კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ვირტუალური აუტიზმი ბავშვებში

უკანასკნელ პერიოდში მშობლების ჩივილი ყველაზე მეტად იმ პრობლემებს ეხება, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებზე ბავშვის მიჯაჭვულობას და სოციალურ განვითარებაში მასში მომხდარ სერიოზულ ცვლილებებს უკავშირდება. აღნიშნულ პრობლემებზე მათთან საუბრისას, როგორც წესი, შემდეგი ფრაზების მოსმენა გვიწევს: „ვერაფრით მოვწყვიტე კომპიუტერს. დავუმალავდი, მაგრამ სასწავლო პროცესში ხომ ამით ერთვება“; „ჩემს შვილს მხოლოდ კომპიუტერი უკვე აღარ აკმაყოფილებს, ონლაინ გაკვეთილზე მონიტორის წინ რომ ზის და ერთი ხელით მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას ასრულებს, მეორე ხელში სმარტფონი უჭირავს და კომპიუტერულ თამაშებშია ჩაფლული“; „პლანშეტის ეკრანს მიწებებული ჩემი ბიჭი ხშირად დაძახებაზე და საკუთარ სახლზეც კი არ რეაგირებს“; „როდესაც დროს ვპოულობ და შვილთან საუბარს ვცდილობ, ის მე კი არ მიყურებს, მზერა სადღაც შორს, სულ სხვა მიმართულებით გადააქვს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ დროს სულ სხვა სამყაროში იმყოფება და ჩემი სიტყვები არც კი ესმის“; „რამდენჯერ შევთავაზე სადმე სასეირნოდ ბუნებაში გავსულიყავით, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს მეუბნება, მიმტკიცებს, რომ სახლში მარტო ყოფნა ურჩევნია“; „თანატოლებთან შეხვედრის და მათთან კომუნიკაციის არანაირ სურვილს არ გამოხატავს. თანაკლასელებთან მხოლოდ სოციალური ქსელებით ურთიერთობს, ისიც მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში და მათი მიწერ-მოწერა ძალიან მოკლე ფრაზებით შემოიფარგლება“; „ერთხელ, როდესაც შვილს ვესაუბრებოდი, ის კი სმარტფონში თავჩარგული პასუხსაც კი არ მცემდა, ისე გავბრაზდი, რომ გადავწყვიტე ჩამომერთმია სმარტფონი, მაგრამ მან ისეთი ისტერიკა მომიწყო, რომ დაუყოვნებლივ დავუბრუნე“.

 

ვფიქრობ, ზემოაღნიშნული ფრაზებით გამოხატული აზრები ბევრი მშობლისთვის ძალიან ნაცნობია. პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა ბავშვის მიჯაჭვულობა ციფრულ ტექნოლოგიებზე. მშობელმა კი, რომელსაც დისტანციური სწავლების წყალობით სასწავლო პროცესში ბავშვის ქცევაზე დაკვირვების და მასთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა მიეცა, უკეთესად დაინახა ის საფრთხეები, რომელსაც ციფრული ტექნოლოგიების შეუზღუდავად და განუსაზღვრელი დროით მოხმარება უქმნის მის შვილს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ამ დროს ბავშვს ემუქრება, ვირტუალური, იგივე ციფრული აუტიზმია.

 

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ჩვენი საზოგადოებისთვის აუტიზმზე საუბარი უცხო არ არის. ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ითვლება. კლასიკური განმარტებით აუტიზმი განვითარების დარღვევაა, თავისი ბუნებით ნევროლოგიურია, ზეგავლენას ახდენს აზროვნებაზე, აღქმაზე, ყურადღებაზე, სოციალურ ჩვევებსა და ქცევაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბევრ ბავშვს, რომელიც ზედმეტად დიდ დროს ატარებს ტელევიზორის, კომპიუტერის, პლანშეტის, სმარტფონის ეკრანის წინ, აქვს სიმპტომები, რომლებიც სპეციფიკურია აუტიზმისთვის. სწორედ ეს მოვლენა იწოდება ვირტუალურ აუტიზმად, ანუ ელექტრონული ეკრანებით გამოწვეულ აუტიზმად.

