„ჩვენთვის უკეთესიც კი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ რასაც ჩვენ რეალობად ვიღებთ, აღმოჩნდეს სიმულაცია, რომელიც შექმნა რომელიმე სხვა რასამ ან ადამიანებმა მომავლიდან.“
ილონ მასკი
რამდენი თეორია გსმენიათ სამყაროს შესახებ? ალბათ ძალიან ბევრი, არგუმენტებიც გიძებნიათ და შეგიდარებიათ, რომელი უფრო სანდოდ გამოიყურებოდა; ევოლუციის თეორიაზეც გიფიქრიათ და აი, იმაზეც: რა იცი, იქნებ ზემოდან უცხოპლანეტელებმა ჩამოგვყარესო. ეს უკანასკნელი ალბათ ძალიან არასერიოზულად მიგვიღია: – უცხოპლანეტელები არა, ისა… ვის უნახავს უცხოპლანეტელი, სად არის მტკიცებულებები? ამიტომ ამ თეორიას შეთქმულების თეორიის ნაწილად ვაღიარებდით და გამოვტოვებდით ხოლმე ჩამონათვალში.
ბავშვობაში პირველად რომ ის თეორია გავიგე: აი, ყველაფერი რომ არის/არსებობს, მაგრამ მაინც არ არის და ილუზიაა… მგონი მთელი კვირა შეშინებულს არ დამძინებია. როგორ შეიძლება, რომ ვიყო და თანაც ვითომ არ ვარსებობ? სამყარო ილუზიააო…? ჰმ… არამც და არამც… ვეწინააღმდეგებოდი, როგორც შემეძლო… ისე მინდოდა, რომ ვყოფილიყავი და ყველაფერი არსებულიც ნამდვილი ყოფილიყო.
მერე, უფრო გვიან, იმაზე დავიწყე ფიქრი, რა არის სინამდვილეში სინამდვილე? ან სინამდვილეში ილუზია? იქნებ ეს ყველაფერი პირიქითაა? ავივსე ქაოსით და სინამდვილეში, ვერაფერი გავარკვიე… რომელ სინამდვილეში? – ეგეც ვერ… მივხვდი, რომ რაღაც ისეთის გაგებას ვეჭიდებოდი, რაც ადამიანური აღქმის პარამეტრებში ვერ ჯდებოდა და მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, გარდა ლოგიკურ-ანალიტიკურისა, კიდევ როგორ შეეძლო ადამიანს ინფორმაცია მიეღო სამყაროდან? მოკლედ, ძალიან შორს/ღრმად წავედი… აი, სადღაც მისტიკის ზღვარზე, სადაც მეცნიერება სრულდებოდა. ამიტომ ისევ უკან დავბრუნდი…. ჰოდა, საბოლოოდ, ჩემს თავს შევუთანხმდი: რაკი სინამდვილეში, არავინ არ იცის, რა არის სინამდვილე, სამყაროს შესახებ ნებისმიერ თეორიას განვიხილავ როგორც ფაზლის ერთ ნაწილს ან სულაც – მეტაფორას.
ამ ახალ თეორიასაც სწორედ ასე შევხედე, თუმცა მეცნიერებში დღემდე მიმდინარეობს ამაზე დებატები: არის თუ არა სამყარო სიმულაცია, ან თუნდაც კომპიუტერული თამაშის სუპერ-ვერსია, რომელიც რომელიღაც განვითარებულ პლანეტაზე მოწყენილმა სტუდენტმა დაწერა?
ის აზრი, რომ სამყარო ილუზიაა ან ხელოვნურია, ახალიც არ არის. გაიხსენეთ ჯერ კიდევ პლატონის „გამოქვაბულის მითი“: ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, სულაც არ არის რეალობა, არამედ ჩრდილების თამაშია კედელზე.
