შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვის სკოლისათვის მზაობის დიაგნოსტირება  ექსპრეს-სადიაგნოსტიკო მეთოდიკით

ვფიქრობ, კამათს არ უნდა იწვევდეს საკითხი იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სკოლისათვის მზაობის დონის დადგენა; იმის გარკვევა, არის თუ არა მზად სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვი სწავლის დასაწყებად.

 

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია ესაჭიროება როგორც პედაგოგს, ასევე მშობელსაც. ის მათ დაეხმარება მომავალში ბავშვის განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვაში, სკოლასთან ადაპტაციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლასა და იმ პრობლემების თავიდან აცილებაში, რომლებიც ძალიან ხშირად სწორედ ბავშვის სკოლისათვის არასათანადო მზაობას უკავშირდება.

 

მართალია, ფსიქოლოგიას მოეპოვება უამრავი ტესტი, მეთოდიკა, რომელთა დახმარებითაც შეიძლება იმის დადგენა, რამდენად არის ბავშვი მომზადებული სკოლაში სწავლის დასაწყებად, თუმცა, სამწუხაროდ, მშობლებისა და პედაგოგების დიდი ნაწილი მოკლებულია კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების მიღების  შესაძლებლობას აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, სურვილი მაქვს, შემოგთავაზოთ ბავშვის სკოლისათვის მზაობის ექსპრეს-სადიაგნოსტიკო მეთოდიკა (იხილეთ დანართი). აღნიშნული მეთოდიკის საშუალებით, როგორც ფსიქოლოგი, ასევე პედაგოგი და მშობელი შეძლებს, მიიღოს საყურადღებო ინფორმაცია ბავშვის სკოლისათვის მზაობის შესახებ. მნიშვნელოვანია  ის ფაქტი, რომ ეს მეთოდიკა მცირე დროში საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს, მოიცავს ბავშვისათვის საინტერესო დავალებებს, რაც ამცირებს სამუშაოსგან მისი მოწყვეტის ალბათობას.

 

გავითვალისწინოთ,  რომ  ბავშვთან  აღნიშნული მეთოდიკით მუშაობის დროს მოგვიწევს რამდენიმე აუცილებელი პირობის დაცვა:

 

  • თუ ბავშვი დაღლილია ან რაიმე მიზეზის გამო უარს გვეუბნება დავალებების შესრულებაზე, ნუ დავაძალებთ და შეხვედრა სხვა დროისთვის გადავდოთ;
  • მუშაობის დროს ბავშვთან ჩვენს ურთიერთობას ნუ მივცემთ დაკითხვის სახეს, ნუ ვუსაყვედურებთ, თუ ბავშვი პასუხის გაცემას ვერ ახერხებს, ან რომელიმე დავალებას ვერ ასრულებს. მეტად გამოვიყენოთ თამაშის ელემენტები;
  • ზედმეტად ნუ ჩავერევით ბავშვის პასუხებში. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევთავაზოთ დახმარება, თუ ვხვდებით, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინსტრუქცია მისთვის გაუგებარია ან რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის;
  • მართალია, დავალებების მიწოდებისას თანმიმდევრულობა უნდა დავიცვათ, მაგრამ თუ ვგრძნობთ, რომ  პირველი დავალების შესრულების დროს  ბავშვი თავს არიდებს, ან ვერ ახერხებს ჩვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას, გადავიდეთ მეორე დავალებაზე, რომელშიც ნახატებია გამოყენებული და პატარაში ბუნებრივია უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. თუმცა, აუცილებელია, რომ ნებისმიერი გადახვევა დავალებიდან, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის განპირობებული, დავაფიქსიროთ და საბოლოო შეფასების დროს გავითვალისწინოთ;
  • ნუ გვექნება წინასწარ იმის მოლოდინი, რომ ბავშვმა ყველა დავალება აუცილებლად უშეცდომოდ და სრულყოფილად უნდა შეასრულოს, ასეთი მოლოდინი შეიძლება სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს ჩვენთვის ბავშვთან ურთიერთობის პროცესში.

