ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

საშიში ახლობელი

 მამა რომ მომიკვდა, ხუთი წლის ვიყავი.
იმ დიდ ოთახში, სადაც სუდარაგადაფარებული მამაჩემი, ექიმების უცოდინრობის მსხვერპლი, ესვენა, მე არ მიშვებდნენ. 

მითხრეს, რომ ჩემი მამიკო მივლინებაში წავიდა. რაკი მამის შინ არყოფნა, მისი რთული და საპასუხისმგებლო სამსახურის გამო, ჩვეულებრივი ამბავი იყო, არც არაფერი გამკვირვებია. ერთადერთი, რაც ბავშვურ ცნობისწადილს მიღვიძებდა, ჩვენი სახლის შემოსასვლელში ყვავილის გვირგვინების სიმრავლე იყო, მაგრამ, ვინაიდან არ ვიყავი ისეთი ბავშვი, უფროსებს ათას კითხვას რომ უსვამენ, არც ამის მიზეზი მიკითხავს.

სამზარეულოდან მანდარინით სავსე პარკი მოვიპარეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა, ეზოში, ხის სკამებზე ვისხედით, ვჭამდით და თან რიცხვობანას ვთამაშობდით. იცით, ეს რა თამაშია? დანამდვილებით არც მე მახსოვს, ისევე როგორც ჩემი ბავშვობის ბევრი სხვა თამაში. ერთი მონაწილე რომ დედა იყო და ყველაფერს ის წყვეტდა, ესღა ჩამრჩა მეხსიერებაში.

ამ დროს მეზობლის “დიდი” გოგო მოვიდა და მითხრა, რა გიხარია, მამაშენი მოკვდაო. ბევრი ვერაფერი გავიგე, სახლში ავედი, იმ დიდ ოთახში შევირბინე და შავოსან დედაჩემს ვკითხე: მამაჩემი მართლა მოკვდა-მეთქი? პასუხი და რეაქციები აღარ მახსოვს.

მერე სიკვდილი შინაური და ახლობელი გახდა, მარადიული მდგმურივით ჩაგვისახლდა ბინაში, ერთი ოთახი კი სულაც დაისაკუთრა – ბიბლიოთეკა, სადაც კედლებზე ახალგაზრდა და გაღიმებული მამაჩემის უამრავი სურათი ეკიდა: ზოგი – ფოტო, ზოგიც – ვიღაც უცნობი მხატვრის დახატული. დარღვეული პერსპექტივა ჩემს ცხოვრებაში ამ სურათით დაიწყო. ახალბედა მხატვარი თუ იყო…

მერე? მერე საფლავზე დავდიოდით. პირველ ხანებში – ხშირად, მერე  და მერე – უფრო და უფრო იშვიათად. მიყვარდა იქაურობა – ულამაზეს ვარდებს ახარებდა დედა, რომელი დეკორატიული ბაღი შეედრებოდა. საფლავის გვერდით, ბეტონმოსხმულ ბანზე, სკამები და მაგიდა იდგა. აღდგომის მეორე დღეს საფლავზე მიგვქონდა წითელი კვერცხები და პასქა. მიყვარდა იქაური ტრაპეზი.

მერე ის ბეტონი ლეღვმა ამოტეხა. არ ამოვთხარეთ. ახლა უზარმაზარი ხეა, ისეთი მსხმოიარე, როგორიც არსად მინახავს.
რამ გამახსენდა ეს ამბები?

ამას წინათ ქართულ ეთნოგრაფიულ მასალებში ქექვისას კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, როგორ მეგობრობს ქართული ცნობიერება სიკვდილთან, მეტიც – დროდადრო მეტისმეტად ფამილარულიცაა. თუ, მაგალითად, ლიტვაში სუფრაზე ერთი ზედმეტი თეფში იდება ჯერ არმოსული მეგობრისთვის, ლეჩხუმში ასეთ თეფშს მიცვალებულისთვის დებენ.

ყველაფერი ზღაპრებით იწყება. აბა, გაიხსენეთ – ქართულ ზღაპრებში გმირი ისე ადვილად კვდება და ცოცხლდება, თითქოს არაფერი, თითქოს სულ უბრალო რამაა, დევს მოჭრილი თავის ადგილას ახალი ამოსდიოდეს, მარჩენალი ძროხა დაგიკლან და მის საფლავზე მოლაპარაკე ხემ გაიხაროს. „კოკროჭინა” ან „ფისასოს ზღაპარი” გახსოვთ? ძალიან დიდი დოზით გვყავს ოჯახში სიკვდილი, ძალიან…

ერთი უცნაური ზღაპარიც ვიპოვე, ნათლია-სიკვდილზე.
მთელ ტექსტს არ გადმოვწერ, მოკლე შინაარსს მოგიყვებით:

გლეხმა ნათლიის ძებნა დაიწყო, რომელიც სრულიად უანგაროდ, უსაჩუქროდ მოუნათლავდა ერთადერთ შვილს. ასეთი მხოლოდ სიკვდილი იპოვა… სიკვდილმა შვილი მოუნათლა და თან დაუახლოვდა, გაამდიდრა, ცხოვრება მოუწყო. გლეხმა ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოეშორებინა თავიდან ეს საშიში ახლობელი. რა თქმა უნდა, მაინც ვერ დააღწია თავი, რადგან ახლობლობა მასთან არ ჭრიდა და ქრთამი… ეს ისეთი ნათლიაა, რომ არასდროს დაავიწყდები.

ერთ ხალხურ ლექსში, ნახეთ, როგორი ამბები ხდება:
„ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
ვიფიქრე, გავუსწორდები,
ხელიც ავიკარ ხმალზედა,
მაგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა.
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა”.

სიკვდილი ზოგჯერ ვეფხისა და მოყმის ორთაბრძოლაა, ზოგჯერ – ბაცალიგოს თოვლის დნობა და ლამაზი ცოლის ტირილი, ზოგჯერ – შვება ბეჩავი იერემასთვის, ზოგჯერ – ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ომში მყოფი ვაჟკაცი დაამარცხოს. ლიტერატურა, სხვა ყველაფერთან ერთად, სიკვდილზე წერა, სიკვდილთან შეგუება და სიკვდილთან ახლობლობაცაა. 

“შენ გაგიმარჯოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა”, –

ესეც სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ნათლულის სიტყვებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“