სინამდვილის გაურკვევლობის ამბავში კი აგერ სიმულაციის თეორიის მამა NICK BOSTROM-იც მეთანხმება:
„რეალობა – ეს არის ის, რაც არავისთვის არ არის ცნობილი. თუმცა ფილოსოფოსები, რომლებიც ცნობიერებას სწავლობენ, ჩვეულებრივად უშვებენ, ცნობიერების „დამოუკიდებლობას სუბსტრატისგან“. სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება შეიძლება ბევრ რამეზე იყოს დამოკიდებული: ცოდნაზე, ინტელექტზე, ფსიქიკურ ორგანიზაციაზე, ლოგიკური სტრუქტურების ცალკეულ დეტალებზე და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი პირობა, რომელიც ცნობიერებისთვის აუცილებელი არ არის, ეს არის ბიოლოგიური ქსოვილი. არ არის აუცილებელი, რომ ის ეფუძნებოდეს ბიოლოგიური ნერვული ქსელის ნახშირბადს. იგივე ეფექტი შეგვიძლია მივიღოთ კომპიუტერში ჩაშენებულ სილიციუმის პროცესორებიდან.“[1]
აქედან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ნიკ ბოსტრომი აღნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძლება ჰქონდეს ცნობიერება, რადგან ისინი მხოლოდ თანამედროვე დაბალი შესაძლებლობის კომპიუტერებს იცნობენო, მაგრამ მომავალში ისეთ სრულყოფას განიცდის ტექნოლოგიები, რომ კომპიუტერები გახდებიან მეტად გონიერები და ცნობიერებიო.
ჩვენ ალბათ ვერც წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს და რას ნიშნავს საერთოდ „ცნობიერი კომპიუტერი“, როცა ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვით, რომ ის ცნობიერია.
აი, ტექნოლოგიების ასეთ გიგანტურ შესაძლებლობებს ეფუძნება სამყაროს სიმულაციის თეორია. თუ როგორმე წარმოვიდგენთ, რომ სამყაროში (არა დედამიწაზე) არსებობენ ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული რასები, რატომ არ შეიძლება, რომ მათ განვითარების ისეთი დონე ჰქონდეთ, რომ მატერიალურ დონეზე ქმნიდნენ ცხოვრების სიმულატორს, ისეთ, როგორიც დედამიწაა. ჩვენც ხომ გვაქვს კომპიუტერული თამაში – ცხოვრების სიმულატორი – The Sims. სადაც შეგიძლია რამდენიმე სიმი შექმნა; მართო და აკონტროლო მათი ცხოვრება. და იქნებ ჩვენ ვართ „თამაშში თამაში“, „ცხოვრებაში ცხოვრება“? და ხომ შეიძლება ჩვენმა შექმნილმა პერსონაჟებმა მერე თავისი თამაში შექმნან და ახლა მათ ჰქონდეთ გავლენა თავის შექმნილ პერსონაჟებზე? და ასე, ფრაქტალურად და უსასრულოდ. იქნებ ღმერთი მართლა პროგრამისტია?
და ჩვენ რამდენჯერ გვითქვამს, რომ „დიდი ძმა გვიყურებს“, რომ „გვაკონტროლებენ“, „გვითვალთვალებენ“ და ის ვინც ამას აკეთებს, იქნებ სულაც არ არის ხელისუფლება და მთავრობა? იქნებ სწორედ მათ მართავენ და აკონტროლებენ და გვთავაზობენ „თავის წესებს“… ან იქნებ მართლა „მატრიცაში“ ვართ?
მოკლედ, ძალიან შორს შეიძლება წავიდეს ფანტაზია, თუმცა, როგორც გითხარით, მსგავსი თეორიები საინტერესოა, როგორც მეტაფორები ან როგორც ფაზლის ნაწილი და არა ერთადერთი და ჭეშმარიტი რეალობა; თუ ღრმად გავიაზრებთ, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ ასეთი ხედვაც არ არის საფუძველს მოკლებული. ხელოვნური ინტელექტი ხომ სულ უფრო მეტად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. გაიხსენეთ, ფეისბუკზე რეკლამები. არა მხოლოდ გუგლში დაძებნილ ნივთებს გვთავაზობს ალგორითმი, არამედ გადახდის ბარათებთან მიბმული მონაცემთა დამუშავებით „ზეპირად“ იცის: რას ვყიდულობთ, რას მივირთმევთ, რა გვჭირდება. უფრო შორსაც მიდის და უფრო მეტი ადამიანი წერს იმის შესახებ, რომ სახლში ნათქვამი ნივთის საჭიროებას წამში პასუხობს ფეისბუკზე რეკლამის ამოყრით… და კიდევ უფრო შორს: ხმაც რომ არ ამოგიღია, უბრალოდ რომ გაიფიქრე, რომ რაღაც გჭირდება და მოულოდნელად „ხსნის გზას“ იუთუბზე ან ფეისბუკზე, ან სხვა სოციალურ ქსელში, რეკლამა გთავაზობს. თავადაც მქონია მსგავსი გამოცდილება და ბოლოს ის გავარკვიე, რომ მალე კომპიუტერი (თუ უკვე არ…) ჩვენი ტვინის მდგომარეობასაც შეისწავლის და ფიქრებსაც „გადათარგმნის“ აი, ეს კომპიუტერი, რომელთანაც ახლა ვზივარ და კლავიატურაზე ვაწკაპუნებ. რა ვიცი, იქნებ ამ სტატიის წერაც მისი შთაგონებაა?