 

წარმოდგენილი მეთოდიკა საშუალებას იძლევა, მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია ზოგადი უნარ-ჩვევების, ცალკეული ფსიქიკური პროცესების განვითარების, მათემატიკური აზროვნების, კოპირების უნარის, ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების დონის შესახებ; იმ ყველაფრის შესახებ, რაც ბავშვის სკოლისათვის მზაობის საკითხზე საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის. მართალია, მეტყველება, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, წარმოდგენილ მეთოდიკაში ცალკე კვლევის ობიექტად არ არის გამოყოფილი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა ის დავალება, რომლის შესრულებაც უწევს ბავშვს აღნიშნული მეთოდიკით მუშაობისას, მეტყველებით ურთიერთობას საჭიროებს, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, როგორი ლექსიკური მარაგი აქვს პატარას, როგორ აგებს წინადადებას, როგორ გადმოსცემს სათქმელს. იგივე შეიძლება ითქვას აზროვნების შესახებაც – პირველ დავალებაში მოცემულ ცალკეულ შეკითხვაზე მიღებული პასუხები ბავშვის აზროვნებაზე მსჯელობის კარგ საშუალებას მოგვცემს. აღნიშნული მეთოდიკით მუშაობის პროცესში ჩვენ საშუალება გვაქვს, დაკვირვება ვაწარმოოთ ასევე იმაზე, როგორ ახერხებს ბავშვი ადამიანის მოსმენას, ინსტრუქციებისა და მითითებების გაგებასა და ამ ინსტრუქციებით მოქმედებას. მოსმენისა და ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გარეშე ბავშვს სერიოზული პრობლემები ექმნება სასწავლო პროცესში. რაც შეეხება კოპირების უნარს, ის გარკვეულ კავშირშია ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებასთან. ამიტომ ბავშვს, რომელსაც ხელის წვრილი მოტორიკა არასათანადოდ აქვს განვითარებული, ნამდვილად გაუჭირდება კოპირების უნარის სადიაგნოსტიკოდ მომზადებული დავალების სრულფასოვნად შესრულება. თავის მხრივ, კოპირების უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წერა-კითხვის სწავლების პროცესში. ყველა დავალების შესრულებისა და მუშაობის დამთავრების შემდეგ შეგვიძლია შევავსოთ დანართში წარმოდგენილი შეფასების ფურცელი. შეფასება ხორციელდება ცალკეული კომპონენტების მიხედვით. შეფასებისას გამოყენებულია სამი დონე – მაღალი, საშუალო და დაბალი. თუ ბავშვი ინსტრუქციის მიწოდების შემდეგ დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას, აღნიშნული კომპონენტით მას ეწერება შეფასება „მაღალი“, თუ დავალების შესასრულებლად ჩვენი დახმარება გახდება საჭირო – შეფასება იქნება „საშუალო“. ხოლო თუ ჩვენი დახმარებითაც უჭირს ბავშვს დავალებების შესრულება და მხოლოდ უმარტივეს შეკითხვებზე იძლევა პასუხს, ის მიიღებს შეფასებას „დაბალი“. თუ პატარას ყველა კომპონენტით დაბალი შეფასება ექნება, საჭირო გახდება მივმართოთ  ფსიქოლოგს განმეორებითი სადიაგნოსტიკო კვლევის ჩასატარებლად და რეკომენდაციების მისაღებად ბავშვთან შემდგომი მუშაობის სწორი მიმართულებით წარმართვისათვის.

შეიძლება ბევრმა მშობელმა ჩათვალოს, რომ მართალია, მისმა შვილმა მეთოდიკაში წარმოდგენილი ესა თუ ის დავალება ვერ შეასრულა, სამაგიეროდ, მან იცის წერა-კითხვა, თვლა. კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის სკოლისათვის მომზადება ნამდვილად არ მოიაზრებს თვლისა და წერა-კითხვის ცოდნას. ის იმ უნარების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომლებიც ბავშვს სასწავლო პროცესში აღმოცენებული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება და რომლის დიაგნოსტირებაზეც არის ორიენტირებული წარმოდგენილი ექსპრეს-სადიაგნოსტიკო მეთოდიკა.

 

დანართი

დანართი სკოლისათვის მზაობის ექსპრესსადიაგნოსტიკო მეთოდიკა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი