ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

 ჰაკლბერი ფინის აჩრდილი

მე ჰაკლბერი ფინის ქომაგი ვარ. ტომ სოიერის თავგადასავალსაც მისი ხათრით ვკითხულობდი და მოუთმენლად ველოდი, ფურცლებზე მის გამოჩენას. ყველაზე მეტად ის მხიბლავდა, რომ სადაც და როცა არ უნდა წამეკითხა ეს წიგნი, ორი რამ არასდროს იცვლებოდა: პირველი – იმ ფურცლებს, რომლებზეც ჰაკი ჩნდებოდა, ყოველთვის უდიოდა ძველმანების სუნი და მეორე – მისი გამოჩენა აუცილებლად მოასწავებდა გარდაუვალ ხიფათს.

სიბეჯითით გამორჩეული მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოფაქცევის პრობლემებსაც ნაკლებად ვუჩიოდი, თუ მაინცდამაინც არალეგალური გაცდენების (შატალოების) სოლიდურ რაოდენობას არ მივიღებთ მხედველობაში. მათი რიცხვი კი, მართალია, საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ იშვიათად იპოვიდით შემთხვევას, როცა ასეთ დროს გვერდს პარტნიორი თანაკლასელები არ მიმშვენებდნენ. ძირითადად ჩვენი შატალოები ვიდეოთამაშების ერთი ჯიხურიდან მეორეში მოგზაურობის რიტუალისგან შედგებოდა. ამიტომ, მის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა გვქონოდა სათამაშოდ საჭირო ფულის მინიმუმი, ამ ამბავში კი არცთუ ხშირად გვიმართლებდა ხოლმე.

თუმცა იმ გამონაკლის დილას, როცა სკოლისკენ მიმავალი გზიდან მარტომ გადავუხვიე, მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, შატალოებზე სიარულის ნაკლები გამოცდილება მქონდა და არც კომპიუტერების ჯიხურში ვიზიტი იყო ჩემი ამოცანა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ჰეკლბერი ფინის გამო მოხდა.

თუ ჰაკლბერი ფინის ქომაგი ხარ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებია და სკოლამდე დანგრეული რუტინული გზის ყოველდღე გავლა გიწევს, ერთ დღეს ამ გზიდან აუცილებლად გადაუხვევ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება უამწიგნოდაც შეიძლება, მაგრამ არა ისე სხარტად და ორაზროვნად, როგორც მაშინ, როცა მის კითხვას ეს-ესაა მორჩი. იმ დღეს კი ზურგზე ელვაგაფუჭებული ჩანთა მეკიდა და ვგრნობდი, რომ გზიდან ეს გადახვევა არცერთ შემდგომ გადახვევას არ ჰგავდა. არსებითად ეს ის გზა არ იყო, რომელსაც მე და ჩემი თანატოლები კომპიუტერული თამაშების ჯიხურებისკენ მივყავდით. ეს სხვა გზა იყო, რომელსაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებით არ გააჩნდა ჩვეულებრივი დანიშნულების წერტილი, ბავშვური სოლიდარობის გამომხატველი უთავბოლო მარშრუტი სევდასა და კიდევ იმ გაურკვეველ გრძნობას შორის, რომელიც ამ წიგნის კითხვის შემდეგ რჩება.

დროდადრო ფრთხილად ვათვალიერებდი ფეხით მოსიარულე თანატოლებს, უფროს გამვლელებს და ყველანაირად ვცდილობდი, ნაცნობებთან უსიამოვნო შეხვედრებისთვის, რომლებიც ჩემი სკოლაში არწასვლის მიზეზით აუცილებლად დაინტერესდებოდნენ, თავი ამერიდებინა. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ხმაურიან ქუჩას გავერიდე და რიონის პირას გადებული ხიდის ქვეშ დრო მანამდე დავყავი, ვიდრე ზემოთ მღელვარება არ ჩაცხრა. მერე ფურცლებს ამოყოლილ, ძველმანებში გახვეულ ჩიბუხიან აჩრდილს ქალაქის სანიაღვრე თხრილების, დაბზარულკედლებიანი შენობებისა და გაჩერებული ატრაქციონის ნაპირებთან მანამ ვდიე, სანამ იქ არ მიმიყვანა, სადაც მდინარე ზღვას უერთდება.

აწეწილი, ქარში გადახლართულ წვიმიანი ამინდი იყო და სახლიდან გამოგდებული ძაღლის განწყობა თავს არ მანებებდა. ძაღლის, რომელმაც პირველად ნახა, რომ სამყარო არ ჰგავდა იმ სახლს, სადაც მზრუნველად კვებავდნენ და ეფერებოდნენ; რომ ამ საგულდაგულოდ შეფუთული ტყუილის ჭერით სარგებლობის უფლებას ეს-ესაა ვადა გაუვიდა, სიმართლემ წვეთებად ჩამოცლა დაიწყო და აწი მარტოს უნდა ეზრუნა თავის გადარჩენაზე, ჩამძვრალიყო ნაგვის ბუნკერებში, ან გაჰყოლოდა ლეშის სუნს, თავი დაეღწია თავდამსხმელი ძაღლების კორიანტელისთვის და ელოკა თავისი სისხლიანი, დაწყლულებული თათები.

წყლისგან გაჟღენთილი ტოტებით, კონსერვის ქილებითა და ნაგვის ათასგვარი ნარჩენით გარემოცული ვიჯექი მაშინ, როცა სკოლაში პირველი, ან მეორე გაკვეთილი მიმდინარეობდა, ჩანთა გვერდით მეგდო და პირველად ვიკვებებოდი ენერგიით, რომელსაც მაშინ და იქ სახელს ვერ ვარქმევდი. ახლა კი ვიცი, რაც ჰქვია. სიბინძურის ესთეტიკა. ესთეტიკა ძუკნა ძაღლებივით მოთარეშე, პირზე დუჟმომდგარი ტალღების, ზღვის და თევზის სუნს რომ დააწიალებდნენ ქვიშიან ნაპირზე. ესთეტიკა უშუქო, ფეჩის ბოლით გამჭვარტლული ოთახების და ნავთის სუნით გაჟღენთილი კედლების, მორყეული სკამების, დანჯღრეული ქუჩებისა და შინაგანი ძრწოლის. მივხვდი, რომ ეს მანძილი ჩემსა და ჰეკლბერი ფინს შორის არ იყო გასავლელი იმ გემით, შორს, ღია ზღვის ჰორიზონტთან რომ მოჩანდა. ჰეკი გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე თუნდაც ის გემი. მეტიც, მაშინდელი ჩემი ქალაქი ჰაკლბერი ფინებით იყო სავსე, ოღონდ შეუძლებელი იყო ამას მივმხვდარიყავი, მანამ, სანამ ის არ წავიკითხე, სანამ მარკ ტვენის ეს შედევრი გასაღებივით არ მოვარგე მაგრად დაკეტილ კარს და შიგნით არ შევედი. იქ სიგიჟით გარემოცული ბავშვი დამხვდა, რომელსაც სამყარო აიძულებდა, დიდი ყოფილიყო. დამხვდა ის, რაზე ხანგრძლივი ფიქრიც აგერ 20 წლის შემდეგ მკარნახობს, ვთქვა, რომ მთელი ეს წიგნი სხვა არაფერია, თუ არა ერთიანად მომართული ძალისხმევა წასართმევად განწირული ბავშვობის შესანარჩუნებლად, მარკ ტვენი კი – ის ყველაზე დიდი გენიოსია, რომელიც ამ ნარატიულ ბეწვის ხიდზე წარმატებით გადადის.

მას შემდეგ სინამდვილის აღქმის სენსორები საბოლოოდ გადამეწვა და ჩემი სიმართლის სინთეზატორები ის წიგნები გახდნენ, რომელთაც ვკითხულობ, რადგან სამყაროს გადაუმუშავებლად მიღება და მისი პირდაპირ გაგება მიჭირს. ამას კი საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა გარემომცველი სამყაროს შესაფასებლად სკოლისკენ მიმავალი გზიდან მარტომ გადავუხვიე, ფოთის დანგრეულ ზღვის სანაპიროზე აღმოვჩნდი და სიმართლის ტვენისეული მოწყობილობა ჩავრთე.

დაახლოებით 8 წლის შემდეგ, შემთხვევით, ქუჩაში მიმავალი გზად ერთ მეშვიდეკლასელ ბიჭს გადავაწყდი. ამ დროს წესით სკოლაში, გაკვეთილებზე უნდა ყოფილიყო. მაისის მზიანი დღე იდგა, თავჩაქინდრული მარტო მოდიოდა და უგულოდ მოათრევდა ზურგზე შემოგდებულ ჩანთას. სანამ არ გავუსწორდი და ერთმანეთს ძალიან არ მივუახლოვდით, თავი არ აუწევია. როცა აწია წინ ისეთი ვინმე დაინახა, ვის ნახვასაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ისურვებდა იმ მომენტში. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, თავისი უფროსი ძმა. შეცბა და დარცხვენილმა დაიხია ორი ნაბიჯით უკან. ქუჩაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიდექით, მაგრამ რატომღაც მაინც ვკითხე, ნამდვილად მარტო აცდენდა თუ არა გაკვეთილებს. თავი კიდევ უფრო დახარა და არაფერი უთქვამს. ერთხანს ვფიქრობდი, რა მექნა, მაგრამ იმაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ გვერდით ამოვდგომოდი და მეთქვა: „კარგი, ერთად წავიდეთ და მე ერთ ამბავს მოგიყვები, გაწყობს?“

მერე დავინახე, ჩემი შეთავაზებით დაბნეულმა რა გაუბედავად გადადგა ნაბიჯი წინ და დავამატე:

„ოღონდ მანამდე უნდა მითხრა: „ჰაკლბერი ფინი“ თუ გაქვს წაკითხული“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი