სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პორტნოის არითმეტიკა

ვინ მოთვლის, რამდენი მასწავლებლისა და მოსწავლისთვის მითქვამს, დაწყებული წიგნი გვერდით გადადეთ და ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ წაიკითხეთ; თავს დავდებ, ასეთი არაფერი გექნებათ წაკითხული-მეთქი. მოსწავლე – ცხადია, უფროსკლასელი, სხეულის ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობებითა და რთული კითხვების სიმრავლით თავბრუდახვეული, გაწამებული.  მასწავლებელი – წიგნების კითხვას მიჩვეული, სახელდახელოდ ნაპოვნი პასუხების სისწორეში დაეჭვებული.

1969 წელს გამოქვეყნებული ეს რომანი ყოველი წაკითხვისას ხმამაღლა მაცინებს და ამავე დროს რაღაც ისეთს მახსენებს, რაც გონების ყველაზე მიუდგომელ ადგილებში გადავმალე – ხშირად რომ არ გამხსენებოდა მტანჯველი ფიქრებით, დაუჯერებელი დასკვნებით, ენით აუწერელი ფანტაზმებით სავსე დრო. ალექს პორტნოი – წიგნის მთავარი გმირი – სწორედ იმაზე საუბრობს, რაზეც ჩვენ ვდუმვართ; ისე საუბრობს, სიცილის ცრემლებმა თვალწინ ყველაფერი რომ დაგვიბინდოს და თან მთავარი მარტივად დავინახოთ: ორისთვის ორის მიმატება შევძლოთ.

ებრაელი კაცი, რომელსაც მშობლები ცოცხალი ჰყავს, ისევ თხუთმეტი წლის ბიჭია და ასეთად დარჩება მათი სიკვდილის დღემდეო, – ამბობს ალექსი გრძელზე გრძელ, დაუვიწყარ მონოლოგში. ესაა ჩემი ცხოვრება, ჩემი ერთადერთი ცხოვრება და მე მას ებრაულ ანეკდოტში ვატარებ! ებრაული ანეკდოტების ვაჟიშვილი ვარ, თუმცა საქმე სახუმაროდ სულაც არ მაქვსო. სიტყვები: „ებრაელი“, „ებრაული“ – თავის დასამშვიდებლად არ გამოდგება: თითქოს ეს სხვისი ამბავი იყოს, სხვა კულტურულ გარემოში აღზრდილის და მთავარი გმირის სადარდებელიც ადვილად აიხსნებოდეს იმ მიზეზებით, გულზე რომ ვერ მოგვხვდებოდა, ჩვენს ქალაქს, სოფელს, უბანს, სახლს რომ ვერ გაგვახსენებდა.

სოფი პორტნოი – ალექსის დედა – დედაჩემის, ორივე დეიდის, ჩემი მეგობრების დედების, თითქმის ყველა იმ ქართველი დედის კრებითი სახეა, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ. მისი ფრაზების დიდი ნაწილი იმდენად ნაცნობია, ყურში სხვადასხვა ხმით წარმოთქმული მესმის – კარგად ნაცნობი, საყვარელი, მონატრებული ხმებით. ხუთი წლის ბიჭუნა რომ ჭამაზე უარს აცხადებს, თავზე პურის საჭრელი დანით დაადგება – საიმედო საშუალებაა, გამოცდილი აქვს. აბა, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ მართლა არ დამარტყამდაო? – ჩივის ალექსი, რომელსაც უკვე ოცდაცამეტი წელი შესრულებია, დანამომარჯვებული ქალი კი ისევ თვალწინ უდგას.

მახსოვს, დედაჩემი ობობებით მაშინებდა ხოლმე – მოვლენ და ნახავ, რა დღესაც დაგაწევენ, თუ ჯამი ბოლომდე არ მოასუფთავეო. ობობების შიში დღემდე გამომყვა, ის კი მიმეორებს და მიმეორებს – ღიმილით, რა თქმა უნდა: ასეთი უწყინარი არსება როგორ უნდა გაფრთხობდეს, ხომ ხვდები, რა სასაცილო ამბავიაო. იმასაც ამბობს, რომ სჯეროდა – გავიზრდებოდი და აღარ შემეშინდებოდა იმის, რის უვნებლობაშიც, ადამიანისადმი გამოვლენილ სრულ გულგრილობაშიც ბოლომდე დავრწმუნდებოდი. ძაღლების, კატების შიშს კი შეიძლება დიდობაშიც შეეხსენებინა თავი და დავტანჯულიყავი – აი, ამიტომ თქვა უარი ჩემს დამსჯელებად მათ შერჩევაზე. სოფი პორტნოია, აბა რა!

ალექსს კი, რომელიც მოგონებებში თავით გადაშვებულა და თვალსა და ხელს შუა გაბავშვებულა კიდეც, უკვირს: თუ მართლა ასეთი გამოუსწორებელი ვარ, პოლიციაში რატომ არ რეკავს, რომ ბავშვთა ციხეში გამომამწყვდიონო? – „ალექსანდერ პორტნოი, ხუთი წლის, მოგესაჯათ ჩამოხრჩობა, რადგან უარს ამბობთ, ბოდიში მოუხადოთ დედას“. თითქოს რძის ბოთლისაკენ ხელგაწვდილი ბიჭუნა, ბანაობის დროს სათამაშო იხვებსა და ნავებს რომ უყრიან აბაზანაში, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედი ვიყო მთელ ამერიკაშიო. აზვიადებს? ჩემი წარმოდგენით – დიდად არა.

ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მაინც მთავარი გმირის შეძახილია: „ისევ არასრულყოფილებაში მადანაშაულებენ!“ ვინ და, რა თქმა უნდა, მშობლები. მისის და მისტერ პორტნოი. მახსოვს, როგორ მკითხა ორჰან ფამუქის რომანებით მოხიბლულმა დედაჩემმა: „შენ რატომ არ თარგმნე ფამუქის წიგნები, ირმა?“ განა არ ახსოვდა, რომ თურქულად წერს. რომ მომენდომებინა, თურქულსაც ვისწავლიდი და მშობლების გულის გასახარად ათასგვერდიან რომანსაც ვთარგმნიდი.

ალექს პორტნოი უბრუნდება და უბრუნდება წარსულს ფიქრებით, წარმოსახვით. კითხვებს სვამს, ანგარიშობს, ორისთვის ორის მიმატებას ცდილობს. გახელებით, სასოწარკვეთით, სინამდვილედ ქცეულ სიზმრებში ხელის ფათურით („სიზმრები? ნეტავ ვხედავდე! მე კი სულაც არ მჭირდება სიზმრები, ექიმო. ამიტომაც ვხედავ ასე იშვიათად. სანაცვლოდ ცხოვრება მაქვს. მე ყველაფერი დღის შუქზე მემართება“).

ნეტავ რამდენია წარსულზე გამრავლებული აწმყო?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“