სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

არცოდნა არცოდვაა?

საოცარი არსებაა ადამიანი – ფიქრის, სევდის, დარდის, იმედებისა და ტკივილის აღუვსებელი საწყაული. გაჩენის დღიდან შეიმეცნებს სამყაროს, რათა ყოველდღიური სარჩო უფრო ადვილად მოიპოვოს და საღამოს, დაღლილ-დაქანცულმა, თბილ კედლებში რბილ სასთუმალზე მიდოს თავი. მისი ეს მისწრაფება წარმოშობს „წინსწრაფვის” მოთხოვნილებას. ისიც დაუზარლად ცვლის ქვის იარაღს ტრანსპლანეტარული ხომალდებით, შეშის კოცონს – ატომური რეაქტორებით, ნახშირსა და ბატის ფრთას – ულტრათანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით… იერსახესაც იცვლის – დიდი ხანია, ქარს გაატანა „ლეღვის ფოთოლი” და „ცხვრის ტყავი”, თავად შექმნა მათი ანალოგი, ფერად-ფერადი, ნაირ-ნაირი…

მის ამბიციას და გაქანებას საზღვარი არ აქვს, თუმცა ისიც იცის, რომ მოუთოკავმა სწრაფვამ შესაძლოა დაღუპოს. ეს ჯერ კიდევ უბელო ბედაურის გაჭენებისას იგემა… ბაბილონის გოდლის ამბავიც გაუგონია…

ამიტომ ტექნოლოგიებთან ერთად მოიგონა კანონები, ქცევის წესები, ეთიკა, მორალი, ღმერთები… და ნამუსის მოსაწმენდი, თავის მოსატყუებელი, სირცხვილის წითელი ალმურის გასაფერმკრთალებელი ფრაზა: „არცოდნა არცოდვაა”.

ქიმიკოსებსაც გვაქვს ჩვენი „კოდექსი”, ჩვენი „ათი მცნება”, რომელთა ცოდნა აუცილებელია:

1. ფუნდამენტური ქიმიური კანონები;

2. ქიმიური ნაერთების ნომენკლატურა;

3. ნაერთების კლასიფიკაცია;

4. ძირითადი კლასის ნაერთების ქიმიური თვისებები;

5. ძირითადი კლასის ნაერთების მიღების რეაქციები;

6. ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები;

7. ხსნარების მომზადება;

8. ნივთიერებათა გამოყოფისა და გასუფთავების მეთოდები;

9. მარტივი ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარება;

10. ქიმიის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება.
ქართული ფოლკლორი მდიდარია შედევრებით. ერთ-ერთ ხალხურ ლექსში, რომლის მთქმელად ახალგაზრდა კაცია მიჩნეული, ვკითხულობთ:

„…არცოდნით რაიმე ცოდვას თუ ჩავიდენ,
ჩემს ასაკს არცოდნა არ ეპატიება…”

მე ვეთანხმები. თქვენ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“