 

ვირტუალური აუტიზმი უკვე რეალობაა, დღეს აღარავისთვისაა უცხო ციფრული ტექნოლოგიების ნეგატიური გავლენა ბავშვის განვითარებაზე, მის ფსიქიკაზე. ეკრანი იმდენად იპყრობს ბავშვის ყურადღებას და ისე ზემოქმედებს მის გრძნობებზე, რომ მას უკვე აღარ შეუძლია, იყოს ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება. დროთა განმავლობაში კი შეიძლება ისეთი ეკრანდამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს, რომ მან საერთოდ უარი თქვას ადამიანებთან ცოცხალ ურთიერთობაზე, რაც ბუნებრივია, უარყოფითად აისახება როგორც ურთიერთობის ჩვევის, ასევე მეტყველების განვითარებაზე. გარდა ამისა, ეკრანიდან წამოსულმა ხმაურმა, კაშკაშა სინათლემ, კადრების ცვლილების სისწრაფემ შეიძლება ბავშვში გამოიწვიოს ნეგატიური და საკმაოდ მტკივნეული ემოციები, რომლებიც ხშირად სასტიკ, აგრესიულ ქცევასა და უკონტროლო ბრაზში გადაიზარდება.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან „ვირტუალური აუტიზმი“, რომელიც ბავშვის ფსიქიკაზე ციფრული ტექნოლოგიების უკონტროლო ზემოქმედებით ვითარდება და ბიოლოგიური, ნევროლოგიური ფაქტორებით განპირობებული კლასიკური აუტიზმი. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში სიმპტომები სრულიად ერთნაირია:

  • სოციალიზაციის გართულება საკომუნიკაციო უნარების არასათანადო განვითარების გამო. მასთან ურთიერთობის სირთულეები შეიძლება იმაში გამოვლინდეს, რომ კარგად ვერ გაიგოს, რას ვეუბნებით, ვერ შეიცნოს სოციალური სიგნალები (ექსპრესიული ჟესტები, ირონია, სარკაზმი). ხშირად არ რეაგირებს მიმართვაზე, საკუთარ სახელზე. გაურბის უცხო და უცნობ ადამიანებს, არ სიამოვნებს მათი ყოფნა მის სიახლოვეს. არ უყვარს ცვლილებები გარემოში, რომელშიც იმყოფება, უჭირს ამ ცვლილებებთან შეგუება;
  • სტერეოტიპული, განმეორებადი მოქმედებებისკენ სწრაფვა, ასევე განმეორებადი სიტყვების, ფრაზების გამოყენება. უარის თქმა ისეთ საქმიანობაზე, რომელიც ფანტაზიას საჭიროებს;
  • შეფერხება მეტყველების განვითარებაში. პრობლემები მეტყველებით ურთიერთობაში;
  • გარშემომყოფებთან ემოციური კონტაქტის დამყარების სურვილის არქონა. სხვა ადამიანების ემოციებზე არაადეკვატური რეაქციები (სიტუაციის შეუსაბამო სიცილი ან ცრემლები);
  • შეფერხება მოტორულ განვითარებაში;
  • კონცენტრირება კონკრეტულ დეტალებზე მთლიანი სიტუაციის აღქმის გარეშე;
  • ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობაზე, ჯგუფური დავალებების შესრულებაზე უარის თქმა;
  • მხედველობითი კონტაქტის უუნარობა. თანამოსაუბრისთვის თვალის ვერგასწორება, რის გამოც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მისთვის საინტერესო არ არის ჩვენთან ურთიერთობა, ჩვენი საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბრისას შემოგვხედა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება და შეეცდება მზერა სხვა მიმართულებით გადაიტანოს;
  • განმარტოებისკენ სწრაფვა. უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის გარე სამყაროსთან ურთიერთობას;
  • ქცევითი პრობლემები, აგრესიული აფეთქებები, სხვადასხვა სახის შიშები;
  • სტერეოტიპული, შაბლონური აზროვნება. მას შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დრო ჩვენგან მიღებული ინფორმაციის გადასამუშავებლად. მისთვის სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს თანამოსაუბრის მეტყველების სისწრაფე, მაღალი ხმა, რთული წინადადებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ კლასიკური აუტიზმი, რომელიც ვლინდება ბავშვში, როგორც გენეტიკური გადახრა სიმპტომებით არაფრით განსხვავედება შეძენილი, ვირტუალური აუტიზმისგან. მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება. ძალიან მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული კლასიკური აუტიზმისა და ციფრული ტექნოლოგიების უკონტროლო გამოყენებით ჩამოყალიბებული ვირტუალური აუტიზმის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. მართალია, ვირტუალურ აუტიზმს კლასიკური აუტიზმის მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია და შედეგიც სულ რამდენიმე თვეში მიიღწევა, თუ ბავშვს ციფრული ტექნოლოგიების გონივრულ და სწორ გამოყენებას ვასწავლით.

