ჩემს მეგობარ დათო გორგილაძეს ხომ იცნობთ? მე და დათო ერთსა და იმავე დღეს დაბადებული ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი ვართ: მე ქერა ვარ, ის – შავგვრემანი; მე ლექსებს ვწერ, ის – მოთხრობებს; მე მომწონს მისი ნაწერები და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ დათო მაინც უკმაყოფილოა, მას კი (თუ მეხსიერება არ მღალატობს) არასოდეს არაფერი უთქვამს ჩემი ნაწერების შესახებ, მაგრამ ხანდახან მეც შემიძლია, უპრეტენზიო ვიყო.
ამ პოსტის წერა იმისთვის არ დამიწყია, რომ მოგიყვეთ, რა არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს (თუმცა თითოეული მათგანი მეამაყება) – ნელ-ნელა მთავარ სათქმელთანაც მივდივარ: როცა საქმე საყვარელ წიგნებს ეხება, მე და დათო სრულიად საპირისპირო პოლუსებიდან ვუყურებთ სამყაროს. მე სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის მიდევს მილორად პავიჩის „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში”, დათოს კი უკვირს, როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს პავიჩი ყველაზე მეტად, როცა ჭეშმარიტი მწერლობა სამხრეთ ამერიკაშია.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტას ვიცნობ, ვინც პავიჩს საყვარელ მწერლებს შორის იხსენიებს, ამიტომ გადავწყვიტე, დღეს მასზე მოგიყვეთ, მოგიყვეთ ჩემი სიზმრებისა და სავსე მთვარეების მწერალზე, რომლის სიტყვებიც ზაფხულის გრილ ღამეებს ატმის სურნელით და ძველი ქალაქების ბედნიერებანარევი სევდით ავსებს. უფრო სწორად, მის ერთ-ერთ წიგნზე მოგიყვეთ, რომელსაც „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” ჰქვია და თავიდანვე გითხრათ, რომ ტაროს კარტებით აგებული ეს ამბავი პავიჩის მოყვარულებსაც კი არ მიაჩნიათ მის საუკეთესო ნაწარმოებად. აი, მე სხვაგვარად ვფიქრობ – „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში”, უბრალოდ, ჯადოსნური წიგნია.
„…მიხვდა, რომ ადამიანის სულს აქვს თავისი აღმოსავლეთი, თავისი დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. და მისთვის საიდანღაც ცნობილი იყო, რომ ამჟამად თავისი სულის ჩრდილოეთში იმყოფება”. გიფიქრიათ, სად არის თქვენი სული მაშინ, როცა მარტო ხართ და ხის ტოტზე თავდაყირა ჩამოკიდებული მშველელს ელოდებით? გიგრძნიათ, როგორ მოგზაურობთ თქვენივე ცხოვრების ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მაშინ, როცა ბედნიერი ხართ? ალბათ კი, უბრალოდ, სახელი არ დაგირქმევიათ თქვენი მოქმედებისა და მდგომარეობისთვის. ხშირად ხდება ასე – რაღაცებისთვის სახელის დარქმევას თავს ვარიდებთ ადამიანები, პავიჩი კი ის მწერალია, რომელიც ზღაპრულ ლაბირინთებში რეალობის აღმოსაჩენად, საკუთარ თვალებში ჩასახედავად გატარებს.
„უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” სიძულვილისა და სიყვარულის, ერთგულებისა და დავიწყების, ბედნიერებისა და შურისძიების, საბედისწერო შეხვედრებისა და ღალატის ჩახლართულ ამბავს გვიყვება, გვიყვება ზემუნსა და კონსტანტინოპოლზე, გვიყვება მდინარე დუნაიზეც, რომელიც დროდადრო სუნს იცვლის და ნაპირზე ჩრდილებს რიყავს. გვიყვება ქალზე როგორც „გამარჯვებულის ცოლზე”, როგორც „გამარჯვებულის ქალიშვილზე” და, რაც მთავარია, როგორც „მესამე ფეხსაცმელზე”, ანუ განსაკუთრებულ არსებაზე, რომელიც ყოფის კანონზომიერებას არ ემორჩილება. გვიყვება მამაკაცზე როგორც მებრძოლზე, როგორც მამაზე, როგორც საყვარელზე. გვიყვება ომზე, რომელიც თაობების ცხოვრებას ცვლის, რომელიც ზოგჯერ სიყვარულის შეცვლასაც ცდილობს, მაგრამ ამაოდ.
„ – მერე არ იცი, რომ მამაშენი მამაჩემმა მოკლა ჯერ კიდევ გასულ ომში, გასულ საუკუნეში?
_ ეს შენი დანაშაული არ არის”.
არც ისე რთულია, იგრძნო – პავიჩი ყველა ომგამოვლილი თაობის სატკივარზე წერს. ვისაც არ გამოუცდია, ალბათ ვერ გაიგებს, ჩვენ კი, წესით, უნდა გავიგოთ. ისიც უნდა გავიგოთ, რომ „ეს შენი დანაშაული არ არის” ის სიტყვებია, ასე ძალიან რომ გვაკლია და გვჭირდება.
ყველაფერს ნუ მომაყოლებთ. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად წაიკითხეთ და თუ მოგინდებათ, თქვენი აზრიც მითხარით. დიდად არ მიყვარს ლიტერატურის განხილვა, ყოველ შემთხვევაში, იმაზე გაცილებით ნაკლებად მიყვარს, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ სიზმრებსა და ოთახს შორის მფრინავ, ყელზე ფეხსაცმელჩამოკიდებულ ერისენა ტენეცკაიაზე სალაპარაკოდ მუდამ მზადა ვარ.
ჰო, ჩემი მეგობარი დათო გორგილაძით დავიწყე – დათოს პავიჩი არ უყვარს. უკვე ვხედავ, როგორ კითხულობს ჩემს პოსტს და ცალი თვალი თავისი თაროსკენ უჭირავს: „მარკესი, ბორხესი, კორტასარი, კასტანედა, ლიოსა…” ისინი ნამდვილად ბევრნი არიან, ბევრნი და მართლა გენიალურები, მე კი მგონია, რომ საკმარისია, წიგნი თუნდაც ერთ ადამიანს დაეხმაროს საკუთარი თავის პოვნაში, ამიტომ პავიჩის „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” მაგიდაზე ისე მიდევს, როგორც უძვირფასესი, ექსკლუზიური საკუთრება. რაც შეეხება დათოს, დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ძალიან ცნობილი მწერალია და მეც მის წიგნს ამაყად მოვათავსებ პავიჩის გვერდით. იქნებ როგორმე შევაგუო ერთმანეთს, უფრო სწორად, დათო შევაგუო მილორადს, თორემ, დარწმუნებული ვარ, პავიჩს არაფერი ექნებოდა მისი საწინააღმდეგო.