ერთი სიტყვით, საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, როცა ტექნოლოგიები მისტიკისგან შორს აღარ არის.
„ილონ მასკის მიხედვით: ჩვენ სიმულაციურ სამყაროში ვარსებობთ და გიგანტური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ვიმართებით. სწორედ ისე, როგორც ეს ვიდეო თამაშებშია. ჩვენი გონებაც კი სიმულაციის მეშვეობით იმართება.
ამ თეორიის მიხედვით, The Matrix არის ერთადერთი რამ, რასაც ვერ გავექცევით, რადგან ამ სამყაროში “ვცხოვრობთ” და მისი განუყოფელი ნაწილი ვართ.
რატომ უნდა ვირწმუნოთ ეს თეორია? არგუმენტი მარტივია: ჩვენ უკვე მივიღეთ სიმულაცია და უკეთესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნელ-ნელა გაუმჯობესებული ცხოვრება გვექნება.
მაგალითისთვის, თუ კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით, ცხოველთა და მცენარეთა ქცევისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მართვა შეგვიძლია, უფრო ძლიერი ზეგავლენის მეშვეობით, ადამიანთა ქცევის მართვასაც შევძლებთ.“[2]
ჰოო… არ ვიცი, მასკის პერსპექტივა სადამდე მიგვიყვანს საბოლოოდ: მარსზე თუ იმას იქით?
ახლა კი საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ: კოვიდსიტუაციის გამო ჩვენ თითქმის ვირტუალურები გავხდით. ლინგვისტიკაში როცა პირველად „ენობრივი ადამიანის“ ცნებაზე დავფიქრდი, ვცდილობდი მკაფიოდ დამენახა, რა განსხვავება იყო თავად ადამიანსა და ენობრივ ადამიანს შორის, ანუ ადამიანი თავისთავად და ის, რომელსაც ადამიანი ენობრივად, ენის მეშვეობით წარმოადგენდა; ვფიქრობდი, რომ ეს ორი არსება ერთმანეთს მნიშვნელოვნად დაშორებული იყო, რადგან სიტყვა, რომელიც მას გამოხატავდა, მეტწილად სიყალბეზე ან შაბლონზე დაფუძნებული მეტყველება იყო. ახლა კი წარმოიდგინეთ ადამიანის რასის ახალი შტამი: ვირტუალური/ციფრული ადამიანი. პირველად, როცა აუდიტორიის ნაცვლად კომპიუტერში შავ ეკრანთან მქონდა ლექცია, რომელზეც სტუდენტები ავატარებით იყვნენ, ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი; ვთქვი, რომ ეს ის არ არის, მაგრამ რაკი სხვა გზა არ არის, ასე უნდა გავაკეთოთ. ანუ ცხოვრებამ დაგვიდგინა რაღაც ახალი წესი, ჩაგვაგდო ახალ მოცემულობაში, სადაც ციფრულობის გარდა სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა. თანამედროვე ადამიანი მეტწილად უკვე ვირტუალურია და უფრო და უფრო ვითარდება ამ მიმართულებით; ვემსგავსებით ფილმის, „სუროგატების“, პერსონაჟებს: სახლში, ტახტზე წამოწოლილები რომ მართავენ თავის ავატარებს. ან უნდა გადავაგდოთ კომპიუტერები და ტყეში წავიდეთ მაშინ საცხოვრებლად, ან – უნდა მივყვეთ ტექნოლოგიებს და ჩვენი, კაცმა არ იცის, როგორი ნამდვილი არსებობა, ჩავანაცვლოთ ვირტუალური არსებობით…
არავინ იცის, საით მიდის სამყარო, მაგრამ ის ვიცით, საით მივდივართ ჩვენ?
ღირს, მასწავლებლებო, ამაზე დაფიქრდეთ და აფიქროთ თქვენი მოსწავლეებიც!
[1] NICK BOSTROM, ARE YOU LIVING IN A COMPUTER SIMULATION?
https://www.simulation-argument.com/simulation.pdf
[2] https://www.allnews.ge/saintereso/150177-aris-tu-ara-samqaro-romelshic-vcxovrobt-simulacia/