 

გავითვალისწინოთ, რომ პრობლემა აღმოცენდება იმის გამო, რომ ვირტუალური სამყარო ცვლის ბავშვისთვის ცოცხალ კომუნიკაციას და ეს მაშინ, როცა ბავშვი სწორედ ცოცხალი კომუნიკაციის მეშვეობით ვითარდება. მას არ შეუძლია გაიგოს სიტყვების მნიშვნელობა და საგნების თვისებები, თუ მას რეალურ სამყაროში შეხება არ ექნება მათთან. ვერანაირი განმავითარებელი თამაში ან მულტფილმი ვერ მისცემს პატარას იმ ცოდნას, რასაც ის რეალურ სამყაროსთან ურთიერთობით იძენს.

 

ნიშნავს თუ არა ყოველივე აღნიშნული იმას, რომ ყველაფერი, რაც მოგვიტანა პროგრესმა 21-ე საუკუნეში, უბრალოდ ნაგავსაყრელზე უნდა გადავაგდოთ. არამც და არამც! ეს დიდი სიბრიყვე იქნებოდა ჩვენი მხრიდან. შეუძლებელი და გაუმართლებელი იქნება, რომ თანამედროვე ბავშვს ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა ავუკრძალოთ. დღეს მშობლებს სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმ ფაქტთან შეგუებისა, რომ დღევანდელი ბავშვები ფაქტობრივად „ინტერნეტში ცხოვრობენ“. როგორც არ უნდა მოვინდომოთ უფროსებმა და აკრძალვები დავუწესოთ ბავშვს, ეს აკრძალვები სარგებელს ვერ მოგვიტანს. ის მხოლოდ მოტივაციას გაუჩენს მოზარდს, ეძებოს ამ აკრძალვების თავიდან აცილების შესაძლებლობა. კომპიუტერიზაცია და ინტერნეტი ობიექტური რეალობაა, მასთან ბრძოლა უაზრობაა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მოვიფიქროთ საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხერხები არა მხოლოდ გასართობად, არამედ საქმის საკეთებლად, სასწავლო მიზნების მისაღწევად. ამასთან ერთად, პრობლემების თავიდან აცილების, ან ამ პრობლემებით გამოწვეული შედეგების შემცირების მიზნით, უფრო ხშირად ვესაუბროთ ბავშვს, განვიხილოთ მასთან ერთად ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაცია.

 

ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობელთან ცოცხალი ურთიერთობაა. ეს განსაკუთრებული სიმწვავით ადრეულ ასაკში იგრძნობა, როცა ემოციური კავშირი ბავშვისა დედასთან შეუძლებელია კომპიუტერული ტექნოლოგიებით შეიცვალოს. ვერანაირი ტექნიკური მოწყობილობა ვერ ჩაანაცვლებს ბავშვისთვის მშობლის ყურადღებას, მაგრამ როცა ბავშვი ვერ იღებს ამ ყურადღებას, უფრო მეტიც, ხელში სმარტფონს აჩეჩებენ, რომ ითამაშოს და შემაწუხებელი არ გახდეს თავისი საქმით დაკავებული უფროსებისათვის, ის იძირება ვირტუალურ სამყაროში, ტექნიკური მოწყობილობა მისი უახლოესი მეგობარი ხდება და კარგავს კავშირს რეალურ სამყაროსთან. ადრეული ასაკის ბავშვის გატაცება კომპიუტერული თამაშებით და ციფრული ტექნოლოგიების უკონტროლო მოხმარება საკმაოდ სერიოზული პრობლემის – ვირტუალური აუტიზმის ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება გახდეს. ცოტა ხანში, როცა მშობელს შეაწუხებს შვილის ქცევაში შემჩნეული უცნაურობები და შეეცდება სმარტფონის ჩამორთმევას, შეიძლება მან ვერც მოახერხოს ეს, რადგან პატარა პროტესტის ნიშნად სერიოზულ სცენებს მოუწყობს მას.
ამდენად, კარგი იქნება, თუ ჩვენთვის მშვიდი გარემოს შესაქმნელად ადრეულ ასაკში მყოფ ბავშვს არ მივაჩვევთ იმ ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლის არანაირ საჭიროებას თავისი ასაკის გათვალისწინებით ის არ განიცდის, და რომელიც ცოტა მოგვიანებით სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვისაც, რადგანაც აღნიშნული პრობლემების დაძლევა სერიოზულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ პატარა ნამდვილად ვერ იპოვის ინტერნეტში იმას, რაც ყველაზე მეტად ფასობს ადამიანთა ურთიერთობაში – სიყვარულს, პატივისცემას, ყურადღებას, სიკეთეს, თანაგრძნობას. ამდენად, კარგი იქნება, თუ ადრეულ ასაკში მაინც არ ჩავანაცვლებთ ბავშვთან ჩვენს ურთიერთობას ციფრული ტექნოლოგიებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი