზე საუბრობს, თან შენიშნავს, ჩემი მოსაზრებები ზოგადად მიღბულთ ეწინააღმდეგებაო. ესეს, რომლის სათაურიცაა „ბავშვთა აღზრდის შესახებ“, მინაწერი აქვს: „გიურსონის გრაფის მეუღლეს, ქალბატონ დიანა დე ფუას“. სწორედ მას მიმართავს ავტორი: „ჩემი სურვილია, დიდი ყურადღებით შეარჩიოთ აღმზრდელის პიროვნება. სასურველია, იგი იყოს უმალ ნიჭიერი, ვიდრე დიდი ცოდნის მქონე, და თუ ამ ორივე თვისებით იქნება დაჯილდოებული, ეს უფრო დიდებული იქნება. და მაინც, მხოლოდ განსწავლულ აღმზრდელს სჯობს, ნიჭიერი და კარგი ჩვევების მქონე პიროვნება, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებისას აღზრდის ახალი მეთოდით იხელმძღვანელებს. […] მე მსურს, რომ თქვენი შვილის აღმზრდელმა დასაწყისიდანვე გაითვალისწინოს აღსაზრდელად მინდობილი ბავშვის სულიერი მოთხოვნილებები, მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოავლინოს თავისი მიდრეკილებები, გააცნოს სხვადასხვა საგნები, შეაჩვიოს შერჩევასა და მათ შორის სხვაობის გამოვლინებას, მიგნების გზა ხან თავად მიუთითოს, ხან პირიქით, ბავშვს მოაძებნინოს. არ მსურს, რომ მხოლოდ აღმზრდელი წყვეტდეს ყველაფერს და მხოლოდ ის ლაპარაკობდეს. იგი თავის აღსაზრდელს უნდა უსმენდეს“.

მეთექვსმეტე საუკუნეში კი არა, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, ჩემს სკოლაში, ჩემი მასწავლებლების წრეშიც უცხოდ, უცნაურად გაისმებოდა ეს სიტყვები.

„თუ აღმზრდელი, როგორც ეს ჩვენშია მიღებული, მრავალრიცხოვანი გონებრივი შესაძლებლობებითა და ხასიათით განსხვავებულ თავის მოსწავლეებს ერთი და იმავე გაკვეთილს უხსნის, ერთნაირად სთხოვს, ბუნებრივია, ამგვარი სწავლების ჭეშმარიტი ნაყოფის მიღებას მხოლოდ ორი-სამი ბავშვი შეძლებს. აღმზრდელმა მოსწავლეს უნდა გამოჰკითხოს არა მხოლოდ სიტყვები მიცემული გაკვეთილიდან, არამედ მისი არსი და დედააზრი; ცოდნის ხარისხზე უნდა იმსჯელოს არა მოწაფის მეხსიერებით, არამედ იმით, თუ რამდენად გააცნობიერა მან შეძენილი ცოდნა. ასახსნელი საგანი მრავალი მხრიდან უნდა დაანახოს მოსწავლეს“, – ვკითხულობთ ზემოთ ნახსენებ ესეში. მიშელ დე მონტენი აღსაზრდელისთვის „კეთილშობილური ცნობისმოყვარეობის“ გაღვივებას აღმზრდელის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს, რადგან ადამიანს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს, რასაც კი ცხოვრების გზაზე შეხვდება – „სულერთია, რა იქნება ეს: შენობა, შადრევანი, ადამიანი, გარდასულ დროთა ბრძოლის ველი, თუ ის ადგილები, სადაც ცეზარი ან კარლოს დიდი სეირნობდნენ“.

შენობა, შადრევანი, ადამიანი… თითქოს მოედანზე გამოგიყვანათ და თქვენც მის ნებას დაჰყევით: თვალი მოავლეთ იქაურობას.

ყველაზე მოულოდნელი კი ფილოსოფიის სწავლების შესახებ ნათქვამი აღმოჩნდა: „დიდად ცდება ის, ვინც თვლის, რომ ფილოსოფია მიუწვდომელია ბავშვებისათვის, რომელთაც ამ მეცნიერებას კოპებშეკრული, სწელი წარბებითა და საშინელი, შიშის მომგვრელი იერით წარმოუდგენენ. ვინ ააფარა მას ეს ყალბი, უსახური და პირქუში ნიღაბი? სინამდვილეში ხომ არაფერია მასზე უფრო ხალისიანი, გამამხნევებელი, საყვარელი, კეთილი, კინაღამ ვთქვი, ანცი-მეთქი“. რამდენჯერ მიფიქრია სწორედ ამაზე. რამდენჯერ წარმომიდგენია ფილოსოფიის გაკვეთილები სკოლაში და გამრჯე მოსწავლეების ანთებული თვალები.

ჩვენ კი ჯერ ცხოვრებას გავლევთ და მერე გვიწყებენ ფილოსოფიის სწავლებასო, – წუხს ესეს ავტორი, რომლის რჩევებიდან ერთსაც ამოვწერ: „შეჩერდით ფილოსოფიის უმარტივეს დებულებებზე, ისწავლეთ მათი შერჩევა და განსჯა. მათ არსში გარკვევა ბოკაჩოს ნოველის სიღრმეში ჩაწვდომაზე ბევრად უფრო იოლია; ძიძის კალთას ჩამოშორებული ბავშვი ფილოსოფიის უმარტივესი დებულებების გასაგებად უფროა მზად, ვიდრე წერა-კითხვის შესასწავლად. ფილოსოფიას მსჯელობები ყრმათათვისაც აქვს და ღრმად მოხუცებულთათვისაც“.

სიამოვნებით გავაგრძელებდი, მაგრამ იძულებული ვარ, შევწყვიტო – წერილი რომ მეტისმეტად გრძელი არ გამოვიდეს. მიშელ დე მონტენის ესეების სქელი წიგნის წაკითხვა კი, საბედნიეროდ, ქართულადაც შეგიძლიათ – რამდენიმე წლის წინ „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ სერიით გამოსცა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  სერბული დღიური

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“