ჩვენ, მასწავლებლები და ჩვენ, მშობლები ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, როგორი უნდა იყოს სკოლა, გაკვეთილი, სახელმძღვანელო, დავალება, შიგადაშიგ ექსპერტებიც ერთვებიან და გამოთქვამენ მოსაზრებებს. ყველაზე მთავარი კი გვავიწყდება – ვკითხოთ აზრი, ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, მას, ვისთვისაც იქმნება ეს ყველაფერი. რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ მოსწავლეებს, როგორია მათთვის იდეალური სკოლა? რა თქმა უნდა, ჩემს 13 წლის შვილს, თეკლას მივადექი. თეკლას ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება აქვს, ხან კრიტიკული, ხან ზედმეტად პრინციპული, ხისტი, ვიღაცისთვის მიუღებელიც კი. თუმცა, ეს მისი აზრია, 13 წლის მოზარდი გოგონასი, რომელიც მერვე კლასელია და ხშირად ბრაზობს, ხშირად კი აღფრთოვანებულიცაა. თითოეულ პუნქტში მხოლოდ თეკლას მოსაზრებებია, მე უბრალოდ ვიწერდი. რაღაცებში ვეთანხმებოდი, რაღაცებს ვაპროტესტებდი, თუმცა ის არგუმენტირებულად მიხსნიდა და მგონი, მარწმუნებდა კიდეც.
იდეალური მასწავლებელი
მოდი, დავიწყოთ, როგორი არ უნდა იყოს. არ უნდა ყვიროდეს, თუ მოსწავლეს რაიმე შეეშლება, მაშინვე არ უნდა მისცეს შენიშვნები. მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ ახსნა გაკვეთილი, თუ მოსწავლემ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას. არ უნდა მეშინოდეს კითხვების დასმის, კომფორტული გარემო უნდა შექმნას კლასში. უნდა შეეძლოს ბავშვების ხუმრობების, ცელქობის ატანა – ამისთვის მას მყარი ნერვები უნდა ჰქონდეს, ადვილად არ უნდა გამოდიოდეს წყობიდან. იუმორის გრძნობა თუ ექნება, ძალიან კარგია, ბავშვებს აჰყვეს ხუმრობებში, მათთან ურთიერთობა უნდა სიამოვნებდეს. თუ შეკითხვა დავუსვი, რომელიც არ არის კავშირში მის საგანთან, შესაძლოა პასუხი არ ჰქონდეს, ვერ გვიპასუხოს, მაგრამ პასუხის პოვნაში უნდა დაგვეხმაროს. გარდა ამისა, მოსწავლე უნდა ენდობოდეს, მეგობარი უნდა იყოს, თუ ბავშვი რაღაცას ეტყვის და სთხოვს, რომ მშობელს არ უთხრას, არ უნდა უთხრას და საიდუმლო შეინახოს; თუ მოსწავლე გაუმხელს საკუთარ პრობლემებს, უნდა მოუსმინოს და ასწავლოს პრობლემების მოგვარების გზები. ცხოვრებაზე, სამსახურებზე, თავის დაცვაზე უნდა ესაუბროს, როგორ ამოიცნოს მოძალადე, მსხვერპლი. როდესაც კლასში ბულინგის შემთხვევაა, ამ დროს მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ დალაპარაკება მჩაგვრელთან და მსხვერპლთან არ შველის. თუ მსხვერპლს ეუბნები, რომ უბრალოდ მოძალადეს კარგად მოეპყროს და აჩვენოს როგორი კეთილია, ასე არ გამოვა, რადგან მოძალადე გამოიყენებს ამ სიკეთეს და მანიპულატორად იქცევა. მასწავლებელმა უნდა მიმართოს ორივე მხარის მშობლებს, თუ შედეგი არ დადგა – შემდეგ დირექტორს, ამის შემდეგ კი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას, პოლიციას. მასწავლებელმა ჩაგვრის არცერთი შემთხვევა არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ, თუნდაც სულ უმნიშვნელოდ მოეჩვენოს. საბოლოოდ კი, იდეალური მასწავლებელი მოსწავლის მეორე მშობელი ხდება.
იდეალური გაკვეთილი
გაკვეთილი მხოლოდ მოსმენა არ არის, თუმცა მოსწავლის ძალით გააქტიურება არ არის კარგი. იქნებ იდეა არ მაქვს და რატომ უნდა დამაძალოს. უნდა მომინდეს აქტიურობა, საკუთარი იდეების გაჟღერების არ უნდა მეშინოდეს. საინტერესო აპლიკაციები, საიტები, რესურსები უნდა გვირჩიოს მასწავლებელმა. ოღონდ ესეც იძულებით არა, უნდა დაგვაინტერესონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მხოლოდ სახელმძღვანელოები არ გამოიყენონ გაკვეთილზე, იქ მოცემული ინფორმაცია განავრცონ, დაუმატონ საინტერესო ფაქტები, ისტორიები, ამბები. მხოლოდ თეორიით არ უნდა შემოიფარგლოს მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე, ექსპერიმენტები, მაგალითად, ბიოლოგიაში ბანანიდან დნმ-ის ამოღება და სხვა. სხვადასხვა საგნების გაერთიანებით დაგეგმილი გაკვეთილებიც საინტერესო იქნებოდა.
იდეალური დავალება
დავალება არ უნდა იყოს ერთფეროვანი, მოსაბეზრებელი, კარგია თუ იქნება სახალისო, საინტერესო. უნდა მოგინდეს რომ შეასრულო. არ არის აუცილებელი ყოველდღე გვქონდეს დავალებები. მნიშვნელოვანია, ბავშვებს პირადი დრო ჰქონდეთ, რაშიც უნდათ, იმაში რომ გამოიყენონ. მაგალითად კარგი იქნება, თუ კი ისეთ საკითხზე მოგვცემენ სამუშაოს, რაც გვაინტერესებს. მაგალითად, ბიოლოგიაში სიამოვნებით შევასრულებდი დავალებას, თუ მეტყოდნენ, რომ იმაზე მომემზადებინა პრეზენტაცია, მომეძიებინა ინფორმაცია, რომელმა საკითხმაც დამაინტერესა. რაოდენობაც გასათვალისწინებელია, ბევრი ერთფეროვანი, რუტინული სავარჯიშოების შესრულება დაღლას, გულის აცრუებას და უმოტივაციობას იწვევს. მაგალითად, ქართულში, თუ კი მივხვდი, ჩავწვდი, რის დაწერასაც მთხოვს მასწავლებელი, თუ გავუგე დავალებას, მაშინ საინტერესო და სახალისო ხდება პროცესი. კარგი იქნება უფრო მეტი თავისუფალი წერა, თავისუფალი ესეები – ქართულშიც და ინგლისურშიც.
იდეალური სკოლა
ჩემთვის იდეალურია სკოლა, რომელიც პირად თავისუფლებას არ ზღუდავს. არ მომწონს სკოლა, სადაც ჩაცმის სტილს გიკონტროლებენ, რომ მიგითითებენ, აი მოკლე არ ჩაიცვა, აი მხრები არ გამოაჩინო, მხოლოდ გოგონებს რომ უკრძალავენ, ბიჭებს კი საერთოდ არანაირი აკრძალვა რომ არ აქვთ. ფორმები მისაღებია, ოღონდ გააჩნია – არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლებას და ბავშვებს უნდა მოსწონდეს ასეთი ტანსაცმელი.
პრობლემურია დასვენებების საკითხიც, 40-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ 5-წუთიანი დასვენება არასაკმარისია, ამ დროში შეუძლებელია რაიმეს მოსწრება.
კარგი იქნება, თუ კვება სკოლებში უფასო იქნება, ან რასაც ყიდიან ის იყოს ნორმალური, გემრიელი, ჭამა შეიძლებოდეს. იქნებ არ შემიძლია ყოველდღე სახლიდან ვატარო?
კარგი სკოლა, უნდა ზრუნავდეს, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი ცოდნა, ინფორმაცია, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ გამოადგებათ. მაგალითად, მოიწვიონ სპეციალისტები და ბავშვებს გაესაუბრონ სექსუალურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე (სამომავლოდ შეცდომები რომ არ დაუშვან), პირად ჰიგიენაზე, პრაქტიკულ ჩვევებზე – ბანკთან, პოლიციასთან, სასწრაფოსთან ურთიერთობა, მავნე ჩვევებზე და სხვა.
სკოლა უნდა ზრუნავდეს, მოსწავლეებს შეუქმნას საინტერესო, საგანმანათლებლო, სახალისო გარემო. დაგეგმოს ღონისძიებები, მაგალითად: ფესტივალები, კარნავალები, საღამოები.
ექსკურსია არის ძალიან პრობლემური, ხუთჯერ ერთსა და იმავე ადგილას ვიზიტი არ არის საინტერესო. კი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის ეკლესიები და მუზეუმები მოსაბეზრებელია. უფრო მეტად კრეატიული მიდგომა არ იქნებოდა ცუდი. სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც აქვთ უძველესი, კულტურული კერები, რატომ არ შეიძლება მათი მონახულება?
სპორტს უნდა მიაქციოს სკოლამ ყურადღება, ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია უნდა გაუკეთოს. ისეც მომხდარა, რომ სპორტის მასწავლებელს მხოლოდ ბიჭები ჩაურთია აქტივობებში, გოგონები კი ასე, უსაქმოდ ვისხედით. თუმცა მყავდა ჩოგბურთის მასწავლებელი, ვფიქრობ, რომ იდეალური იყო. ცდილობდა ყველა ბავშვი ჩაერთო გაკვეთილში, ძალიან სახალისო რამეებს იგონებდა, მან შემაყვარა ჩოგბურთი, თან პირადად მესაუბრებოდა. სპორტს ასეთი მასწავლებელი ძალიან უხდება.
იდეალური სახელმძღვანელო
ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი – გასაგები, ადამიანური სიტყვებით უნდა ეწეროს გაკვეთილი. შედარებებიც რომ ჩვენი ასაკისთვის გასაგები იყოს, მაგალითად, საიდან უნდა ვიცოდე, როგორ იწვება რკინა? ერთ შედარებას მოვიყვან, ქიმიის სკოლის წიგნი ჩემთვის არის საშინელი. გაკვეთილის სწავლას რომ ვიწყებ, ტირილი მინდება. არ მესმის, სკოლისთვის ყველაზე საშინელი სახელმძღვანელოებს რატომ არჩევენ? ხომ შეიძლება ისეთი ტექსტები შეარჩიონ, რომლებიც ჩვენს ასაკს შეესაბამება. ქართულის წიგნში „რომეო და ჯულიეტას“ მხოლოდ ნაწყვეტი შეიტანეს, რაც მსოფლიო კლასიკაა, თუმცა შეიტანეს „ეშმაკის ქვა“ – რომელმაც შემძრა, არაკომფორტულად მაგრძნობინა თავი. არ მინდა, წავიკითხო იმის შესახებ, როგორ გაგიჟდა და მერე მოკვდა ახალგაზრდა გოგო და ამაზე მერე ვიმსჯელო და ესეი დავწერო. ახლა ვკითხულობ ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნს: „ქიმია ყველასთვის“, რატომ არ შეიძლება ასეთი იყოს სკოლის სახელმძღვანელო? არ არის აუცილებელი, მასწავლებელი მხოლოდ სახელმძღვანელოს მიჰყვეს, არსებობს ინტერნეტი, სხვა უამრავი რესურსი, მხოლოდ სახელმძღვანელოთი სწავლება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.
კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ამ ყველაფერს ერთ წერილში ვერ ჩავტევ. ვფიქრობ, რომ თეკლამ, შესაძლოა ასაკისთვის დამახასიათებელი გაზვიადებით, თუმცა აქცენტები სწორად დასვა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, ჩვენ ხომ მათთვის ვქმნით და ვფიქრობთ.