არცთუ დიდი ხნის წინ ერთი კარგი გოგონა გავიცანი – თინათინ შურღაია. თინათინი დამწყები მომღერალია და მას youtube-ზე შევხვდი. პირველი ვიდეო სამი თვის წინ აუტვირთავს და დღემდე 10 000-მდე მოსმენა აქვს. თინათინს ძლიერი ხმა, მელოდიური სიმღერები და საინტერესო ვიზუალით გაფორმებული სიმღერები აქვს, სულ 4 ცალი. სამი თვისთვის საკმარისია, მე თუ მკითხავს კაცი.
ამ თინათინმა სხვა თინათინი გამახსენა, ისიც ინტერნეტში ნანახ-გაცნობილი, გაცილებით ნაყოფიერი, კლავიშთან დამეგობრებული გოგო – თინათინ ათინათი. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ერთი და იგივე პიროვნება ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ არა. ის, პირველი, ბევრად უფრო დამუშავებული, კომერციული, პროფესიონალიზმისკენ მიდრეკილია, ვიდრე მეორე. ამ მეორის მუსიკა უფრო თვითმყოფადი და თავისუფალია, ისე ჩაწერილი, მოუსმენენ თუ არა, დიდი მნიშვნელობა რომ არ აქვს, – უყვარს და უკრავს. მეორესაც სჭირდება ერთი კარგი სტუდია, მეტი ყურადღება და ერთით მეტი კარგი მუსიკოსი გვეყოლება. ასეთები კი ნამდვილად გვჭირდება, თანამედროვე ქართველ შემსრულებელთა მწირ სიას თუ გადავავლებთ თვალს.
ჩემს მუსიკის მასწავლებელს მილკა ერქვა, დიდი, ზომიერად ფერხორციანი ქალი იყო უზომოდ ბევრი ხალით. შემოვიდოდა ხოლმე გაკვეთილზე, მიუჯდებოდა პიანინოს, დაუკრავდა რაიმეს ტრადიციული ქართული სასიმღერო რეპერტუარიდან და ჩვენ, ანუ მთელ კლასს, უნდა გვემღერა. ჩვენს უმეტესობას, ცხადია, არცთუ ისე კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, ამიტომ ჩვენი მუსიკის გაკვეთილები სრული საშინელება იყო და მათ, ისევე როგორც ფიზკულტურისა და ხაზვის გაკვეთილებს, თითქმის არავინ ესწრებოდა. სამაგიეროდ, ჩვენ ყველა, მეც და ჩემი თანაკლასელებიც, დავდიოდით მუსიკაზე სხვა მასწავლებლებთან (სამუსიკო სკოლაში), ვსწავლობდით ფორტეპიანოს, მუსლიტერატურას და სოლფეჯიოს, ვუკრავდით გამებს და არც ერთმა არ ვიცოდით, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი.