კითხვები და პასუხები
ბრიტანელი ავტორების, Gill Hines-ისა და Alison Baverstock-ის წიგნის – „თქვენი ზრდასრული შვილები“ – კიდევ ერთი თავის თარგმანს შემოგთავაზებთ, რომელშიც ინგლისელი მშობლები შეკითხვებს უგზავნიან ავტორებს.
შეკითხვა: როგორც წიგნის ავტორები Gill Hines და Alison Baverstock გამუდმებით გვიმეორებენ, შვილებს „ტვინი არ უნდა ვუბურღოთ“, რადგან ასეთი რამ სრულიად უსარგებლოა. თუმცა ჩემი გამოცდილებით, ზოგიერთ ბავშვს თუ ყველაფერზე არ ელაპარაკე, უამრავჯერ არ გაუმეორე, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, ვერაფერს მიაღწევ. ჩემმა ვაჟმა მხოლოდ იმიტომ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაბარება, რომ სკოლაში სწავლისას მე მუდამ ვაძალებდი ესწავლა, მაღალი ქულები მიეღო. მაგრამ, როგორც კი მოვადუნე მასზე კონტროლი, მაშინვე შეწყვიტა უნივერსიტეტში სიარული, ვიღაც საეჭვო რეპუტაციის ახალგაზრდასთან ერთად იქირავა ბინა და სახელმწიფოს მიერ გაცემულ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობს, პრაქტიკულად მუქთახორობს და სრულად გაფლანგა ყველა ის ბენეფიტი, რომელიც ასეთი დიდი ძალისხმევის ფასად მოვაპოვებინეთ მე და მამამისმა. თანაც, ჩვენ მას პრაქტიკულად, თითქმის ვეღარ ვხვდებით და ვერც ვესაუბრებით.
პასუხი: ძვირფასო მშობელო, ძალადობრივი მეთოდები ნამდვილად არ მუშაობს და თქვენ მიერ აღწერილი შემთხვევაც სწორედ ამის დასტურია. სავარაუდოდ, სწორედ თქვენმა გამუდმებულმა ჭკუის სწავლებებმა, განსაკუთრებულად იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთოს შვილმა, განაპირობა ის, რომ ახალგაზრდამ ვერ მოახერხა, საკუთარ პიროვნებაში სრულფასოვნად განევითარებინა პასუხისმგებლობის უნარი. თქვენ ხომ მის ნაცვლად აკეთებდით და წყვეტდით ყველაფერს. ამჟამად კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა ცდილობს, საკუთარ შინაგან ხმას მიაყურადოს და თავად მოიფიქროს, რა აკეთოს, სად ისწავლოს, სად იმუშაოს და როგორ იცხოვროს. თქვენს შეგონებებს ახლა ის ყურს აღარ უგდებს, სხვა არაფერი. ახლა ჩვენ თავად გეკითხებით – განაგრძობენ ავტორები – შეძლებთ შვილთან ურთიერთობების გადაწყობას? მაგალითად, მოახერხებთ შეხვდეთ თქვენს ვაჟს, სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მშვიდ, კომფორტულ გარემოში, თუნდაც კაფეში ან სკვერში? გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ აღადგინოთ დარღვეული ურთიერთობები, თან გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა თქვენს ვაჟს სწორედ ახლა აქვს ის პერიოდი, როდესაც ის ტკბება მოპოვებული დამოუკიდებლობით. ამიტომ აღარ დაუწყოთ დამრიგებლური ტონით საუბარი, ნუ აავსებთ შეგონებებითა და საყვედურებით. ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები, მოეპყარით მას, როგორც ზრდასრულ, დამოუკიდებელ ადამიანს.
კითხვა: ჩემმა შვილმა კვერცხის მოხარშვაც კი არ იცის და საერთოდ პრაქტიკულად არანაირი საოჯახო საქმე არ ეხერხება. მე, რა თქმა უნდა ვცდილობდი, მესწავლებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. იქნებ რამე მირჩიოთ, დამეხმაროთ, განვუვითარო შვილს თუნდაც კულინარიული უნარები?
პასუხი: ძვირფასო მშობელო, მოდით, დაფიქრდით, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს თქვენს შვილს საკვების მომზადების სასწავლად? თუ თქვენ ბავშვებს ასწავლით ნებისმიერი რამის კეთებას, ისე, რომ მუდამ თავზე ადგახართ და აკონტროლებთ, თან კრიტიკას არ იშურებთ წვრილმან გადაცდომებზეც კი, მაშინ მას ნამდვილად არ ექნება მაღალი მოტივაცია. თავად მომზადების პროცესი კი – ძალიან უინტერესო და მოსაწყენი გახდება. საზოგადოდ, მიღებულია, რომ რაიმეს კეთება და განსაკუთრებულად კერძების მომზადება კარგად ისწავლება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რუტინული ქმედებების გარდა, გავარჯიშებასთან ერთად შემოქმედებითი ელემენტების შეტანაც ხდება.
აი, რა იგულისხმება სამზარეულოში შემოქმედებითი ელემენტების შეტანაში – თუ შვილები დარწმუნებული არიან, რომ მშობლები მათ არასდროს დატოვებენ მშიერს, მათ დიდი ალბათობით არანაირი სტიმული არ ექნებათ და არ მოუნდებათ თავად მოამზადონ საკვები. ამიტომ, იქნებ ასეთი მეთოდი გეცადათ? იყიდეთ სამზარეულოს წიგნი მარტივი რეცეპტებით და შეუთანხმდით შვილს, რომ, მაგალითად, ყოველი კვირის ოთხშაბათს მან უნდა მოამზადოს ვახშამი. თავდაპირველად ერთად შეადგინეთ მენიუ და მოილაპარაკეთ, რა პროდუქტები უნდა შეისყიდოთ, განიხილეთ ვახშმის ბიუჯეტი და სხვადასხვა წვრილმანი დეტალი. ზოგჯერ, შეჯიბრებითობის ელემენტი კარგად მუშაობს. სცადეთ, თავად შეეჯიბრეთ შვილს მომზადებაში და შეაფასებინეთ ოჯახს, ვინ აღმოჩნდა უკეთესი მზარეული. აქვე, შეეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაამლაშოთ, არ შეხვიდეთ უკომპრომისო კონკურენციაში. კიდევ ერთი რჩევა: შესთავაზეთ შვილს, დაპატიჟოს მეგობრები თავისსავე შედგენილ მენიუზე და მომზადებულ კერძებზე. შეყვარებულის დაპატიჟება კი მოტივაციის შექმნის საუკეთესო საშუალებაა.
კითხვა: ჩემი უფროსი გოგონა ძალიან კონფლიქტურია, ის საკუთარ დებსაც მუდამ ნებისმიერ საკითხზე ეკამათება. არ უყვარს არაფრის გაზიარება, დათმობა. შეშფოთებული ვარ, რა იქნება, როდესაც ის დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს, უნივერსიტეტში სწავლას შეუდგება, როგორ ააწყობს იქ ურთიერთობებს.
პასუხი: და-ძმას შორის ჩხუბი და კინკლაოები, ეს არ ჰგავს უცხო ადამიანებთან კონფლიქტს. უფრო პირიქით, მშბლებისა და შვილების ურთიერთობები ეხმარება ადამიანებს სხვებთან ურთიერთობების სწავლაში, გამოცდილების მიღებაში, მოლაპარაკებების წარმართვაში. იქნებ სცადოთ და განიხილოთ შვილთან ერთად, როგორ წარმოუდგენია დამოუკიდებლად, უცნობი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება. განიხილეთ მასთან ერთად, რას ფიქრობს თანატოლებთან ერთად ცხოვრებაზე. კარგი იქნება, მშობლებმა რაიმე ქმედითი დახმარება შესთავაზონ შვილს არსებული სიტუაციის განხილვისას. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება მომავალში შვილს მაინც დამოუკიდებლად მოუწევს. ეცადეთ, არ გააკრიტიკოთ მისი ამჟამინდელი საქციელი, რადგან თანდათანობით მას საერთოდ აღარ ექნება რეაქცია იმაზე, რასაც თქვენ მას ეტყვით. მშობლები უნდა ცდილობდნენ, მაქსიმალურად მოამზადონ შვილი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, თანამიმდევრულად განიხილონ მასთან ერთად უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი შესაძლო სიტუაციები. ისაუბრეთ ახალგაზრდასთან კომპრომისული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობაზე, იმაზე, რომ, როცა არ გსურს ვინმესთან ჩხუბი და გაუგებრობა, სწორედ მაშინ უნდა მიმართო, ე.წ. „ოქროს შუალედს“, შეთანხმებას. ასწავლეთ შვილს გათვალოს ინციდენტების შესაძლო შედეგები, ყურადღება გაამახვილოს მსგავს მომენტებზე და არ გამორჩეს მხედველობიდან კონფლიქტის წარმოშობის შესაძლო „გამშვები მექანიზმი“ (ტრიგერი). მთავარია, საუბრისას დარწმუნდეთ, რომ შვილი სწორად იგებს ყველაფერს, რასაც ეუბნებით.
კითხვა: ჩვენმა ვაჟმა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა და დაიქირავა ბინა ორ თანაკურსელთან ერთად, მაგრამ ისინი დიდ ოთახებში განთავსდნენ და ჩვენსას კი პატარა, ნაკლებად კომფორტული ოთახი შეხვდა, ბინის ქირას კი სამივე თანაბრად ინაწილებს. ამ ყველაფრის გამო ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვარ, როგორ მოახერხებს ჩემი ვაჟი ამ საკითხის მოგვარებას.
პასუხი: ეს მართლაც თქვენი შვილის პრობლემაა და არა თქვენი. პასუხობენ Gill Hines და Alison Baverstock მშობელს. დაეხმარეთ მას მოელაპარაკოს თავის მეგობრებს და არავითარ შემთხვევაში არ უბიძგოთ, წამოაყენოს რაიმე შეუსრულებელი მოთხოვნა. თუ თქვენი ვაჟი ვერ მოახერხებს ამ პრობლემასთან გამკლავებას, მაშინ დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ წამოიწყოთ შვილთან ოთახის შესახებ საუბრები და მით უფრო არ მოაწყოთ პროვოკაციული განხილვა მსგავსი შინაარსით: „ყოველთვის ყველაფერს შენ როგორ უნდა თმობდე?“ ან „მეგობრობა კარგია, მაგრამ შენი მოთხოვნილებების ხარჯზე?“. მსგავსი წკიპურტებით შვილს უნიათო, უხერხემლო ადამიანად აგრძნობინებთ თავს. დარწმუნებული ვართ, თქვენი, როგორც მზრუნველი მშობლის მიზანს არ წარმოადგენს შვილის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება. გარკვეული დროის შემდეგ, შეგიძლიათ ისე სასხვათაშორისოდ ჰკითხოთ: „რა ქენი? როგორ გადაჭერი ოთახის საკითხი?“. სინამდვილეში ხომ არც თუ ისე მნიშვნელოვანია რამხელაა ოთახი და მით უმეტეს, ვინ რამდენ ქირას იხდის.
თქვენ გაეცანით ბრიტანელი ავტორების Gill Hines და Alison Baverstock წიგნის: „თქვენი ზრდასრული შვილები“ მცირე ნაწყვეტს. წიგნი, მოგვითხრობს ადამიანის ასაკობრივი განვითარების ისეთ საინტერესო ეტაპზე, როგორიცაა – ზრდასრულობა. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი მრავალ სირთულესა და წინააღმდეგობას აწყდება და ამის გამო მისი მშობლებიც შეშფოთებული არიან. იმედი მაქვს, ქართველი მკითხველისათვის საინტერესო იყო საკითხის გარშემო განსხვავებული ხედვისა და გამოცდილების გაზიარება.